კვირის ამბები

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

01.04.2014 • 1689
სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

 

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს  სასწავლო და სამეცნიერო კვლევის საქმიანობის 80 წლიანი გამოცდილება გააჩნია. გამოცდილება, როგორც სოციალური ფენომენი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ უნივერსიტეტმა სწორი ორიენტაცია გააკეთოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნებზე. შესთავაზოს აბიტურიენტებს მაღალი ხარისხის განათლება და მისცეს პროფესიის ფართო არჩევანი. ჩვენი უნივერსიტეტი იყო და დღესაც რჩება განათლების სფეროში ერთ-ერთ ფლაგმანად. მას ზოგადად ქვეყნის  და განსაკუთრებით   სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს განათლების, კულტურული აღორძინებისა და ეკონომიკურ–პოლიტიკურ წინსვლის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის.

 

უნივერსიტეტში აქტიურ და წარმატებულ  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ახორციელებს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

 

ეს ფაკულტეტი თავისი მასშტაბებით ყველაზე დიდია და იგი 1800-მდე სტუდენტს აერთიანებს. ფაკულტეტი მაღალი რეიტინგით და  მოთხოვნადობით გამოირჩევა, რასაც განაპირობებს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც ამ ფაკულტეტზე ხორციელდება და ასევე, ლექტორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი, მათი დაუღალავი შრომა და ფიქრი წარსულზე და მომავალზე. 

 

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ამჟამად ფუნქციონირებს:

9 საბაკალვრო პროგრამა,
4 სამაგისტრო პროგრამა, 
3 სადოქტორო პროგრამა.


პატივცემულო აბიტურიენტებო, ბაკალავრიატის საფეხურზე განაცხადის გაკეთებისას,   მომავალი წარმატებისათვის საკმაოდ თავბრუდამხვევი და  მეტად სარფიანი არჩევანი გელოდებათ.

 

თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ : სამართალმცოდნეობის, ფინანსების, მენეჯმენტის, საბუღალტრო და საგადასახადო საქმის, მარკეტინგის, ეკონომიკის, საერთაშორისო ურთიერთობის, ევროპისმცოდნეობის და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულთაგან უკვე 4-5 წლის შემდეგ   დასაქმების პროცენტი 80 %–მდე მერყეობს, ამასთან ხშირ შემთხვევაში დასაქმება არის ძალიან კარგი ანაზრაურებით. ჩამოთვლილი საბაკალავრო პროგრამები საკმაოდ მაღალი რეიტინგის პირობებში კომპლექტდება. მაგალითად, სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ბოლო ორი წელია პირველი ადგილის განაცხადით ერთ ადგილზე მოდის 5,6 სტუდენტი, ფინანსებზე -3,3 სტუდენტი, ფსიქოლოგიაზე 3,8- სტუდენტი და ა. შ. 

 

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ  სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა აბიტურიანტთა პირველ ადგილიანი განაცხადების მიხედვით ბათუმის უნივერსიტეტის მასშტაბით პირველ ადგილს იკავებს და ის ამ რეიტინგში ტოლს არ უდებს საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტებს, მათ შორის თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტსაც კი.

 

 

ფაკულტეტი სწავლების პროცესში აკადემიური განათლების გარდა დიდ ყურადღებას უთმობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას სტუდენტებისათვის. ამ მიზნით ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, იურიდიული კლინიკა, ფსიქოლოგიის ლაბორატორია, კომპიუტერული კლასი, იგეგმება და მალე გაიხსნება კრიმინალისტიკის კაბინეტი,  ბიზნესადმინისტრირების კონსალტინგური ცენტრი.

 

ფაკულტეტის ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტუდენტები, რომლებიც ხშირად ჩართულნი არიან კვლევით, კულტურულ, დასაქმების, ინტელექტუალურ, შემოქმედებით თუ სპორტულ ღონისძიებებში.

 

ფაკულტეტი მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ძველი ტრადიციები და ამასთან, უპასუხოს იმ ურთულეს გამოწვევებს, რომელიც ცივილური საზოგადოების სწრაფი განვითარებისა და გლობალიზაციის ურთულესი პროცესით არის განპირობებული.  განათლებული საზოგადოება არის მყარი გარანტი მშვიდობის შენარჩუნების, დემოკრატიის, ჰუმანურობის და სამართლიანობის პრინციპების განუხრელი გატარებისათვის.

 

იმისათვის, რომ იყოთ წარმატებულები და გაითავისოთ ეს მეტად მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელიც განათლების გარეშე მიუღწეველია,  საუკეთესო არჩევანი ნამდვილად იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩვენი ფაკულტეტი.

 

გისურვებთ წარმატებებს!


გადაბეჭდვის წესი


ასევე: