Batumelebi | სექსუალური შევიწროება ქუჩაში სექსუალური შევიწროება ქუჩაში – Batumelebi
RU | GE  

სექსუალური შევიწროება ქუჩაში

 

თამამად ჩაცმულ ქალებს ხშირად უამრავი უხამსი კომენტარის მოსმენა უწევთ ქუჩაში, რაც ზოგიერთი მამაკაცის აზრით, ქალისთვის სასიამოვნო კომპლიმენტია. კაცებს ხშირად უკვირთ კიდეც, თუ რატომ არ უღიმიან საპასუხოდ ქალები და არ უტოვებენ ტელეფონის ნომერს. ამას ემატება საზოგადოების განწყობაც, რომელიც ასეთ დროს ისევ ქალს ადანაშაულებს იმის მიხედვით, თუ რა ეცვა მას, სად იმყოფებოდა ამ დროს და დღის რომელ მონაკვეთში გაიარა ქუჩაში.

 

 

ამერიკაელი გოგო იტალიაში. რუთ ორკინი. 1951 წელი.
ამერიკაელი გოგო იტალიაში. რუთ ორკინი. 1951 წელი.

 

სექსუალურ შევიწროებას ქუჩაში შეიძლება ბევრნაირი ფორმა ჰქონდეს: სტვენა, კოცნის ხმა, შეურაცხმყოფელი შეფასებები, ვულგარული ჟესტიკულაცია თუ უკან დადევნება. სტატისტიკის მიხედვით, სექსუალური შევიწროების მხვერპლი უმეტესად ქალები არიან.

 

გენდერის სპეციალისტი თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ თამამად ჩაცმული ქალის მიმართ მამაკაცების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება „სექსისტურია“ და იგი ფსიქოლოგიურ ძალადობადაც შეიძლება შეფასდეს. “მართალია, შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი ქართველი მამაკაცების აზროვნებაში და ბოლო დროს „სექსისტი“ მამაკაცების რაოდენობა მცირდება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, მათი რიცხვი კვლავ კრიტიკულ ზღვარზეა. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება და ეს თეზა განსაკუთრებით მამაკაცებს ავიწყდებათ”, – ამბობს ის.

 

ქუჩაში უხამსი შეფასებები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემამ Dailymail-მა და The Guardian-მა გაავრცელა კაიროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც სტუდენტი ბიჭები თავს ესხმიან ქერა ქალს, რომლის ჩაცმულობასაც, მათი გაგებით, ზედმეტად გამომწვევი შეიძლება ეწოდოს.

 

თამუნა ბაგრატია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მსგავსი სიმწვავის რადიკალურ ინციდენტებს საქართველოში ადგილი არ ჰქონია, თუმცა შორს ვართ ისეთი საზოგადოებისგან, სადაც ქალი საკუთარი თავისუფლების, უფლებებისა და შესაძლებლობების პოტენციალის ფარგლებში საზოგადოების სრულყოფილ წევრად იქნება აღქმული. ამერიკაში ორგანიზაცია Stop Street Harassment მიერ გამოკითხული 811 ქალიდან 99-მა პროცენტმა დაადასტურა ქუჩაში კაცების მხრიდან მათი სექსუალური შევიწროების ფაქტები. იგივე დაადასტურა ლონდონში, კოალიცია Ending Violence Against Women (EVAW)-ის მიერ გამოკითხული გოგოების (18-34 წლის) 43%-მა, პოლონეთში კი 2012 წელს არაფორმალურად გამოკითხული 818 ადამიანისგან (უმეტესად ქალები), ქალი რესპონდენტების 85%-ს ჰქონდა გამოცდილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური შევიწროების შემთხვევები.


ქალებზე სექსუალური ან სხვა სახის ძალადობის შემთხვევებში საზოგადოება მხოლოდ მოძალადის ბრალს როდი ხედავს, რაც კიდევ ერთი წამახალისებელი ფაქტორია კაცების მხრიდან ქალზე ძალადობისა – “მასკულინური საზოგადოება, რა თქმა უნდა, მამაკაცის ქცევას მუდამ გასამართლებელ არგუმენტს უძებნის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არგუმენტი არ არსებობს. ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზისას ვნახავთ, რომ საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ქალს ადანაშაულებს იმაში, რომ „მსხვერპლი“ გახდა” – ამბობს თამუნა. მაგალითად, ვებგვერდზე: orthodos.ge-ზე ერთ-ერთ პასუხში პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი წერს: “გაუპატიურებაში ხშირად დამნაშავეა თავად დაზარალებული, ჩაცმულობის, ქცევის, უყურადღებობის ან უფროსების დაუჯერებლობის გამო და ა.შ. ხშირად სწორედ ამგვარი წინაპირობების გამო ხდება ტრაგედია”. “მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ ქვეყანაში შეინიშნება გარკვეული პროგრესი, პრობლემა მაინც რჩება. დღეს საგანგაშო სტატიტიკა გვაქვს ოჯახური ძალადობის მხრივ, ბოლო 6 თვეში 14 ქალი იქნა მოკლული ყოფილი ქმრის ან ქმრის მიერ. საზოგადების ის ნაწილი, რომელიც ამ პრობლემებს მხოლოდ ყოფით, ინდივიდუალურ პრიზმაში უყურებს, თავად ხდება დანაშაულის მონაწილე და ხელს უწყობს დისკრიმინაციული გარემოს ფორმირებას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს სქესის ნიშნით ხელყოფს”, – ამბობს თამუნა ბაგრატია.

 

გოგოებს ბავშვობიდან ასწავლიან მოკრძალებულად ჩაცმასა და ქცევას, ბიჭებს კი არავინ ასწავლის თავშეკავებას, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეკლესია “გამომწვევად” ჩაცმული ქალის ეკლესიაში შესვლას კრძალავს ის არის, რომ მან კაცი არ აცდუნოს.

 

ეკლესიებსა თუ მეჩეთებში ხშირად შეხვდებით ქალის დრესკოდის განმსაზღვრელ ნიშნებს, რომლებიც ქალს ეკლესიაში მოკლე სახელოებიანი მაისურით, მოკლე კაბითა და შარვლით შესვლას უკრძალავს. გენდერის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში არათანაბარი მიდგომა არამარტო ჩაცმის, არამედ სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან თემებთან მიმართებაშიც გვხვდება: “საქართველოში სქესის ნიშნით სელექციური აბორტის შედეგად 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგო დაიბადა. ხოლო გოგონების განათლებაზე მეტად ბიჭების განათლებაა პრიორიტეტული”. თამუნა მიიჩნევს, რომ თუ საზოგადოების მხრიდან შეწყდება მოძალადის გამართლება და საზოგადოება იქნება დემოკრატიულ, ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობილი, მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში შეიცვლება. მისივე აზრით, კაცის ცნობიერებაში ამგვარი სტერეოტიპების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედია: “მედიის მიერ გავრცელებული პროდუქტი არ უნდა განაპირობებდეს საზოგადოებაში სტერეოტიპების გაძლიერებას და არ უნდა უწყობდეს ხელს ძალადობის წახალისებას.

 

მაგრამ ახლახან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, რომ ეს ასე არ ხდება. მაგალითად, გადაცემა, სადაც ქალი მუსიკალურ ინსტრუმენტად იყო წარმოდგენილი და რომელზეც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, რომ ქალის შეფასება მისი გარეგნული, ბიოლოგიური მახასიათებლებით, მისი ობიექტივიზაცია და „ნივთად წარმოჩენა“ არის სექსიზმი, რომელსაც დამანგრეველი შედეგების მოტანა შეუძლია ქალთა უფლებრივი მდგომარეობისთვის საქართველოში”.

 

ქუჩაში ქალის სექსუალურად შევიწროვებას მსოფლიო მასშტაბით ბევრი ჯგუფი ებრძვის, თუმცა თამუნას თქმით, გენდერული პრობლემა კომპლექსურია და საკითხიც კომპლექსურად უნდა გადაწყდეს: “რა თქმა უნდა,  ახალი თაობები ნაკლები სტერეოტიპით არიან მოცულნი, თუმცა საზოგადოების კრიტიკული მასა ტოტალურად რჩება სტერეოტიპების გარემოცვაში. საამისოდ საჭიროა ქალთა ძლიერი კონსოლიდირებული მოძრაობის, როგორც ქალთა მიღწევების შენარჩუნებისა და სოლიდარობის ინსტრუმენტის არსებობა. საკანონმდებლო ცვლილებები, საზოგადოების მეტი  ინფორმირება სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, განათლების თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ეკონომიკური შემოსავლების გათანაბრება, დისკრიმინაციული მიდგომებისა და ძალადობის აღმოფხვრა – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლებიც გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისათვის აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს, ჩემი აზრით, ბევრი არაეფექტური აქტივობა ხორციელდება, ხშირად დუბლირებული, ერთსა და იმავე სამიზნე ჯგუფებთან, რაც ხშირ შემთხვევაში, პირიქით – თემის მარგინალიზაციასაც კი ახდენს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი