დეკემბრის ცივი დღე იყო. ფეხმძიმე დედა შვიდი კილომეტრი ატარეს ფეხით, პატარა ბავშვებთან ერთად, რაიონის ცენტრში ჩემს და-ძმებს ხელი წაავლეს და ტომრებივით შეყარეს სატვირთო მანქანაზე. როცა მამა გაბრაზდა და შენიშვნა მისცა, დაემუქრნენ“, – იხსენებს მშობლების მონათხრობს მერი დიასამიძე.
მისთვის გადასახლებაში გატარებული წლები „აუნაზღაურებელი და შეუფასებელი ტკივილია“.
„სახლიდან ვერაფრის წამოღება მოასწრეს მშობლებმა. მოულოდნელად დაგვადგნენ თავზე. დაუნდობლად იქცეოდნენ. პირუტყვის გადასაყვან ვაგონებში ვერ სუნთქავდნენ ადამიანები. დედაჩემს გონება დაუკარგავს. ბეწვზე გადარჩენილა. ადამიანებს არ აძლევდნენ საკვებს და წყალს, უამრავი დაიღუპა. გარდაცვლილებს კი ვაგონებიდან ყრიდნენ. არც კი მარხავდნენ. ყაზახეთში ჩასულები მიწურებში, გაუსაძლივ პირობებში დაყარეს. დედა ამბობდა, გველებთან ერთად გვეძინაო“.
სუფთა წყლის დეფიციტის გამო ადამიანები ხშირად ავადდებოდნენ. სასმელ წყლას ბინძური ჭებიდან იღებდნენ, რაც ხშირად ინფექციას და სხვადასხვა დაავადებას იწვევდა:
„ჩემი და ისე დაავადდა, რომ წლების განმავლობაში ხმას ვერ იღებდა. დღემდე წარმოუდგენელია, როგორ შეძლო დედაჩემმა ჩემი ან სხვა შვილების გადარჩენა. თვითონაც ძალიან სუსტად იყო მშობიარობის შემდეგ. მამა კი თავდაუზოგავად შრომობდა. ჩემი და-ძმები იმ დროს 13-14 წლის იყვნენ და მათ უფრო მძიმედ გადაიტანეს ეს წლები. შიმშილი, სიცივე და მძიმე შრომა ბამბის პლანტაციებში. გადასახლების საშინელი მოგონებები დედაჩემს მთელი ცხოვრება ტანჯავდა. ისეთი შეშინებული იყო, გვეტყოდა „ფანჯარასაც ყურები აქვსო“. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ დედა და მამა მალე გარდაიცვალნენ“.
სოფელ ორცვადან დიასამიძეების ოჯახის გარდა კიდევ რამდენიმე ოჯახი გადაასახლეს. სამშობლოში ისინიც ცოცხლები დაბრუნდნენ, თუმცა ყველა მათგანს ახალი ცხოვრების დაწყება თავიდან მოუწია. „მიწასთან იყო ყველაფერი გასწორებული. არც სახლი, არც საკვები. ისევ წვალება. სამშობლოს მოღალატის სახელით გაგვასახლეს, თუმცა დღესაც არავინ იცის, რაში გამოიხატებოდა ეს ღალატი. მამაჩემს ბოლშევიკები რომ არ მოსწონდა, ალბათ ამაში. ყაზახეთშიც როგორც კაციჭამიებს, ისე გვიყურებდნენ _ ესეც პროპაგანდის შედეგი იყო. ადამიანები „ჩაშვების“ ინსტიტუტს პირადი ანგარიშსწორების იარაღად იყენებდნენ“.
მერი დიასამიძის გაკვირვებას იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც ამ რეჟიმს მისტირიან: „საშინელი, მახინჯი სისტემა იყო. ვინ იყო სტალინი? მმართველი, რომელიც შიშს სცემდა ყველას, შეეძლო ყველა დაეხვრიტა, ვინც ხმას ამოიღებდა. ვისაც არ გამოუცდია გადასახლების საშინელი დღეები, მათთვის შეიძლება მარტივია, მაგრამ ადამიანებმა ოჯახის წევრები, შვილები დაკარგეს. ბევრი დაიღუპა. ჩემს ქვეყანაში უცხო მიმოწმებდა პასპორტს და „შლაგბაუმით“ გვიხერგავდა გზას. საუბარი ადვილია, თუმცა რა ტანჯვა გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა ოთხ შვილთან ერთად, ეს მხოლოდ უფალმა იცის“.
რამდენიმე წლის წინ ქართულმა სახელმწიფომ გადასახლებაში მყოფი პირები რეპრესირებულებად აღიარა და ფულადი კომპენსაცია მისცა: „280 ლარი მოგვცეს. სასაცილო იყო. ამხელა ტკივილგადატანილ ადამიანებს სახელმწიფო ასე არ უნდა მოგვქცეოდა“.