კვირის ამბები

რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

11.03.2014 • 1637
რა ხდება ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობაში

 

 

ზურაბ მესხიძე, თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე: სტუდენტის სტატუსი სექტემბრამდე არ აღმიდგება, მანამდე ჩემი გუნდის წევრები გააგრძელებენ მუშაობას. მას შემდეგ, რაც გაცვლითი პროგრამით წავედი იტალიაში, ავტომატურად თავმჯდომარის  მოვალეობის შემსრულებელი გახდა პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლელა ფაღავა. იგი ყოველთვის აქტიური წევრი იყო ჩვენი გუნდის, იმსახურებდა იმ ნდობას, რაც მე გამოვუცხადე, თუმცა ჩემი წასვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა, თვითმმართველობის წევრები მომმართავდნენ საჩივრებით, მათ არ მოსწონდათ ლელას მუშაობა. დეკემბერში გამოვლინდა უკმაყოფილება, მაშინ ფაქსით გამოვაგზავნე ლელას გადადგომის მოთხოვნა, თუმცა სტატუსი შეჩერებული მქონდა და ეს არ მოხერხდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჩამოსვლა გახდა მიზეზი ლელას გადაწყვეტილების, ლელა ისეთი ადამიანია, არ სჭირდებოდა გადაწყვეტილებისთვის ორი თვე. შეიძლება ჩემმა ჩამოსვლამ მოტივაცია მისცა თვითმართველობის წევრებს.

 

 

ლელა ფაღავა, თვითმმართველობის ყოფილი  ვიცე-პრეზიდენტი:  გუნდში არსებობდა განხეთქილება, თუმცა  ჩემსა და ზურას შორის კონფლიქტი არ ყოფილა და არ ვიცი, რატომ მოექცა სხვების გავლენის ქვეშ და რატომ მიიღო ჩემი თანამდებობიდან მოხსნის გადაწყვეტილება, მაშინ როცა დიალოგიც არ გვქონია რაიმე სახის პრობლემაზე.

 

 

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ზურას თვითმმართველობის თავმჯდომარეობის  სტატუსის შეჩერების შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა, არც მომავალი წლის ბიუჯეტი იყო გაწერილი და არც სტრუქტურულად გამართული სისტემა, ამიტომ ბუნებრივია დიდი თანადგომა მჭირდებოდა გუნდის, რომელიც ერთიანი მხოლოდ ერთ თვეს იყო, შემდეგ ყველამ თავი აარიდა სამუშაო პროცესს და დაკისრებულ პასუხისმგებლობას, ზოგიერთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა, ზოგიერთს ამბიციები გაუძლიერდა, ზოგიერთის ინტერესიც მხოლოდ მატერიალური საკითხები გახდა, ამიტომ თვითმმართველობას წარმოვადგენდით 5-6 ადამიანი, რაც არ იყო საკმარისი პროდუქტიული მუშაობისთვის. პრობლემა ისაა, რომ დაკისრებულ პასუხისმგებლობას 80-მდე წევრის 95-პროცენტი ვერ იაზრებს. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა მოვალეობის შემსრულებლისა და მოადგილის თანამდებობა, მართალია გული მწყდება, თუმცა კმაყოფილი ვარ, რომ პირველივე კურსიდან გარკვეული წვლილი შევიტანე უნივერსიტეტის მუშაობაში, უნივერსიტეტში არ არის ერთი სტუდენტიც კი, რომლის ინიციატივა ან აზრი არ მივიღე და დახმარებაზე უარი ვუთხარი, არც ასეთი თვითმმართველობის წევრი არსებობს და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მიუხედავად არაჯანსაღი სამუშაო პირობებისა, ჩემს მეგობრებთან  და თვითმმართველობის რამდენიმე წევრთან ერთად ბევრი ნაყოფიერი პროექტი განხორციელდა. 

 

 

მინურ პაქსაძე, თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი: მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მქონია ლელას მიმართ, არც მისი მუშაობით ვყოფილვარ უკმაყოფილო. ჯგუფის გადაწყვეტილებით გავხდი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. მე ვიმუშავებ სტუდენტთა უფლებების დასაცავად, არ ვიქნები მიკერძოებული, ყველა სტუდენტისთვის თვითმმართველობის კარი იქნება ღია.

 

 

ანნა დვალიშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის წევრი: მეექვსე თვეა, რაც თვითმმართველობის წევრი ვარ, ერთხელაც არ ვარ ნამყოფი სტუდენტური თვითმმართველობის კაბინეტში. სულ ჩხუბია, წევრები აგრესიულად არიან განწყობილი ერთმანეთის მიმართ. 27 თებერვლის შეკრება იყო პირველი საერთო კრება ამ ხნის განმავლობაში. კრებაზე კი ნამდვილი ქაოსი იყო, სტუდენტების ნაწილი ითხოვდა, განეხილათ სხვადასხვა საკითხები (სტუდენტური პრობლემები, სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა და ა.შ) მეორე ნაწილი კი, ეგრეთ წოდებული “უმრავლესობა”, ამის უფლებას არ აძლევდა მათ. შეხვედრა ნახევარ საათს გაგრძელდა, მხოლოდ აირჩიეს თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და მისი პირველი მოადგილე. პარალელურად მიმდინარეობდა კამათი, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე პირადად ვერ ვუწოდებ ამ ორგანიზაციას “სტუდენტურ თვითმმართველობას”. წევრები ერთმანეთს არ ვიცნობთ, უფრო დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შევადარებდი ჩვენ თავს. მიძინების პროცესში ვართ. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: