სიახლეები

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ -მაჟორიტარები კამპანიის შესახებ

01.04.2014 • 1855
„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ -მაჟორიტარები კამპანიის შესახებ

 

 „ბათუმელებმა“ გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში აჭარის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატებს ჰკითხა კამპანიის – „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“  შესახებ რა სმენიათ და დაუჭერენ თუ არა მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს ამ კუთხით. 

 

ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი: 

 

 

 

“მე პირველად მესმის თქვენიდან ეს. ძირითადად რას მოქმედებს, რას აკეთებს ეს კამპანია მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტის ძირითადი არსი არ ვიცი.  არ ჰქონია ჩემთან არავის ამ კანონპროექტზე საუბარი, ამიტომ ვერაფერ სხვა განმარტებას ვერ მოგცემთ ამ კანონპროექტის შესახებ. ვის მიერ არის შემოტანილი,  ვის მიერ არის გაკეთებული, არ ვარ საერთოდ საქმის კურსში.

თუ შემოსულია და განხილვის პროცესი იქნება, ვნახავ, რა როგორ იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებ. რაც არ მინახავს და არ ვიცი, წინასწარ როგორ გითხრათ.

რა თქმა უნდა, უკანონო მოსმენა არ უნდა იყოს… თუ ახლა აუცილებლობას მოითხოვს და ახლა მე ძალოვან სტრუქტურებს ვერ შევეხები, მაგრამ თუ ის რაღაცა სხვა თემაა… კი ბატონო, მაგრამ რიგით გლეხს და ადამიანს და ვიღაცას რაღაცა უსმინო, ეგ არ მოიტანს კარგს ქვეყნისათვის”.

  

ფატი ხალვაში, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

„ტელევიზიით მინახავს, მაგრამ ვინ არიან, რას წარმოადგენენ, ნამდვილად არ ვიცი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და რამდენად სამართლიანად არის ეგ საკითხები, მე არ ვიცი.

ვიცნობთ თუ არა კანონპროექტს? – არ ვიცი, შეიძლება იურიდიულ კომიტეტს აქვს. ჩვენს კომიტეტში ეგ საკითხი ჯერჯერობით არ შემოსულა.

ზოგადად, რას ვფიქრობ ფარულ მიყურადებასა და უკანონო მოსმენაზე? _ თუკი  სანქცირებულია მოსმენა, სრული უფლება არის. თუკი არის გადაწყვეტილება მიღებული ან რაიმე დანაშაულის ნიშნები იკვეთება და ამაზე მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკანონო მოსმენებს ადგილი არ აქვს, იმიტომ, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველანი თანასწორი ვართ. უკანონოს ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად არაფერს არ დაუშვებს და თუკი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ე.ი. პიროვნებას უნდა მოუსმინონ, ალბათ მოუსმენენ. უკანონო მოსმენების წინააღმდეგი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უკანონო მოსმენებს“.

 

როსტომ ხალვაში, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი:

“ჩემთვის, რასაკვირველია, მიუღებელია მიყურადების პროცესი და არა მგონია, რომ დღეს იყოს. დადასტურება ძალიან რთული თემაა და, საერთოდ, ალბათ კი არა და მიუღებელია. სწორია კამპანია, თუ ვინმე ამას აკეთებს დღესაც.

უშუალოდ კამპანიის შესახებ მსმენია თუ არა? – არ ვარ ჩახედული და ვერ გეტყვით ახლა. თვითონ ფაქტი ფაქტად რჩება – ეს მიუღებელია და არ უნდა იყოს.

დავუჭერთ თუ არა მხარს კანონპროექტს? – არ ვიცი. ის, რომ მოსმენა არ უნდა იყოს, ეს ფაქტია. იმის იქით რა დეტალებია კიდევ, ეს მე კარგად არ ვიცი და აქედან გამომდინარე ვერ გიპასუხებთ. შეიძლება იყოს რამე, რაც მე არ ვიცი და არასწორი პასუხი არ გამომივიდეს”.

 

 

იაშა შერვაშიძე, ქედის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

 

 

 

“ახლა კანონი უნდა იყოს რაც არის და თუ ხდება ის, რასაც უკანონო მოსმენა ჰქვია, მიუღებელია ჩემთვის და საერთოდ მიუღებელი იყო ყოველთვის. რა თქმა უნდა, ეს კამპანია სწორია, რადგან არ უნდა ხდებოდეს მოსმენები. რაც ქვეყნის საშიშროებას არ ეხება, სპეცსამსახურის გარდა არ უნდა ხდებოდეს ჩაწერა.

დავუჭერთ თუ არა  მხარს კანონპროექტს? _ გააჩნია როგორ შემოვა კანონპროექტი. ქვეყნის უსაფრთხოებას რაც ეხება, უშიშროების სამსახურს უნდა ჰქონდეს უფლება, ოღონდ ეს უნდა იყოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩემი შეხედულება ეგაა. დანარჩენი ახლა, კერძო ბიზნესზე ან ამაზე, ან იმაზე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ისმინებოდეს“. 

 

 

ომარ მეგრელიძე, შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

“სამოქალაქო კამპანია, რომელიც რამეს მოიტანს, ყველა მისაღები და მისასალმებელია, რატომაც არა. ძალიან კარგი კამპანიაა, შედეგი ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

ტელეფონების გამორთვის შესახებ არ ვიცოდი, პირველად გავიგე, რას გულისხმობს ეს გამოთიშვა. არა ვარ ჩართული, პირველად მესმის თქვენგან, მაგრამ სოლიდარობის გამოცხადების ფორმაა ალბათ.

ზოგადად ვიცნობ და აუცილებლად დავუჭერ კანონპროექტს მხარს, როცა იქნება გამოტანილი. მოსმენები, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. თუ კონკრეტულ პირზე სამართლებრივი დევნაა და გადაწყვეტილებაა კიდევ ჰო და სხვა შემთხვევაში ეჭვის დონეზე მოსმენა ჩემთვის მიუღებელია”.

 

მურმან დუმბაძე, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი:

 

 

 

“უნდა გითხრათ, რომ ჩემი პოზიციები ფაქტობრივად ემთხვევა არასამთავრობო სექტორის პოზიციებს. ბუნებრივია, სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და  ყოველთვის იარსებებს მომავალში მოსმენები, ეს არის ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში დადგენილი წესები და კანონები. სასამართლოს გზით ასეთი რამ შესაძლებელია. მაგრამ ამას რომ მიეცეს მასობრივი ხასიათი და ნებისმიერ ადამიანს მოუსმინონ კანონის მიღმა, ეს ჩემთვის მიუღებელია.

არ ვარ კანონპროექტის დეტალებში გარკვეული, მაგრამ გადაწყვეტილებებს საკითხის კარგად შესწავლის შემდეგ ვიღებ. ადამიანის მოსმენა, მიყურადება ან თვალთვალი არაეთიკურია მორალურად და დაუშვებელი კონსტიტუციურად… გადავხედავ პროექტს და ამის მიხედვით ვიმსჯელებ. მე, მაგალითად, ვიხრები იქითკენ, რომ მიყურადება მოექცეს კანონის ფარგლებში.

 

 

 

„ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ კამპანია მიზნად ისახავს სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებულ არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეცვლას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციური გარანტიის დაცვას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი ითხოვს კანონით განისაზღვროს, ვისი მოსმენა-თვალთვალი შეიძლება და რა შემთხვევაში.

სწორედ ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტში ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, ლიკა საჯაიას და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებისას სამართალდამცავი უწყებების კონტროლს ითვალისწინებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შემდგომში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამუშავა. კომიტეტის შემუშავებული პაკეტის მიხედვით, ცვლილებები ოთხ კანონში უნდა შევიდეს: პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში.

არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ამჟამად სამართალდამცავებს 20 ათასზე მეტი აბონენტის მოსმენა შეუძლიათ ისე, რომ მათ არავინ გააკონტროლებს.

გადაბეჭდვის წესი