კვირის ამბები

იტალიური, თურქული თუ ჩინური? – სამშენებლო მასალები ხარისხის კონტროლის გარეშე

08.09.2014 • 5889
იტალიური, თურქული თუ ჩინური? – სამშენებლო მასალები ხარისხის კონტროლის გარეშე

 

თეა, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში ცხოვრობს, ამბობს, რომ მაგალითად რომში, იტალიური წარმოების ცენტრალური გამათბობელი ქვაბი საცალო გაყიდვაში, მინიმუმ 1000 ევრო ღირს. ამ ფასში შედის ქვაბის მონტაჟიც. თეამ ფასები საგანგებოდ `ბათუმელების~ თხოვნით გადაამოწმა.

 

 

რამდენად რეალურია, რომ ქართულ ბაზარზე იტალიური ქვაბის სახელწოდებით ცნობილი პროდუქციის იმპორტს დისტრიბუტორები იმ ფასად ახერხებდნენ, რომ მისი საცალო ღირებულება საქართველოში მწარმოებელ ქვეყანაზე გაცილებით იაფი, მინიმუმ 1300 ლარი ღირდეს? – ერთ-ერთი სპეციალისტი (ამბობს, რომ ყველა მაღაზიასთან ურთიერთობა აქვს და ამიტომ მისთვის ვინაობის გამხელა დისკომფორტია), რომელიც ბუნებრივი აირის გამათბობლებს წლებია ამონტაჟებს, ყვება, რომ იტალიური ცენტრალური გამათბობლის ქვაბი და არც იტალიაში წარმოებული „ბატარიები“ ბათუმის ბაზარზე თითქმის არ შემოაქვთ: „შედარებით ცუდი ხარისხის ქვაბი 1000 ლარი ღირს, ცოტა უკეთესი ხარისხის – 1300 ლარი. როცა მომხმარებელი ყიდულობს, მას ეუბნებიან, რომ იაფი თურქულია, ძვირი კი – იტალიური. სინამდვილეში ორივე თურქულია, ოღონდ ერთი კარგი ხარისხისაა, მეორე შედარებით ცუდი. ბაზარზე არის გერმანული ქვაბებიც, ოღონდ ეგ გაცილებით ძვირი ღირს. მომხმარებელს ნამდვილად არ შეუძლია იმის გარჩევა, რომელია იტალიური და რომელი თურქული წარმოების, ამას მხოლოდ სპეციალისტი განასხვავებს“.

 

 

მინდია თურმანიძე, რომელიც ასევე წლებია საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემას ამონტაჟებს, ამბობს, რომ მყიდველმა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს იმ ნივთის სერტიფიკატი, რომლის ყიდვასაც გეგმავს: „არისტონის“ ქვაბი შეიძლება იყოს იტალიური და შეიძლება –  ჩინური, ვიზუალურად ორივე ერთნაირია. სპეციალისტი მათ შორის სხვაობას იმით ხვდება, მაგალითად, სპილენძის გაყვანილობაა ქვაბში, ლატუნის თუ უბრალო რკინის, ასევე როგორია ცირკულაციის ტუმბო, წვის კამერა, პომპა… მომხმარებელმა, რომ არ მოატყუონ, მაღაზიაში აუცილებლად უნდა მოითხოვოს სერტიფიკატი. ასევე უნდა აიღოს ნივთის კოდები და ინტერნეტში გადაამოწმოს აქვს თუ არა კომპანიას ფილიალები ჩინეთსა ან თურქეთში. თუ ასე მოიქცევა, შეცდომას აღარ დაუშვებს“.

 

 

მინდია თურმანიძე იტალიასა და საქართველოში არსებულ ფასთა სხვაობას, მაგალითად, ცენტრალური გათბობის ქვაბებზე, შემდეგ ახსნას უძებნის: „იტალიაში ფირმა გარანტიაზე პასუხისმგებლობას იღებს 15-20 წლის მანძილზე, ჩვენთან კი – 3 წელიწადზე. ალბათ, იმიტომაც ღირს იქ გაცილებით ძვირი. არც ის არის გამორიცხული, სერიულად რომ აძლევენ საქონელს, მაგიტომ გამოვიდეს დაბალი ფასი, ვიდრე ადგილზე, მაღაზიაში“.

 

 

მინდია თურმანიძე კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას: „მსხვილი კომპანიები პროდუქციას საგანგებოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვისაც უშვებენ. ეს არ არის იგივე ხარისხი, რაც იტალიისთვის გამოშვებულს აქვს, მაგრამ ჩინურს და თურქულს ჯობია… დრელის მაგალითზე გეტყვით – ახლობელმა ჩინეთიდან ჩამომიტანა დრელი, რომელიც ინგლისისთვის იყო გამოშვებული. აი, იმ დრელმა ასჯერ მეტი იმუშავა, ვიდრე იმან, რომელსაც საქართველოში ვყიდულობდი. არადა, ორივე ჩინეთშია დამზადებული“.

 

 

„ბათუმელებმა“ სცადა კიდევ ერთ პროდუქციასთან – კერამიკულ ფილებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა შეესწავლა. სპეციალისტებს, მათ შორის მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიებში დასაქმებულ კონსულტანტებს კომპანიების ადმინისტრაციებმა არ მისცეს მედიასთან ღიად საუბრის უფლება. პირად საუბარში კი ისინი ამბობენ, რომ კერამიკულ ფილებთან დაკავშირებითაც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაა, რაც სხვა პროდუქტთან მიმართებაში. მათი თქმით, უშუალოდ ესპანეთში წარმოებული კერამიკული ფილები ბათუმში თითქმის არ შემოაქვთ.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსთან არსებული სსიპ-ის – „ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის ირაკლი ლოჩოშვილის თქმით, ისინი მხოლოდ სამშენებლო მასალების – ცემენტის, არმატურის და ასე შემდეგ – ხარისხს ამოწმებენ. შესაბამისად, მოსაპირკეთებელი ფილების, გამათბობელი ქვაბებისა თუ სხვა მსგავსი საქონლის ხარისხის შემოწმება მათ ვალდებულებაში არ შედის.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: