სიახლეები

როცა ბავშვი არ გიღიმის – რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმზე

02.04.2014 • 7210
როცა ბავშვი არ გიღიმის – რა უნდა ვიცოდეთ აუტიზმზე

 

„აუტიზმი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ფიზიკურად არ ჩანს. მაგალითად, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი შეგიძლია ოთხ თვის ასაკში ადვილად შენიშნო, მაგრამ ბავშვს რომ აუტიზმი აქვს, ეს შეიძლება 4 წლის ასაკში აღმოაჩინოს მშობელმა იმის გამო, რომ არ ფლობს ინფორმაციას აუტიზმის მახასიათებლების შესახებ.“ – ასე განუმარტა ფსიქოლოგმა ქეთი გოგიტიძემ აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსიის მონაწილეებს.  

 

ქეთი გოგოტიძის თქმით, აუტისტია თუ არა ბავშვი, ეს შეიძლება ერთი თვიდან 18 თვემდე იქნეს დადგენილი და რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა, ბავშვი ადაპტირებული იყოს გარემოსთან.

 

 

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვი აუტისტია? ფსიქოლოგი მშობლებს ბავშვის რამდენიმე ქცევაზე ურჩევს ურჩევს ყურადღების გამახვილებას:

 

 

თვალით კონტაქტის უუნარობა. ბავშვი ცდილობს სადღაც შორს იყუროს, ის მზერით კონტაქტს არ ამყარებს ადამიანებთან.

 

ბავშვი არ გიღიმის ერთი წლის ასაკში, თავისთვის არის ჩაკეტილი, არ ცდილობს შენთან კონტაქტს.

 

აუტისტი ბავშვი სათამაშოებით არ თამაშობს ტრადიციული წესით. მაგალითად, თუ ბავშვები მანქანით თამაშისას ცდილობენ გააგორონ მანქანა, აუტისტს ბავშვს ბორბალი აინტერესებს, შეიძლება მთელი დღე ეჭიროს ხელში მანქანა და ატრიალოს ბორბალი, ანუ არაფუნქციურად თამაშობენ.

 

ბავშვებს ახასიათებს სტერეოტიპული მოძრაობა. ხშირად რჩება შთაბეჭდილება, რომ  არ არის დამჯერი, შეიძლება ქუჩაში დაინახოს ბანერი, მაღაზიაში შოკოლადი და მისი ინტერესის საგანს ვერაფრით ვერ მოწყვეტთ, სანამ თავის სურვილს არ დაიკმაყოფილებს.

 

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვს არ ესმის, როცა ვეძახით და არ გვაქცევს ყურადღებას, იმ დროს, როცა შეიძლება დაბალ ხმაზე ჩართულ საყვარელ მულტფილმზე ჰქონდეს რეაქცია.


ქეთი გოგიტიძის განმარტებით, ძირითადად ერთადერთი სიმპტომი – მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები ხდება მიზეზი, რის გამოც მშობლები მიდიან სპეციალისტებთან და შედეგად დგინდება, რომ ბავში აუტისტია.

 

სპეციალისტის თქმით, ადრეული ჩარევის შემთხვევაში აუტისტი ბავშვების 50 პროცენტი  ჩვეულებრივად სწავლობენ სკოლაში და დიდად არ განსხვავდებიან სხვა მოსწავლეებისაგან: „ასე რომ, რაც უფრო ადრე მოხდება ჩარევა, რაც უფრო მეტად განათლებულები იქნებიან საბავშვო ბაღის თანამშრომლები, პედიატრები და მშობლები, მით უფრო მეტი შასია, რომ ეს ბავშვები არ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულნი და განივითარონ უნარები.“  

 

ქეთი გოგიტიძემ მშობლებისა და პედიატრების განსაკუთრებულ როლზეც ისაუბრა:

 

„ბავშვი პირველ რიგში მიგვყავს პედიატრთან, მშობელი შეიძლება ვერ მიხვდეს, მაგრამ პედიატრი უნდა მოხვდეს აუცილებლად. ძალიან რთულია ორ წლამდე მიხვდე, რომ ბავშვი აუტისტია, მათ ფიზიკური პრობლემა არა აქვთ, ჩვეულებრივად ვითარდებიან, შეიძლება ცხრა თვის ასაკში დაიწყონ სიარული. ერთადერთი, მშობელმა შეიძლება ჩათვალოს, რომ ბავშვს არ ესმის, რადგან არ ლაპარაკობს და სამი წლის რომ გახდება, შემდეგ მიჰყავთ ექიმთან.

 

საბავშვო ბაღში პედაგოგებმა უნდა იმუშაონ ამ ბავშვებთან, რაც ჩვენს ბაღებში შეუძლებელია, რადგან 45-50 ბავშვია ერთ ჯგუფში და პედაგოგი ერთი ან ორი. ამას დამატებული ის, რომ პედაგოგებმა არ იციან აუტიზმი რა არის და სახელის გაგონებაზე ამბობენ – „არა, ჩემთან არ მინდა ეს ბავშვი“ და დამოკიდებულება უკვე ნეგატიურია. ამბობენ, აი, მე არ ვიცი ამ ბავშვს რა უნდა ვუქნა, იქ სათამაშო მოკიდა ხელი, დააზიანა, ორმაგად, გაზვიადებული ეჩვენებათ ყველაფერი. ამ დროს შეიძლება სხვა ბავშვები უფრო მეტს აშავებდნენ. “

 

 

ქეთი გოგიტიძის თქმით მთავარი პრობლემა მშობლებისა და პედიატრების ინფორმირებულობის დაბალი დონე და მშობლების დაბალი აქტივობაა: „თბილისში, იაშვილის კლინიკაში იყო მშობლებისთვის უფასო კონსულტაციები, თუ როგორ უნდა ემუშავათ აუტიზმით დაავადებულ შვილთან და რა მიდგომებია ამისთვის საჭირო, თუმცა მშობლები თითქმის არ დადიოდნენ. აჭარაში მსგავსი ცენტრი არ არსებობს. თუმცა მშობლებს შეუძლიათ შექმნან ორგანიზაცია. ჩემი მეთოდია „ქცევითი თერაპია“, რომელიც ჯერ იკვლევს ბავშვის სუსტ და ძლიერ მხარეებს. მერე ხდება ძლიერი უნარების გამტკიცდება და მის ნიადაგზე სისუსტის აღმოფხვრა.“


 

საქართველოში ზუსტი სტატისტიკა აუტისტი ბავშვების რაოდენობის შესახებ არ არსებობს, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით კი, ყოველ 88 ბავშვში ერთი აუტისტია. უფრო მეტ ბავშვს აქვს აუტიზმი, ვიდრე დიაბეტი, კიბო და აივ ინფექცია ერთად.


 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: