სიახლეები

„ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ – დიდი უბნის დიდი პრობლემები

03.04.2014 • 1618
„ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ – დიდი უბნის დიდი პრობლემები

 

ბატონო იოსებ, თქვენ, როგორც ამ უბნის რწმუნებულს, მოსახლეობა ყველაზე ხშირად რა ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად მოგმართავთ?

 

 

რეალურად რომ ვთქვათ, არ არსებობს პრობლემა, რომელიც ამ უბანში არ იყოს. პირველი ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მოუწესრიგებელია. სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, შესაბამისად, ვერც ქუჩები გაკეთდება. ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს წელს და დასრულდება 2016-ში. იმედი მაქვს, ჩემი „ჭაობელები“ ცოტას კიდევ გაუძლებენ. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, მძიმე სოციალური მდგომარეობაა – ადამიანები ყველაზე ხშირად სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად მოგვმართავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება არ შეგვიძლია, მაგრამ ვცდილობთ, შესაბამის ორგანოებთან გავუწიოთ რეკომენდაცია.

 

 

თქვენ ამ უბანში მაჟორიტარიც იყავით წლების წინ, იგივე პრობლემებია აქტუალური დღესაც, თუ  შეიცვალა პრიორიტეტები?

 

 

პრობლემები თითქმის იგივეა. მოსახლეობა ქუჩების მოწესრიგებას, მოასფალტებას ითხოვს, თუმცა ქუჩას მე ვერ დავაგებ. რთული უბანია, მაგრამ ნელ-ნელა ეს სირთულეები მოგვარდება. განსხვავება კი ის არის, რომ მოსახლეობაში მეტი ნდობა მაქვს და მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

 

 

ქალაქის ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა გასულ წელს ამ უბანზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის?

 

 

სამ ქუჩაზე – გუდიაშვილზე, გრიბოედოვზე და #23 სკოლის მიმდებარედ დაიგო ასფალტის საფარი. პატარა ქუჩებია, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

რამდენი განცხადებაა შემოსული მოსახლეობისგან და რა ტიპის საკითხი სჭარბობს?

 

 

იცით ყველაზე დიდი უბედურება რაშია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამგეობაა, ერთი კომპიუტერი გვაქვს და ინტერნეტი ცუდად მუშაობს. ყველაფერი ელექტრონულად მომდის, მაგრამ ვერ ვხსნი დოკუმენტს. ხელზე განცხადებები არ შემოდის. მოქალაქეები თავად მოდიან. წინა თვეში 34-მა მოქალაქემ მოგვმართა, უმეტესობას სჭირდებოდა ერთჯერადი ფინანსური დახმარება და ითხოვდნენ შუამდგომლობას ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ ვსწავლობთ ოჯახების მდგომარეობას სოციალური თვალსაზრისით და გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციას. ოფისიც გაურემონტებელი გვაქვს, მაგრამ მე ამაზე ფულის ხარჯვას მირჩევნია ერთი ადამიანის ჯანმრთელობას მოხმარდეს ეს თანხა.

 

 

ყველა მოქალაქის თხოვნა დააკმაყოფილეთ?

 

 

არა, რა თქმა უნდა. ალბათ ხუთი პროცენტი. ისეთი, ვისაც წამლისთვის ან ოპერაციისთვის სჭირდებოდა თანხა.

_ თქვენი, როგორც რწმუნებულის როლი რა არის?

 

 

ჩემი უბნის ყველა მცხოვრებლის სატკივარი მაქსიმალურად რომ მივიტანო ხელისუფლებამდე. საუბედუროდ, მერიის ტერიტორიულ ორგანოებს არ აქვთ იმდენი უფლება, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეძლონ. ყოველი მეხუთე კაცი გაჭირვებულია და დახმარებას ითხოვს.

 

 

დღეს საკმაოდ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა ქალაქში, თქვენს უბანში თუ ამჩნევთ ცვლილებებს?

 

 

მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ერთი შემთხვევა იყო მხოლოდ ქურდობის. ამ უბანს პოლიციის სამი ქვეგანყოფილება იცავს. სასჯელაღსრულებიდან გამოსულ ყველა ყოფილ პატიმარს კი ხელწერილით ვიბარებთ. ასეთი უბანში 22 პირი გვყავს. საუბედუროდ, ყველა უმუშევარია.

 

 

კიდევ რა საკითხები შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელზეც როგორც რწმუნებული მუშაობდით

 

 

უბნის პასპორტიზაცია გავაკეთეთ, ყველა სახლი, ქუჩა, მოედანი და სკვერი აღვწერეთ. ბევრი რამეა გასაკეთებელი. მინდა უკეთესი სურათი დავტოვო, როცა წავალ. 

 

გადაბეჭდვის წესი