დღეს სოფელ ღურტისა და დიდაჭარის 40 მოსახლე ბათუმში, პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ჩამოვიდა, თუმცა, როგორც სოფელ ღურტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ოთარ იაკობაძემ თქვა, ირაკლი ღარიბაშვილს პროტოკოლის გამო ვერ შეხვდნენ.
„ორი საათი მთავრობის სახლთან ვიდექით და ველოდით. მერე გვითხრეს პრემიერს პროტოკოლი აქვს გაწერილიო, ამიტომაც ვერ მოვახერხეთ მასთან შეხვედრა. დაუცველად ვგრძნობთ თავს, ჩვენი პრობლემა არავის აინტერესებს, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს ვუცხადებთ” – ამბობს ოთარ იაკობაძე.
მისივე თქმით, ისინი კვლავ აგრძელებენ მშვიდობიან ბრძოლას, ღურტასა და დიდაჭარას შორის არსებულ ხევში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. რამდენიმე დღეში კი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს მთავრობას.
