კვირის ამბები

რა შედეგი მოიტანა ტყეებში მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებამ

07.09.2014
რა შედეგი მოიტანა ტყეებში მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებამ

 

სოფელ ბაკი-ბაკოში გასულ კვირას „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებას შედეგი არ მოჰყოლია.

„ხაფანგები დადგეს, მაგრამ მაგ ხაფანგში მოყოლილი მწერი ჯერ არავის გვინახავს,“- უთხრეს „ბათუმელებს“ ადგილობრივებმა.

 

 

მოსახლეობის სკეპტიციზმს არ იზიარებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისი თქმით, მწერდამჭერი ხაფანგების დამონტაჟებიდან დღემდე 600 ათასი მწერია დაჭერილი.

 

 

„რა იცის მოსახლეობამ როგორ ვმუშაობთ. პრინციპში მოსახლეობა არც არის ვალდებული იცოდეს. თუ დააინტერესებთ, ვეტყვით. 600 ათასზე მეტი მწერი დავიჭირეთ ამ ხნის განმავლობაში. სარიჩაირსა და ბაკი-ბაკოში ყოველ კვირას ვახორციელებთ მონიტორინგს. ხიხაძირის სატყეოში 102 ათასი მწერია დაჭერილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მისივე თქმით, ამ დროისათვის აჭარის ტყეებში 2000 მწერდამჭერი ხაფანგია დამონტაჟებული.

 

 

„ყველგან, სადაც ხაფანგია დამონტაჟებული, მიდის ჩვენი თანამშრომელი, აგროვებს დაჭერილ მწერებს, რომელსაც მერე უკვე ვითვლით. დათვლა ხდება შემდეგნაირად, მწერებს ვყრით ელექტრონულ სასწორზე, ვწონით, ერთ გრამში საშუალოდ 187 მწერია. ამის მიხედვით ვაკეთებთ უკვე სტატისტიკას,“ –  ამბობს ჯუმბერ აბულაძე. 

 

 

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის განმარტებით, მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებდა წიწვოვნებს. მასთან ბრძოლა პერიოდულად იბრძოდნენ სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა ყველაზე ეფექტური მწერდამჭერი ხაფანგები აღმოჩნდა.

 

 

„სპეციალური წამალია ფერომონი, რომელიც იზიდავს ამ მავნებელ მწერს. მომავალ წელსაც მოგვიწევს ფერომონის შეძენა, 13-14 ლარამდე დაჯდება და მათი მოქმედების ვადაა თვენახევარი-ორი თვე. წელს ჩატარებული სამუშაოები ეფექტური აღმოჩნდა. ამიტომაც სამომავლოდაც ვგეგმავთ იმავეს გაკეთებას. ერთ მწერს შეუძლია 150-200 მწერი გაამრავლოს. მილიონებზე გადის, თუ ნებაზე მიუშვებ და მომავლისთვის მისი გავრცელების საშიშროება საკმაოდ მაღალია,“ –  ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

ქობულეთში, ხულოსა და შუახევში 2 ათასი მწერდამჭერი ხაფანგის დამონტაჟებისთვის 157 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის ასევე მონიტორინგიც. მავნებლები ძირითადად სოჭსა და ნაძვს აზიანებენ.

 

 

როგორც სპეციალისტები ამბობენ, აჭარის მაღალმთიანეთში კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მავნებელი მწერის მომატებას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: