კვირის ამბები

რაზე მიუთითებს ბენზინის დაყნოსვის სურვილი

10.03.2014 • 6023
რაზე მიუთითებს ბენზინის დაყნოსვის სურვილი

 

– ბატონო რეზო, რა არის ზოგადად რკინადეფიციტური ანემია და რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?


– რკინადეფიციტური ანემია არის ადამიანის სისხლში ერითროციტების და ან ჰემოგლობინის დეფიციტი. ანემია განიხილება არა როგორც ცალკე აღებული დაავადება, არამედ სხვადასხვა დაავადების მიერ გამოვლენილი ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც მიმდინარეობს შემდეგი კლინიკური ნიშნებით: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, სიფერმკრთალე. ამ დაავადების მძიმე ფორმის დროს ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები, მაგალითად, პაციენტს მიდრეკილება აქვს საკვებად მიირთვას ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივ საკვებად არ გამოიყენება, მაგალითად, ცარცი, ყავის მარცვლები, უმი კარტოფილი და ასე შემდეგ. ასევე ახასიათებს ყნოსვის გაუკუღმართებაც _ ადამიანს მოსწონს ბენზინის, საღებავის, აცეტონის სუნი და ასე შემდეგ. ეს არის ზოგადი სიმპტომები ანემიის.

 

რამდენად გავრცელებულია ეს დაავადება?

 

– რკინადეფიციტური ანემია დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიგშია. დაავადება გვხვდება როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. რკინადეფიციტური ანემია ჭარბობს ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებში.

 

ვინ უფრო მიდრეკილნი არიან ამ დაავადების მიმართ _ მამაკაცები თუ ქალები?

– რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განუვითარდეს როგორც მამაკაცს, ასევე ქალს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა გამოვლინებები სქესის მიხედვით. ქალებში ხშირად რკინადეფიციტური ანემია გამოვლინდება მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს, როცა ციკლი არის ჭარბი ან გახანგრძლივებული, ასევე მშობიარობის, აბორტის სიხშირის შედეგად. ასევე რკინადეფიციტური ანემია შეიძლება განვითარდეს ორსულობის დროს. ორსულობის ბოლო პერიოდში თითქმის ყველა ქალს აღენიშნება რკინის დეფიციტი.

მამაკაცებში ანემიის გამომწვევი მიზეზები კი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, გასტრიტი, ბუასილი და ა.შ. კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, რომელთაც ახლავს პერიოდული სისხლდენა და მიღებული საკვებიდან რკინის შეწოვის დაქვეითება. ასევე სხვა ლორწოვანი გარსებიდან ქრონიკული სისხლდენა.

გადაეცემა თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობით და არის თუ არა განკურნებადი?

 

-რკინადეფიციტური ანემია არ არის მემკვიდრული დაავადება, მის განვითარებას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს და იგი აბსოლუტურად განკურნებად დაავადებათა რიგშია. მოსახლეობა ხშირად ანემიას აიგივებს ლეიკემიასთან, რაც არასწორია, ლეიკემია არის ძვლის ტვინის სიმსივნე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რკინადეფიციტურ ანემიასთან.

 

რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, თუკი გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი აღნიშნული დაავადების არსებობის?

 

– როცა გვაქვს ეჭვი, ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა, სისხლის საერთო ანალიზის დროს თუკი დაფიქსირდა ერითროციტების, ჰემოგლობინის დაბალი ციფრები, ესე იგი საქმე გვაქვს ანემიასთან. ანემიას გააჩნია მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმა. მსუბუქი ფორმის დროს ყოველთვის მკურნალობა იწყება რკინის შემცველი აბებით. მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა თითქოს შესაძლებელია რკინის შემცველი საკვების უხვად მიღებით, მაგალითად ხილით, ხორცეულით, რაც არასწორი მოსაზრებაა. ანემიის მკურნალობა მხოლოდ საკვები პროდუქტებით, გამორიცხულია. საჭიროა კომპლექსური მკურნალობა. რადგან რაც არ უნდა დიდი რაოდენობით მივიღოთ რკინით მდიდარი საკვები, ორგანიზმი იმ რაოდენობით არ შეიწოვს რკინას, რომ ანემია აღმოიფხვრას. როცა ანემიური სინდრომი უკვე დადგენილია, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მედიკამენტოზური მკურნალობა.

 

რა პროფილაქტიკურ ხერხს შეიძლება მივმართოთ ანემიის თავიდან აცილების მიზნით?

 

– სასარგებლოა რკინით მდიდარი საკვების მიღება, განსაკუთრებით ორსულთათვის, რომლებმაც უნდა მიირთვან უხვად ხილი და ხორცეული. მაგრამ თუ უკვე განვითარდა ანემია, ამ შემთხვევაში მხოლოდ საკვების მიღებით ეფექტი არ გვექნება.
ამ დაავადების აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიოს რიგ ქვეყნებში პროფილაქტიკური თვალსაზრისით შეაქვთ რკინით გამდიდრებული ანუ ფორტიფიცირებული ფქვილი.

ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, რაც გულისხმობს ორსულების დასვენებას, სწორ კვებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღებისაგან თავშეკავებას. ამ დაავადების ზემოაღნიშნული სიმპტომების არსებობისას დროულ მიმართვას ექიმ ჰემატოლოგთან.

 

 

რეზო მიქელაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: