კვირის ამბები

საკლასო შეფასების ახალი სისტემა

11.03.2014 • 2026
საკლასო შეფასების ახალი სისტემა

 

სწავლის ხარისხის მხრივ, მსოფლიოს 122 ქვეყანას შორის საქართველო 90-ე, ადგილზეა” – აღნიშნულია 2013 წლის `მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის” მოხსენებაში. “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს საჯარო სკოლებში საკლასო შეფასების სისტემა არ არის დანერგილი: “თუმცა საერთაშორისო პრაქტიკა და კვლევები ადასტურებს, რომ მისი წარმატებით დანერგვისა და გამოყენების შემთხვევაში, საგაკვეთილო პროცესი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რასაც შედეგად მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავართ”.

მაგდა მაღრაძის განმარტებით, საკლასო შეფასების სისტემა მასწავლებელს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად შეაფასოს ინდივიდუალური მოსწავლის პროგრესი და დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” ხუთწლიან პროექტს ტენდერის საფუძველზე შერჩეული, დამოუკიდებელი საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი _ “GOPA”  განახორციელებს, რომელიც სისტემის სიტუაციური ანალიზის საფუძველზე გამოავლენს ხარვეზებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განსაზღვრაში დაეხმარება.

“კონსულტანტთა ჯგუფი შეიმუშავებს პროფესიული განვითარების მოდულების დეტალურ სქემას და კურიკულუმს; აგრეთვე, 7-12 კლასების მათემატიკის, საბუნებისმეტყველო საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია), ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის, საჯარო სკოლების 24 000-მდე პედაგოგისა და საჯარო სკოლის 2075 დირექტორის გადამზადების მეთოდოლოგიას”, _ ამბობს მაგდა მაღრაძე. პროექტი `ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” მიერ დაფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 43 974 000 აშშ დოლარია.

საქართველოს მთავრობასა და “აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას” შორის, 2013 წელს გაფორმებული მეორე ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისთვის, გრანტის სახით, 140 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო.

`ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს” მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფონდმა საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების შედეგებით იხელმძღვანელა, რამაც აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში. შესაბამისად, ასე განისაზღვრა მეორე ხელშეკრულების ძირითადი მიმართულებები.

ზოგადი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საქართველოს რეგიონებში 130-მდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მასწავლებლებისა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების გადამზადება და საკლასო, ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 76 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი ეკონომიკისთვის შესაბამისი, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მიწოდებისთვის, 16 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. უმაღლესი განათლების პროგრამის მიმართულებისთვის კი 30 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, რაც გულისხმობს ამერიკული და ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტების პარტნიორობას და საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: