დები პოდიუმიდან

 

 

 

მარი აშამბა, 21 წლის. სიმაღლე: 1.76 სმ. პარამეტრები: 85/60/85

 

ანა აშამბა, 13 წლის. სიმაღლე: 1.70 სმ. პარამეტრები: 77/60/81

 

 

მოდელის კარიერა გოგონებისთვის მომხიბვლელი პატარაობიდანვე იყო. დები ფიქრობენ, რომ გაუმართლათ, მოდელისთვის შესაბამისი მონაცემების შენარჩუნებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებენ.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

“შვიდი-რვა წლის ვიყავი, როცა ქუჩაში მიმავალი გამაჩერეს და შემომთავაზეს კონკურს „მის ფიფქიაში” მონაწილეობა. ისე მომეწონა ეს ყველაფერი, რომ მომინდა მოდელი გავმხდარიყავი.” – იხსენებს მარი აშამბა.

 

ანა აშამბა
ანა აშამბა

დის გავლენით წახალისებულმა ანამ ახლობლების რჩევა გაითვალისწინა და სამოდელო სააგენტო „ნიუ სთაილის” მოდელი გახდა: „მშობლები, ახლობლები და მეგობრებიც მირჩევდნენ, რომ გავმხდარიყავი მოდელი, ჩემი დის რჩევებს ვითვალისწინებ, მინდა იმასავით წარმატებული გავხდე, თუმცა მე უფრო დიდი გეგმები მაქვს, ჩემი კუმირია მირანდა ქერი, ვოცნებობ „ვიქტორია სეკრეტის” მოდელობაზე, ამაზე, მგონი, ყველა გოგო ოცნებობს. ექვსი თვის წინ მივხვდი, რომ დრო იყო დამეწყო კარიერაზე ფიქრი, მანამდე არ ვიყავი მზად, ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ვარ, იმედი მაქვს ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებ.” – ამბობს ანა.

 

იმისათვის, რომ წარმატებული სამოდელო კარიერა გქონდეს, ანას აზრით კონკურსებში უნდა მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად შრომა არ დაეზარება. უმცროსი დისგან განსხვავებით კონკურსები მარის მაინცადამაინც არ მოსწონს.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

„შემოთავაზებები მქონდა, არ ვთანხმდებოდი. რეკლამებსა და რამდენიმე კლიპში ვარ გადაღებული, ჩვენებებზე ხშირად გამოვდივარ. ბათუმში სამოდელო სააგენტო „ნიუ სთაილის” სახე ვარ, სწავლის გამო ქუთაისში ცხოვრება მიწევს, შესაბამისად იქაც მეძახიან ჩვენებებზე და აქაც, საერთო ჯამში გამოდის, რომ ბევრ ჩვენებაზე მიწევს გასვლა,” – ამბობს მარი.

 

გოგონები მიიჩნევენ, რომ მოდელის ცხოვრება რთულია, თუმცა “ქართველი მოდელის ნაკლებად”: `მოდელის ცხოვრება რთულია, თუმცა არა ჩვენთან. უმეტესობა არ ვვარჯიშობთ, არ ვართ დიეტაზე, არ ვართ ძალიან დატვირთულები. მე პირადად დამიძახებენ ჩვენებაზე _ მივდივარ, იქამდე არანაირად არ ვიტვირთავ თავს, ვცხოვრობ ისე, როგორც სტუდენტების უმეტესობა. ის, რომ ფორმებს ვინარჩუნებ, წმინდა წყლის გენეტიკის დამსახურებაა. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, ჩემი დაც ასე გამოიყურება, ჩემი ძმაც, მამაჩემიც გამხდარი და მაღალია,” – ამბობს მარი.

 

ანა აშამბა
ანა აშამბა

„მოდელის ცხოვრება მრავალფეროვანია, ჩაცმის სტილი, სიარულის მანერა, ქცევა… მოდელები განსხვავებულ მუსიკას უსმენენ, მე თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ, მთავარია, მუსიკა მომეწონოს, საყვარელი შემსრულებელი კი „2PAC” -ია”, – ამბობს ანა. უფროსი და ამაში არ ეთანხმება, მისი აზრით, მოდელები სხვა პროფესიის ადამიანებისგან არ განსხვავდებიან.

 

მარი რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში დარჩება: „სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი ფოტოები ნახეს და შემომთავაზეს ჩინეთში გამგზავრება ექვსი თვით. ქასთინგი წარმატებით გავიარე, ჩინეთში მიმიწვიეს, პეკინში მოდელად მუშაობა მომიწევს, ლექტორებთან შევათანხმე უკვე, სექტემბრიდან გავაგრძელებ მეოთხე კურსზე სწავლას. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. უკვე სამი წელია შეყვარებული ვარ, მინდა პირადი ცხოვრების მოწყობა, ოჯახის შექმნის მერე სამოდელო კარიერა მეორე პლანზე გადავა,” – ამბობს მარის.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

მარი ქუთაისის უნივერსიტეტში ეკონომიკურზე სწავლობს, ფიქრობს, რომ სამომავლოდ ეს პროფესია დაიჭერს უფრო მნიშვნელოვან ადგილს მის ცხოვრებაში: „უკვე 21 წლის ვარ, მჭირდება პროფესიული განვითარება. მთლიანი რესურსით არ მიღირს საქართველოში სამოდელო საქმიანობის გაგრძელება, სანამ დრო მაქვს და სანამ პირად ცხოვრებას მოვიწყობ, მანამდე ასე ვიქნები, ახლა ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს, სამომავლოდ სამოდელო კარიერა, ვფიქრობ, ვერ გახდება ჩემთვის შემოსავლის წყარო.” 

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

უფროსი დის არჩევანს ანა ამჯერადაც იზიარებს, განსხვავებული მოტივით: „ზოგადი განათლება ყველა ადამიანს სჭირდება. სკოლაში კარგად ვსწავლობ, სამოდელო სააგენტოში მოსვლის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება სწავლის მიმართ არ შეცვლილა, თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობ, ორი დღის წინ დავიწყე ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამის” კითხვა,” – ამბობს ანა.

 

გოგონების აზრით, იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, ამაზე ბევრი უნდა იფიქრო: „სარკის წინ ვდგავარ დიდი ხნით და ვფიქრობ რა ჩავიცვა, თმები როგორ გავიკეთო, თავისუფალი სტილში მომწონს ჩაცმა, არც ძალიან კლასიკური და არც სპორტული. ჩემი და ხშირად მაძლევს რჩევებს, ჩვენთვის ორივესთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოვიყურებით,” – ამბობს ანა.

 

კომპლიმენტს ხშირად ეუბნებიან, გარეგნობისა და სიმაღლის გამო მუდამ ექცევიან ყურადღების ცენტრში: „კლასში ყველაზე მაღალი ვარ, რას არ მეძახიან სიმაღლის გამო, უფრო ხშირად – წეროს. თავიდან მაკომპლექსებდა, ახლა აღარ, იმიტომ, რომ ასე გამორჩეული გარეგნობა მაქვს და მეძლევა საშუალება, გავხდე მოდელი. თან რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტი თაყვანისმცემელი მყავს, მარისაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყოველთვის სასიამოვნოა კომპლიმენტი და თაყვანისმცემლების აქტიურობა, თუმცა ზოგიერთს ზედმეტი მოსდის, შემაწუხებლები ხდებიან,” – ამბობს ანა.

 

მარი და ანა
მარი და ანა

შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასოციაციის ბენეფიციარებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, ხოლო ანსამბლ „ახალმა ხმებმა“ საღამო მუსიკალური ნომრებით გაამრავალფეროვნეს.

 

ვეტერანებს ასოციაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას მუნიციპალიტეტისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ექვსი ბათუმელი სტუდენტი ნორვეგიაში

 

 

ანა სანიკიძე ბათუმის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის ტელემარკის უნივერსიტეტში საერთაშორისო ტურიზმისა და მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. „ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტისთვის ყველაზე მასშტაბური და კარგი პროგრამაა.

 

ანა სანიკიძე
ანა სანიკიძე

მოლოდინები დიდი მაქვს, ერთი წლის განმავლობაში ვისწავლი ევროპის უნივერსიტეტში, რომლის განათლების ხარისხი ძალიან მაღალია, სტიპენდია და სწავლის პირობები კი მომცემს საშუალებას ევროპის 16 ქვეყანაში ვიმოგზაურო. ძალიან დიდი პერსპექტივა მომეცემა ამ პროგრამაში მონაწილეობით.

 

პროგრამაში ჩართვამდე ვცადე მევლანას პროგრამაში მონაწილეობა, სადაც ორი ქულა დამაკლდა, მერე გერმანიის პროგრამაში გავიმარჯვე, სადაც მშობლებმა არ გამიშვეს. ამ პროგრამაზე მშობლებმა უარი ვეღარ მითხრეს, რადგან დავანახე ის შესაძლებლობა, რასაც მაძლევს ეს პროექტი,” – ამბობს ანა.

 

საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება ვახტანგ გვენეტაძის დიდი ხნის სურვილია. ის ფიქრობს, რომ ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტი განვითარებას ყველაზე კარგად ამ გზით შეძლებს: „პირველ რიგში პროგრამა დამეხმარება ცოდნის მიღებაში, მეორე მომცემს საშუალებას ინგლისური ენა გავიუმჯობესო და მესამე – დასაქმების შანსებს გამიზრდის. გამარჯვების მოპოვებაში დამეხმარა ჩემი სამუშაო გამოცდილებაც. რუსულენოვანი გიდი ვარ, სხვადასხვა კომპანიასთან ვმუშაობ. ნორვეგიიდან დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ პროფესიულ განვითარებას. ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მინდა მაგსტრატურა მთლიანად საზღვარგარეთ გავიარო, ამჯერადაც გული ევროპისკენ მიმიწევს.”

 

ვახტანგ გვენეტაძე
ვახტანგ გვენეტაძე

პროექტი სამი წელია ხორციელდება ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში. ირმა დოლიძე პირველივე წლიდან ცდილობს გამარჯვებას, თუმცა აქამდე არ უმართლებდა: „ბედნიერი ვარ, ჩემი მცდელობა წარმატებით დასრულდა. ჩვენ ხომ ნორვეგიაზე ვსაუბრობთ, ქვეყანაზე, სადაც ადამიანის განვითარების ინდექსი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. უპირველეს ყოვლისა ეს პრესტიჟია. მეორეც, ინგლისური ენის დახვეწის საშუალება მეძლევა და მესამე, ლექციებს წაგვიკითხავენ კომპეტენტური ლექტორები. ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებასა და მიღწევებს. ვიმედოვნებ, როცა დავბრუნდები საქართველოში, იქაური განათლება და ენის ცოდნა კარგი სამსახურის პოვნაში დამეხმარება.”

 

ირმა დოლიძე
ირმა დოლიძე

ირმა სასწავლებლად ნორვეგიაში ერთი სემესტრი დარჩება. ის სწავლას საერთაშორისო ტურიზმისა და ინოვაციების ფაკულტეტზე გააგრძელებს, მისი სტიპენდია 1200 ევრო ექნება.

 

ანა ჯაფარიძე
ანა ჯაფარიძე

ანა ჯაფარიძესაც მეორე ცდაზე გაუმართლა: „შარშან ათეულში გავედი, თუმცა სამ გამარჯვებულს შორის ვერ მოვხვდი, პირველ კურსზე ვიყავი, გამოცდილება მაკლდა. წელს ექვსი სტუდენტს შეეძლო წასვლა, ამან სტიმული გამიზარდა, აკადემიური მოსწრება წელს უფრო მაღალი მქონდა, ენაც გავიუმჯობესე, შესაბამისად, ექვს სტუდენტს შორის მოვხვდი. როდესაც უნივერსიტეტი გაძლევს ასეთ შანსს, ის უნდა გამოიყენო. სხვა პროგრამებში არ მიცდია ბედი, ნორვეგიაზე ვიყავი ორიენტირებული, ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა განათლების მხრივ. ტურიზმს რადგან ვსწავლობ, უფრო პრიორიტეტულიც არის”.

 

 

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა

„რამოდენიმეჯერ განვაცხადე, რომ ამ კვირაში მივიღებდი გადაწყვეტილბას, შესაბამისად  ეს კვირა იქნება ჩემი უკანასკნელი სამუშაო კვირა მერის მოვალეობის შემსრულებლის რანგში. კანონმდებლობით, გადადგომის ვალდებულება არ მქონია და შემეძლო ჩვეულებრივად გამეგრძელებინა მერის მოვალეობის შესრულება, მაგრამ იმის გამო რომ ჩემი როგორც მერის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მერის საქმიანობას და არა საარჩევნო საქმიანობას,  ვთქვი რომ როდესაც გადავდგებოდი  იმ მომენტიდან დავიწყებდი საარჩევნო კამპანიას.

დღეს ვწერ განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.  როდესაც უკვე დანიშნავს საკრებულო ახალ მერს, მე მექნება სრული უფლება ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. ამ დროიდან მერის მოვალეობის შემსრულებელი აღარ ვიქნები. სავარაუდოდ 18- ში დავემშვიდობები თანამშრომლებს“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ამ განცხადების გაკეთებამდე მან პროგრამა – „ერთი დღე ბათუმის მერად“ მიმოიხილა და ჟურნალისტებს პროგრამის მონაწილეები წარუდგინა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, საკრებულო მერის მოვალეობის ახალ შემსრულებელს სამშაბათს, 13 მაისს დანიშნავს.

ირაკლი ჩავლეიშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა „ბათუმელების“ინფორმაციით,  მერის მოვალეობის შემსრულებლად სავარაუდოდ ერთ-ერთი მოადგილე, ზურაბ პატარაია დაინიშნება.

ბათუმის ბულვარში „საშინელებათა ოთახისთვის“ ნებართვა გაიცა

 

სააგენტოს ხელმძღვანელის, ბიძინა აფხაზავას განმარტებით, ბულვარს გასართობი ადგილის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს. მისი აზრით, ადგილი, რომელიც საშინელებათა ოთახისთვის შეირჩა, ბულვარის იერსახეს არ არღვევს:

 

„იქ არ მოიჭრება ხეები და არც მწვანე ნარგავები განადგურდება, პირიქით  მოთხოვნებში ჩადებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ხე დარგონ ამ ტერიტორიაზე.“

 

 აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  ინფორმაციით, „საშინელებათა ოთახს“  ებრაული კომპანია „vsm“ ააშენებს.  შეთანხმების თანახმად კომპანიამ ბულვარში 500 000 დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით, „საშინალებათა ოთახის შენობა დაბალ ფუნდამენტზე აშენდება, რაც მძიმე კიონსტრუქციის დადგმას არ ითვალისწინებს.

 

„ შეიძლება ეს ვიღაცამ მძიმე კონსტრუქციად მიიჩნიოს, ვიღაცამ არა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით,  მძიმე კონსტრუქცია არ იქნება, ძირითადი ინვესტიცია მოდის ძვირადღირებულ აპარატურაზე.“

 

 

ხელვაჩაურის გამგეობა: დანგრეული ეკლესია უნებართვოდ შენდებოდა

 

„როგორც მე ვიცი, ეკლესიების 99 პროცენტი ასეა აშენებული. სამართლებრივად, მშენებლობის დროს გამგეობასთან შეთანხმება უნდა არსებობდეს. მაგრამ საპატრიარქოში არსებობს ხუროთმოძრვრების სამსახური და როგორც ვიცი ყველა ნაგებობაზე ზედამხედველობას ეს სამსახური ახორციელებს“, – აცხადებს გამგებლის მოადგილე ანზორ ფერცელაძე.

გამგეობის ინფორმაციით, მიწა, სადაც ეკლესია შენდება ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაა: „მე როგორც ვიცი, 2010 წელს ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადაეცა ეს მიწა საპატრიარქოსთვის, ამის თაობაზე მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა“.

გუშინ ეკლესიის ნგრევას  ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გამგეობაში აცხადებენ, რომ ისინი დაელოდებიან გამოძიების მასალებს და ვრცელ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ. გამგეობის ინფორმაციით, ეკლესიის მშენებლობა შემოწირულობებით და უხარისხოდ ხორციელდებოდა.

სამხედრო გემი ბათუმის პორტს დღეს საღამოს დატოვებს

 

ამერიკის სამხედრო ხომალდი Taylor FFG-50

 

„Taylor FFG-50“-ის კაპიტანის თქმით მათი ბათუმში ვიზიტი უკავშირდება მოკავშირე ქვეყნებს შორის უსაფრთხოებასა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მეზღვაურების ჩართულობას.

 

„Taylor FFG-50“ -ის ვიზიტი ბათუმში ერთი თვის წინ დაიგეგმა. გადავწყვიტეთ გვესარგებლა ამ შემთხვევით, რადგან ბევრი ჩვენი ხომალდის მეზღვაური არ იყო ნამყოფი საქართველოში. ჩვენი მისია უკავშირდება არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ მოკავშირე ქვეყნების მეზღვაურების ჩართულობას. ჩვენი ნიშანია 50. ხომალდს ხუთ მაისს შეუსრულდა 34 წელი. მას სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია, მათ შორის საჰაერო დაკვირვება, წყალქვეშა ნავების განადგურება, ზღვაზე ოპერაციების წარმოება, აბორდაჟული ოპერაციების განხორციელება, ასევე ამ გემით შესაძლებელია სხვა სახის საჯარისო ნაწილების მხარდაჭერა“ – განაცხადა გემის კაპიტანმა მერს მორისმა.

 

 

ამერიკის სამხედრო გემის დახვედრის ცერემონიაზე ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც იმყოფებოდა.

 

 

რიჩარდ ნორლანდი: „ბათუმს კარგი ტრადიცია ჩამოუყალიბდა ამერიკული საზღვაო ძალების ხომალდების მასპინძლობისა. ვიზიტის მიზანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გამტკიცება პარტნიორობისა ჩვენ მოკავშირეეთან და პარტნიორებთან. საქართველოსთან კი ჩვენ ნამდვილად კარგი თანამშრომლობა გვაქვს ჩამოყალიბებული“.

 

„Taylor FFG-50“, დღეს 21 საათზე დატოვებს ბათუმს.

წიგნების გამოფენა-გაყიდვა

 

 

 გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ასევე, შეიძინონ ახალი წიგნი – ,,მოგზაურობა ძველ ბათუმში’’. წიგნში გამოქვეყნებული მასალები მომზადებულია ისტორიულ ცნობებზე, დოკუმენტებსა და მოგონებებზე დაყრდნობით.

 

წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული უნიკალური ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს. ღონისძიება ტარდება არასამთავრობო ორგანიზაცია „პრესკაფეს“ ორგანიზებით.

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე, ამბობს, რომ მსგავს აქციებში მათი მონაწილეობის მიზანია კითხვის პოპულარიზაცია და წიგნიერების დონის გაზრდა საქართველოს მოქალაქეებში.

 

წიგნების გამოფენა გაყიდვა 10 საათზე დაიწყება და 19:00 საათმდე გაგრძელდება.

 

შს სამინისტროს განცხადება საარქივო სამმართველოს უფროსი დაკავების ფაქტზეა

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს უფროსი გურამ სალაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ სალაძემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქე რეზო მ-ს ნათესავისთვის საქართველოში მუშაობის ამსახველი სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი ცნობის მიცემას დაჰპირდა, რომელიც მას რუსეთის ფედერაციაში პენსიის დასანიშნად სჭირდებოდა. აღნიშნული ცნობის სანაცვლოდ კი, ქრთამის სახით, გურამ სალაძემ მოითხოვა და გამოართვა 300 ლარი. სამართალდამცველებმა იგი თანხის აღების დროს დააკავეს.

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“.

ამერიკის ელჩმა ეკლესიის ნანგრევებში მოხვედრილები მოინახულა

 

 

 

  • „მინდა გამოვხატო ჩემი მწუხარება იმ ორი ადამიანის გარდაცვალების გამო, რომლებიც ეკლესიის მშენებლობის დროს დაიღუპნენ მე და ჩემი მეუღლე ვიმყოფებით ბათუმში, ხვალ ვმასპინძლობთ ბათუმში ამერიკის საზღვაო ძალების გემს, მაგრამ როგორც კი გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, გადავწყვიტეთ მოვსულიყავით საავადმყოფოში და შეგვეთავაზებინა რაიმე ფორმის დახმარება, თუ იქნებოდა ამის საჭიროება, ვინაიდან გემს ეყოლება ექიმები. თუმცა ჩანს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისად, კარგად უმკლავდება ვითარებას, სათანადო ზრუნვა აღმოეჩინა დაზიანებულ ადამიანებს, რომელბიც საავადმყოფოში მოვიდნენ. შეგვიძლია მორალური მხარდაჭერა გამოვთქვათ და კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. 

 

ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

დაშავებულები მრავლობითი ჭრილობითა და მოტეხილობით სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის მთავრობა, ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელები, სასულიერო პირები.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ეკლესიაზე 30 წლამდე ახალგაზრდები მუშაობდნენ.

 

მამუკა თურმანიძე სამაშველო სამსახურის უფროსი: „საგანგებო სიტუაციების სამსახური შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტთან ერთად გამოვცხადდით. გამოძახებიდან დაახლოებით 15 წუთში მობილიზებული იყო ქედისა და ქობულეთის სამაშველო განყოფილებები. აგრეთვე შსს-ს დანაყოფები და სახანძროს განყოფილება.   მშენებარე ეკლესიას გუმბათი, დაახლოებით 50 ტონა მასა ჩამოინგრეული დაგხვდა, მასის ქვეშ ოთხი ადამიანი მოყვა. რაც გავარკვიეთ დღეს [ეკლესიის მშენებლობაზე] გამოძახებული იყო ხუთი მშენებელი. ერთმა მოასწრო ნგრევის დროს გადმოხტომა ის უვნებელი გადარჩა.

ჩამონგრეული გუმბათი

ორ საათიანი ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხლად გამოვიყვანეთ,   სამწუხაროდ ორი გარდაცვლილი გვყავს“.

როგორც ადგილზე განმარტავდნენ ნგრევის მიზეზი გუმბათის საყრდენი ბოძების გამოცლამ გამოიწვია.

მოსახლეობის თქმით, სოფელში წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესიის მშენებლობა ორი წელია მიმდინარეობს.  მას სასულიერო პირები მრევლის დახმარებით და შემოწირულობებით აგებდნენ.

2015 -2018 წლების პრიორიტეტები გარემოს დაცვის სამმართველოსგან

ტყის ფონდის განახლება, ნარჩენების მართვა, კვლევები, ახალი ტექნიკა, მიუვალ ტყეებში გზის მიყვანა, გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა, თუ გარემოს დაცვითი პროექტების მონიტორინგი – სამმართველომ პრიორიტეტებს შორის დაასახელა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ კითხვების დასმის საშუალება მიეცათ.

მურმან დუმბაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის დაკავების ფორმას აპროტესტებს

 

მურმან დუმბაძე: „არ ვიცი დაკავების მიზეზი რა არის; მიზეზი ნაკლებად მაინტერესებს. მე მაინტერესებს აყვანის ფორმა – წესი და რიგი, რაც პრაქტიკულად გრძელდება ისე, როგოც იყო უწინ, ძველი ხელისუფლების დროს. არ ვარგა დესანტის გადმოსხმა, ათეულობით ადამიანის შევარდნა, ხელების გადაგრეხა, კარების მიკეტვა, სამსახურის გაჩერება.

 

ადამიანს თუ აქვს დანაშაული, მისი ადეკვატური რეაქციები უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და უფრო თანაზომადი საშუალება უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ ბრალი წაუყენო. მაგონდება რამდენიმე თვის წინ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ეგრეთ წოდებული ქრთამის აღება, რომელიც ვერ დამტკიცდა, ხელვაჩაურის გამგებლის ლევან ლორთქიფანიძის გადაცდომა – ქრთამის აღება, რომელიც ვერ დამტკიცდა. დარწმუნებული ვარ, ეს კაცი არის უდანაშაულო, არავითარ ქრთამთან არ შეიძლება იყოს ლაპარაკი. ძალიან ბევრი ადამიანია უმუშევარი საქართველოში. მოდიან, ყველა რაღაცას ჰპირდება.

 

მე გუშინ ას ადამიანს შევხვდი, ასივეს რაღაცა დავპირდი, ყველას მოვეფერე, ყველას მივეთბუნე, ყველას დავპირდი, აბა რა ვქნათ არ დავპირდეთ ადამიანებს? და არ ვუთხრათ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ზოგი დასაქმდეს, ზოგი სამსახურში მოეწყოს, ზოგი უფლებააყრილი თუა, ის უფლება დავუბრუნოთ. ალბათ ვიღაცას დაპირდა სამსახურში მიღება, მე ასეთი ეჭვი მაქვს. მე დილით დამირეკეს და სასწრაფოდ მოვედი. საათნახევრის განმავლობაში სამსახური იყო პარალიზებული. არ ვარგა ეს მეთოდი. მე ვარ ხელისუფლების წევრი და ჩემ თავს ვუწუნებ ამ ქმედებას.

 

მედეა ვასაძე: „საუბარია იმაზე, რომ ქრთამად აქვს აღებული თითქოს სამუშაოზე დასაქმების გამო 300 ლარი.  საიდან იქნა ამოღებული რეალურად ეს სამასი ლარი  არ ვიცით, რადგან ჩხრეკას მოწმე არ დასწრებია. არის ბევრი საეჭვო კითხვა.   გადაიყვანეს თბილისში, ალბათ თბილისის საქალაქო სასამართლო ორ დღეში განიხილავს აღმკვეთი ღონისძების საკითხს და ვნახავთ როგორ წარიმართება ვითარება. სასამართლოს განჩინების გარეშეა დაკავებული, თუმცა კანონი უშვებს  გამონაკლის შემთხვევას, მაგრამ ეს ოპერაცია რადგანაც იყო წინასწარ დაგეგმილი, ვფიქრობ, იდგა სასამართლო განჩინების აუცილებლობა“.

 

ყველაზე პატარა დელფინი, ბათუმის დელფინარიუმიდან (ვიდეო)

 

დელფინარიუმის ბინადარ „ციცის” შვილი 13 აპრილს შეეძინა. პატარას წონა დაახლოებით 12 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 75-80 სმ-ია. პატარას ცურვას დედა ასწავლის.

საქართველოს მოქალაქე ლევან სიგუა პარლამენტის წინააღმდეგ

 

 

 

ლევან სიგუამ საკონტიტუციო სასამართლოში  სარჩელი შეიტანა. მას მიაჩნია,  რომ  სადაოა ნორმა საჯარო სმასახურის შესახებ  კანონის 79-ე მუხლის  „ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლი, რომელიც  ადმინისტრაციული გადაცდომის გამო  საჯარო მოხელის  თანამდებობიდან გადაყენებას ითვალისწინებს. სადაოდ ხდის მოქალაქე ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  107-ე მუხლის პირველ ნაწილს.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს მუხლები არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება  საქართველოს კონსტიტუციის მე-17 (ღირსების უფლება) და  21-ე მუხლებს (საკუთრების უფლება), ასევე 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს (დაცვის უფლება).

 

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის დასაშვებობის საკითხს განიხილავს; მოსარჩელის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციის იურისტი გიორგი გოცირიძე იცავს.

  

სამსახურიდან დათხოვნილი ლევან სიგუა ამ დროისთვის, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში  ისევ მუშაობს. 

სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება, უზენაესმა სასამრთლო ერთი თვის წინ მიიღო. ამის მიუხედავად ლევან სიგუა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვას მაინც ითხოვს.

 

 

აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსი დააპატიმრეს

 

გურამ სალაძე

 

 

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა სალომე წერეთელმა დაუდასტურა.

 

 კონკრეტულად რა ბრალდებითაა დაკავებული არქივის უფროსი შს სამინისტრო ამ ინფორმაციას  გვაწვდის. უწყებაში ამბობენ რომ დეტალურ ინფორმაციას დაკავების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებენ. 

 

 

გურამ სალაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების  საარქივო სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. ის  2012 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრია. 

სესხი ტურისტული ბიზნესისთვის მთავრობის თანაგადახდით

 

პრესრელიზს, რომელიც ამ საკითხზე მთავრობამ გაავრცელა უცვლელად გთავაზობთ: „ხვალ, 7 მაისს 11:00 საათზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ლიბერთი ბანკი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამის შესაბამისად ბენეფიციარი შეიძლება იყოს პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტულ ბიზნესს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

 

პროგრამის ფარგლებში ლიბერთი ბანკი ბენეფიციარებს შესთავაზებს სესხებს გადახდის სეზონური გრაფიკით. აღნიშნული სესხის საპროცენტო განაკვეთი 15% იქნება, აქედან 3%-ს გადაიხდის მოსარგებლე, დარჩენილ 12%-ს სამი წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაიფარება, სამი წლის შემდეგ პროცენტის გადახდას მსესხებელი თავად უზრუნველყოფს.

 

თანადაფინანსების პერიოდის შემდეგ,იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს დარჩენილი სესხის გადახდის პირობები არ დააკმაყოფილებს, მას შესაძლებლობა ექნება გადავიდეს მისთვის სასურველ სხვა ბანკში წინასწარი დაფარვის საკომისიოს გადახდის გარეშე. მსესხებელთა შერჩევა მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ, საიდანაც ლიბერთი ბანკი, მის მიერ ჩატარებული ფინანსური ანალიზისა და უზრუნველყოფის შეფასების საფუძველზე გასცემს სესხებს.

NDI-ის კვლევის შედეგები: 65% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას

მისი შეფასებით წინა კვლვასთან მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა.

 

ლუის ნავარო: „როგორც ეროვნულ მასშტაბით, ისე ბათუმის მონაცემებითაც პრიორიტეტები წინა კვლევასთან შედარებით არ შეცვლილა. რაც შეიცვალა არის საგარეო ურთიერთობებთან მიმართებაში მონაცემები. ამ კვლევის თანახმად საქართველოში უფრო მეტი ადამიანი რუსეთს აღიქვამს რეალურ საფრთხედ. მაშინ როდესაც ბათუმში უფრო ნაკლებად აღიქვამენ, და ამბობენ, რომ ეს საფრთხე უფრო მეტად გაზვიადებულია. ასევე ბათუმის მოსახლეობას უფრო მეტად მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ვიდრე მთელ ქვეყნაში. ამასთან ერთად, ბათუმის მოსახლეობა უფრო მეტად ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკური საკითხებისა და ქვეყნის განვითარების კურსის მიმართ“.

 

ბათუმელების 55%-ის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლევის მიხედვით სამუშაო ადგილებია. მეორე ადგილზე მოდის პენსიები (25%), მას მოსდევს ტერიტორიული მთლიანობა (24%), სიღარიბე (20%), ხელფასები (20%), რუსეთთან ურთიერთობა (17%), ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება(14%), განათლება (12%), ფასების ზრდა/ინფლაცია(11%), ადამიანის უფლებები (10%), ნატოში გაწევრიანება (10%), სამართლიანი არჩევნები (8%), სიტყვის თავისუფლება (5%), სასამართლო სისტემა (4%), ევროკავშირში გაწევრიანება (3%), საკუთრების უფლება (3%), კრიმინალი (2%), უმცირესობათა უფლებები (2%) და ციხეები და პატიმრები, რომელსაც გამოკითხულთა 0% მიიჩნევს ეროვნულ მნიშვნელობის საკითხად.

 

ბათუმელების 54% ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხად პირველ ადგილზე კომუნალური მომსახურების ღირებულებას ასახელებს.

 

ბათუში გამოკითხულთა 65% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას კი 16%. ბათუმელების 50% საქართველოსთვის რუსეთს რეალურ საფრთხედ მიიჩნევს, ეს მაჩვენებელი NDI-ის 2013 წლის ნოემბრის კვლევასთან შედარებით (36%) გაზრდილია.

 

აღნიშნული კვლევა ჩატარებულია 28 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით. საქართველოს მასშტაბით 3 942 ადამიანი გამოიკითხა, აქედან დაახლოებით 400 ადამიანი კი – ბათუმში.

კვლევის ცდომილების ზღვარი 2%-ია, რაც კვლევის ცდომილების ბუნებრივი მაჩვენებელია.

 

NDI პოლიტიკურ რეიტინგებს  ხუთშაბათს გაასაჯაროებს და წარმოადგენს თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტუდენტები ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ

 

თინათინ გოგოლიშვილი: ”პირადად ჩემთვის ანტიდისკრიმინაციული კანონი მისაღებია იმიტომ, რომ საქართველოში არაერთი უცხოელი ჩამოდის, თუნდაც ბათუმში ბევრი ინდოელი და აფროამერიკელია. ასევე ტურიზმის თვალსაზრისით, როცა ქვეყანაში ჩამოდის  უცხოელი, ეს კანონი დაიცავს მათ უფლებებს, რომ არ მოხდეს მათი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით. ქალაქში ბევრჯერ მინახავს თუ როგორ დასცინიან ინდოელებს, რაც მე არასოდროს მომწონდა. ამ კანონის მიღების შემდეგ, ვფიქრობ, მდგომარეობა უკეთესობისაკენ გაუმჯობესდება. რაც შეეხება უნივერსიტეტში დისკრიმინაციის ფაქტებს, მე ამის შესახებ არ გამიგია.

 

რაშო ბაგიროვი: ”ჩემთვის მისაღებია ანტიდისკრიმინაციული კანონი, ვინაიდან საქართველო მიისწრაფვის ევროპის სახლისაკენ, ეს კი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.”

 

თამარ დავითაძე: ”წინააღმდეგი ვარ ანტიდისკრიმინაციული კანონის, რადგან მე ვფიქრობ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, არის რაღაც ნიუნასები, რომელიც უნდა იყოს შეზღუდული, მაგალითად, ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეს ბავშვის აყვანის უფლება”.

   

ლიკა მანელიშვილი: „არ ვემხრობი ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რადგან ვთვლი, რომ თუ ადამიანი იქნება განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შეხედულებების მქონე, თუნდაც როგორიც არიან პანკები და მსგავსი ადამიანები, არ არის აუცილებელი ეს ყველაფერი საზოგადოდ იყოს გამოტანილი, არავინ უშლის მათ ასეთებად ყოფნას, იყვნენ ჩუმად მათთვის, ისე არა, რომ შესამჩნევი გახდნენ  და ვიღაცის აღშფოთება გამოიწვიონ. მაგალითად, მე არ მომეწონებოდა უნივერსიტეტის ეზოში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების – ჰომოსექსუალების ყურება“.

 

ნათია ბოლქვაძე: „ჩემთვის მიუღებელია ანტიდისკრიმინაციული კანონი, სულაც არ მინდა ჩემი შვილი და მომავალი თაობა ჰომოსექსუალების გვერდით გაიზარდოს, არ მინდა ხედავდნენ ერთი სქესის ადამიანების ერთად თანაცხოვრებას,  როცა ერთი დედის ან მამის ნაცვლად ორი დედა ან ორი მამა ჰყავს. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ევროპაში შევდივართ, ჩვენ მაინც ქართველები ვართ , ეს საქართველოა და ვერ შეეგუება ქართველი ხალხი ამას, ყოველთვის იცოცხლებს ქართული მენტალიტეტი“.

 

ანა დვალიშვილი: „მე მომხრე ვარ ანტიდისკრიმინაციული კანონის, რადგან ვთვლი, რომ ნებისმიერი ადამიანი(სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, განსხვავებული ორიენტაციისა და სხვა) უნდა იყოს თავისუფალი… სახელმწიფო ვალდებულია თავისუფლება მიანიჭოს. თუ გვინდა ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვიცხოვროთ, არ უნდა ძალადობდეს მასზე”.

 

 

 

 

არჩილ ხაბაძე: „არც კი ვიცი მაქვს თუ არა უფლება დაგპირდეთ“

შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში უნივერისტეტის ლექტორ-მასწავლებლები ცდილობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაერწმუნებინათ, რომ  უნივერისტეტს ფუნქციონირებისთვის შესაბამისი გარემო და პროფესორს იმაზე მეტი ხელფასი სჭირდება, „ვიდრე აჭარის უმაღლეს საბჭოში დამლაგებლის ხელფასია“.

უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ მთავრობის თავმჯდომარეს უნივერსიტეტისთვის ახალი შენობის პროექტის ესკიზი წარუდგინა. უნივერიტეტის ადმინისტრაცია ყოფილი პედაგოგიური კოლეჯის შენობის გადაცემას და მის რესტავრაციას ითხოვს. შენობაში ამჟამად ბათუმის #1 საჯარო სკოლის ფილიალია განთავსებული.

„თუ თქვენ ამ წინადედებას განიხილავთ და დათანხმდებით, შეიძლება ეს შენობა ხელოვნების მუზეუმთან და ახალ გალერეასთან ერთ სივრცეში განვიხილოთ და ამ ადგილს ხელოვნების კვარტალი ვუწოდოთ“, – მიმართა არჩილ ხაბაძეს უნივერსიტეტის რექტორმა.

ხელოვნების მუზეუმის დირეტორის ნინო ნიჟარაძის განცხადებით კი, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას, ამ გადაწყვეტილებით არჩილ ხაბაძეს შეუძლია ისტორიაში შევიდეს, როგორც ხელოვნების  ქომაგი.

არჩილ ხაბაძე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეჰპირდა, რომ ვიდრე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მთავრობა ალტენატიულ ფართს არ შეთავაზებს, მათ შენობის დატოვების მოთხოვნით არავინ მიმართავს.

შევედრაზე ითქვა, რომ  ხელოვნების უნივერსიტეტისთვის გადასაცემად მთავრობა ყოფილი მეცხრე სკოლის შენობასაც განიხილავს. მოიაზრება შენობების გაცვლის საკითხიც, იმ შემთხვევაში თუ  გათავისუფლდება სამთავრობო დაცვის შენობა ბათუმში.

რაც შეეხება დაფინანსების გაზრდის საკითხს, არჩილ ხაბაძის თქმით, ეს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეროგატივაა.

უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეხვედრაზე არჩილ ხაბაძეს სთხოვეს, რომ უნივერსიტეტი ფართის გარეშე არ დატოვოს.  მთავრობის თავნჯდომარესთან მათ სხვა კითხვები არ ჰქონიათ.

ქველმოქმედება კამერის თანხლებით

 

 

რატომ დადიან საქართველოში პოლიტიკოსები დღესასწაულებზე მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ადამიანებთან კამერებისა და ჟურნალისტების თანხლებით. რამდენად არის დიდი თოჯინებით ან წითელი კვერცხებით ხელდამშვენებული მინისტრების კადრების ჩვენება ახალი ამბავი და რატომ აშუქებს ამ აქციებს ქართული მედია? კამერების თანდასწრებით სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვების მონახულება და მათთვის საჩუქრების გადაცემა არის თუ არა საკუთარი თავის პიარი ბავშვების გამოყენებით?

„ნებისმიერი ფორმით ბავშვის გამოყენება პიარისთვის არ არის ეთიკური. მით უმეტეს, თუ ეს ბავშვი წარმოადგენს რომელიმე მოწყვლად ჯგუფს და როდესაც ძალიან თვალსაჩინოა მიზანი, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ გაცილებით უფრო ჰუმანური, უფრო სასიამოვნოა იმ ბავშვებისთვის, როდესაც ასეთ ვიზიტებს თან არ მოჰყვება კამერები. მე ვყოფილვარ ასეთი გადაღებების მომსწრე ერთ-ერთ დაწესებულებაში, როდესაც ბავშვებს უთქვამთ ასეთი რაღაცა, რომ აი, ახლა მოვიდნენ დაგვპირდნენ უამრავ რაღაცას, მაგრამ აქედან რომ გავლენ, არავის არაფერი აღარ გაახსენდებაო.

 

თვითონ ბავშვების აღქმაშიც არის ეს: რაც უფრო ტრამვირებულია ბავშვი, რაც უფრო მოწყვლადია, მით უფრო მძაფრად აღიქვამს. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვს. მათი გამოყენება პიარისთვის აბსოლუტურად არაეთიკურია,“ _ ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

 

„უფრო მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მედიასაც და სახელმწიფო მოხელეებსაც ბავშვებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, განათლების მინისტრმა შეიძლება გადაიღოს ფოტოები, მაგრამ ამის ასეთი ფორმით აფიშირების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც აქცენტი არის გაკეთებული ბავშვებზე, ინფორმაცია არის ის, რომ მინისტრმა ვიღაცას რაღაცა მიულოცა,“ _ ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს ახორციელებს “იუნისეფთან” ერთად. ამასთან ქარტიას მსგავსი მონიტორინგი ერთხელ უკვე ჩატარებული აქვს. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მედიაში გასული ბავშვთა საკითხების დიდი წილი სწორედ სადღესასწაულო დღეებში თანამდებობის პირთა თუ კერძო კომპანიების მიერ გაწეული ქველმოქმედების გაშუქებაზე მოდის.

