კვირის ამბები

ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება

04.09.2014 • 1914
ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცე იხსნება

 

 

გამოფენა  „ღრმად საბჭოთა საქართველოში, ისინი მეგობრობის სიმღერებს მღერიან“ რამოდენიმე სეგმენტისაგან შედგება. დამთვალიერებელი შეძლებს იხილოს ბათუმის ხარიტონ ახლვედიანის სახელობის  მხარეთმცოდენეობის  მუზეუმის არქივის ფოტოები და რუკები. ასევე წარმოდგენილი იქნება ვალერი (საშა) მიტიაშვილის ფოტო ნამუშევრების სერია. მიტიაშვილი 1945-1990 წლებში გაზეთ  „საბჭოთა აჭარაში“ მუშაობდა.  მისი ნამუშევრები ფაქტობრივად მთელ საბჭოთა პერიოდს მოიცავს. გამოფენაზე  წარმოდგენილი ფოტოების ძირითადი ნაწილი ყოფითი სცენებისგან შედგება. ასევე  მრავლადაა საბჭოთა ზეიმებისა და ღონისძიებების აღმბეჭდავი ფოტოები.  გამოფენა 2012 წელს SINOPALE და CHANAKALE  ბიენალეებზე იყო წარმოდგენილი.

 

მეორე გამოფენა, რომელსაც ასევე თანამედროვე ხელოვნების სივრცე უმასპინძლებს „საპასპორტო ფოტოა“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის ცნობილი ფოტო სერია „საპასპორტო ფოტო“.

 

თუში ფოტოგრაფის შალვა ალხანაიძის არქივი 1950-1975 წლებში გადაღებულ ფოტოების ორ დიდ სერიას მოიცავს: პასპორტისთვის გადაღებულ პორტრეტებს და თუშეთის სოფლებში გადაღებულ დღეობებს, ყოველდღიურ ცხოვრებას, მეცხვარეების შრომას და თუშურ პეიზაჟებს. ბათუმში 8 სექტემბერს დამთვალიერებელს 60-იან წლებში გადაღებული თუში ქალების პორტრეტების ნახვა შეეძლება.

 

თანამედროვე ხელოვნების სივრცის შექმნის იდეა ბათუმელ ხელოვანებს 2011 წელს გაუჩნდათ. რამდენიმე ხელოვანის გადაწყვეტილება და სურვილი, ბათუმში არსებულიყო თავისუფალი, მულტიმედიური სივრცე, რომელიც შეითავსებდა, როგორც საგამოფენო, ასევე საგანმანათებლო ფუქნციას წლების განმავლობაში იხვეწებოდა, იზრდებოდა და საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი არე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მედიასა და ხელოვნების მიმართულებებს. პერიოდულად სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიებები ხორციელდებოდა. 2014 წელს კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიქმნა ააიპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე, რომელსაც სამინისტრომ წლიური პროგრამული და სარემონტო სამუშაოებისათვის თანხები გამოუყო.

 

9 სექტემბერს „თანამედროვე ხელოვნების სივრცე“ კონფერენციის გამართვას გეგმავს სახელწოდებით „ხლებნიკოვის შემდეგ“. კონფერენცია ბრიტანულ ორგანიზაცია „დაშ არტთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.  პროექტის კურატორი სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი ჩარლზ მერივეზერია.  პროექტში მონაწილეობას იღებენ ხელოვანები უკრაინიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები „თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ წარმომადგენლებს უნდა დაუკავშირდნენ

გადაბეჭდვის წესი