ნეტგაზეთი • RU

მამუკა ახალაძე: ვმსჯელობთ როგორ დავეხმაროთ მეზღვაურებს

 

 

უკვე ოთხი თვეა ქართველი მეზღვაურები მიტოვებულები არიან თურქეთში გემთმფლობელის მიერ,ისინი საქართველოს მთავრობას სთხოვენ დახმარებას. მეზღვაურების ინფორმაციით, ხვალიდან მათ სასმელი წყლის მარაგიც ეწურებათ. “ბათუმელების” კითხვებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მამუკა  ახალაძე პასუხობს. 

 

 

ბატონო მამუკა, თუ ესაუბრეთ ქართველ მეზღვაურებს და რა ინფორმაცია გაქვთ?


ჯერჯერობით მეზღვაურებს ტელეფონით ვერ დავუკავშირდი. ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის დროშის დეპარტამენტს, რომლის დროშის ქვეშაც ეს გემი ცურავდა.   მითხრეს, რომ 2013 წლის ბოლოს ამ გემს ჩამოერთვა დიდი ბრიტანეთის დროშა და მიტოვებულია გემთმფლობელის მიერ.  

ეს რუმინული გემია, რომელიც გაკოტრდა. ამ გემზე  ადრე რუმინელი მეზღვაურები იყვნენ, როცა გემი გაკოტრდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფომ რუმინელი მეზღვაურები სახლში დააბრუნა.

 

როგორ მოხვდენ ქართველები ამ გემზე?


ეს  ამბავი შესასწავლია. სავარაუდოდ ქართველები რომ გემზე ავიდნენ გემი უკვე დროშის გარეშე ცურავდა. ამიტომ საქმე შეიძლება გვქონდეს აფიორასთან. შესაძლოა მეზღვაურები მოატყუეს. ამ ეტაპზე გარკვევის პროცესში ვართ. ქართველი დამსაქმებელი ჯერ არ ფიგურირებს, რამდენადაც მეზღვაურებმა განაცხადეს აღნიშულ გემზე დასაქმება ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს.

 

თუ დაუკავშირდით თურქეთში საქართველოს საელჩოს? რა დახმარებას აღმოუჩენს თქვენი სააგენტო ქართველ მეზღვაურებს?



კონსულტაციები გვაქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ვმსჯელობთ როგორ შევძლოთ მეზღვაურების დახმარება. ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები, საქმის ვითარებაშია თურქეთში საქართველოს საელჩოც. ვცდილობთ რაღაც გამოსავალი ვნახოთ.

გემი ამჟამად თურქეთის ქალაქ ისკენდერუნშია გაჩერებული. გვაქვს ინფორმაცია რომ მათ საკვები მარაგი ეწურებათ. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციებიც უწევენ მეზღვაურებს დახმარებას. სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ზემდგომ ორგანოსთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ვფიქრობთ რა ფორმით შეიძლება მეზღვაურების დახმარება, რაც ერთ საათში ვერ გადაწყდება.

 

მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება?



ეს არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობა არ გვავალდებულებს კერძო დავების მოგვარებას, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში ერთადერთი საზღვაო ადმინისტრაცია ვართ, ამიტომ ჩვენ ადამიანურად და კოლეგიალურად ვალდებულად ვთვლით თავს კანონის ფარგლებში გავუწიოთ დახმარება. თავისთავად ცხადია ჩვენ ხელფასს ვერ გადავუხდით მეზღვაურებს. დანარჩენ საკითხებზე თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ვმუშაობთ.

სააგენტო თუ მუშაობს პრევენციაზე?



სააგენტოში სამი წელია ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 577 22 16 23. ნებისმიერ მეზღვაურს შეუძლია 24 საათის განმავლობაში დარეკოს და მიიღოს კვალიფიციური, იურიდიული თუ სხვა სახის კონსულტაცია. ასევე მეზღვაურებს ჩვენ დიდი ხანია ვთავაზობთ ვიდრე ხელშეკრულებებს გააფორმებენ უცხოელ გემთმფლობელებთან,  მოვიდნენ  ჩვენთან და ჩვენი იურიდიულ და მეზღვაურთა დეპარტამენტები კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ.

   ჩვენთვის, რომ მოემართათ ჩვენ გავარკვევდით რომ ეს გემი ამოშლილი იყო დროშის რეესტრიდან.  ნებისმიერი საერთაშორისო გემთმფლობელის თუ გემის მონაცემებთან გვაქვს წვდომა.  

მინდა ყველა მეზღვაურს მივმართო ფრთხილად იყვნენ ხელშეკრულების გაფორმების დროს რადგან ხშირია აფიორა.

 

როგორ უნდა დაბრუნდნენ მეზღვაურები სამშობლოში?



მეზღვაურების სახლში დაბრუნების პრობლემა არ დგას. ისინი იმიტომ არ მოდიან, რომ ხალფასი აქვთ ასაღები. როგორც წესი გემის დროშის გარეშე ცურვისა და გაკოტერების დროს ხდება გემის აუქციონზე გაყიდვა, რომელსაც საერთაშორისო აცოციაციის „აი ტი ეს“-ის (ITF, INTERNATIONAL TRANSPORT WORKERS FEDERATION) წარმომადგენლობა აწარმოებს. ამ ამოღებული თანხით კი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას უხდიან.

 

 

 

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი