არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გენო გელაძის ინფორმაციით, რომელიც სოფელ ღურტაში ორი საათის წინ წავიდა, ამ წუთებში ხეობაში მოსახლეობას დანთებული აქვს კოცონი და ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.
„მე შევთავაზე ხელისუფლებას, რომ მოვიდენენ ხალხთან კომპანიის წარმომადგენლები და საინციატივო ჯგუფთან გამართონ მოლაპარაკება. ადამიანები, ქალები და კაცები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი სცემა, რის გამოც არიან შეურაცხყოფილები. მაგრამ ამის მიუხედვადა არის მზაობა იმისთვის, რომ დაელაპარაკონ ხელისუფლებას. მე ამ ხალხს და ხელისუფლებასაც შევთავაზე, რომ პროცესი გაჩერდეს 10 დღით; კომპანიამ იმ ოჯახებს, რომლებიც თვლიან, რომ მათთვის პროექტი მეტ-ნაკლებად სარისკოა, გაუფორმონ შემდეგი შინაარსის ხელშეკრულება: თუ პროექტის შედეგად რომელიმე ოჯახი დაზარალდება, მათ ზარალს კომპანია აუნაზღაურებს“.
გენო გელაძე ამბობს, რომ ელოდება სატელეფონო ზარს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან: „ხალხის ასე მიტოვება არ შეიძლება, ხეობაში ძალიან ცივა, ამის მიუხედავად ხალხი ემატება. კოცონი ანთია მდინარის ნაპირზე. აშკარაა, რომ აქ მარტო ერთი სოფლის მოსახლეობა არ იკრიბება, ხეობის სახვა სოფლებიდანაც მოდის ხალხი“.
აჭარის მაღალმთიანეთში ჰესებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს. გენო გელაძის ინფორმაციით, დღეს კომპანიის წარმომადგენლები სოფელში არ გამოჩენილან.