 

„ასეთი ტიპის ინფორმაციებში არ ჩანს პრობლემები, არ ჩანს რეალური ამბები, რომელიც აწუხებთ ბავშვებს. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელზეც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგაზეც ვისაუბრეთ; როდესაც ასეთ ქველმოქმედებას აკეთებენ, საჩუქრები მიაქვთ და ეხმარებიან არასრულწლოვნებს, განსაკუთრებით ისეთ არასრულწლოვნებს, რომლებსაც, ვთქვათ, განსაკუთრებული სოციალური პრობლემები აქვთ, ჯანმრთელობის პრობლემები, ვთხოვეთ, რომ არ არის აუცილებელი ბავშვების გამოჩენა არც ტელევიზორში, არც პრესაში. განსაკუთრებით ისეთი ვიდეოკადრებისა და ფოტოების ჩვენება არის დაუშვებელი, სადაც სწორედ მათი ჯანმრთელობის ან მძიმე სოციალური პრობლემა ჩანს ისეთი კუთხით, რომელიც შეიძლება დღეს ან ხვალ, როდესაც უკვე დიდები იქნებიან, გახდეს შეურაცხმყოფელი და ხელშემშლელი ამ ბავშვებისთვის,“ – ამბობს თამარ რუხაძე.

 

თამარ რუხაძის თქმით, კარგია თუკი ვინმე ვიღაცას ეხმარება, მაგრამ ქველმოქმედება სასურველია ისე გაკეთდეს, რომ არ იქცეს ბავშვების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გზად.

 

„არ იქცეს საკუთარი ორგანიზაციის, საკუთარი სტრუქტურის ან საკუთარი პერსონის პიარის ან კარგად წარმოჩინებისთვის. ამბავი, რომ ვიღაცამ რომელიღაც დაწესებულებას რაღაც მიუტანა, ამის მოყოლა და თქმა ბუნებრივია შეიძლება ისეც, რომ მაინცადამაინც არ ვაჩვენოთ ახლო ხედებით ის ბავშვები, რომლებსაც ეს საჭიროებები აქვთ,“ – ამბობს თამარ რუხაძე.

 

`იუნისეფის~ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე კიდევ ერთხელ აზუსტებს იმ შემაშფოთებელ ციფრებს, რაც ბავშვებს უკავშირდება: „ბავშვების წინაშე საქართველოში დგას ძალიან ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბავშვთა სიღარიბე. 77 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს 205 ათასი ბავშვი, მათი ოჯახები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. მათი პრობლემების ჩამონათვალი ძალიან ბევრია _ კვების დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა, სხვადასხვა ანომალიები და ა.შ. საერთაშორისო კვლევებით, 15 წლის ასაკის ბავშვების 62 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს წიგნიერების დონეს. სწორედ ეს არის პრობლემები, რომლებსაც ყურადღება უნდა ექცეოდეს“.

ლეიბორისტულმა პარტიამ ბათუმის მერობის კანდიდატი დაასახელა

 

კანდიდატები დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლეიბორისტული პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით რობაქიძემ წარადგინა.

 

ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხალხთან ურთიერთობის გაღრმავება, დასაქმება, ინდუსტრიის განვითარება ეს ის ჩამონათვალია, რომლის დაპირებაც დღეს გასცა მერობის კანდიდატმა. ის ასევე აპირებს მერიაში საკადრო ცვლილებების განხორციელებასა და მერიაში საშვების სისტემის გაუქმებას. 

 

დავით რობაქიძემ კანდიდატების წარდგენისას ისაუბრა ოპონენტებზეც და არც სიძულვილის ენის გამოყენებას მორიდებია: „დროა დამთავრდეს ათასი რჯულის არაქართველის, როგორც ეთნიკური ისე აზროვნებით,  თარეში. დროა უარი ვთქვათ ერმაკოვებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აღარ დავასახელებ. დროა ავირჩიოთ ნამდვილად ქართველი, ქართული სულისა და გულის მატარებელი და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური სახე 90-იან წლებში. ეს იყო მთავარი მოტივი, რომლითაც შევარჩიეთ ჩვენ მერობის კანდიდატი. ის არის სულით, გულით, გენით ქართველი, პირველი რაც ამ ქალაქს სჭირდება“. 

 

დავით რობაქიძე ამბობს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლოზუნგია „ბათუმი დავუბრუნოთ ბათუმელებს“. ნუგზარ ჩხაიძე კი სოციალურ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: „ყოველი თეთრი მოხმარდება მოსახლეობას. როგორც გვახსოვს, ქალაქის მერიამ ვერ აითვისა 21 მილიონი ლარი. ჩემი ამოცანა იქნება ქალაქის მთელი ბიუჯეტი მოხმარდეს იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ქალაქელებს აწუხებთ“.

 

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, „ლეიბორისტებმა“ დღეს შემდეგი პირველი ექვესული წარადგინეს. სიის პირველი ნომერი დავით რობაქიძე იქნება, ის თამარის დასახლებაში იყრის კენჭს.

დავით რობაქიძე – თამარის დასახლება;

ნაიმე ძნელაძე, რეჟისორი – სამრეწველო უბანი;

რევაზ ბაინაზიშვილი, თოჯინების თეატრის „ბერიკების“ დამფუძნებელი, რეჟისორი – ბონი გოროდოკის უბანი;

დავით ჯაფარიძე, ადვოკატი – ბაგრატიონის დასახლება;

ნუგზარ მიქელაძე – აეროპორტის და გონიოს დასახლება;

პანტელეიმონ გოგუაძე – ეროვნული მოძრაობის წევრი, მახინჯაურის დასახლება.

 

 

ნუგზარ ჩხაიძე

 

ნუგზარ ჩხაიძე  1954 წელს დაიბადა ბათუმში.

1971 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა.

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის სპეციალობით.

მუშაობდა ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. პარალელურად ლექციებს კითხულობდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ფილოსოფიასა და სოციოლოგიაში.

1987 წელს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის სოციოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტში. არის ფილოსოფიის დოქტორი.

ამჟამად მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროს-თანამშრომელად.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ საქმიანობას, 1991 წელს არჩეული იყო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატად, ბათუმის საკრებულოსა და პრეფექტურის კაბინეტის წევრად.

ნუგზარ ჩხაიძის განხადებით ის არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.

გამოფენა ვარდების სკვერში

 

 

 

 

ახალგაზრდების თქმით ამ დღეს ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა ქვეყანაში.

 

”ჩვენ ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ავღნიშნოთ აჭარის გათავისუფლების 10 წლის იუბილე.  2004 წლის 6 მაისს აჭარა გათავისუფლდა ასლან აბაშიძის  დიქტატისგან , ამიტომაც აუცილებელია ამ დღისადმი მეტი დაინტერესება და ყურადღების გამოხატვა” -ამბობს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი თორნიკე ხალვაში.

 

  

შეკრებილი ახალგაზრდები ასევე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას უნდა აინტერესებდეს ამ დღის აღნიშვნა. 

 

გასულ წლებში ხელისუფლება 6 მაისს აღნიშნავდა, როგორც „აჭარის დაბრუნებას“. 

 

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა „ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფერადი სიზმრები ზღვისპირა ქალაქში

 

 

ნანა ლობჟანიძე

 

 

ყველაფერი ზღვისპირა ქალაქში მაისის თბილ საღამოს, დიდი საკუთარი სახლის ჭიშკართან შეკრებილი ათიოდე ბავშვის ყიჟინით დაიწყო. ემოციურად და ხმამაღლა ათივე ერთდროულად ლაპარაკობდა, ამიტომ არ მესმოდა რას ამბობდნენ. ხელში ყველას ცარიელი ასანთის კოლოფები ეჭირა. საბოლოოდ, რაღაცაზე შეთანხმდნენ, ორ ჯგუფად დაიყვნენ და ეზოს შეესიენ.

 

ეზოში ჩამოწოლილ ბინდს ათასობით მოციმციმე შუქი ფანტავდა. ბავშვები ამ მწვანე შუქს დასდევდნენ, ორივე ხელისგულში მოიქცევდნენ და ასანთის კოლოფში სვამდნენ. ძალიან ინდომებდნენ, რაც შეიძლება მეტი ციმციმა შუქი ჩაემწყვდიათ კოლოფში. კიდევ უფრო ჩამოწოლილ ბინდში, ეზოში გაბნეული ბავშვების ხელებში მოციმციმე ასანთის კოლოფები პატარა ლამპიონებივით ანათებდნენ. ზაფხული იწყებოდა და ზღვისპირა ქალაქის ქუჩებს და ეზოებს ციცინათელების ჯარი შესეოდა…

 

ამის შემდეგ სიზმრის დეკორაცია ზღვისპირა ქალაქის პატარა, მყუდრო, ორივე მხარეზე მაგნოლიის ხეებით ჩამწკრივებულმა ქუჩამ შეცვალა. მზის სხივები შენობებშიც კი გამჯდარიყო და ფერების სიუხვეს ოქროსფერს მატებდა. ქუჩაში ორი ქალი საუბრობდა. ერთს ხელში ხილით სავსე პარკი ეჭირა, მეორე – ყავაზე ეპატიჟებოდა, მაგრამ ხილით დატვირთულ ქალს არ ეცალა, მალევე დაემშვიდობა მოპატიჟეს და ქუჩა გადაჭრა. „პატარა ქალაქი პროვინციულია, ქუჩას რომ გადადის, მგონი ციურია…“

 

ახლა ქუჩა სანაპირომ შეცვალა. ალმოდებული ცა ჩამავალ მზეს ვერ თმობდა. წითელი ფერი საოცრად უხდებოდა მის სილურჯეს და ალბათ უფრო ამიტომ სთხოვდა მზეს, ცოტა ხანი მოიცადეო. ისიც წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ უცებ, ერთი თვალის დახამხამებაში ეს დიდი, წითელი ბურთი ზღვამ ჩაყლაპა.

 

დაღამდა. სანაპიროზე შუქები აინთო. ზღვაში გასული გემების გემბანზეც შუქები გამოჩნდა. ზღვა შუაში მოექცა, ხან გემბანზე ანთებულ შუქებს გახედავდა, ხან სანაპიროზე მოციმციმე ლამპიონებს და იმდენად მოსწონდა ეს იდილია, ცდილობდა ძალიან ფრთხილად მიეხალა ტალღები ნაპირისთვის, სიმშვიდე რომ არ დაერღვია.

 

უცებ ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. მოცელილი ბალახის, აკაციის ყვავილობის და ზღვის სუნი ერთმანეთში არეულიყო. ჩემ წინ ზანტად გაწოლილი ზღვა ცას უერთდებოდა, მერქანჩამოხეული მაღალი აკაციები მედიდურად გადმომყურებდნენ ზემოდან. ზღვის ბრიზმა დაუბერა და ვიგრძენი, რომ სულ უფრო და უფრო მჩატე ვხდებოდი და მხოლოდ ფეხის წვერებით ვეხებოდი მიწას…
ყველა ის განცდა, რაც ცხოვრებაში შემიგრძნია და მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამრჩენია, ერთმანეთში ირეოდა და სიზმრებს აფერადებდა.
გუშინ ღამით ბათუმში მეძინა….

და თითქოს სოხუმში ვიყავი!

“ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა”

თემურ კახიძე

ბატონო თემურ, როგორც ადმინისტრაციის უფროსი, სად ხედავთ ხარვეზებს მერიის მუშაობაში და რის შეცვლას გეგმავთ?

საჭიროა სერვისების დახვეწა, რაც მოსახლეობასა და ქალაქზე დადებითად უნდა აისახოს. ხარვეზები ყველგანაა, მთავარია პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა. კვლევაზე დაყრდნობითა და სტატისტიკური ინფორმაციის გაანალიზებით უნდა გამოვავლინოთ ხარვეზები. მერის დავალებით შევიმუშავეთ მერიის მუშაობის ახალი მოდელი, რომლის ძირითადი არსია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დრომდე ჩართულობა საერთოდ არ იყო. ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობის უფრო მაღალ ხარისხს მივაღწიოთ, რაც ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის ჩართვას ყველა საფეხურზე.

 მერიას ხალხზე ნაკლები ინფორმაცია აქვს და პირიქით ხალხს მერიაზე ანუ კავშირი არ არის?

ამას ცხადყოფს მოქალაქეებთან შეხვედრები და ეს დამანახა ბოლო ოთხმა წელმა, როცა მესამე სექტორში ვიყავი. გარედან ბევრი რამ სხვაგვარად გამოჩნდა, რაც დღეს მეხმარება პრობლემის იდენტიფიცირებაში.
შევეცდებით მერიის ვებგვერდის გაახლებას. პირველ რიგში დაემატება საჯარო ინფორმაცია. ასევე სრული ინფორმაცია იქნება იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც მერიაში მუშაობენ. მოსახლეობას ექნება კომენტარების გაკეთების საშუალება ამა თუ იმ პროგრამასთან დაკავშირებით, რომლებსაც მერია გაეცნობა. ვაპირებთ სტატისტიკური მონაცემების საშუალებით პრობლემების უფრო დეტალურ იდენტიფიცირებას. შემდეგ ამ ყველაფერს ბიუჯეტირების პროცესში გავითვალისწინებთ.
ვაპირებ ე.წ. წინადადებების ყუთების დადგმას _ მოსახლეობას ინიციატივების წარმოდგენის საშუალება ექნება. იქნება ინტერაქტიული შეკითხვები და ერთიანი პორტალი. მოქალაქეს ექნება საშუალება, გადასახადები გადაიხადოს ჩვენი ვებგვერდიდან, ნახოს ავტობუსების განრიგი და ასე შემდეგ.

 ბათუმის მოსახლეობის ინტერნეტზე წვდომის საკითხი შესწავლილი გაქვთ?

დიახ, დაახლოებით 70 პროცენტს აქვს წვდომა. “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გააკეთა ძალიან საინტერესო პროექტი, რომელშიც უსასყიდლოდ ჩაგვრთეს. პროექტი ითვალისწინებს ვებგვერდის შექმნას – “ჩემი ქუჩა ბათუმი”. ვთქვათ, ქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე დავაფიქსირე პრობლემა, ფილაქანია ამოყრილი, ან სახურავია მოშლილი, ან ნათურაა გადამწვარი ლამპიონზე, მივდივარ სახლში ან იქვე თუ არის წვდომა ინტერნეტზე ტელეფონის საშუალებით, რუკაზე ვნიშნავ ადგილს და ვწერ პრობლემას.

 ბევრჯერ მომისმენია მოქალაქეებისგან მერიისადმი – “ერთხელ გასცდით ცენტრს და ჭაობის უბანსაც მიხედეთ”. წლებია მათთვის არ მოუსმენიათ. თუ ინტერნეტით მოგწერენ, რეაგირება გექნებათ?

სერვისი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მოქალაქეს აძლევს მონიტორინგის საშუალებას, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც. არის პრობლემები, რომლებიც მარტივად მოსაგვარებელია და არის პრობლემები, რომლებიც მასშტაბურია და ბიუჯეტში ცვლილებებს, შემდეგ კი ტენდერის გამოცხადებას საჭიროებს. გარდა ამისა, ვაპირებთ ხარისხის უზრუნველყოფისა და ანალიზის სამსახურის შექმნას.

 თქვენ საკრებულოს წევრი იყავით მაშინ, როცა ეს ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობისდროინდელ” ბათუმის საკრებულოსა თუ მერიის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებდა. ახლა მათთან ერთად მუშაობთ. ეთანხმებით მაშინდელ კრიტიკას?

სამუშაო პროცესში რაღაც ხარვეზები ყოველთვის არის. იდეალური მართვის მოდელი არ არსებობს. მთავარია, ხარვეზი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ზიანს აყენებს ქალაქს.

როდესაც მილიონიან ტენდერებს მეტწილად იგებენ საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს წევრების ან პარლამენტარების კუთვნილი კომპანიები, ეს ხარვეზია თუ რასთან გვაქვს საქმე?

რამდენადაც ვიცი, ინტერესთა კონფლიქტი კანონმდებლობით რეგულირდება. თუკი ვიღაცა ვიღაცის უკან დგას და ამის ფაქტები არსებობს, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება.

იმ პერიოდზე თქვით, როდესაც თქვენ საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი და ქალაქის საფინანსო დოკუმენტის მთავარი მაკონტროლებელი იყავით.

ჩემი მუშაობის პერიოდში პროგრამულ ბიუჯეტზე გადავედით და ეს დიდ მიღწევად მიმაჩნია, ბიუჯეტი აუდიტორულად შეამოწმა დამოუკიდებელმა აუდიტმა. თუ გაეცნობით დასკვნას, ნახავთ, რომ იქ მეც მაქვს ხელი მოწერილი. ამ დოკუმენტში ბევრ ხარვეზზე იყო საუბარი. ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას იქ, სადაც ამის ხმა მქონდა. მე განცხადებებს იმ პროექტებით ვაკეთებდი, რომლებსაც ვახორციელებდი. სხვათა შორის, მე ვიყავი საკრებულოს ერთადერთი კომისიის თავმჯდომარე მაშინ, რომელმაც ისტორიული უბნების რეაბილიტაციაზე უარყოფითი დასკვნა დაწერა.

 დღეს თუ წამოვა დირექტივები, როგორ მოიქცევით?

ამ მხრივ ძალიან კომფორტულად ვარ, გიორგი ერმაკოვი ჯერ უსმენს ადამიანს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებებს, სწორ მიმართულებებს იძლევა და კარგი მენეჯერია, მისი ამოცანა ვერტიკალური მართვა არ არის.

კითხვას არ პასუხობთ.

არის რაღაც, როცა დათმობ, მაგრამ არის რაღაც, რის წინააღმდეგ ვერ წახვალ.

 თანამდებობაზე რეკომენდაცია ვინ გაგიწიათ?

თავად გიორგი ერმაკოვმა. ჩემმა მეგობრებმა გადაწყვეტილება დამიწუნეს, მითხრეს ნორმალური არ ხარო, რადგან კერძო კომპანიაში უფრო მაღალანაზღაურებადი შემოთავაზება მქონდა.

 რომელი პარტიის წევრი ხართ?

არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასდროს, ასეთი პრინციპი მაქვს. მე ვარ საჯარო მოხელე. მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელე აპოლიტიკური უნდა იყოს.

“სითი ბენდი მალე ისევ ადუღდება”

 

„ჩამოვუარე ყველა ჩემს ნაცნობს, რომელსაც შეეძლო ბენდში მუშაობა. ვოკალური კვარტეტი „გოგლაურა” იყო პირველი, ვისაც შევთავაზე ბენდის წევრობა, რადგან ბიჭები ოთხ ხმაში მღეროდნენ. ვიფიქრე, ოთხ ინსტრუმენტზეც შესანიშნავად დაუკრავენ-მეთქი. ბენდი ათი წევრისგან შედგება, სირთულე მარტივად იქნა დაძლეული, რადგან ბენდის წევრები მომღერლები არიან და თან ინსტრუმენტზე დაკვრაც შეუძლიათ. თავად ვასწავლიდი ინსტრუმენტზე მუშაობას, შედეგი უცებ მივიღეთ, ასე შეიქმნა სითი ბენდი” – გვიამბობს ბენდის ხელმძღვანელი კახა ცინცაძე.

 


მუსიკალური განათლება ბენდის რამდენიმე წევრს აქვს, თითქმის ყველა მათგანი არაპროფესიონალი შემსრულებელია, ინსტრუმენტთან მუშაობა ბენდში მოსვლის შემდეგ დაიწყეს.

 

ანდრო შანიძე ბენდში ყველაზე ბოლოს მივიდა, დრამზე დაკვრა 24 დღეში ისწავლა: ბავშვობაში მუსიკალურ სტუდიებში დავდიოდი, ეს იყო მხოლოდ ჩემი შეხება მუსიკასთან. ათი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს პროფესიულ დონეზე, 18 წლისამ ტრავმა მივიღე, ფეხბურთისათვის თავის დანებება მომიწია. იურიდიულზე ჩავაბარე, კონსტიტუციის ცოდნა მეხმარება მუსიკაში, ყველა კანონი ვიცი თავის ტონალობაში. შინაგანი ბიძგი ვიგრძენი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, სმენა მაქვს აბსოლუტური, 24 დღეში დავუკარი პირველი სიმღერა, ვუკრავ საქსაფონ-ბარიტონზე. ახლა ვეუფლები კონგოზე დაკვრას, კონგო დასარტყამი ინსტრუმენტია, ახალი რეპერტუარისთვის დაგვჭირდება. ოცი დღეა ვმეცადინეობ, ხუთი დღე კიდევ მჭირდება” – იცინის ანდრო.

 

“სითი ბენდი მალე ადუღდება, შევქმნით ახალ რეპერტუარს, გვაქვს უკვე სამი დღის კონცერტისთვის საკმარისი რეპერტუარი, პროგრამას რომ გავზრდით ასამდე, მერე დავიწყებთ ახალ ეტაპს,” – ამბობს ანდრო შანიძე.

 

ბენდმა სულ რაღაც 45 დღეში შეძლო პირველი საკონცერტო პროგრამის მომზადება, რის შემდეგაც მიიღეს შემოთავაზება რესტორან „ყირამალადან”, სადაც ბენდი დღემდე ყოველ საღამოს უკრავს: „პირველად პუბლიკასთან სწორედ ამ რესტორანში წარვდექით, აქვე დავიხვეწეთ, რესტორანში სიმღერაც ერთგვარი პრაქტიკაა” – ამბობს კახა ცინცაძე.

 

“სითი ბენდის” წარმატება პროექტ “ნიჭიერში” გამარჯვებას უკავშირდება, მაყურებელთა 38-მა პროცენტმა 2013 წლის ნიჭიერად „სითი ბენდი” მიიჩნია. ბენდის წევრები ამბობენ, რომ გამარჯვება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „ამდაგვარი ბენდი არც ერთ პროექტში არ ყოფილა, პირველი წარმატებული პროექტია, უფრო მეტი სტიმული მოგვეცა. მე მუსიკალური მაქვს დამთავრებული, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბენდი. ჩემი ოცნება იყო ბენდთან ერთად მემღერა, ეს ოცნება ამისრულდა,” – ამბობს მაგდა გიორგაძე, ბენდის ერთადერთი ვოკალისტი გოგონა.

 

“ნიჭიერში” გასვლა დავით ანანიძის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტეს, ბენდის წევრები ხუმრობენ, რომ დავითს ეს წარმატება სიზმარში ჰქონდა ნანახი. დავითი საქსაფონზე უკრავს: „ბენდის შექმნის დღიდან მსურდა რომელიმე პროექტში მონაწილეობის მიღება, ასე შეგვეძლო წარმატების მიღწევა, მე ვფიქრობ, რომ ეს შევძელით ” – ამბობს დავითი. საქსაფონზე უკრავს თემურ სიორიძეც.

 

დათოსთან ერთად მუშაობის გამოცდილება ირაკლი სირაბიძეს ბენდის დაარსებამდე ჰქონდა, ისინი ერთად მღეროდნენ ანსამბლ „გოგლაურაში”: „როცა კახამ ბენდში მიგვიწვია, ღიმილით შევხვდით ამ შემოთავაზებას, იქამდე შეხება არ მქონია ინსტრუმენტთან, მე ტრომბონზე დაკვრა დამაწყებინა, პროფესიონალურ დონეზე ჯერაც არ შემისწავლია, თუმცა ის რეპერტუარი, რაც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი. საინტერესო ინსტრუმენტია, მალე ავითვისე, კახას ენთუზიაზმი გადმოგვედო. ნიჭიერის შემდეგ ცოტა გადაღლილები ვართ, უფრო იმედიანად ვიყავით განწყობილი, მეტ შემოთავაზებას ველოდით, მოვიგეთ ნიჭიერი და ისევ ძველ რიტმში გავაგრძელეთ მუშაობა, რაღაც ახალს ველოდებით, ეს გვჭირდება. შემოქმედებითი კუთხით ვერ ვმუშაობთ, ფინანსურ შემოსავალზე გვიწევს ზრუნვა, რესტორანში მუშაობა ერთგვარი პრაქტიკაა, იქ დავიხვეწეთ, თუმცა ყოველდღე ხუთი საათი მუშაობა რთულია, პარალელურად კიდევ რაღაცის შექმნა არ ხერხდება.” – ამბობს ირაკლი სირაბიძე.

 

ბენდის კიდევ ერთი წევრი ხათუნა სამხარაძე განათლებით დირიჟორია, მან სწორედ ამ ბენდისთვის შეისწავლა კლავიშზე დაკვრა: „ჯერ ვიუარე, არ ვიცი დაკვრა და როგორ ვიქნები ბენდში-მეთქი, მერე ვცადე და გამომივიდა. ყველაზე უფროსი ვარ ბენდში, თუმცა შემოქმედებითად ძალიან გავიზარდე, როცა ახალ საქმეს აკეთებ, ეს ბევრად საინტერესოა.”

 

“არანორმალურ მუსიკოსს” უწოდებენ ბენდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს, 23 წლის თორნიკე ჭინჭარაულს, ბასგიტარისტს, რადგან მისთვის საკმარისია ერთხელ მოისმინოს მისი პარტია, შემდეგ კი თავისუფლად დაუკრას. თორნიკე რუსეთში ცხოვრებისას სხვადასხვა როკჯგუფში უკრავდა: „ერთ ბენდში ალბომიც გამოვუშვით, ბათუმში დაბრუნებულს ეს ბენდი დამხვდა, აქ მეგობარმა მომიყვანა.”

 

ბესო კალანდაძე სოლოგიტარისტია: „თორმეტი წელია ვუკრავ, თავად ვისწავლე დაკვრა, მინდა ამ ბენდთან ერთად განვვითარდე.”
მომავალი გეგმები კლიპის გადაღებას უკავშირდება, სიმღერა უკვე შეარჩიეს, ახლა მთავარია ფინანსები გამოძებნონ: „ცნობადობას ბევრი დადებითი რამ მოსდევს. მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება, მოწვევა უკრაინიდან, ბაქოდან, თბილისიდან, აქვე, ბათუმშიც გვაქვს რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ ვფიქრობთ, ისეთი არაფერია, რომ დაუფიქრებლად დავთანხმდეთ, ვმუშაობთ და ველოდებით,” – ამბობს ბენდის ხელმძღვანელი კახა ცინცაძე.

 

„სითი ბენდის” ხელმძღვანელი კახა ცინცაძე ბათუმში საესტრადო სასწავლებლის ჩამოყალიბებას გეგმავს, ბენდის წევრები კი მოსწავლეებთან იმუშავებენ: „ჩვენს ქალაქში რაც შეიძლება მეტი საშუალება უნდა ეძლეოდეს მუსიკით დაინტერესებულ ბავშვებს. ბენდის ხელმძღვანელობას პარალელურად ვეღარ შევძლებ, რადგან დიდ დროს მართმევს სასწავლებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ბენდის ხელმძღვანელად სოსო ასიეიშვილს დავტოვებ” – ამბობს კახა ცინცაძე.

 

სოსო დრამზე უკრავს, ფიქრობს, რომ „ჯაჯღანა” ხელმძღვანელი იქნება, ის დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით უდგება: „იმედი მაქვს, არ გავუცრუებ იმედს კახას, როცა საჭირო იქნება, დამეხმარება” – ამბობს სოსო.

 

ცხრა მაისს „სითი ბენდს”, ლევან შენგელიასთან ერთად, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი აქვს დაგეგმილი.

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს

 

  ომის მონაწილეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ სს „ბათუმის რეფერალური საავდმყოფო“, შპს „ბათუმის N1 პოლიკლინიკა“, შპს „ბათუმის N4 პოლიკლინიკა“, შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებს კი „ჩემი ოჯახის კლინიკის“ რაიონული საავადმყოფოები მოემსახურებათ.

 

საჭიროების შემთხვევაში ვეტერანებს ჩაუატარდებათ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. ის ვეტერანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებში ვიზიტს, მათ ექიმები მომსახურებას ბინაზე გაუწევენ.

 

აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

გამოკვლევები 8 მაისს ჩატარდება.

მოგზაურობა ძველ ბათუმში

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ გაზეთმა „ბათუმელებმა“ 2014 წელს გამოსცა. წიგნი წარმოადგენს გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს ძველ ბათუმზე გამოქვეყნებული სტატიებისა და ძველი ბათუმს ქუჩებისა და ისტორიულ ფაქტების ამსახველი ფოტოების კრებულს.  წიგნი არ იყიდება, იგი საჩუქრად გადაეცემა მხოლოდ გაზეთი „ბათუმელების“ ხელმომწერებს. 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ათწლიანი ისტორია

 

დემოკრატიის ინსტიტუტის ათი წლის იუბილე

 

 

 „ჩვენ სამი ხელისუფლების დროს მოგვიწია მუშაობა.  განვახორციელეთ პროექტები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბიუჯეტების მონიტორინგზე, სახელმწიფო ორგანოების გამჭვირვალობაზე და ა.შ. გვაქვს ოთხი მიმდინარე პროგრამა და პროგრამის გარეშე აქტივობები. ისევ ისე გავაგრძელებთ მუშაობას, უფრო აქტიურად და უფრო პასუხისმგებლიანად“- ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე გენო გელაძე.

 

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ბათუმში 2004 წლის 19 მაისს დაფუძნდა, ხოლო ოფიციალურად ხუთ მაისს დარეგისტრირდა. ორგანიზაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. იცავს ადამიანის უფლებებს და საზოგადოებრიცი ჯგუფების ინტერესებს. ასევე, ლობირებს დემოკრატიული მმართველობის გაღმავებას მმართველ ორგანოებში.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის სოსო სტურუას შეფასებით, დემოკრატიული ინსტიტუტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩვენს ქალაქში.

 

 

„მე როგორც ტელევიზიის წარმომადგენელი ვიტყოდი, რომ ორგანიზაციამ დიდი წვლილი შეიტანა აჭარის ტელე-რადიოს საზოგადოებრივი მაუწყებლად გარდაქმნაში. დემოკრატიის ინსტიტუტის მესვეურები, ყოველთვის არიან თავისუფალი სიტყვის გვერდით აჭარის ტელევიზიის და სხვა მასმედიის საშუალებების გვერდით და იცავენ სიმართლეს“.

 

 

ორგანიზაციის საქმიანობას დადებითად აფასებს ადვოკატი ედიშერ მახარაძეც: „ორგანიზაციის მიზნები საზოგადოებისთვის აქტუალურია. ეს არის ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია აჭარაში. ამასთან ერთად, გამოირჩევიან საქმისადმი გულითადი დამოკიდებულებით და ვალდებულებების მიმართ პასუხისმგებლობით“.  

 

უბნებს შორის შეჯიბრება მინი ფეხბურთში

 

 

 

შეჯიბრი ინასარიძის ქუჩის 14 და აბაშიძის 7 ნომერში მდებარე მოედნებზე ჩატარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.

 

უბენს შორის შეჯიბრება კვირის სხვა დღეებში კალადბურთში, ხელბურთსა და ფრენბურთში ჩატარდება.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. პირველი ადგილის მფლობელი 600 ლარით დაჯილდოვდე ბა, მეორე ადგილზე გასული 400 ლარს მიიღებს, მესამე ადგილის მფლობელს კი 100 ლარით დააჯილდოვებენ.

 

შეჯიბრება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპუილარიზაციას ისახავს მიზნად. მინი ფეხბურთში პირველი თამაში დღეს 19:00 დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორი ბათუმის მერიაა. გამარჯვებულები 26 მაის დაჯილდოვდებიან.

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესი

 

 

მოსამართლეს საქმის გადადება, მისმა ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა სთხოვა. ადვოკატის განმარტებით, ის არ იცნობს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს და კონკრეტულად რას ედავება სახელმწიფო დავით ხალვაშს მისთვის უცნობია. დაცვის მხარემ დრო სწორედ საქმის მასალების გაცნობისთვის ითხოვა.

 

 

დავით ხალვაში ქართველმა სამართალდამცავებმა სარფში 22 აპრილს დააკავეს.  ის წლების განმავლობაში იძებნებოდა, მის საქმეს კი ბათუმის საქალაქო სასამართლო დაუსწრებლად განიხილავდა. მოსამართლეს ბრალდებულმა დღეს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ  მას ამ დრომდე არ ჩაბარებია საბრალდებო დასკვნა.

 

 

დავით ხალვაში ბრალადებულია ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებაში, მისთვის 800 ათასი დოლარის ღირებულების ქონებისა და ფულის გამოძალვაში.

 

ბიზნესმენი თამაზ გელაძე სასამართლომ უკვე დაკითხა.

 

დავით ხალვაშს ასევე  სახელმწიფო  ედავება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასაც. ბრალდებული ასევე ფიგურირებს ასლან აბაშიძის სისხლის სამართლის საქმეშიც.

 

დავით ხალვაშს   ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 154-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწ. 186-ე მუხლის1-ლი და მე-2 ნაწ. 187-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწ. 203.3 მუხლით, 158-ე მუხლის 1-ლი  და მე-3 ნაწ. „ბ“, „გ“ და „დ“ ქ/პ, 332-ე მუხლის მე-2 ნაწ. და მე-3 ნაწ. „ა“ და „ბ“ ქ/პ, 333-ე მუხლის 1-ლი დამე-2 ნაწ. და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პ და  381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენა.

 

საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს, სახელმწიფო ბრალმდებელი კი პროკურორი რამაზ შავაძეა.

 

 

 

 

ცხოვრება ამნისტიის შემდეგ

 

 

 

 

სვეტა ჩ. 34 წლისაა. მას ცხრა წლის შვილი ჰყავს, რომელიც რუსთავში, მაზლის ოჯახში ცხოვრობს. შვილის ნახვას სამ თვეში ერთხელ თუ ახერხებს. სვეტა სენაკის ბავშვთა სახლში გაიზარდა. ამბობს, რომ ნათესავები არ ჰყავს. მშობლების პოვნასაც ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო. მას არც საკუთარი საცხოვრებელი აქვს. სვეტა სოციალურად დაუცველია და მას ბინის ქირას სახელმწიფო უხდის.

 

„ჩემი ქმარი 30 წლით იყო ჩემზე უფროსი. ბავშვთა სახლიდან წამოსვლის შემდეგ გავიცანი და ცოლად გავყევი. მას თითქმის ჩემი ასაკის შვილები ჰყავდა, ამიტომ არ მოსწონდათ, ცოლად რომ მომიყვანა. ხშირად ეჩხუბებოდნენ. რთული ცხოვრება მქონდა მასთან, სვამდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ დანით დავჭერი. მე შვილს და საკუთარ თავს ვიცავდი, თუმცა მაინც შვიდი წელი მომისაჯეს. სასჯელის დიდი ნაწილი მოვიხადე, შემდეგ ამნისტია შემეხო“.

 

სვეტა ამბობს, რომ ის სრულიად მარტო და დაუცველია. „ჩემი ნივთები, რომელიც ნაქირავებ ბინაში დავტოვე, ვეღარ ვიპოვე. გადაეყარათ. ციხეში ვქსოვდი, ვქარგავდი. ახლაც მინდა გავაგრძელო ქარგვა. თითქმის არ იყიდება, მაგრამ სხვა რა გავაკეთო. ვაჭრობა რომ დავიწყო, სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ“.

 

სვეტა ამბობს, რომ ადამიანებთან ურთიერთობას ერიდება. „ბევრი მეკითხება ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ არ ველაპარაკები. არავის ვენდობი. ვცდილობ, ჩემთვის ვიყო. ვლოცულობ და ვმარხულობ. მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს. ბევრი რამე გადავიტანე ცხოვრებაში და ალბათ კიდევ უნდა გადავიტანო. იმაზე ვდარდობ, რომ ჩემს შვილს ცხრა წელი ვერ ვნახავ. არადა, ვიცი, რომ ვენატრები. მაზლის სახლში არ მიშვებენ, შვილის ათი წუთით ნახვა კი ჩემთვის საკმარისი არ არის“.

 

საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს 31 წლის გურამ მ. როგორც გვეუბნება, იგი ბრალდებული უბედური შემთხვევის გამო გახდა. „ავარია მომიხდა. ავტომანქანაში რამდენიმე მეგობარი მყავდა. ერთად მივდიოდით სამსახურში. მათგან ერთ-ერთი დაიღუპა“. ამნისტიის შემდეგ ის ძველ სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა ნასამართლეობის გამო უარი უთხრეს. „გადამტეხა წელში, ყველგან უარს მეუბნებიან. სამი წელი ვერც მართვის მოწმობას ავიღებ, ფაქტობრივად, ვერაფერს ვაკეთებ. სიტუაციას რომ ვუყურებ, აქ არანაირი შანსი და პერსპექტივა არ არის, ისევ თურქეთია ჩემი იმედი, შეიძლება წავიდე და იქ ვიმუშაო. საქართველოში ყველა იმედი ამოწურული მაქვს“.

 

გურამს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ისინი მამის და მოხუცი ბებიის პენსიის იმედად ცხოვრობენ. გურამი ამბობს, რომ მსგავს მდგომარეობაში ბევრი ამნისტირებული პირია: „გაუარესებულია მდგომარეობა. ზიან სახლში, რადგან არ აქვთ სამუშაო“.

 

რამაზ ჯ. 39 წლისაა. ამბობს, რომ ერთადერთი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოსგან მიიღო, ამნისტიის შედეგად მიღებული თავისუფლების წლებია. „მხოლოდ ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ზრუნავს ჩემზე – „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“, სადაც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გავდივარ. გარემო უარესობისკენ არის შეცვლილი, სანამ დამაკავებდნენ, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, დისტრიბუციაში მაქვს გამოცდილება, ვაიზერიც კი ვიყავი, ახლა არანაირი შანსი არ მაქვს, ძალიან ჭირს სამუშაოს პოვნა. ორივე ფეხი მოტეხილი მაქვს და ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ, ჩემი სპეციალობით კი სამუშაო არ არის. თუ არის, იმდენად დაბალია ანაზღაურება, რომ არც კი გიღირს“.

 

რამაზსაც მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მეუღლეც უმუშევარია. ამბობს, რომ დედის პენსიით ირჩენენ თავს. „ზოგჯერ ძმაც მეხმარება რუსეთიდან“.
47 წლის ხვიჩა ბ. სასჯელს კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანის გამო იხდიდა. ამბობს, რომ იმ დროს ცხინვალიდან შემოტანილ ტვირთზე ნახევარი საქართველო იყო დამოკიდებული: „სიგარეტი შემოვიტანე, ამით ვარჩენდი ოჯახს. როცა დამაკავეს, ჩემი შვილი იმ წელს სკოლას ამთავრებდა, რამდენი ვეხვეწე პროკურორს ჯარიმა გადამახდევინეთ, ოჯახის მარჩენალი ვარ და ნუ ჩამსვამ-მეთქი, მაგრამ რად გინდა, ისე მიყურებდნენ, თითქოს საერთოდ არ ეხებოდათ ეს საქმე“.

 

ხვიჩა ამბობს, რომ არავის აინტერესებს ბრალდების მუხლი. მძიმე თუ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ნასამართლეობა საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ დამსაქმებელმა უარით გამოგისტუმროს. „ყველა გზა გადაკეტილი მაქვს. სადაც მიხვალ, ყველგან ბარიერი გხვდება. ბათუმის ტრანსპორტში მძღოლად მინდოდა მუშაობა, კონკურსიც გავიარე და ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ, მაგრამ მაინც არ დამიძახეს. ერთადერთი იმედი მაქვს, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მპირდება რეკომენდაციის გაწევას და იქნებ, ამით გამოვიდეს რამე“.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის გენო გელაძის თქმით, საქართველოში ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის კუთხით სახელმწიფო ინსტიტუტები გასაძლიერებელია. „ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ საჭირო იყო გარკვეული სერვისების შექმნა. თუმცა მხოლოდ დანაშაულის პრევენციის ცენტრების გახსნა არ კმარა. ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესი ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ თუ ქვეყანაში რეალურ სტრატეგიად ჩამოყალიბდება ყოფილ პატიმართა გაძლიერების, სრულფასოვანი რესოციალიზაციის სისტემა და ეს არ იქნება ვალის მოხდის მიზნით, შესაბამისი ფინანსებიც გამოინახება. რესოციალიზაციის სერვისები კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს“.

 

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის პროცესში ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩართული. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გრანტის ფარგლებში ახორციელებს ყოფილ პატიმართათვის ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, თუმცა ფინანსური რესურსები შეზღუდულია.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

 

 

 

შეგროვებული სისხლი ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას“ სისხლის ბანკს და შპს „ჰემა 2012“–ს გადაეცემა. აღნიშული დაწესებულებების წარმომადგენლები სისხლის შესაგროვებლად ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. აქცია ჩატარდება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში. 

 

უანგარო დონაციის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შუახევის რესურცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. მსგავსი აქცია უკვე ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტში, მასში მონაწილეობა მიიღო 120–მდე ადგილობრივმა. 

 

ინფორმაცია სისიხლის გაღების მსურველთათვის: სისხლის გაღების მსურველთა ასაკი განისაზღვრება 18–დან 60 წლამდე. დონორი არ უნდა იყოს B დაC ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2–3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის.

 

დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65 კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.

Exit mobile version