მთიანი აჭარა

რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

10.03.2014 • 2125
რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

„მინდა, ის აყირავებული სახლებიც გაჩვენოთ… სასაფლაოა დამეწყრილი… აი იქ ოჯახს სახლის დატოვება მოუხდა, აქ სულ ვაკე იყო, ახლა რომ უყურებთ და ციცაბო დამრეცია… სულ ახალი დამეწყრილია გაღმა ის ტერიტორია, წყალი მიედინება ნაპრალებში, ისიც გადაიღეთ… აი, იქ, ჰესებისთვის გვირაბის გათხრას აპირებენ, მაგრამ იმ მთაზე მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, მარტის წვიმებზე რა გვეშველება, არ ვიცი… ეს ოჯახიც გადაიღეთ, ეს სახლი ორსართულიანი იყო, ახლა რომ მარტო პირველი ჩანს, მეწყერმა ჩაიტანა…“ –  გვეუბნება ჩანჩხალოს რწმუნებული უშანგი დიასამიძე და ცდილობს ყველა დაზარალებულის სახლთან, ყველა ადგილას მიგვიყვანოს, სადაც ჩანს სოფელში განვითარებული მეწყრული კატასტროფების კვალი და მათი გამეორების რისკები.

სოფელი ჩანჩხალო აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის დასკვნით წითელ ზონაშია შეყვანილი და აუცილებელ განსახლებას საჭიროებს. აქ სულ 95 ოჯახია, სადაც 478 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის ერთი ნაწილი 1985 წელს დაზარალდა მეწყრული პროცესების შედეგად. ამავე წელს მოხდა აღნიშნული სოფლის სრულყოფილი გეოლოგიური კვლევა და სოფელში მცხოვრებ ოჯახებს დღემდე აქვთ შემორჩენილი იმ დროს გეოლოგების მიერ გაცემული დასკვნები, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელი სასწრაფო განსახლებას საჭიროებს. მას შემდეგ მეწყერი სოფელს პერიოდულად უტევს.

ყანებს, ბაღჩებს, ეზოებს მეწყრის შედეგად გაჩენილი ნაპრალები კვეთს. ამ ტერიტორიაზე სიარულის დროს ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ნიადაგი წყალში ტივტივებს. სოფლის გამგებელი გვიხსნის, რომ გეოლოგების თქმით, სწორედ ნიადაგზე გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალებში მომდინარე წყაროებია მეწყრის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. აქ ამბობენ, რომ ყანებში, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოებს იწყებენ, მიწის სიღრმიდან წყლის შუილის ხმა ისმის.

ისედაც რთულ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს კიდევ ერთი ახალი პრობლემა გაუჩნდათ, ჩანჩხალოში, სოფლის ქვეშ 5-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანაა დაგეგმილი, რომელიც „შუახევიჰესის“ აშენებას უკავშირდება.

„არ ვიცით რა გავაკეთოთ, გეოლოგებმა გვითხრეს, მიწის დამუშავება და ერთწლიანი კულტურების მოყვანა დაუშვებელიაო, მაგრამ აქ მხოლოდ ეგ არის შემოსავალი, სხვა არაფერი გაგვაჩნია. ჩვენი სოფლიდან ხუთ ოჯახს, რომელთაც სახლი მთლიანად გაუნადგურა სტიქიამ, ბინები გადასცეს შუახევის ცენტრში, მაგრამ გაზაფხულობით მაინც ამოდიან და მიწას ამუშავებენ, რადგან მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ. გარდა ამისა, ძალიან გვიკვირს, ასეთ სოფელში როგორ შეიძლება გვირაბის გაყვანა, აქ რომ აფეთქება დაიწყონ, მთელი სოფელი ჩამოიშლება. არ დავუშვებთ ამას.“ –  ამბობენ სოფლის მცხოვრებლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: