აჭარაში 20 ათასამდე ფუტკრის ოჯახია

 

აჭარაში მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წლის ბიუჯეტში სპეციალური ქვეპროგრამა 250 ათასი ლარითაა დაფინანსებული.  ბიუჯეტის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ თაფლის საშუალო წლიური წარმოება  350-400 ტონაა. რეგიონში არსებული თაფლოვანი მცენარეების სიუხვე (აკაცია, წაბლი, ცაცხვი, ხეხილოვანი და ალპური მდელოს მრავალფეროვანი ყვავილოვანი ბალახები) კი საშუალებას იძლევა სისტემატიურად გამოიკვებოს 60-70 ათასი ფუტკრის ოჯახი და თაფლის საშუალო წლიური წარმოება 2 000 ტონამდე გაიზარდოს.

 

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება რეგიონის ფერმერთა თანამედროვე  პოლისტიროლი ტიპის სკებით უზრუნველყოფა, რომელიც ფუტკრის ჩვეულებრივი ხის სკებისაგან განსხვავებით სარგებლობს ბევრი უპირატესობით. კერძოდ, დამზადებულია მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან, უძლებს გარემო პირობების მკვეთრ ცვლილებებს, იცავს ფუტკრებს ხმაურისაგან. პოლისტიროლის მასალისაგან დამზადებული სკები განსხვავებით ხის სკებისა, ფუტკრებს დაავადების გამომწვევი ბაქტერიების დაბუდებისაგანაც იცავს. ფერმერებს თაფლის საწური–ციბრუტებიც მიეწოდება.

 

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციას თემურ კახიძე უხელმძღვანელებს

 

მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ნუკრი დეკანაძე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

 

ბათუმის მერიის ახალი ადმინისტრაციის უფროსი თემურ კახიძე 2007-2010 წლებში ბათუმის საკრებულოს წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო. შემდეგ ის ბათუმის მერიის ორგანიზაციის „ბათუმის სანდასუფთავების“ დირექტორად მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების ფონდის – „ბათუმის ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა“  პროექტის დირექტორი იყო.

 

ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები წიგნად გამოიცემა

 

გამოფენაში მონაწილეობის უფლება 13 დან 25 წლამდე ასაკის იმ მოზარდებსა და ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.  გამოფენის შემდეგ  ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით გამოიცემა “ახალგაზრდა დამწყები და მოყვარული მხატვრების ნამუშევრების წიგნი” რომელშიც შევა გამოფენის თითოეული მონაწილის ნამუშევრებიდან შერჩეული ერთი ნახატი.

 

პრეზენტაციის შემდეგ  წიგნები საჩუქრად გადაეცემათ ნახატების ავტორებს და სხვა მსურველებს.  მხავტრებმა გამოფენისათვის თავიანთი ნახატები  ახალგაზრდობის ცენტრში 15 აპრილამდე უნდა წარადგინონ.  

საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური არჩევანი – დისკუსია უნივერსიტეტში

„სტუდენტებს  ჩვენი ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ მომავალზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. შეხვედრის მიზანი  გაცნობითი ხასიათისაა. გვინდა გავიგოთ სტუდენტები რას ფიქრობენ თავიანთი ქვეყნის მომავალზე,“ – განაცხადა  საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელმა ირაკლი აბულაძემ.

„აუცილებელია ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ მე ვფიქრობ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას პოსტსაბჭოთა რეგიონის ქვეყნებისთვის ამერიკამ და დასავლეთმა,“ – განაცხადა შეხვედრაზე სტუდენტმა მამუკა გოგაძემ.

„ჩვენ უნდა გავხდეთ ნატოსთვის მიმზიდველი პარტნიორი. ნატოს ჭირდება ძლიერი პარტნიორი ჩვენი სახით,“ – განაცხადეს შეხვედრაზე, სადაც  საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით  გაიმართა.

დისკუსია – საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური არჩევანი

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებას სტუდენტ-მასწავლებლები დაესწრებიან. შეხვედრაზე ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე და ბოლო პერიოდში საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებზე.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

აჭარის განათლების სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს

 

დაფინანსების მიღება აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე პირებს შეუძლიათ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე იმ  მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მოქმედ რომელიმე  აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

 

 თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ  2500 ლარის  მიღება შეუძლია.  ვის დაუფინანსებენ  სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯებს    ამას  სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე გამოავლენს. 

პროკრედიტ ბანკმა აჭარის რეგიონში 2 ფილიალი განაახლა

 

 

 

მარტის თვიდან განახლებული ფილიალების  რიცხვს  ქობულეთისა და ბათუმი ჭავჭავაძის სერვის პუნქტები შეუერთდა.

 

ორივე ფილიალი 2006 წელს გაიხსნა და ჭავჭავაძის სერვის პუნქტი 2000-ზე მეტ,  ხოლო ქობულეთის სერვის პუნქტი 2500-მდე კლიენტს უწევს საბანკო მომსახურებას.

 

კლიენტთა მომსახურების გრაფიკი ორივე ფილიალისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან – 17:30 საათამდე განისაზღვრა.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მრავალი ფილიალი გარემონტდა, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 51 ფილიალი აქვს გახსნილი.

www.procreditbank.ge  

 

დაუბეგრავი მინიმუმი და ხარვეზები ვებ-გვერდზე

 

 

დარეგისტრირებული ადამიანების მესამედს თანხა უკვე ჩაერიცხათ – “ჩვენ კანონმდებლობით გვაქვს გათვალისწინებული, რომ ეს თანხები  სამი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად ჩავრიცხოთ. თანხების ჩარიცხვა უკვე დავიწყეთ და ვცდილობთ ამ სამი თვის ვადაში ჩავეტიოთ”  – ამბობს შემოსავლების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ხატია მოისწრაფიშვილი.

წინასწარი გათვლებით შემოსავლების სამსახური 600 ათასი ადამიანის რეგისტრაციას ელოდება. თუმცა ზუსტი რაოდენობა 31 დეკემბერს, პროცესის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი. 31 დეკემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა.


შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სისტემას ხარვეზი არ ჰქონია და მათთან არც ერთი საჩივარი არ შესულა. 


დაანონსებული გვაქვს და ველოდებით დაახლოებით 600 000 ადამიანს, მაგრამ ეს გვეცოდინება მას შემდეგ რაც პროცესი დასრულდება, პროცესი კი შეიძლება დასრულდეს 31 დეკემბერსაც. ანუ 31 დეკემბრამდე აქვს მოქალაქეს უფლება რომ 2013 წელს ხელფასის სახით დაერიცხა 6000 ლარზე ნაკლები, რომ დარეგისტრირდეს და მოითხოვოს დაუბეგრავი მინიმუმი.

 

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ სისტემა შეფერხების გარეშე მუშაობს – “ველოდით რომ დიდი მოთხოვნა იქნებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სისტემამ იმუშავა სრულიად გამართულად, არ ყოფილა არც ერთი საჩივარი. არის შემთხვევები, როცა ამბობენს რომ აი, მე მეკუთვნის და პროგრამა მეუბნება რომ არ მეკუთვნის – ჩვენ ამ ყველაფერს სისტემურად ვხედავთ, გადავამოწმეთ ყოველი შემთხვევა და აღმოჩნდა, რომ რეალურად არ ეკუთვნოდათ” – ამბობს ხატია მოისწრაფიშვილი.

 

ერთ–ერთი ოპერატორის თქმით, დღეს დილიდან ხარვეზია პროგრამაში, რის გამოც რამდენიმე ადამიანის რეგისტრაცია ხვალისთვის გადაიდო.

 

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი განთავსებულია განცხადება: “ელექტრონული სერვისები მიუწვდომელი იქნება 4 აპრილის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე”.

 

ღურტისა და დიდაჭარის მოსახლეობა პრემიერ-მინისტრს ვერ შეხვდა

 

 

„ორი საათი მთავრობის სახლთან ვიდექით და ველოდით. მერე გვითხრეს პრემიერს პროტოკოლი აქვს გაწერილიო, ამიტომაც ვერ მოვახერხეთ მასთან შეხვედრა. დაუცველად ვგრძნობთ თავს, ჩვენი პრობლემა არავის აინტერესებს, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ” – ამბობს ოთარ იაკობაძე.

 

მისივე თქმით, ისინი კვლავ აგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას, ღურტასა და დიდაჭარას შორის არსებულ ხევში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. რამდენიმე დღეში კი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.


სტუდენტები ღურტაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
სტუდენტები ღურტაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან


როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი სახლიდან გაუსვლელად

 

ნაბიჯი 1


გადადით ამ ბმულზე და შეავსეთ თქვენი პირადი მონაცემები. 



პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ, მომდევნო ველში ავტომატურად გამოჩნდება თქვენი სახელი, გვარი და მისამართი.

გრაფაში: „მობილური“ – ჩაწერეთ მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც ჩართულია ქსელში და რომელზედაც მიიღებთ სპეციალურ კოდს.

შემდეგ მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და დააკლიკეთ “გაგრძელება“–ს.


ნაბიჯი 2



თუ თქვენ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება, ავტომატურად გადადიხართ შემდეგ ეტაპზე, სადაც გრაფაში: „ანგარიშის ნომერი“ – ჩაწერთ თქვენს საბანკო ანგარიშს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ გახსნილი შემდეგი ბანკებიდან ერთ-ერთში:

 

სს ბანკი „რესპუბლიკა“;

 

სს „პრივატბანკი“;

 

სს „თიბისი ბანკი“;

 

სს „საქართველოს ბანკი“;

 

სს „ლიბერთი ბანკი“;

 

სს „ბაზისბანკი“;

 

სს „ქართუ ბანკი“;

 

სს „კორსტანდარტ ბანკი“;

 

სს „ბანკი კონსტანტა“;

 

სს „ფინკა ბანკი საქართველო“

 

თუ ამ ბანკებში არ გაქვთ ანგარიში,  ჩამოთვლილთაგან რომელიმეში მოგიწევთ მისი გახსნა;

 

 

 

(შენიშვნა: თუ თქვენ არ გეკუთვნით დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნება, ეტაპზე: „საბანკო ანგარიში“ – ვერ გადახვალთ; თუ დარწმუნებული ხართ, რომ აუცილებლად გეკუთვნით თანხა და ვერ აგრძელებთ დეკლარაციის შევსებას, მაშინ უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის უახლოეს სერვისცენტრს)



 

ნაბიჯი 3

 

 

საბანკო ანგარიშის ჩაწერის შემდეგ, გვერდით გრაფაში გამოჩნდება იმ თანხის ოდენობა, რაც უნდა დაგიბრუნდეთ.

 


ამის შემდეგ, მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებული კოდი შეგყავთ სპეციალურ გრაფაში: „შეიყვანეთ კოდი“ და თქვენს მიერ დეკლარაციიის შევსება თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ამით დასრულებულია.

 

 

უკან დასაბრუნებელი თანხა დაგერიცხებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.



გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული სერვისები მიუწვდომელი იქნება 4 აპრილის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე.


ამავე თემაზე: 

 

როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყება






ხვალ – „გამქრალი ბათომი”

 

შეხვედრის მიზანია შეაფასოს  ქალაქ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებული პროცესები, ასევე წარმოაჩინოს არსებული პრობლემატიკა და პერსპექტივები ურბანული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით, რათა ხელი შეეწყოს ისტორიული ქალაქების სწორი და ადეკვატური მართვის სისტემის შემუშავებას.

 

შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტო გამოფენა “გამქრალი ბათომი”.

 

მისამართი ლუკა ასათიანის ქუჩა N37.

ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით, მიმდინარეობს გამოძიება.

„ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ – დიდი უბნის დიდი პრობლემები

 

ბატონო იოსებ, თქვენ, როგორც ამ უბნის რწმუნებულს, მოსახლეობა ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად მოგმართავთ?

 

 

რეალურად რომ ვთქვათ, არ არსებობს პრობლემა, რომელიც ამ უბანში არ იყოს. პირველი ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, შესაბამისად, ვერც ქუჩები გაკეთდება. ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს წელს და დასრულდება 2016-ში. იმედი მაქვს, ჩემი „ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მძიმე სოციალური მდგომარეობაა – ადამიანები ყველაზე ხშირად სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოგვმართავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ ვცდილობთ, შესაბამის ორგანოებთან გავუწიოთ რეკომენდაცია.

 

 

თქვენ ამ უბანში მაჟორიტარიც იყავით წლების წინ, იგივე პრობლემებია აქტუალური დღესაც, თუ  შეიცვალა პრიორიტეტები?

 

 

პრობლემები თითქმის იგივეა. მოსახლეობა ქუჩების მოწესრიგებას, მოასფალტებას ითხოვს, თუმცა ქუჩას მე ვერ დავაგებ. რთული უბანია, მაგრამ ნელ-ნელა ეს სირთულეები მოგვარდება. განსხვავება კი ის არის, რომ მოსახლეობაში მეტი ნდობა მაქვს და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

 

 

ქალაქის ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა გასულ წელს ამ უბანზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის?

 

 

სამ ქუჩაზე – გუდიაშვილზე, გრიბოედოვზე და #23 სკოლის მიმდებარედ დაიგო ასფალტის საფარი. პატარა ქუჩებია, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

რამდენი განცხადებაა შემოსული მოსახლეობისგან და რა ტიპის საკითხი სჭარბობს?

 

 

იცით ყველაზე დიდი უბედურება რაშია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამგეობაა, ერთი კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტი ცუდად მუშაობს. ყველაფერი ელექტრონულად მომდის, მაგრამ ვერ ვხსნი დოკუმენტს. ხელზე განცხადებები არ შემოდის. მოქალაქეები თავად მოდიან. წინა თვეში 34-მა მოქალაქემ მოგვმართა, უმეტესობას სჭირდებოდა ერთჯერადი ფინანსური დახმარება და ითხოვდნენ შუამდგომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ ვსწავლობთ ოჯახების მდგომარეობას სოციალური თვალსაზრისით და გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. ოფისიც გაურემონტებელი გვაქვს, მაგრამ მე ამაზე ფულის ხარჯვას მირჩევნია ერთი ადამიანის ჯანმრთელობას მოხმარდეს ეს თანხა.

 

 

ყველა მოქალაქის თხოვნა დააკმაყოფილეთ?

 

 

არა, რა თქმა უნდა. ალბათ ხუთი პროცენტი. ისეთი, ვისაც წამლისთვის ან ოპერაციისთვის სჭირდებოდა თანხა.

_ თქვენი, როგორც რწმუნებულის როლი რა არის?

 

 

ჩემი უბნის ყველა მცხოვრებლის სატკივარი მაქსიმალურად რომ მივიტანო ხელისუფლებამდე. საუბედუროდ, მერიის ტერიტორიულ ორგანოებს არ აქვთ იმდენი უფლება, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეძლონ. ყოველი მეხუთე კაცი გაჭირვებულია და დახმარებას ითხოვს.

 

 

დღეს საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა ქალაქში, თქვენს უბანში თუ ამჩნევთ ცვლილებებს?

 

 

მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ ქურდობის. ამ უბანს პოლიციის სამი ქვეგანყოფილება იცავს. სასჯელაღსრულებიდან გამოსულ ყველა ყოფილ პატიმარს კი ხელწერილით ვიბარებთ. ასეთი უბანში 22 პირი გვყავს. საუბედუროდ, ყველა უმუშევარია.

 

 

კიდევ რა საკითხები შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელზეც როგორც რწმუნებული მუშაობდით

 

 

უბნის პასპორტიზაცია გავაკეთეთ, ყველა სახლი, ქუჩა, მოედანი და სკვერი აღვწერეთ. ბევრი რამეა გასაკეთებელი. მინდა უკეთესი სურათი დავტოვო, როცა წავალ. 

 

ქალის უფლებები მაღალმთიან აჭარაში

 

 

რამინი 13 წლისაა. სკოლაში სწავლობს, გაკვეთილების შემდედ კი დედას  მიწის დამუშავებაში ეხმარება. მომავალი ცოლის ვინაობა მან უკვე იცის.

 

მაყვალა ირემაძე 17 წელი ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი იყო. მისი ინფორმაციით, 1994 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სოფელში 72 უმაღლეს დამთავრებულია.  მისი შვილი კი პირველ გოგონაა, სოფელში რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო.

 

დიანა მელაძე   სოფელი ვაშლოვანში ცხოვრობს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, მაგრამ უკვე გათხოვილია. ნაადრევი ქორწინებისა და სოფელში განათლების პრობლემებზე ის თავისი კლასის მაგალითზე გვიყვება. დიანა თავის მეგობარზე გვიყვება. სტუდენტზე რომელიც მოიტაცეს, რის გამოც მან სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. დიანა ამბობს რომ ქალს ასეთ შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ აქვს. თუ მისცემენ სწავლის ნებას – ისწავლის, თუ არა და ოჯახში კაცების გადაწყვეტილებას წინ ვერ აღუდგება.

 

მაკა აბულაძეც მეთორმეტე კლასელია. იგი დიანას მულია. რძალს ეთანხმება და ამბობს რომ ოჯახში ქალს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

 

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ თამთა კახაბერიძის სიუჟეტი „გენდერული უთანასწორობა აჭარაში“.  

 

 

სიუჟეტზე ასევე მუშაობდნენ: მარი ზაქარაძე, ქეთი ადეიშვილი, სალომე ფუტკარაძე, თეონა ამაღლობელი, დარინა ვარშანიძე, ხატია ზუხუბაია, თათია ბოლქვაძე,  ნინო ბერიძე.

 

სიუჟეტი მომზადდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“.  პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით. 

პრემიერ–მინისტრი საზღვაო აკადემიაში

 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტრატეგიულ მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ამ სფეროს განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლასა და გაძლიერებას, ამიტომაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა აკადემიას მუდმივი განვითარების საშუალება ჰქონდეს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მოხსნა კითხვები ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიღებულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და აღიარა ჩვენი აკადემიის დიპლომი. 

2013 წლის ნოემბერში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება და ქართველი მეზღვაურები დაბრუნდნენ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე. ეს ნამდვილად დიდი წარმატებაა. საბედნიეროდ, ქართველ მეზღვაურებს აღარ მოუწევთ უდიდესი რისკის ფასად საეჭვო გემებზე არალეგალურად მუშაობა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშილმა სიტყვით გამოსვლისას. 

საკრებულომ მერიის 2014 წლის სახლმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილება შეიტანა

 

 

ცვლილების თანახმად, ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა 508.950 ლარის ფარგლებში, ელექტრონული ტენდერის ნაცვლად გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდება.


როგორც სხდომაზე მერიის საფინანსო–ეკონომიკური სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა – “დაჩქარებული ელქტრონული ტენდერის გამოცხადების მიზანი, სამუშაოების ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულებაა”.


საკითხს საკრებულოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

სამინისტრო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას დააფინანსებს

 

 

ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

– სწავლა საზღვარგარეთ; 

 – სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა;

 – კვალიფიკაციის ამაღლება;

 – საჯარო ლექციები;

 – კონფერენციის ორგანიზება

 

სწავლა საზღვარგარეთ

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა.

 ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ა.რ–ის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე.

ქვეპროგრამის მონაწილეს, სწავლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (არაუმეტეს 12500 ლარი) სამინისტრო დაუფინანსებს. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ხარჯების დაფარვის მიზნით.

იხილეთ ქვეპროგრამის დებულება, სააპლიკაციო და სარეკომენდაციო წერილის ფორმა;

 

სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა

ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეუძლია აჭარაში მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს. აგრეთვე იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

ქვეპროგრამის მონაწილე სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით მიიღებს ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით.

იხილეთ ქვეპროგრამის დებულებასააპლიკაციო და სარეკომენდაციო წერილის ფრომა

 

ქვეპროგრამiს ბენეფიციარებს სპეციალურად შექმნილი კომისია, ღია  კონკურსის საფუძველზე  გამოავლენს.

წიგნები მაღალმთიან სოფლებს

 

„წიგნები მაღალმთიან სოფლებს“   არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი წინ“ -ის პროექტია.  

 

„თავიდან წიგნები გადმოგვცა გამომცემლობა „ინტელექტმა“, „არტანუჯმა“, „საუნჯემ“ და „რადარამმა“. თბილისში წიგნის მაღაზია „ბუქ სითიში“ და კაფე-ბარ „არსადში“, დგას ჩვენი ყუთები სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიტანოს წიგნები.  ვაგროვებთ მაკულატურასაც რომელსაც „პალიტრა-ელის“ პროგრამით ვცვლით ახალ წიგნებში. შეგროვილ წიგნებს გადავცემთ პირველ ეტაპზე სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლას ასევე შუაფხოს საჯარო სკოლას. შემდეგი გასვლები იქნება უკვე მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ხულოს რაიონის რამდენიმე სოფელი გვაქვს შერჩეული,“ – ამბობს  პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი თეკლა ქველაძე.

 

მისივე თქმით თიბისი ბანკის დაფინანსებით ამჟამად სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლაში  ბიბლიოთეკა და სამკითხველო ოთახი რემონტდება.

 

„სულ მაწუხებდა მაღალმთიანი რაიონების პრობლემები.  ძალიან ცუდი მდგომარეობაა, სოფლები იცლება სისტემატიურად და ეს პროცესი გრძელდება წლებია. მთაში დარჩენილ ადამიანებს, ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა თანამედროვე ლიტერატურაზე, ასევე იმ არტ-პროცესებთან რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამიტომაც გადავწყვიტე რაღაცით შემემსუბუქებინა მათი ყოფა მთაში და მეგობრების მხარდაჭერით წამოვიწყე ეს პროექტი,“ – ამბობს თეკლა ქველაძე.

 

მაღალმთიან აჭარაში წასაღები ბათუმში, წიგნების მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გროვდება.  პროექტში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

პრემიერ-მინისტრი ბათუმში

 

შეხვედრის შემდეგ პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

 

12 საათისთვის პრემიერი ბათუმის საზღვაო აკადემიაში მიდის. შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. დღის სამი საათისთვის კი დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ვიზიტი.

უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციები დღვანდელი მონაცემებით

 

2014 წლის პირველ კვარ­ტალში ტრან­ზაქციების (უძრავი ქონების რეგისტრაცია, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და ასე შემდეგ) მთლიან რაო­დე­ნო­ბაში 17.3%-ს პირველადი, ხოლო 82.7%-ს მეო­რადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლო­ებით მსგავსი ტენდენცია დაფიქ­სირდა წინა წლის პირ­ველ კვარტალშიც: 18.7% – პირველადი ტრან­ზაქ­ციები და 81.3% – მეორადი ტრან­ზაქცი­ები.


 

წინა წლის იმავე პერი­ოდთან შედარებით 2014 წლის იანვარ-მარტში პირველადი ტრანზაქციების რაოდენობ 8.5%-ით გაი­ზარდა, თუმცა ამ ტრანზაქციების ხვედრითი წილი ტრან­ზაქციების მთლიან რაოდე­ნობაში 1.4%-ით შემცირდა. ამავე დროს, მეორადი ტრანზაქციების რა­ოდენობა ა.წ. პირ­ველ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.0%-ით გაი­ზარ­და.

როცა ბავშვი არ გიღიმის – რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმზე

 

„აუტიზმი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ფიზიკურად არ ჩანს. მაგალითად, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი შეგიძლია ოთხ თვის ასაკში ადვილად შენიშნო, მაგრამ ბავშვს რომ აუტიზმი აქვს, ეს შეიძლება 4 წლის ასაკში აღმოაჩინოს მშობელმა იმის გამო, რომ არ ფლობს ინფორმაციას აუტიზმის მახასიათებლების შესახებ.“ – ასე განუმარტა ფსიქოლოგმა ქეთი გოგიტიძემ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიის მონაწილეებს.  

 

ქეთი გოგოტიძის თქმით, აუტისტია თუ არა ბავშვი, ეს შეიძლება ერთი თვიდან 18 თვემდე იქნეს დადგენილი და რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, ბავშვი ადაპტირებული იყოს გარემოსთან.

 

 

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი აუტისტია? ფსიქოლოგი მშობლებს ბავშვის რამდენიმე ქცევაზე ურჩევს ურჩევს ყურადღების გამახვილებას:

 

 

თვალით კონტაქტის უუნარობა. ბავშვი ცდილობს სადღაც შორს იყუროს, ის მზერით კონტაქტს არ ამყარებს ადამიანებთან.

 

ბავშვი არ გიღიმის ერთი წლის ასაკში, თავისთვის არის ჩაკეტილი, არ ცდილობს შენთან კონტაქტს.

 

აუტისტი ბავშვი სათამაშოებით არ თამაშობს ტრადიციული წესით. მაგალითად, თუ ბავშვები მანქანით თამაშისას ცდილობენ გააგორონ მანქანა, აუტისტს ბავშვს ბორბალი აინტერესებს, შეიძლება მთელი დღე ეჭიროს ხელში მანქანა და ატრიალოს ბორბალი, ანუ არაფუნქციურად თამაშობენ.

 

ბავშვებს ახასიათებს სტერეოტიპული მოძრაობა. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ  არ არის დამჯერი, შეიძლება ქუჩაში დაინახოს ბანერი, მაღაზიაში შოკოლადი და მისი ინტერესის საგანს ვერაფრით ვერ მოწყვეტთ, სანამ თავის სურვილს არ დაიკმაყოფილებს.

 

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვს არ ესმის, როცა ვეძახით და არ გვაქცევს ყურადღებას, იმ დროს, როცა შეიძლება დაბალ ხმაზე ჩართულ საყვარელ მულტფილმზე ჰქონდეს რეაქცია.


ქეთი გოგიტიძის განმარტებით, ძირითადად ერთადერთი სიმპტომი – მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები ხდება მიზეზი, რის გამოც მშობლები მიდიან სპეციალისტებთან და შედეგად დგინდება, რომ ბავში აუტისტია.

 

სპეციალისტის თქმით, ადრეული ჩარევის შემთხვევაში აუტისტი ბავშვების 50 პროცენტი  ჩვეულებრივად სწავლობენ სკოლაში და დიდად არ განსხვავდებიან სხვა მოსწავლეებისაგან: „ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ჩარევა, რაც უფრო მეტად განათლებულები იქნებიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, პედიატრები და მშობლები, მით უფრო მეტი შასია, რომ ეს ბავშვები არ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი და განივითარონ უნარები.“  

 

ქეთი გოგიტიძემ მშობლებისა და პედიატრების განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა:

 

„ბავშვი პირველ რიგში მიგვყავს პედიატრთან, მშობელი შეიძლება ვერ მიხვდეს, მაგრამ პედიატრი უნდა მოხვდეს აუცილებლად. ძალიან რთულია ორ წლამდე მიხვდე, რომ ბავშვი აუტისტია, მათ ფიზიკური პრობლემა არა აქვთ, ჩვეულებრივად ვითარდებიან, შეიძლება ცხრა თვის ასაკში დაიწყონ სიარული. ერთადერთი, მშობელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ბავშვს არ ესმის, რადგან არ ლაპარაკობს და სამი წლის რომ გახდება, შემდეგ მიჰყავთ ექიმთან.

 

საბავშვო ბაღში პედაგოგებმა უნდა იმუშაონ ამ ბავშვებთან, რაც ჩვენს ბაღებში შეუძლებელია, რადგან 45-50 ბავშვია ერთ ჯგუფში და პედაგოგი ერთი ან ორი. ამას დამატებული ის, რომ პედაგოგებმა არ იციან აუტიზმი რა არის და სახელის გაგონებაზე ამბობენ – „არა, ჩემთან არ მინდა ეს ბავშვი“ და დამოკიდებულება უკვე ნეგატიურია. ამბობენ, აი, მე არ ვიცი ამ ბავშვს რა უნდა ვუქნა, იქ სათამაშო მოკიდა ხელი, დააზიანა, ორმაგად, გაზვიადებული ეჩვენებათ ყველაფერი. ამ დროს შეიძლება სხვა ბავშვები უფრო მეტს აშავებდნენ. “

 

 

ქეთი გოგიტიძის თქმით მთავარი პრობლემა მშობლებისა და პედიატრების ინფორმირებულობის დაბალი დონე და მშობლების დაბალი აქტივობაა: „თბილისში, იაშვილის კლინიკაში იყო მშობლებისთვის უფასო კონსულტაციები, თუ როგორ უნდა ემუშავათ აუტიზმით დაავადებულ შვილთან და რა მიდგომებია ამისთვის საჭირო, თუმცა მშობლები თითქმის არ დადიოდნენ. აჭარაში მსგავსი ცენტრი არ არსებობს. თუმცა მშობლებს შეუძლიათ შექმნან ორგანიზაცია. ჩემი მეთოდია „ქცევითი თერაპია“, რომელიც ჯერ იკვლევს ბავშვის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მერე ხდება ძლიერი უნარების გამტკიცდება და მის ნიადაგზე სისუსტის აღმოფხვრა.“


 

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. უფრო მეტ ბავშვს აქვს აუტიზმი, ვიდრე დიაბეტი, კიბო და აივ ინფექცია ერთად.


 

16 უფასო კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის

 

 

 

პროექტის განხორციელებისთვის „დინამოს“ ბიუჯეტიდან 54 ათასი ლარი დაიხარჯა. ბათუმის „დინამოს“ დირექტორის ოთარ ფედიჩკინის განმარტებით, თითოეულ კლუბს თავისი მწვრთნელი ჰყავს. პროექტის კოორდინატორი კი ვალერი მაჩხელიანია. „ჩვენ ვართ პირველები საქართველოში, ვინც  ბავშვთა უფასო ფეხბურთის პროექტი დაიწყო. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით 500 ბავშვი მოვიზიდეთ და ბათუმში ფეხბურთი მასობრივი გავხადეთ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის მეშვეობით რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი აღიზრდება“- ამბობს ოთარ ფედიჩკინი.

 

„დინამო“ უფასო კლუბების იდეას ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. როგორც ოთარმა აღნიშნა, უფასო კლუბების ინიციატორი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. „ბათუმის ბიუჯეტიდან დინამოსთვის გამოყოფილია  თანხა, დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი, უფასო კლუბები სწორედ ამ თანხიდან დაფინანსდებიან, ამ თანხიდან გამოიყოფა 16 მწვრთნელისა და კლუბების მთავარი კოორდინატორის ანაზღაურებაც. პროექტი არ არის ერთჯერადი და ის მუდმივად გაგრძელდება. სამომავლოდ, რამდენი ახალი უბანი და სპორტული მოედანიც შეიქმნება ბათუმში, იმდენი ახალი კლუბი დაემატება“- ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

ვაკანსიები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში



სამინისტროში შემდეგ თანამდებობებზეა გამოცხადებული ვაკანსია:

 

 

საწარმოთა მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1)

 

 

საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (2)

 

 

საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების უფროსი (1)

 

 

დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1)

 

 

დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი (1)

 

 

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1)

 

 

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსი (1)

 

 

ეკონომიკური ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (3)

 

 

ეკონომიკური ანალიზის განყოფილების უფროსი (1)

 

 

ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი (1)

 

 

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (1)

 

 

სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი (1)

 

 

საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (2)

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში (1)

 

 

ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში (1)

 

 

განაცხადების მიღების ბოლო დღე 10/04/2014

 

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/

ვინ რა წიგნებს უშვებს ბათუმში სახეტიალოდ

 

 არსებობს ორი პირობა მათთვის, ვინც მოხეტიალე წიგნს იპოვის: მათ წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხონ, შემდეგ კი სხვა ადგილზე დატოვონ, სადაც წიგნი ახალ მკითხველს დაელოდება.

 

დღეს დილიდან „ფეისბუქზე“ ბათუმელი მომხმარებლები ავრცელებენ იმ წიგნების ფოტოებს, რომლებიც შეიძლება ბათუმში, ნებისმიერ ადგილას იპოვოთ.

 

მაღაზიის – „წიგნების ბათუმში“მენეჯერი, ირაკლი ბაკურიძე ჯეკ კერუაკის „გზაზე“ უშვებს ბათუმში სახეტიალოდ.

 

ამავე მაღაზიის დირექტორმა,  ბლოგერმა მარი კორინთელმა ქალაქში სახეტიალოდ  დიანა ამფიმიადის „პირადი კულინარია“ და ასტრიდ ლინდგრენის „სახურავის ბინადარი კარლსონი“ გაუშვა.

 

მკითხველმა თეო ბერიძემ ნოდარ დუმბაძის „მარადისობის კანონი.“

 

გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი ამელი ნოტომის „მოკალი მამა“-ს უშვებს ახალი მკითხველების საპოვნელად.

 

 ბათუმში „მოხეტიალე წიგნების“ ჯგუფის წევრებს ამ ბმულზე შეგიძლიათ შეურთდეთ ფეისბუქზე. აქციაში ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. 

 

მოხეტიალე წიგნების იდეის ერთ–ერთი ავტორი მწერალი ჯაბა ზარქუაა, მან სოციალურ ქსელ facebook–ზე გვერდი გააკეთა, რათა საკუთარი იდეა სხვებისთვის გაეზიარებინა, ერთ დღეში გვერდს უკვე 17 000–ზე მეტი მოწონება აქვს. 

 

თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ წიგნი ქუჩაში, კაფეში, ტრანსპორტში და სხვა ნებისმიერ ადგილზე. მოხეტიალე წიგნების facebook–გვერდზე გათავისუფლებული წიგნების სია მატულობს. 

 

რა სჭირდება უნივერსიტეტს?

 

დავით ბენდელიანი: შიდა რეორგანიზაციაა საჭირო, სტუდენტების ჯანსაღი ნაწილის ინტერესების გათვალისწინება ლექტორების კომპეტენტურობასთან დაკავშირებით.  ჩვენი სტუდენტების ძირითად ნაწილს მიმდინარე ქულათა რაოდენობაზე აქვს აქცენტი, ვინაიდან უნივერსიტეტი ამ ხერხით ცდილობს სტუდენტის ინტელექტის ამაღლებას, რაც, თუ ჩვენი უნივერსიტეტის მაგალითით ვიმსჯელებთ, რეალურ შედეგს არ იძლევა. ვფიქრობ, საუნივერსიტეტო ცხოვრება  სტუდენტის არამხოლოდ აკადემიურ ქულათა მაჩვენებელს მოიცავს, არამედ მის ზოგად განათლებას  და საზოგადოებრივ ჩართულობას, როგორც ქალაქის, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. სიტუაციის გამოსასწორებლად სტუდენტი უნდა გახდეს უფრო მომთხოვნი და აქტიური უნივერსიტეტთან, ლექტორთან და ზოგადად  სახელმწიფოსთან მიმართებაში. ლექტორი კი, თავის მხრივ, უნდა იყოს სტუდენტისთვის ამ მოთხოვნის და მიზნის მიღწევაში ხელშემწყობი ფაქტორი და მის ძირითად ფუნქციას არ უნდა წარმოადგენდეს სილაბუსით გათვალისწინებული მასალის ჩამთავრება და მოვალეობის მოხდის მიზნით ლექციის ჩატარება. ჩვენდა საბედნიეროდ, უნივერსიტეტს ჰყავს ლექტორები, რომლებიც რეალურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ უდიდეს მოვალეობას. საჭიროა ასეთი ლექტორების წახალისება, რომ ეს ენთუზიაზმი გადამდები გახდეს.

კარგი იქნება, თუ გამოვიყენებთ ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებას და დავნერგავთ იმ სასარგებლო მიღწევებს, რაც შეიძლება წაადგეს ჩვენს უნივერსიტეტს.

 

 

 

ანნა მდინარაძე: განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად ბევრი რამ არის გასაკეთებელი, უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი პრობლემური საკითხია, მე ვისაუბრებ ჩემს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე: უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია არაკვალიფიციური კადრები. უნივერსიტეტში კვლავ იყენებენ სწავლების მოძველებულ მეთოდს _ მხოლოდ თეორიული მასალის მოწოდება და არანაირი ყურადღება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ფონად კი გვაქვს, მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სათანადო ლიტერატურის არქონა. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარების შემთხვევაში სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება.

 

 

 

ბესო ფალავანდიშვილი: ვფიქრობ, ისე უნდა შეიცვალოს ეროვნული გამოცდების სისტემა, რომ მარტივად ვეღარ აბარებდნენ აბიტურიენტები უნივერსიტეტში. ბარიერი ასაწევია, ხშირად სტუდენტები ვერ ახერხებენ კონკრეტული საგნის დაძლევას, ეს, რა თქმა უნდა, აფერხებს სწავლის პროცესს. უნივერსიტეტი უნდა ზრდიდეს მოქალაქეს, ლექციები არამარტო პროფესიული ხასიათის უნდა იყოს, არამედ სტუდენტებს ღირებულებებს უნდა უზიარებდეს. ვისურვებდი ჩემს უნივერსიტეტში იყოს მაღალი დონის ბიბლიოთეკა, საჭიროა რეფორმებიც. ხშირად უნდა იწვევდნენ ლექტორებს სხვა უნივერსიტეტებიდან, ასევე კარგი იქნება თავისუფალი ლექციების ჩატარება, სადაც ისაუბრებენ თავისუფლებაზე, ზნეობაზე, ადამიანის სულიერებაზე.

 

მოამზადა ქეთი ლაბაძემ

 

 

ქობულეთში კულტურის სახლის მშენებლობა დაიწყო

 

 

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „MTM” აწარმოებს.

 

ახალი კულტურის სახლი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა იქნება, სადაც განთავსდება 400 მაყურებელზე გათვლილი დარბაზი, სცენა, ფოიე, საკონფერენციო დარბაზი, სარეპეტიციო და სხვადასხვა სტუდიებისთვის სამუშაო ოთახები.

 

შენობის არქიტექტურულ დიზაინზე ადგილობრივმა არქიტექტორებმა იზრუნეს, თუმცა დაპროექტებზე ესპანელმა დიზაინერებმაც იმუშავეს. პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„მეოთხე არხი“ – ახალი ტელევიზია 4 აპრილიდან

 

 

რამაზ, 4 აპრილს რომ გადართავს მაყურებელი ტელევიზორს თქვენს არხზე, რა გადაცემებს ნახავს?

 

 

ვართ საერთო მაუწყებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება გვაქვს მინიმუმ ორი ტიპის გადაცემა, – საინფორმაციო გამოშვება და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაინც გავაკეთოთ. პრიორიტეტი იქნება ტურიზმი, ამიტომ აუცილებლად გვექნება ამაზე გადაცემა. იქნება საუბარი პრობლემებზეც და რესურსებზეც, ასევე, გადაცემა კულტურულ მემკვიდრეობაზე. პირველ ეტაპზე აჭარა იქნება წარმოჩენილი ქართული ბაზრისთვის. 

 

 

რამდენი ჟურნალისტი და წამყვანი გყავთ და რეგიონული ბიუროები თუ გექნებათ?  

 

 

ამ ეტაპზე გვყავს ხუთი ჟურნალისტი, ვაპირებთ საინფორმაციოში ავიყვანოთ სამი სტაჟიორი. საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა ლორთქიფანიძე იქნება. პოლიტიკურ თოქ-შოუს კვირაში ორჯერ წაიყვანს ნათია კირცხალია. საინფორმაციო გამოშვებები გავა დღეში ორჯერ, ხუთ საათზე და ცხრის ნახევარზე. როგორც ვიცი, ამ დროში აქვთ საინფორმაციო გამოშვებები 25-არხს და „აჭარის ტელევიზიასაც“. ეს ერთგვარი გამოწვევაცაა ამ ტელევიზიების, მაგრამ ჯანსაღი კონკურენციაა და ვფიქრობ, მარკეტინგულადაც სწორია.  

 

 

 

დასაწყისისთვის რა თანხა ჩაიდო ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის? სპეციალისტების გათვლებით, სულ მცირე მილიონი ლარი მაინცაა საჭირო, რომ ტელევიზიამ ფუნქციონირება დაიწყოს..

 

 

ციფრებზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა, ეს ციფრებიც ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია. ზოგადად ძნელია ამაზე საუბარი, მაგრამ ერთ პატარა ტელევიზიას მილიონი ლარი არ სჭირდება. ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით სარეკლამო ბაზარზე და ვიცით, რა მოცულობის თანხები ტრიალებს.  

 

 

საქართველოში არსებობს იმის პრაქტიკა, რომ ტელევიზიები ექცევიან პოლიტიკური ფიგურების ან გარკვეული ჯგუფების ხელში, ფინანსური გარანტიების მიღების სანაცვლოდ. ალბათ თქვენც გაიგებდით, რომ თითქოს მეოთხე არხის ფინანსურ მხარდაჭერას ლევან ვარშალომიძე უზრუნველყოფს, არის თუ არა ეს სიმართლე?

 

 

ყოველთვის ვიყავი და ვარ წინააღმდეგი, რომ მედია იყოს პოლიტიკური იარაღი რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების ხელში. ჩვენ ყველა გონივრულ რესურსს გამოვიყენებთ, რომ ტელევიზია გამოვიდეს კარგი. ლევან ვარშალომიძესთან არ გვაქვს არანაირი გადაკვეთის გზები. მეც მომისმენია ვარშალომიძეზე, იყო საუბარი ბერა ივანიშვილზეც, თითქოს GDშ-ისგან მივიღეთ ლიცენზია. ისიც კი არ იციან, რომ ლიცენზიას მარეგულირებელი ორგანო გასცემს. ასეთ ინფორმაციებს მედია ავრცელებს, თუმცა საფუძველი არ ვიცი. ჩვენც მზად ვიყავით ამ ტიპის ინფორმაციების მოსასმენად. თუ არსებობს მიზანი და სწორი სტრატეგია, ყველაფერი მიღწევადია.

 

 

ტელევიზიის შექმნას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ამ სფეროს სპეციალისტების მტკიცებით საქართველოში სარეკლამო ბაზარი იმდენად მწირია, რომ მხოლოდ ორი ტელევიზიის შენახვა თუ შეიძლება რეკლამის ხარჯზე. არსებული კონკურენციის პირობებში რეკლამის მოძიება განსაკუთრებით რთული იქნება, მით უფრო რეგიონშიამ კუთხით რა გეგმები გაქვთ?

 

 

 ჩვენ ვიყავით სარეკლამო სატელევიზიო სტუდია „ნიუ მედია აჭარა“, რომელმაც მიიღო ლიცენზია. ეს არის ტელევიზიის ძირი. დიდი ხანია ვართ ერთ-ერთი დიდი მოთამაშე სარეკლამო ბაზარზე და თავიდანვე გვქონდა მიზანი, რომ ეს ყველაფერი მიგვეყვანა ტელევიზიამდე, ამიტომ ეტაპობრივად ხდებოდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეძენა. ტელევიზიის ძირითადი კაპიტალი არის „ნიუ მედია აჭარა“.

 

 

 სარეკლამო ბაზრიდან რამდენი პროცენტის წამოღების იმედი გაქვთ?

 

 

ამ ეტაპზე არაფერი არ შემოგვდის, რადგან საცდელი მაუწყებლობით ვართ ეთერში. თუმცა სტრატეგიები და მოლოდინები გვაქვს. ჩვენი პროგნოზით სარეკლამო ბაზრის 75 პროცენტს წამოვიღებთ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ნორმალურად ვიარსებოთ.

 

 

თანამშრომლები კონტრაქტის საფუძველზე გყავთ აყვანილი, თუ ჯერ ენთუზიამზე მოუწევთ მუშაობა?

 

ეთერში გასვლიდან დიდი ნაწილი აიღებს ხელფასს. ეთერში ვიქნებით მინიმუმ ექვსი საათი, თუმცა გვინდა უფრო დიდხანს ვიყოთ.  

 

 

კანონი ტელევიზიას ლიცენზირებული პროდუქციის შესყიდვას ავალდებულებს  ფილმები, მუსიკაამ მიმართულებით არსებული სირთულეები უკვე მოაგვარეთ

 

 

საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვით გავა ყველა პროდუქცია. ჩვენ წინსწრებით ვემზადებოდით ამ პროცესისთვის, დიდი ნაწილი ჩვენ თვითონ გადავიღეთ ბათუმთან, რეგიონთან დაკავშირებით, ამიტომ რაღაც ნაწილი პროდუქციის იქნება ჩვენი, რასაც ეტაპობრივად ჩავუშვებთ ეთერში.

 

 

რომელ სატელიტზე ხართ და რა ღირს სატელიტის მომსახურების ხარჯები ახალი ტელევიზიისთვის?

 

 

ორ კომპანიასთან – „მაგთისატთან“ და „ივერია სატთან“ გვაქვს მოლაპარაკება. ალბათ „მაგთისატთან“ ვითანამშრომლებთ. რაც შეეხება სატელიტის მომსახურების ხარჯებს, სხვადასხვა ფასი არსებობს, ჩვენთვის მთავარია, რეგიონი ავითვისოთ.  

 

ქართველი მეზღვაურები ერთი თვის ანაზღაურებას და საგარანტიო წერილს მიიღებენ

 

 

ოთხი თვეა ქართველი მეზღვაურები მიტოვებულები არიან თურქეთში გემთმფლობელის მიერ. მათ გუშინ საქართველოს მთავრობას სთხოვეს დახმარებას. მეზღვაურების ინფორმაციით, ისინი გემზე ოთხი თვეა ანაზღაურების გარეშე არიან. 

 

 

„მეზღაურებმა ხელშეკრულებას ბათუმში მოაწერეს ხელი რაულ ფარტენაძის დახმარებით. ველაპარაკე ამ ადამიანს, მითხრა, რომ დღეს დაურიგებს ერთი თვის ხელფასებს მეზღვაურების ოჯახებს, ხოლო მეზღვაურებს მისცემენ საგარანტიო წერილს, რომ გემი გაიყიდება და ამის შემდეგ ისინი მიიღებენ დარჩენილ თანხას. დღეს ველაპარაკე მეზღვაურებს,  ისინი თანახმა არიან ამაზე და სავარაუდოდ დღეს ან ხვალ წამოვლენ სახლში,“ განაცხადა მამუკა ახალაძემ.

 

კითხვაზე, რამდენად სანდოა საგარანტიო წერილი, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ მათ არ შეუძლიათ რაიმე გარანტიის მიცემა ამ თემაზე, რადგან ეს მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება.

 

„საქმე გვაქვს მეზღვაურების მოტყუებასთან, ეს არის მორიგი აფიორა. სამომავლოდ ჩვენ ვაპირებთ მექანიზმები შევქმნათ, რომ ქართველ მეზღვაურები მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ. ყველა მეზღვაურს მოვუწოდებ, ვიდრე დასაქმდებიან საეჭვო კომპანიების მფლობელობაში არსებულ გემებზე, დარეკონ ჩვენთან ცხელ ხაზზე, ან მოვიდნენ და გვაჩვენონ კონტრაქტი, ჩვენ მათ აბსოლუტურად უფასოდ გავუწევთ იურიდიულ და სხვა ტიპის კონსულტაციას.“ – ამბობს მამუკა ახალაძე.

 

 

ახალი კოდექსი ნარჩენების მართვის პოლიტიკისთვის

 

ბატონო ალვერდ, როგორც ვიცით, ქვეყანაში 63 არასტანდარტული ნაგავსაყარი ფუნქციონირებს. კოდექსის ამუშავებიდან დაახლოებით რა ვადაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთავრობამ მისი მოთხოვნების დაცვა?

 

 

კანონპროექტი ძალაში შევა მისი მიღებიდან გამოქვეყნებისთანავე. არის მთელი რიგი მუხლები, რომლებიც მოგვიანებით შევა ძალაში, ეს ყველაფერი მოცემულია გარდამავალ დებულებაში. კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებასაც დასჭირდება გარდამავალი პერიოდი.

 

 

რას ითვალისწინებს კანონპროექტი?

 

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ნაგავსაყარების ფუნქციონირების  ვალდებულებებსა და მოთხოვნებს. ახალი ნაგავსაყარების აშენების მოთხოვნებსა და სტანდარტებს; სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით სპეციფიკურ ვალდებულებებს; სხვადასხვა კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებს, ასევე ნარჩენების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების რეგულაციებსა და რეგისტრაციას, ნარჩენების აღრიცხვის ანგარიშგებისა და  მონაცემთა ბაზის შექმნას და ასე შემდეგ. 

 

კოდექსი ითვალისწინებს ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რაც დაკავშირებულია ნარჩენების კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

 

 

ანუ კოდექსის ძალაში შესვლიდან სამართალდარღვევაზე რეაგირება ამ კოდექსით მოხდება?

 

 

დიახ, იურისტების გადაწყვეტილებით მას დაერქმევა კოდექსი. შესაბამისად, ყველა სამართალდარღვევა  ამ კოდექსით დარეგულირდება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კოდექსში გაწერილია ნარჩენებთან დაკავშირებული ყველა პირის ვალდებულებები, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფიზიკური პირების, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ასე შემდეგ.

 

 

კანონპროექტი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია?

 

 

კანონპროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს და მისი მიზანია იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის პოლიტიკას. ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი  ნარჩენები, როგორც მეორადი ნედლეული უნდა გადამუშავდეს. ამ სფეროში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ბიზნესსექტორი, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში გარკვეულ შენატანს. კანონპროექტი პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები გათვალისწინებულია კანონპროექტში.

 

 

როდის იმსჯელებს პარლამენტი კანონპროექტზე?

 

 

სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე. ამ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების შემოღებას და დაწესებას. 

გენდერული თანასწორობა აჭარაში

 

მოხალისეების მიერ მომზადებული სიუჟეტის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 2 აპრილს 15:00 საათზე, პრესკაფეში. 
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

 

მომხსენებელი: ანა დიასამიძე – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი.

 

დასწრება თავისუფალია.

 

სიუჟეტი და დისკუსია მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“. პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით.

მამუკა ახალაძე: ვმსჯელობთ როგორ დავეხმაროთ მეზღვაურებს

 

 

ბატონო მამუკა, თუ ესაუბრეთ ქართველ მეზღვაურებს და რა ინფორმაცია გაქვთ?


ჯერჯერობით მეზღვაურებს ტელეფონით ვერ დავუკავშირდი. ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის დროშის დეპარტამენტს, რომლის დროშის ქვეშაც ეს გემი ცურავდა.   მითხრეს, რომ 2013 წლის ბოლოს ამ გემს ჩამოერთვა დიდი ბრიტანეთის დროშა და მიტოვებულია გემთმფლობელის მიერ.  

ეს რუმინული გემია, რომელიც გაკოტრდა. ამ გემზე  ადრე რუმინელი მეზღვაურები იყვნენ, როცა გემი გაკოტრდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფომ რუმინელი მეზღვაურები სახლში დააბრუნა.

 

როგორ მოხვდენ ქართველები ამ გემზე?


ეს  ამბავი შესასწავლია. სავარაუდოდ ქართველები რომ გემზე ავიდნენ გემი უკვე დროშის გარეშე ცურავდა. ამიტომ საქმე შეიძლება გვქონდეს აფიორასთან. შესაძლოა მეზღვაურები მოატყუეს. ამ ეტაპზე გარკვევის პროცესში ვართ. ქართველი დამსაქმებელი ჯერ არ ფიგურირებს, რამდენადაც მეზღვაურებმა განაცხადეს აღნიშულ გემზე დასაქმება ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს.

 

თუ დაუკავშირდით თურქეთში საქართველოს საელჩოს? რა დახმარებას აღმოუჩენს თქვენი სააგენტო ქართველ მეზღვაურებს?



კონსულტაციები გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ვმსჯელობთ როგორ შევძლოთ მეზღვაურების დახმარება. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები, საქმის ვითარებაშია თურქეთში საქართველოს საელჩოც. ვცდილობთ რაღაც გამოსავალი ვნახოთ.

გემი ამჟამად თურქეთის ქალაქ ისკენდერუნშია გაჩერებული. გვაქვს ინფორმაცია რომ მათ საკვები მარაგი ეწურებათ. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც უწევენ მეზღვაურებს დახმარებას. სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზემდგომ ორგანოსთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ვფიქრობთ რა ფორმით შეიძლება მეზღვაურების დახმარება, რაც ერთ საათში ვერ გადაწყდება.

 

მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება?



ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობა არ გვავალდებულებს კერძო დავების მოგვარებას, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში ერთადერთი საზღვაო ადმინისტრაცია ვართ, ამიტომ ჩვენ ადამიანურად და კოლეგიალურად ვალდებულად ვთვლით თავს კანონის ფარგლებში გავუწიოთ დახმარება. თავისთავად ცხადია ჩვენ ხელფასს ვერ გადავუხდით მეზღვაურებს. დანარჩენ საკითხებზე თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ვმუშაობთ.

სააგენტო თუ მუშაობს პრევენციაზე?



სააგენტოში სამი წელია ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 577 22 16 23. ნებისმიერ მეზღვაურს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დარეკოს და მიიღოს კვალიფიციური, იურიდიული თუ სხვა სახის კონსულტაცია. ასევე მეზღვაურებს ჩვენ დიდი ხანია ვთავაზობთ ვიდრე ხელშეკრულებებს გააფორმებენ უცხოელ გემთმფლობელებთან,  მოვიდნენ  ჩვენთან და ჩვენი იურიდიულ და მეზღვაურთა დეპარტამენტები კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ.

   ჩვენთვის, რომ მოემართათ ჩვენ გავარკვევდით რომ ეს გემი ამოშლილი იყო დროშის რეესტრიდან.  ნებისმიერი საერთაშორისო გემთმფლობელის თუ გემის მონაცემებთან გვაქვს წვდომა.  

მინდა ყველა მეზღვაურს მივმართო ფრთხილად იყვნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს რადგან ხშირია აფიორა.

 

როგორ უნდა დაბრუნდნენ მეზღვაურები სამშობლოში?



მეზღვაურების სახლში დაბრუნების პრობლემა არ დგას. ისინი იმიტომ არ მოდიან, რომ ხალფასი აქვთ ასაღები. როგორც წესი გემის დროშის გარეშე ცურვისა და გაკოტერების დროს ხდება გემის აუქციონზე გაყიდვა, რომელსაც საერთაშორისო აცოციაციის „აი ტი ეს“-ის (ITF, INTERNATIONAL TRANSPORT WORKERS FEDERATION) წარმომადგენლობა აწარმოებს. ამ ამოღებული თანხით კი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას უხდიან.

 

 

 

 

 

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ -მაჟორიტარები კამპანიის შესახებ

 

 „ბათუმელებმა“ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს ჰკითხა კამპანიის – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“  შესახებ რა სმენიათ და დაუჭერენ თუ არა მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს ამ კუთხით. 

 

ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი: 

 

 

 

“მე პირველად მესმის თქვენიდან ეს. ძირითადად რას მოქმედებს, რას აკეთებს ეს კამპანია მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტის ძირითადი არსი არ ვიცი.  არ ჰქონია ჩემთან არავის ამ კანონპროექტზე საუბარი, ამიტომ ვერაფერ სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ ამ კანონპროექტის შესახებ. ვის მიერ არის შემოტანილი,  ვის მიერ არის გაკეთებული, არ ვარ საერთოდ საქმის კურსში.

თუ შემოსულია და განხილვის პროცესი იქნება, ვნახავ, რა როგორ იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებ. რაც არ მინახავს და არ ვიცი, წინასწარ როგორ გითხრათ.

რა თქმა უნდა, უკანონო მოსმენა არ უნდა იყოს… თუ ახლა აუცილებლობას მოითხოვს და ახლა მე ძალოვან სტრუქტურებს ვერ შევეხები, მაგრამ თუ ის რაღაცა სხვა თემაა… კი ბატონო, მაგრამ რიგით გლეხს და ადამიანს და ვიღაცას რაღაცა უსმინო, ეგ არ მოიტანს კარგს ქვეყნისათვის”.

  

ფატი ხალვაში, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

„ტელევიზიით მინახავს, მაგრამ ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ნამდვილად არ ვიცი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და რამდენად სამართლიანად არის ეგ საკითხები, მე არ ვიცი.

ვიცნობთ თუ არა კანონპროექტს? – არ ვიცი, შეიძლება იურიდიულ კომიტეტს აქვს. ჩვენს კომიტეტში ეგ საკითხი ჯერჯერობით არ შემოსულა.

ზოგადად, რას ვფიქრობ ფარულ მიყურადებასა და უკანონო მოსმენაზე? _ თუკი  სანქცირებულია მოსმენა, სრული უფლება არის. თუკი არის გადაწყვეტილება მიღებული ან რაიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ამაზე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკანონო მოსმენებს ადგილი არ აქვს, იმიტომ, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველანი თანასწორი ვართ. უკანონოს ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არაფერს არ დაუშვებს და თუკი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ე.ი. პიროვნებას უნდა მოუსმინონ, ალბათ მოუსმენენ. უკანონო მოსმენების წინააღმდეგი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უკანონო მოსმენებს“.

 

როსტომ ხალვაში, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი:

“ჩემთვის, რასაკვირველია, მიუღებელია მიყურადების პროცესი და არა მგონია, რომ დღეს იყოს. დადასტურება ძალიან რთული თემაა და, საერთოდ, ალბათ კი არა და მიუღებელია. სწორია კამპანია, თუ ვინმე ამას აკეთებს დღესაც.

უშუალოდ კამპანიის შესახებ მსმენია თუ არა? – არ ვარ ჩახედული და ვერ გეტყვით ახლა. თვითონ ფაქტი ფაქტად რჩება – ეს მიუღებელია და არ უნდა იყოს.

დავუჭერთ თუ არა მხარს კანონპროექტს? – არ ვიცი. ის, რომ მოსმენა არ უნდა იყოს, ეს ფაქტია. იმის იქით რა დეტალებია კიდევ, ეს მე კარგად არ ვიცი და აქედან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ. შეიძლება იყოს რამე, რაც მე არ ვიცი და არასწორი პასუხი არ გამომივიდეს”.

 

 

იაშა შერვაშიძე, ქედის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

 

 

 

“ახლა კანონი უნდა იყოს რაც არის და თუ ხდება ის, რასაც უკანონო მოსმენა ჰქვია, მიუღებელია ჩემთვის და საერთოდ მიუღებელი იყო ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს კამპანია სწორია, რადგან არ უნდა ხდებოდეს მოსმენები. რაც ქვეყნის საშიშროებას არ ეხება, სპეცსამსახურის გარდა არ უნდა ხდებოდეს ჩაწერა.

დავუჭერთ თუ არა  მხარს კანონპროექტს? _ გააჩნია როგორ შემოვა კანონპროექტი. ქვეყნის უსაფრთხოებას რაც ეხება, უშიშროების სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, ოღონდ ეს უნდა იყოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი შეხედულება ეგაა. დანარჩენი ახლა, კერძო ბიზნესზე ან ამაზე, ან იმაზე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ისმინებოდეს“. 

 

 

ომარ მეგრელიძე, შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

“სამოქალაქო კამპანია, რომელიც რამეს მოიტანს, ყველა მისაღები და მისასალმებელია, რატომაც არა. ძალიან კარგი კამპანიაა, შედეგი ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

ტელეფონების გამორთვის შესახებ არ ვიცოდი, პირველად გავიგე, რას გულისხმობს ეს გამოთიშვა. არა ვარ ჩართული, პირველად მესმის თქვენგან, მაგრამ სოლიდარობის გამოცხადების ფორმაა ალბათ.

ზოგადად ვიცნობ და აუცილებლად დავუჭერ კანონპროექტს მხარს, როცა იქნება გამოტანილი. მოსმენები, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. თუ კონკრეტულ პირზე სამართლებრივი დევნაა და გადაწყვეტილებაა კიდევ ჰო და სხვა შემთხვევაში ეჭვის დონეზე მოსმენა ჩემთვის მიუღებელია”.

 

მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

 

 

“უნდა გითხრათ, რომ ჩემი პოზიციები ფაქტობრივად ემთხვევა არასამთავრობო სექტორის პოზიციებს. ბუნებრივია, სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და  ყოველთვის იარსებებს მომავალში მოსმენები, ეს არის ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში დადგენილი წესები და კანონები. სასამართლოს გზით ასეთი რამ შესაძლებელია. მაგრამ ამას რომ მიეცეს მასობრივი ხასიათი და ნებისმიერ ადამიანს მოუსმინონ კანონის მიღმა, ეს ჩემთვის მიუღებელია.

არ ვარ კანონპროექტის დეტალებში გარკვეული, მაგრამ გადაწყვეტილებებს საკითხის კარგად შესწავლის შემდეგ ვიღებ. ადამიანის მოსმენა, მიყურადება ან თვალთვალი არაეთიკურია მორალურად და დაუშვებელი კონსტიტუციურად… გადავხედავ პროექტს და ამის მიხედვით ვიმსჯელებ. მე, მაგალითად, ვიხრები იქითკენ, რომ მიყურადება მოექცეს კანონის ფარგლებში.

 

 

 

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანია მიზნად ისახავს სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ითხოვს კანონით განისაზღვროს, ვისი მოსმენა-თვალთვალი შეიძლება და რა შემთხვევაში.

სწორედ ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, ლიკა საჯაიას და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებისას სამართალდამცავი უწყებების კონტროლს ითვალისწინებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შემდგომში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამუშავა. კომიტეტის შემუშავებული პაკეტის მიხედვით, ცვლილებები ოთხ კანონში უნდა შევიდეს: პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცავებს 20 ათასზე მეტი აბონენტის მოსმენა შეუძლიათ ისე, რომ მათ არავინ გააკონტროლებს.

ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია

 

 

ორგანიზაციის თავმჯდომარის განმარტებით „ყველა ახალგაზრდას უნდა მიეცეს საქმის კეთების შესაძლებლობა“, ორგანიზაცია კი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ამ მიმართულებით გააქტიურებას.

 

ორგანიზაცია სტუდენტებსა და 30 წლამდე ახალგაზრდებს სთავაზობს თანამშრომლობას, პროექტების ერთად შემუშავებას.

 

დღესვე ორგანიზაციამ მემორანდუმი გააფორმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირათა უფლებებისათვის“ ორგანიზაციასთან. ისინი ერთად აპირებენ პროექტის „შშმ პირები მოქმედებაში“ განხორციელებას. აღნიშნული პროექტი 21 მარტს დაიწყება და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 

 

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

 

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს  სასწავლო და სამეცნიერო კვლევის საქმიანობის 80 წლიანი გამოცდილება გააჩნია. გამოცდილება, როგორც სოციალური ფენომენი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა სწორი ორიენტაცია გააკეთოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებზე. შესთავაზოს აბიტურიენტებს მაღალი ხარისხის განათლება და მისცეს პროფესიის ფართო არჩევანი. ჩვენი უნივერსიტეტი იყო და დღესაც რჩება განათლების სფეროში ერთ-ერთ ფლაგმანად. მას ზოგადად ქვეყნის  და განსაკუთრებით   სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს განათლების, კულტურული აღორძინებისა და ეკონომიკურ–პოლიტიკურ წინსვლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

 

უნივერსიტეტში აქტიურ და წარმატებულ  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

 

ეს ფაკულტეტი თავისი მასშტაბებით ყველაზე დიდია და იგი 1800-მდე სტუდენტს აერთიანებს. ფაკულტეტი მაღალი რეიტინგით და  მოთხოვნადობით გამოირჩევა, რასაც განაპირობებს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამ ფაკულტეტზე ხორციელდება და ასევე, ლექტორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, მათი დაუღალავი შრომა და ფიქრი წარსულზე და მომავალზე. 

 

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ამჟამად ფუნქციონირებს:

9 საბაკალვრო პროგრამა,
4 სამაგისტრო პროგრამა, 
3 სადოქტორო პროგრამა.


პატივცემულო აბიტურიენტებო, ბაკალავრიატის საფეხურზე განაცხადის გაკეთებისას,   მომავალი წარმატებისათვის საკმაოდ თავბრუდამხვევი და  მეტად სარფიანი არჩევანი გელოდებათ.

 

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ : სამართალმცოდნეობის, ფინანსების, მენეჯმენტის, საბუღალტრო და საგადასახადო საქმის, მარკეტინგის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპისმცოდნეობის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულთაგან უკვე 4-5 წლის შემდეგ   დასაქმების პროცენტი 80 %–მდე მერყეობს, ამასთან ხშირ შემთხვევაში დასაქმება არის ძალიან კარგი ანაზრაურებით. ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამები საკმაოდ მაღალი რეიტინგის პირობებში კომპლექტდება. მაგალითად, სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ბოლო ორი წელია პირველი ადგილის განაცხადით ერთ ადგილზე მოდის 5,6 სტუდენტი, ფინანსებზე -3,3 სტუდენტი, ფსიქოლოგიაზე 3,8- სტუდენტი და ა. შ. 

 

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ  სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა აბიტურიანტთა პირველ ადგილიანი განაცხადების მიხედვით ბათუმის უნივერსიტეტის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს და ის ამ რეიტინგში ტოლს არ უდებს საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებს, მათ შორის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტსაც კი.

 

 

ფაკულტეტი სწავლების პროცესში აკადემიური განათლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას სტუდენტებისათვის. ამ მიზნით ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, იურიდიული კლინიკა, ფსიქოლოგიის ლაბორატორია, კომპიუტერული კლასი, იგეგმება და მალე გაიხსნება კრიმინალისტიკის კაბინეტი,  ბიზნესადმინისტრირების კონსალტინგური ცენტრი.

 

ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, რომლებიც ხშირად ჩართულნი არიან კვლევით, კულტურულ, დასაქმების, ინტელექტუალურ, შემოქმედებით თუ სპორტულ ღონისძიებებში.

 

ფაკულტეტი მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები და ამასთან, უპასუხოს იმ ურთულეს გამოწვევებს, რომელიც ცივილური საზოგადოების სწრაფი განვითარებისა და გლობალიზაციის ურთულესი პროცესით არის განპირობებული.  განათლებული საზოგადოება არის მყარი გარანტი მშვიდობის შენარჩუნების, დემოკრატიის, ჰუმანურობის და სამართლიანობის პრინციპების განუხრელი გატარებისათვის.

 

იმისათვის, რომ იყოთ წარმატებულები და გაითავისოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელიც განათლების გარეშე მიუღწეველია,  საუკეთესო არჩევანი ნამდვილად იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი ფაკულტეტი.

 

გისურვებთ წარმატებებს!


ტექნოლოგიური ფაკულტეტი

 

 

 

ფაკულტეტზე შემუშავებულია ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც აკმაყოფილებს დასაქმების ბაზრის მზარდ მოთხოვნებს. ჩვენთან ხორციელდება საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ თავისებურებას განაპირობებს ძირითად სასწავლო კურსებთან ინტეგრირებული მართვის ავტომატიზებული სისტემების ისეთი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამები, როგორიცაა: AUTOCAD, LIRA, MATHCAD, MATLAB, C++, SAP 2000 და სხვა, რომლებიც პასუხობენ ტექნიკისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მოთხოვნებს. 



ფაკულტეტს გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი რეგიონის წამყვან საინჟინრო და აგრარული მიმართულების კომპანიებთან, რომლის საფუძველზეც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკასა და სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

 

ფაკულტეტს საინჟინრო და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან: 1. ბრანდენბურგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი; 2. ებერსვალდეს მდგრადი განვითარების უმაღლესი სასწავლებელი; 3. ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი; 4. სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

 

ტექნოლოგიური ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები ორი მიმართულებით _ ინჟინერიისა და აგრარული მიმართულებით ხორციელდება. სტუდენტთა განათლების სრულყოფას ემსახურებიან კვალიფიციური კადრები, რომლებიც წარმოდგენილი არიან 37 პროფესორისა და დაახლოებით ამდენივე მოწვეული სპეციალისტის სახით.

 

 

ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი:

– ინჟინერიისა და მშენებლობის დეპარტამენტი 
– ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტი 
– აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი
– აგროტექნოლოგიისა და აგროინჟინერიის დეპარტამენტი

 
 

საბაკალავრო დონეზე ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

– მშენებლობა (სრული სახელმწიფო დაფინანსებით)
– არქიტექტურა
– ტელეკომუნიკაცია
– ტრანსპორტი
– სამთო და გეოინჟინერია აგრონომია (სრული სახელმწიფო დაფინანსებით)
– სასურსათო ტექნოლოგია
– სატყეო საქმე
– აგროინჟინერია

 
 

სამაგისტრო საფეხურზე ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

– სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
– ტელეკომუნიკაცია
– ნავთობისა და გაზის მოპოვების ტრანსპორტირებისა და შენახვის ტექნიკა და ტექნოლოგიები 
– აგრარული ტექნოლოგიები

 
 

სადოქტორო საფეხურზე ხორციელდება შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

– სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
– აგროეკოლოგია მცენარეთა დაცვა
 
 

ფაკულტეტზე სრული სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება IV საფეხურის შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:


– მშენებლობის მწარმოებელი
– არქიტექტორ-ტექნიკოსი
– კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის (AutoCAD) ოპერატორი
– სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ექსპლუატაციის ოპერატორი
– ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ოსტატი
– ნავთობის და გაზის მეურნეობის ტექნიკოსის
– მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი
 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი გაცვლითი პროგრამების საშუალებით ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ, უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
ტექნოლოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი, ბაზარზე მოთხოვნადი, მაღალკავალიფიური სპეციალისტები არიან. მათი დასაქმების ძირითადი სფეროებია: სამშენებლო კომპანიები (მშენებელი, არქიტექტორი, სამუშაოთა მწარმოებელი, ინჟინერი), ნავთობის ტერმინალები, გაზისა და გაზსადენების კომპანიები, სატრანსპორტო ქსელები და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, სატელეკომუნიკაციო კომპანიები.

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიზო ფარცხალაძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიზო ფარცხალაძე

 

თანამედროვე ყოფა თავის ტემპებს და ცხოვრების მაღალ კრიტერიუმებს გვთავაზობს. საინჟინრო და აგრარული დარგი საქართველოში სახელმწიფო პრიორიტეტთა რიგშია. ჩვენი უპირველესი მიზანია, ტექნიკისა და ტექნოლოგიების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად მოვამზადოთ ამ დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრები. ტექნოლოგიური ფაკულტეტი, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, ყოველთვის იზიდავდა აქტიურ, საფუძვლიანი ცოდნის მიღების მსურველ ახალგაზრდებს. ჩვენს ფაკულტეტს დიდი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ სტუდენტებს მისცეს არა მხოლოდ თანამედროვე განათლება, არამედ ჩამოუყალიბოს მათ ისეთი უნარ-ჩვევები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას საინჟინრო და აგრარული საქმიანობის სფეროში.

 

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც მიზნად აქვთ ტექნიკური და ტექნოლოგიური უმაღლესი განათლების მიღება, მინდა ვუსურვო, წარმატებით ჩაებარებინოთ ერთიანი ეროვნული გამოცდები და გამხდარიყვნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რაც გახდება ცხოვრებაში მათი წარმატების საფუძველი.

 

Exit mobile version