სპორტი

ჩოგბურთი – ჩემი ცხოვრება

07.09.2014 • 3103
ჩოგბურთი – ჩემი ცხოვრება

 

გიორგი ცივაძე



გიორგი, კონკრეტული თამაშის დროს გამარჯვების მოსაპოვებლად რას აკეთებ, როგორ ემზადები?

– ბოლო წლებში ფიზიკურად სუსტად ვიყავი მომზადებული. პროფესიონალურ ტურში ასპარეზი რომ დავიწყე, ძალა არ მყოფნიდა და ვაგებდი თამაშებს. კორტზე თუ ორი-სამი საათია საჭირო სწრაფი მოძრაობისთვის, ვიღლებოდი და სადაც მოსაგები იყო, ვეღარ ვიგებდი. ამიტომ მამასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება უფრო მეტი ყურადღება ფიზიკური მომზადებისთვის დაგვეთმო, ვიდრე ჩოგბურთისათვის: სირბილი, აკრობატიკა, ტრენაჟორებზე ვარჯიში. მთელი ზამთარი და მომდევნო თვეებიც ამ მიმართულებით ვიმუშავე. შედეგად კი საკმაოდ სერიოზული წინსვლა მივიღე მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში. ჩოგბურთის თამაში ყველამ ისწავლა, მაგრამ წარმატებების მოპოვება ძლიერი ფიზიკური მომზადების გარეშე, წარმოუდგენელია, რასაც ადრე სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდი.

რატომ არ ემზადებოდი ფიზიკურად, თუ ეს მნიშვნელოვანი იყო?

– ვფიქრობდით, რომ ადრეული ასაკიდან სერიოზულ ფიზიკურ მომზადებაზე ყურადღების გამახვილება პრობლემებს შემიქმნიდა ჯანმრელობის კუთხით, რადგან ტანადაც სუსტი ვიყავი და სიმაღლეში ზრდის პრობლემებიც მქონდა, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე ჩოგბურთში.

ფიზიკურ მომზადებას ვისთან გადიხარ?

– მამაჩემია ჩემი პირადი მწვრთნელიც და მენეჯერიც. ის ცდილობს ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტები შეარჩიოს და დაგეგმოს, სად და ვისთან გავიარო მომზადება. ხშირად თბილისში ჩავდივარ და ნაკრებთან ერთად ვვარჯიშობ. ნაკრებს ვლადიმერ გაბრიჩიძე გვავარჯიშებს. ტურნირების დროს კი ქართველ ჩოგბურთელებთან ერთად ვემზადები. ოჯახში სამნი ვართ – მამა, დედა და მე. და-ძმა არ მყავს. მამა და დედა ველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ჩოგბურთი მეთამაშა. სკოლაში სწავლაზე უფრო მეტად აქცენტი ჩოგბურთზე გვქონდა გაკეთებული. ახლაც მთელი ჩემი ცხოვრება ჩოგბურთის ირგვლივ ტრიალებს. გადაწყვეტილება თავიდანვე ერთობლივად მივიღეთ, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელის გზას გავყოლოდი. მამაჩემის ინტერესი ასეთი დიდი რომ არ ყოფილიყო აქამდე, ალბათ ვერ ვითამაშებდი ჩოგბურთს. ყოველთვის ვიღაც გჭირდება ვინც გზას გაგიხსნის, შენთვის რაღაცას გააკეთებს, სხვაგვარად შეუძლებელია რამე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრიც, უკეთეს შემთხვევაში კარგი იუნიორის სტატუსით დაამთავრებ სპორტულ კარიერას.

რა შეცდომა მოგსვლია ისეთი, რომელიც ფიქრობდი, რომ არ უნდა დაგეშვა და როგორ ცდილობ შეცდომების გამოსწორებას?

– შეცდომა ბევრი მქონია. ისეთი გულდასაწყვეტი შეცდომებიც ყოფილა, რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდი მისგან გათავისუფლებას. ასი პროცენტით დარწმუნებული რომ ხარ გამარჯვებაში, მაგრამ აგებ, უნდა შეეცადო, დაივიწყო, დაიწყო ვარჯიში და ანალოგიურ სიტუაციაში რომ აღმოჩნდები, იგივე არ გაიმეორო. არის შეცდომები, რაც მომდის დარტყმების ტექნიკური შესრულების დროს, მაგრამ მათი გამოსწორება რთული არაა, უბრალოდ უნდა მოვინდომო და მეტი ყურადღება დავუთმო მათ დახვეწას. უფრო ძნელი ფსიქოლოგიური მომენტების გადალახვაა: ოთხჯერ ისეთი თამაში მაქვს წაგებული, როცა ერთი ბურთი მაკლდა მოგებამდე. წელს, საბედნიეროდ, ასეთი მომენტები საგრძნობლად შემიმცირდა კარგი სათამაშო პრაქტიკის გამო, რამაც მეტი თავდაჯერებულობა შემძინა.

სამი წლის წინ შენ შეხვდი მარკო ჯოკოვიჩს, დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებ ამ შეხვედრას, როგორი მოწინააღმდეგე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანის ძმა და შეგეძლო თუ არა მისთვის მოგება?

– ანტალიაში ვითამაშეთ ჩვენ. მასთან სწრაფად და ადვილად წავაგე. სხვათა შორის, არ იყო ძლიერი მოწინააღმდეგე და არც ახლა მიმაჩნია, რომ კარგად თამაშობს. მაშინ 18 წლის ვიყავი, ვნერვიულობდი და ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის ძმას ვხვდებოდი. იმდენი ვიფიქრე ამაზე, რომ საერთოდ ვეღარ ვითამაშე. ორი-სამი წლის წინ ბულგარეთში „დევისის თასზე“ გრიგორ დიმიტროვს ვეთამაშე. ის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ათეულის წევრია. 4:3 ვიგებდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავმარცხდი – არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ მის დამარცხებას მოვახერხებდი.

როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური მომენტები გადამწყვეტია

– რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმთავრესი წარმატების მისაღწევად ძლიერი ფსიქიკა და კარგი ფიზიკური მომზადებაა. ჩემს უცხოელ თანატოლებს, ვისთანაც ვთამაშობდი იუნიორებში და რომლებიც ახლა წარმატებით აგრძელებენ პროფესიონალურ კარიერას, მრავალი ადამიანი დასტრიალებს თავს: ცალკე ჩოგბურთის მწვრთნელები, ცალკე ფიზიკური მომზადების, მასაჟისტებიც ჰყავთ გუნდში და ფსიქოლოგებიც. ყველა პირობა აქვთ იმისათვის, რომ გაიზარდონ. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ფედერაციიდან, ასევე სპორტის სამინისტროდანაც გვიდგანან გვერდში, მათი დახმარება სპონსორების გარეშე არაა და ვერც იქნება ეფექტური, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ვრჩებით. დღეისათვის საქართველოდან სულ სამნი ვართ მსოფლიოს 1000-ულში: ნიკა ბასილაშვილი 200-ულშია, ალექსანდრე მეტრეველი 600-ეულში და მე. ამ შედეგებს თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლად, სპონსორების დახმარების გარეშე ვაღწევთ, თუმცა დიდი წარმატებების მოსაპოვებლად მათ გარეშე გაგვიჭირდება.

შენი რჩეული ჩოგბურთელი ვინ არის?

– ბავშვობაში იყო პიტ სამპრასი. ახლა უკვე გამორჩეულად არავინ მომწონს.

ფედერერზე რას იტყვი?

– ვფიქრობ, ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია, თუმცა მისი განსაკუთრებული გულშემატკივარი არ ვყოფილვარ. კარიერა რომ დაიწყო, მას სამპრასს ადარებდნენ, მე კი საერთოდ ვერ შევადარებდი მათ ერთმანეთს. თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე მეტად მომწონს დელ-პოტრო და ენდი მარი.

ქალთა ჩოგბურთში ვის გამოარჩევდი?

– ქალების ჩოგბურთს იშვიათად ვუყურებ. კაცების ჩოგბურთსაც მარტო დიდ ტურნირებზე ვადევნებ თვალს, დიდი სლემებისა და მასტერსების დროს. ქალების ჩოგბურთი ადრე უფრო მომწონდა, განსაკუთრებით ჯუსტინ ჰენინი, რომელიც მართლაც ლამაზ ჩოგბურთს აჩვენებდა. ასევე ჰინგისი, დები უილიამსები. ახლა შარაპოვა და აზარენკოა მოწინავეთა შორის, თუმცა ისე ყვირიან ბურთის გათამაშების დროს, რომ მათი ყურების ხალისი მეკარგება.

ვისთან ისურვებდი შეხვედრას?

– დიმიტროვთან. მასთან თამაში მომეწონა. როცა უმაღლესი დონის ჩოგბურთელს ეთამაშები, საერთოდ სხვანაირი თამაში მიდის. თითქმის ვერაფერს ასწრებ, იმდენად სწრაფი მოთამაშეა და ისე ანაწილებს ბურთს. მასთან თამაში საინტერესოა. ვისურვებდი ასევე ენდი მარისთან შეხვედრას, იმედია, მექნება ამის შესაძლებლობა.

ამჟამად რისთვის ემზადები და შორეულ პერსპექტივაში რისი მიღწევა გსურს ჩოგბურთში?

– ამჟამად ვისვენებ, რადგან მიყოლებით 10 ტურნირში ვითამაშე. პლუს საქართველოს ნაკრებში მონაწილეობა „დევისის თასზე“. ნელ-ნელა დავიწყე მცირე დატვირთვებით ვარჯიში, საღამოობით ერთი საათი, ან საათ-ნახევარი. დაახლოებით ერთ თვეში ყაზახეთში გავემგზავრები. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ტურნირში უნდა ვითამაშო, რეიტინგში რომ კიდევ უფრო წავიწიო წინ. მინდა რაც შეიძლება მალე მსოფლიოს ჩოგბურთრთელთა პირველ ასეულში მოვხვდე, შემდეგ კი – პირველი ათეულში შემავალი მოთამაშე გავხვდე და ერთ–ერთ დიდი სლემის ტურნირში გავიმარჯვო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: