კვირის ამბები

სადილობა ტკბილეულით

11.03.2014 • 2393
სადილობა ტკბილეულით

მოზარდობის მიერ ტკბილეულის ხშირი მოხმარება რომ პრობლემაა, ამაზე ქართველი მედიკოსები ხშირად საუბრობენ. მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი, ლიკა ცუცქირიძე, რომელიც საზღვაო ჰოსპიტლის მოწვეული სპეციალისტია ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის მაჩვენებელმა სწორედ არაჯანსაღი კვების შედეგად მოიმატა.

ბავშვები და მოზარდები უმეტეს დროს სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში ატარებენ. ჩვენ შევეცადეთ სკოლების მაგალითზე გადაგვეხედა იმ რაციონისთვის, რომლითაც დღის განმავლობაში ისინი იკვებებიან. #2 საჯარო სკოლაში ორიათასამდე ბავშვი სწავლობს.
ნინო, მარიამი და ქეთი მეშვიდეკლასელები არიან. ისინი ამბობენ, რომ საუზმობა არც ერთს არ უყვარს.

„დილით არ ვჭამთ. სკოლაში კი სადილობამდე ფუნთუშებს და ტკბილეულს ვყიდულობთ“, – გვეუბნება ნინო. მოზარდებს მიაჩნიათ, რომ დღეს ბავშვები დიდი რაოდენობით მოიხმარენ ტკბილეულსა და ცომეულს, რადგან სხვა არჩევანი არ აქვთ. „შოკოლადს ნამდვილად ბევრს ვჭამთ. თითქმის ყველა ბავშვი ასეა. კარგი იქნება სკოლები უფრო ჯანსაღ მენიუს რომ გვთავაზობდნენ ბუფეტში, თუნდაც ხილს“, -ამბობენ ბავშვები.

მსგავსი ვითარებაა ქალაქის #1 საჯარო სკოლაშიც, რომელიც ასევე ყველაზე მაღალკონტინგენტიანია. სკოლის ბუფეტი, რომელიც იჯარით არის გაცემული, მოსწავლეებს ძირითადად ცომეულსა და ტკბილეულს სთავაზობს.

„მე დილით და საღამოს ვჭამ სახლში, შუადღეზე კი ხაჭაპურს ვყიდულობ სკოლაში. შოკოლადიც მიყვარს“, -გვეუბნება შვიდი წლის გიორგი. სკოლის ბუფეტში დღის პირველი საათისთვის ბავშვების რიგი სწორედ ტკბილეულის განყოფილებასთან დგას.

„პიცა“, „ფენოვანი“, „ლობიანი“ – ეს არის ცომეულის ჩამონათვალი, რომელსაც სკოლის ბუფეტში ბავშვები ყველაზე ხშირად ყიდულობენ. სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი ბუფეტის მენიუში არ ერევიან.

„ჩვენ მხოლოდ სისუფთავეს ვაკონტროლებთ“, – გვეუბნება #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო რუსეიშვილი. ის მომხრეა, რომ სკოლაში ჯანსაღი საკვების არჩევანი ჰქონდეთ მოსწავლეებს, თუმცა რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა: „ვფიქრობ, ორცვლიან სკოლებში არ მოხერხდება ის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში სადილობა შეძლონ. მცირე დასვენებებია და ვერ მოასწრებენ“.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის აზრით, საჯარო სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვა თითქმის შეუძლებელია: „კარგია სასადილოს აწყობა, მაგრამ ამის ფუფუნება საჯარო სკოლებში გამორიცხულია. მესმის, რომ ძალიან ცუდია, როცა ბავშვები ამდენ ცომეულს და ტკბილეულს მიირთმევენ და არა მარტო სკოლაში. მაკდონალდში, ქუჩაში, სწრაფი კვების ობიექტებში, მაგრამ სკოლაში ჯანსაღი კვება ხუთწუთიანი დასვენების პირობებში ვერ მოხერხდება“.

„ჩემი შვილები შვიდი და თერთმეტი წლისანი არიან. ვიცი, რომ სკოლაში ჯანსაღ საკვებს ვერ იყიდიან, ამიტომ ვცდილობ, საუზმის გარეშე არ გავუშვა. თუმცა ტკბილეულს მაინც ყიდულობენ. კარგი იქნება, თუ უფრო ჯანსაღ საკვებს შესთავაზებენ სკოლები ბავშვებს“, – ამბობს ვიოლეტა გოგიშვილი.

არაჯანსაღი კვების კულტურა, როგორც ენდოკრინოლოგი ლიკა ცუცქირიძე ამბობს, აუცილებლად აისახება დროთა განმავლობაში მოზარდის ჯანმრთელობაზე: „ჯანსაღი კვება არამარტო მოზარდებისა და ბავშვებისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის სასიცოცხლო პირობაა. მოზარდებისთვის განსაკუთრებით, რადგან მათი ორგანიზმი სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება. ჩვენ, ფაქტობრივად, არანორმირებულ რეჟიმში ვცხოვრობთ. ბავშვს ეზარება დილით ადრე ადგომა (განსაკუთრებით ზამთარში) და გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს, ხშირად საუზმის გარეშე გადის სახლიდან, შემდეგ კი დღის განმავლობაში იმდენად დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ სახლში მისვლას ვეღარც ახერხებს და არაჯანსაღი საკვების მიღება უხდება. როდესაც ასეთ რეჟიმს ინტენსიური ხასიათი აქვს, მომავალში აუცილებლად აისახება სხვადასხვა დაავადების სახით“.

ენდოკრინოლოგი მიიჩნევს, რომ ოჯახებში საუზმის სწორი კულტურა უნდა დაინერგოს: „საუზმე მთავარია. დილით მიღებული ცხელი კერძი დღის განმავლობაში მეტაბოლური აქტივობის ტემპს განსაზღვრავს. ამიტომ საუზმედ საუკეთესოა ბურღულეულის ფაფები, ცეხვილი პურის ტოსტები. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ მიდგომას ფართო მასშტაბები ჯერ არ აქვს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეპატობრივად დაინერგოს“.

ლიკა ცუცქირიძის თქმით, ბოლო წლებში, სწორედ არაჯანსაღი კვების ხარჯზე გაიზარდა ბავშვებსა და მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის შემთხვევები. „განვითარებული ქვეყნების მოზარდთა 15%-ს სიმსუქნე აღენიშნება, 25%-ს კი – ჭარბი წონა. აშშ-ში ბავშვთა ასაკში სიმსუქნის გავრცელება 25-30%-ია. სავალალო მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებშიც. ხშირად მშობლები თვითონ უწყობენ ხელს ტკბილეულისკენ მიდრეკილებას, სახლში ათასგვარი ნუგბარი მიაქვთ და ბავშვებიც ცდუნებას ვერ უძლებენ. სწორედ მშობელმა უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები, თავისი ცხოვრების წესით მაგალითი მისცეს ბავშვს და უბიძგოს ჯანსაღი კვებისაკენ“.

როგორც ენდოკრინოლოგი ამბობს, არაჯანსაღი საკვების მიღება (იგულისხმება სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, პურფუნთუშეული დიდი რაოდენობით) აისახება მოზარდების ზრდის ტემპებზეც. „ბუნებრივია, ეს იწვევს ენდოკრინულ დარღვევებსაც, რასაც მშობლები გვიან აღმოაჩენენ. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში შეიმჩნევა მშობლების დროული რეაქცია ჭარბ წონასთან დაკავშირებით, ისინი აცნობიერებენ, რომ ლოყებღაჟღაჟა და ხორცსავსე ბავშვი ყოველთვის ჯანმრთელს არ ნიშნავს“.

სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებს მხოლოდ ტკბილეულს და ცომეულს სთავაზობენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: