კვირის ამბები

რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

08.09.2014 • 43079
რა უნდა ვიცოდეთ ჰერპესზე

 

 

ნატალია შავდია
ნატალია შავდია

ქალბატონო ნატალია, რა არის ჰერპესვირუსი და რამდენი სახის არსებობს იგი?

ჰერპესი ქრონიკული, მორიციდივე დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს კანზე და სხეულის ლორწოვან გარსებზე ბუშტუკოვანი გამონაყარი. ჰერპესვირუსის ოთხი მორფოლოგიური ჯგუფი არსებობს – უბრალო ვირუსჰერპესი, ვარიცელა ზოსტერი, რომელიც პატარებში იწვევს ჩუტყვავილას, დიდებში კი სარტყლისებრ ჰერპესს, ებშტეინ-ბარის ვირუსი და ციტომეგალოვირუსი. გარდა ამისა, არსებობს ჰერპესის ორი იმუნოტიპი, პირველი იმუნოტიპი ანუ უბრალო ჰერპესი, რომელიც იწვევს გამონაყარს სახის არეში და მეორე იმუნოტიპი, რომელსაც ახასიათებს გამონაყარი გენიტალიებზე.

როგორ გადადის ჰერპესვირუსი?

უბრალო ჰერპესის ფორმით ადამიანი ბავშვობის ასაკში ინფიცირდება. პირველ იმუნოტიპთან შეხება ადამიანის სიცოცხლის მე-18 თვიდან ხდება. ორგანიზმში ვირუსი სასუნთქი გზების საშუალებით ხვდება, შემდეგ გადადის ლატენტურ ანუ მძინარე ფორმაში.

მეორე იმუნოტიპის ანუ გენიტალური ჰერპესით ინფიცირება უმეტესად სქესობრივი მომწიფების შემდეგ სქესობრივი გზით ხდება. ვირუსის გამწვავებისას ანუ გამონაყრის დროს პაციენტს შეუძლია დააინფიციროს არა მარტო გარშემომყოფები, არამედ საკუთარი თავიც, მაგალითად, თუ გამონაყრის კერა არის ტუჩებზე, დაბინძურებული ხელით მან შეიძლება ვირუსი გადაიტანოს თვალსა ან გენიტალიებზე.

რამ შეიძლება შეუწყოს ხელი ჰერპესვირუსის გააქტიურებას?

შეიძლება ადამიანი იყოს უბრალოდ ვირუსმატარებელი და საერთოდ არ გამოუვლინდეს გამონაყარი, ზოგს შესაძლოა წელიწადში ორჯერ გაუმწვავდეს ვირუსი, ზოგს კი – თვეში ხუთჯერ. ეს ადამიანის იმუნიტეტზეა დამოკიდებულია, ამიტომ ხშირად ჰერპესით დაავადებულ პაციენტებს ჩ ვიტამინს ვუნიშნავთ, შესაბამისად მათთვის კარგია ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები. ვირუსის გააქტიურებისთვის ბევრი ხელშემწყობი პირობა არსებობს, ეს შეიძლება იყოს შემცივნება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, გადახურება, თანმხლები მძიმე ქრონიკული დაავადებები, სტრესი და ზოგადად, იმუნიტეტის დაქვეითება.

რა გართულება შეიძლება ჰქონდეს ჰერპესვირუსს?

საერთოდ, როცა პირველად ვითარდება დაავადება, იგი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე შემდეგი რეციდივები. ჩვილებში ხშირად ვითარდება მწვავე ჰერპესული სტომატიტი. ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, იწყება მაღალი ტემპერატურა, ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს თავის ტკივილი. პირის ლორწოვან გარსზე წარმოიქმნება ბუშტუკები, რომელთა ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ღრძილებზე, ლოყების ლორწოვან გარსზე, ენაზე და ტუჩების შიდა ზედაპირზე. პირის ღრუში ბუშტუკები მარტივად სკდება და მტკივნეული ეროზიები (მტკივნეული სველი ზედაპირი) წარმოიქმნება.

როგორ მკურნალობენ ჰერპესს?

ჰერპესს ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობენ, რომლებიც გამონაყრის ჩაცხრობას აჩქარებენ და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს, თუმცა ბოლომდე ვირუსის გაქრობა არ ხერხდება. ჰერპესით დაავადებულები ხშირად თავისით არჩევენ ანტივირუსულ მალამოებს გამონაყარზე წასასმელად, თუმცა თვითმკურნალობა ყოველთვის ეფექტური არ არის. ამ დროს ჩვენ ვნიშნავთ ანტივირუსულ პრეპარატებს შინაგანი მიღებისთვის (დასალევად), ძალიან კარგ შედეგს იძლევა ანილინის საღებავებიც (მეთილენის ლურჯი, ბრილიანტის მწვანე, წითელი კასტელანი), ასევე ანტივირუსული მალამოები და ანტივირუსული ტუჩსაცხები.

რა შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკისთვის?

იმისთვის, რომ უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა თავიდან აიცილოს დაავადების განმეორებითი გამოვლინება, გამოიყენება გერპეტიკული ვაქცინა. ხოლო იმისთვის, რომ ადამიანმა თავიდან აიცილოს ჰერპესვირუსით დაინფიცირება, უნდა მოერიდოს პირველ რიგში ჰერპესის გამონაყრის მქონე ადამიანს, დაიცვას ჰიგიენის ნორმები და სისტემატურად იზრუნოს იმუნიტეტის ამაღლებაზე.

მძიმე თანმხლები დაავადებების დროს, დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებში შესაძლოა ვირუსი – ვარიცელა ზოსტერის მიერ გამოწვეული სარტყლისებრი ჰერპესი გართულდეს და მისი გენერალიზებული ფორმა ჩამოყალიბდეს. მას სეზონურობა ახასიათებს და იგი ყველაზე აქტიური შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. დაავადება უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებში გვხვება.

ამ დროს გამონაყარი წარმოიქმნება ყველგან, როგორც სახეზე ისე სხეულზე. დაავადებას ახასიათებს ნერვთან ახლოს ძლიერი ტკივილის შეგრძნება, რამდენიმე დღეში ამ ადგილზე წარმოიქმენბა სიწითლე და შემდეგ ჯგუფურად ჩნდება წვრილი ბუჭტუკები. თუ ჰერპესის დროს გამონაყარი სეროზული ანუ გამჭვირვალე შიგთავსისაა აქ უფრო ჰემორაგიული ხასიათისაა და სისხლნარევი ბუშტუკები ახასიათებს. როცა ბუშტუკები სკდება, მათ ადგილზე წარმოიქმნება დიდ ხანს შეუხორცებელი ღრმა წყლულები, რამაც შესაძლოა ნაჭდევებიც დატოვოს სახეზე.

სარტყლისებრი ჰერპესი განსაკუთრებით საშიშია, როცა იგი თვალის მიდამოშია ლოკალიზებული. ამ დროს მკურნალობისთვის ანტივირუსულ პრეპარატებთან ერთად, ანტიბიოტიკებსაც ვნიშნავთ. აუცილებელია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, B ჯგუფის ვიტამინები, შარდმდენები რათა ქსოვილების შეშუპებები მოიხსნას, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გარეგან მკუნრალობაში ანტივირუსული მალამოე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: