ბატონო ალვერდ, როგორც ვიცით, ქვეყანაში 63 არასტანდარტული ნაგავსაყარი ფუნქციონირებს. კოდექსის ამუშავებიდან დაახლოებით რა ვადაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მთავრობამ მისი მოთხოვნების დაცვა?
კანონპროექტი ძალაში შევა მისი მიღებიდან გამოქვეყნებისთანავე. არის მთელი რიგი მუხლები, რომლებიც მოგვიანებით შევა ძალაში, ეს ყველაფერი მოცემულია გარდამავალ დებულებაში. კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მიღებას. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებასაც დასჭირდება გარდამავალი პერიოდი.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყანაში არსებული ნაგავსაყარების ფუნქციონირების ვალდებულებებსა და მოთხოვნებს. ახალი ნაგავსაყარების აშენების მოთხოვნებსა და სტანდარტებს; სახიფათო ნარჩენებთან დაკავშირებით სპეციფიკურ ვალდებულებებს; სხვადასხვა კატეგორიის სპეციფიკური ნარჩენებისა და სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებს, ასევე ნარჩენების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებართვების რეგულაციებსა და რეგისტრაციას, ნარჩენების აღრიცხვის ანგარიშგებისა და მონაცემთა ბაზის შექმნას და ასე შემდეგ.
კოდექსი ითვალისწინებს ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, რაც დაკავშირებულია ნარჩენების კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებისა და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში.
ანუ კოდექსის ძალაში შესვლიდან სამართალდარღვევაზე რეაგირება ამ კოდექსით მოხდება?
დიახ, იურისტების გადაწყვეტილებით მას დაერქმევა კოდექსი. შესაბამისად, ყველა სამართალდარღვევა ამ კოდექსით დარეგულირდება. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კოდექსში გაწერილია ნარჩენებთან დაკავშირებული ყველა პირის ვალდებულებები, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ფიზიკური პირების, კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ასე შემდეგ.
კანონპროექტი საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია?
კანონპროექტი მაქსიმალურად ითვალისწინებს საერთაშორისო ნორმებს და მისი მიზანია იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის პოლიტიკას. ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ნარჩენები, როგორც მეორადი ნედლეული უნდა გადამუშავდეს. ამ სფეროში მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ბიზნესსექტორი, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში გარკვეულ შენატანს. კანონპროექტი პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებთან. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები გათვალისწინებულია კანონპროექტში.
როდის იმსჯელებს პარლამენტი კანონპროექტზე?
სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე. ამ კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოში ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების შემოღებას და დაწესებას.