კვირის ამბები

მთავრობაში დაპირისპირების შედეგები

07.09.2014 • 1504
მთავრობაში დაპირისპირების შედეგები

 

 

 

რა სახის დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე და ეს დაპირისპირება გამოიწვევს თუ არა აჭარის ხელისუფლებაში პოლიტიკურ კრიზისს? რამ გააღიზიანა “მურმან დუმბაძის გუნდი”, – როგორც ისინი საკუთარ თავს უწოდებენ? არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ სხვადასხვა სამთავრობო შტოებს შორის კინკლაობა, სადაც ერთი მხარის პოზიცია უკავია პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აზარალებს პროცესს. 

 

 

“თუ ვინმე მიიჩნევს, რომ უსამართლოდ გაათავისუფლეს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს დეპუტატის განცხადებას, ის ცოტა აბსურდული მეჩვენება. რას ნიშნავს მურმან დუმბაძის გუნდი? – მურმან დუმბაძე არ არის ცალკე პოლიტიკური სუბიექტი, ის არის “ქართული ოცნების” წევრი და ცუდად ჰქონია “ქართულ ოცნებას” საქმე, თუ გუნდებად არიან დაყოფილები. ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადება კი ამაზე მიუთითებს. ასევე, ცუდია თუ მურმან დუმბაძე აყალიბებდა აჭარის აღმასრულებელ ხელისუფლებას. ანუ სხვადასხვა თანამდებობაზე მისი კადრები მუშაობდნენ და ახლა არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი გათავისუფლება. ამის მოსმენა არ არის სასიამოვნო”.

 

 

ასლან ჭანიძე კიდევ ერთ ალოგიკურობაზე ამახვილებს ყურადღებას: “ითქვა, რომ ზოგიერთი რგოლი ცუდად მუშაობდა და ეს რგოლები იყო სამინისტროს შემადგენელი. მაგრამ თუ ისინი არაეფექტურად მუშაობდნენ, მათ ჰყავდათ ხელმძღვანელები მინისტრების სახით, რომლებსაც ევალებათ ეფექტურობის უზრუნველყოფა. თუ ორი წლის განმავლობაში ეს რგოლები არაეფექტურად მუშაობდნენ და დღეს დაასკვნეს ამის შესახებ, გამოდის უფრო სერიოზული პრობლემა ყოფილა აჭარის მთავრობაში. მით უფრო ყველამ ერთად მოვისმინეთ, რომ “არაეფექტურად მომუშავეებთან” მიდის მოლაპარაკება და მათ სხვადასხვა თანამდებობაზე უპირებენ დანიშვნას”.

 

 

ასლან ჭანიძის აზრით, დაპირისპირებული მხარეების მდგომარეობა “სასაცილო იქნებოდა”, რომ არა იმის რისკი, რომ მათ ქიშპობას უნდა გადააყოლონ რეგიონის განვითარება: `თუ ვსაუბრობთ ამ რგოლების არაეფექტურობაზე, მხოლოდ დაბალი რანგის ჩინოვნიკზე პასუხისმგებლობის დაკისრება არ არის სწორი. განცხადების დონეზე კარგია იმის თქმა, რომ სუსტი რგოლი იყო, იქნებ ხელმძღვანელშია პრობლემა? – ანალიზი არ გაკეთებულა. ჩვენ გვქონდა მხოლოდ მთავრობის თავმჯდომარისა და უმაღლესი საბჭოს მხრიდან სუბიექტური შეფასებები. მე მახსოვს, მაგალითად, როდესაც ჩვენ გარკვეულ საკითხზე გვქონდა პრეტენზია ბიძინა აფხაზავას და მისი სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, გვპასუხობდნენ, რომ ის არის წარმატებული და ეფექტურად მუშაობს. მაშინ ძალიან მოსწონდათ მისი მუშაობა, რა მოხდა ერთ დღეში?”

 

 

ასლან ჭანიძეს სურს მიიღოს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან მას არ აინტერესებს ვინ ვისი გუნდის წევრია: “სულ იყო საუბარი, რომ ეს იმის გუნდის წევრია, ეს ამის… ახლა ამას თვითაღიარება მოჰყვა: აღმოჩნდა, რომ მურმან დუმბაძის შერჩეულმა კადრებმა არ გაამართლეს და არჩილ ხაბაძემ გადაწყვიტა მათი ჩანაცვლება… ეს უკვე “ქართული ოცნების” პრობლემაა. როდესაც კოალიციის წევრი ამბობს, რომ მთავრობის იმპიჩმენტით გადაყენებას აპირებს, გამოდის, რომ პარტიაშია პრობლემები. შესაბამისად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯანსაღი პროცესები არც პარტიაში მიმდინარეობს”.

 

 

აჭარის კონსტიტუციის მიხედვით, იმისთვის, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, მინიმუმ 7-მა დეპუტატმა წერილობით უნდა მოითხოვოს უნდობლობის პროცედურის დაწყება. განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში უმაღლესმა საბჭომ არაუგვიანეს 30 დღისა კენჭი უნდა უყაროს მთავრობის თავმჯდომარის უნდობლობის გამოცხადების საკითხს.

 

 

იმისთვის, რომ მთავრობის თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადო, საჭიროა ხმების 2/3, ამ შემთხვევაში საჭიროა უმაღლესი საბჭოს 14 წევრის ხმა. თუ საკითხი ჩავარდება სხდომაზე, 6 თვის განმავლობაში ხელახლა უნდობლობის გამოცხადების პროცედურის უფლება დეპუტატებს არ ექნებათ.

 

 

“თავისუფალი დემოკრატები” იმპიჩმენტის დაყენების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, იგივე მოსაზრება აქვთ “ნაციონალებსაც”, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ერთი წევრი ოპოზიციიდან იმპიჩმენტის პროცედურის მხარდაჭერას გეგმავს. მან გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ `მთავრობის გადასაყენებლად ნაციონალებთან გარიგება უზნეობად მიაჩნია”.

 

 

ახლა კი იმ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელმაც ორწლიანი ფარული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოიტანა:

კვირის დასაწყისში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან მანელიშვილი, სამინისტროს ახალგაზრდული და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ ნაგერვაძე და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა გაათავისუფლა.

 

 

მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია “ფეისბუქის” საშუალებით გაავრცელა შპს “ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის” დირექტორმა ლევან ჯინჭარაძემ, რომელიც დეპუტატ მედეა ვასაძის მეუღლის ძმაა. მან დაწერა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა, “მინისტრების მინისტრი” თამაზ ხაბაძე ებრძვის.

 

 

ამავე დღეს არჩილ ხაბაძემ მაია ივანიშვილი – თავისი ყოფილი მრჩეველი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსად დანიშნა. ამ სამმართველოს მანამდე ხელმძღვანელობდა გურამ სალაძე, რომელიც უკვე პატიმრობაშია. ის მურმან დუმბაძის კადრი იყო.

 

 

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის ვაკანტური თანამდებობა  ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა რუსლან ქორიძემ დაიკავა. საგზაო სამმართველოს უფროსად ქობულეთის ყოფილი გამგებელი გია რომანაძე დანიშნეს. საგზაო სამმართველოს ყოფილ უფროსს კახა შაშიკაძეს კი აჭარის მთავრობაში ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს. ამ თანამდებობაზე სულხან ოქროპირიძე მუშაობდა, რომელიც ახლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეა.

გადაბეჭდვის წესი