კვირის ამბები

“როკი ის არის, რაც მინდოდა”

11.03.2014 • 1442
“როკი ის არის, რაც მინდოდა”


 თეო, “ახალ ხმაში” ერთ-ერთი ფავორიტი იყავი, როგორ შეაფასებ ამ კონკურსს?

 

 

 საქართველოში მეტი რა უნდა გააკეთო, თუ არა კონკურსზე გასვლა. “ახალ ხმაში” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ჩემი ჯგუფისთვის  “vanilla cage”-სთვის პიარი გამეკეთებინა. ორჯერ მოვახერხე და „ახალი ხმის” სცენაზე ჩემს ჯგუფთან ერთად წარვდექი მაყურებლის წინაშე. ბოლო დღეს გავაგზავნე ვიდეო, მაია მინდოდა მწვრთნელად, მასთან მოვხვდი, შემდეგ რინგზე ცვლილებები იყო, სტეფანეს გუნდში გადავედი, მომეწონა მასთან მუშაობა, შოუმენია, უამრავი იდეა აქვს. პროექტის შემდეგ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენი პოპულარობა, კმაყოფილი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღე მონაწილეობა.

 

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

 მე არ მახსოვს, ჩემები მეუბნებიან, რომ სიმღერას ლაპარაკის დაწყებამდე ვცდილობდი, მელოდიას ვღიღინებდი ჩემთვის. მე რაც თავი მახსოვს, ვმღერი. ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია, დამთავრებული მაქვს საფორტეპიანო სკოლა. ყოველთვის სახლში, ჩემთვის ვმუშაობდი, დღის ნახევარს მთლიანად ვუთმობდი ინსტრუმენტს, უკვე 10 წლიდან ვწერდი მუსიკას, ტექსტს. პირველი სერიოზული შეხება მუსიკასთან 19 წლის ასაკში მქონდა, როცა პროექტ „ნუცას სკოლაში” მივიღე მონაწილეობა.

 

 რა მოგცა “ნუცას სკოლამ”?

 

 საერთოდ, კონკურსები არ მიყვარს, მაგრამ უკვე ის ასაკი მქონდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. პროექტი დავტოვე sms-ების ნაკლებობის გამო, თუმცა “Tv იმედის” რჩეული გავხდი და დამაბრუნეს პროექტში. მერე ისევ sms-ების გამო დავტოვე პროექტი. ეს პროექტი ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, პირდაპირ ეთერში გიწევს მუშაობა, დილის ათი საათიდან ხარ ეთერში. საერთოდ, მომღერლისთვის დილით სიმღერა არ შეიძლება, იოგები დამჯდარია დილით, გვიწევდა ექვს საათზე გაღვიძება, რომ ხმა ფორმაში მოგვეყვანა. გვიწევდა კამერებთან მუშაობა, ხალხმა გაგვიცნო, ბევრი კონტაქტი დამიგროვდა, ძალიან ბევრი მომცა ამ პროექტმა.

 

 „ნუცას სკოლის” შემდეგ მიგიწვიეს “ჯეოპლანეტში”?

 


 ერთი წელი ვმუშაობდი ამ ჯგუფში, ალბომიც კი გამოვუშვით. საინტერესო იყო ჩემთვის მათთან მუშაობა, ეს იყო ერთწლიანი, დაუღალავი, ყოველდღიური მუშაობა, დილიდან დაღამებამდე ვიყავით სტუდიაში, დიდი გამოცდილება მივიღე. მერე გამოჩნდა “vanilla cage”, გოგონების როკ-ბენდი. დღემდე ამ ჯგუფის წევრი ვარ. რუსთაველის თეატრში იდგმებოდა მიუზიკლი „ოლივერი~, რომელშიც მინდოდა მონაწილეობა. მოუზიკლში ვერ მოვხვდი, თუმცა შემომთავაზეს “vanilla cage”-ს ვოკალისტობა. უბრალოდ მივედი, წარმოდგენა არ მქონდა, გოგონების როკ ბენდი როგორი უნდა ყოფილიყო. მომასმენინეს მათი შესრულება, გაოცებული დავრჩი, ძალიან მაგრად უკრავდნენ, ამიტომაც დავრჩი მათთან. რომ მივედი, ზუსტად ათ დღეში ევროვიზია იწყებოდა, უცებ ჩავწერეთ სიმღერა და გავაგზავნეთ, საგზური ანრი ჯოხაძემ მოიპოვა. ევროპული ევროვიზიის გამოკითხვით პირველ ადგილზე ვიყავით. ამას მოჰყვა ჩვენი წარმატება, ერთი წლის განმავლობაში ბევრი კონცერტი ჩავატარეთ, რეგიონებში გვქონდა მიწვევა. მხოლოდ ბათუმში არ მქონია კონცერტი. მინდა ჩემს მშობლიურ ქალაქში ბენდთან ერთად კონცერტი გავმართო. ბათუმი ჩემი საყვარელი ქალაქია, მას ვერაფერი შემიცვლის, მაგრამ ჩემი ჯგუფის გამო თბილისში მიწევს ცხოვრება. ამ ეტაპზე რამდენიმე წევრმა დატოვა ჯგუფი, ახალი შემადგენლობით ვართ.

 

 სად შეიძლება თქვენი მოსმენა?

 


 ჯერ მხოლოდ კონცერტებზე, ზამთარში ცოტა კონცერტი ტარდება, გაზაფხულიდან კი აქტიურად ვმუშაობთ. დამატებითი შემოსავლის წყარო რომ გაგვიჩნდეს, გადავწყვიტეთ ბარშიც დავუკრათ. ამ პროგრამაზე ახლა ვმუშაობთ. ესეც ერთგვარ გამოცდილებას შეგვძენს, ყოველი გამოსვლა ბარში იქნება მინიკონცერტი. აქამდე ძირითადად ვმუშაობდით ქავერებზე, ახლა კი ვცდილობთ ჩვენი რეპერტუარი შევქმნათ. თავად ვწერთ მუსიკას, უკვე გვაქვს ოთხი სიმღერა გაკეთებული. ქავერის შესრულება უფრო რთულია, მსმენელი ბევრად კრიტიკულია მის მიმართ.

 

 მუსიკას როდის წერ და რა გეხმარება ამაში?

 

 ასე ვერ იტყვი, დღეს მუსიკას დავწერო. თავისით მოდის, ყოფილა, რომ გონებაშიც დამიწერია, ინსტრუმენტთან რომ ვჯდები, ერთი აკორდის აღების შემდეგ მოდის. პირველად ათი წლის ასაკში დავწერე, 12 წლის ასაკში სერიოზული მუსიკა მაქვს დაწერილი, დღეს მიკვირს როგორ მოვახერხე ეს მაშინ.

 

 თავიდანვე არ ყოფილხარ როკშემსრულებელი?

 

 ძალიან დიდი ხანი ვიყავი ძიების პროცესში, ვერ ვხვდებოდი რა იყო ჩემი, რა მინდოდა. როცა პირველად შევასრულე როკ-მუსიკა, მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი, “ჯეოპლანეტში” მივხვდი ამას. როკი არის ის, რაც მე მინდოდა.

 

 სწავლობ ბათუმის უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე?

 

 მარადმწვანე სტუდენტი ვარ. 2010 წელს უნდა დამესრულებინა წესით, მუსიკის გამო მივატოვე სწავლა და წავედი თბილისში, არამარტო სწავლა, ბანკში ვმუშაობდი და სამსახურიც მივატოვე. საერთოდ, ყველაფერზე შემიძლია უარის თქმა მუსიკის გამო, მუსიკით ვცოცხლობ. დიპლომი მჭირდება, ამიტომ უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ, ეროვნული გამოცდების თავიდან ჩაბარება მომიწია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ ბიოლოგიას, ყველას უკვირს ჩემი ეს პროფესია, თუმცა საკუთარი თავი ამ მხრივ არ წარმომიდგენია, მიმაჩნია, რომ ხელოვნების სფეროში მუშაობისთვის ვარ გაჩენილი, უნდა ვიმღერო, ვწერო მუსიკა და თუ საშუალება მომეცემა, თეატრშიც ვითამაშებ, ძალიან მომწონს თეატრი, ცოტა გამოცდილებაც მაქვს.

 


 როგორია შენი მომავალი გეგმები?

 

_ ჯგუფი ვმუშაობთ იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მოვახერხოთ წასვლა, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი რეპერტუარის შექმნა. ჩვენი ჯგუფი ეკუთვნის კომპანია “ლოკომოტივ პრომოუშენს”, მათგან გვაქვს წინადადება, თუ მზად ვიქნებით, წავალთ სადმე, თუნდაც ამერიკაში. ამისთვის ბევრს ვმუშაობთ, კვირაში ხუთ დღეს, ყოველდღიურად ოთხი საათი რეპეტიცია გაქვს. იმედია, მალე ვიქნებით მზად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: