ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნარკოტიკული და ფსიქტოტროპული ნივთიერებების კანონდარღვევით შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს.
სამ სექტემბერს „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან სომხეთის მოქალაქე ა.ა. შემოვიდა, რომლის ხელბარგის დათვალიერებისას 20 გრ მარიხუანა აღმოაჩინეს. ამავე დღეს „ვალეს“საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საზღვარი თურქეთის მოქალაქე მ.დ.-მ გადმოკვეთა, რომელსაც თან ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი: 19 აბი APRANAX PLUS-ი ჰქონდა.
29 აგვისტოს „სადახლო-საავტომობილოს’’ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფსიკოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 36 აბი “კარბამაზეპინი”, 4 აბი “ლირიკა“ და 2 აბი “გაბაპენტინი” აღმოაჩინეს. პრეპარატები სომხეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს ავტომობილის დათვალიერებისას იპოვეს.
საქმის მასალები შესაბამისად შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოს, სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცათ.