სიახლეები

არჩილ ხაბაძის შანსი

08.09.2014 • 1378
არჩილ ხაბაძის შანსი

 

ასლან ჭანიძე, იურისტი
ასლან ჭანიძე, იურისტი

ბატონო ასლან, უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ შესაძლოა, აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყონ. აჭარის კონსტიტუციის 30-მუხლის მიხედვით უმაღლეს საბჭოს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი დაუჭერს მხარს მთავრობის გადადგომას.   როგორ ფიქრობთ, რა შანსი აქვს არჩილ ხაბაძეს ან იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვინც აჭარის მთავრობას დაუპირისპირდა? 

 

 

თუ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დაიწყება, კონსტიტუციის მიხედვით, უმაღლესმა საბჭომ არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, უნდა შეძლოს უმაღლესი საბჭოს ორი მესამედის ხმების მოპოვება, რომ მთავრობა გადამდგარად ჩაითვალოს. მაგრამ, თუ კი პროცედურების დაწყებიდან ერთი კვირის შიგნით არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან გადააყენებს, ვთქვათ, ორ მინისტრს, უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის პროცედურას ვეღარ გააგრძელებს, არჩილ ხაბაძე კი უმაღლეს საბჭოს ახალ მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო ორჯერ უარს ეტყვის ხაბაძეს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებაზე, პროცესში ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თანხმობით შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუკი ის ჩათვლის, რომ უმაღლესი საბჭო ამ ქმედებით ხელს უშლის სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებების ნორმალურ განხორციელებას, მთავრობის თავმჯდომარე კი თანამდებობას ახალი უმაღლესი საბჭოს არჩევამდე და უფლებამოსილების ცნობამდე შეინარჩუნებს. 

 

 

როგორ ფიქრობთ, გამოიყენებს არჩილ ხაბაძე ამ შანსს?

 

 

არ ვიცი, არჩილ ხაბაძე რას გადაწყვეტს, ალბათ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, მაგრამ თუ იმ დეტალებს გათვლიან, რომ შეიძლება ე.წ „მურმან დუმბაძის გუნდმა“ ვერ შეძლოს ორი მესამედის ხმების შეგროვება უმაღლეს საბჭოში, რაც საჭიროა მთავრობის დასათხოვად, მაშინ შეიძლება არც მინისტრები გაათავისუფლოს. მაგრამ ფაქტია, რომ ვერც უმაღლესი საბჭო გააგრძელებს არსებობას, თუკი ისინი არ დაამტკიცებენ ახალ მთავრობას.

 

 

როგორ ფიქრობთ, უმაღლესი საბჭოს იმ გუნდს, ვინც მთავრობის უნდობლობის გამოცხადებაზე საუბრობს, ეს დეტალები  არ აქვს გათვლილი? რას იგებს ამ პროცესის წამოწყებით ეს პოლიტიკური ჯგუფი?

 

 

 ვფიქრობ ვერაფერს, რადგან თუკი მოხდა ისე, რომ არჩილ ხაბაძემ გადააყენა მინისტრები, უმაღლესი საბჭო ვეღარ დაითხოვს მთავრობას. საპირისპირო შემთხვევაშიც კი, თუკი მთავრობის გადაყენება შეძლეს, მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს და ეს შეიძლება ისეც ხაბაძე იყოს ან სხვა, რომელიც არავინ იცის, მისაღები იქნება თუ არა ამ ჯგუფისთვის. თუკი უმაღლესი საბჭო პრეზიდენტსაც ორჯერ ზედიზედ უარს განუცხადებს კანდიდატის დამტკიცებაზე, პრეზიდენტს ამ შემთხვევაშიც შეუძლია დაითხოვოს უმაღლესი საბჭო.  

 

 

უმაღლესი საბჭოს ის გუნდი, რომელიც ხაბაძეს და მის მთავრობას უპირისპირდება, დღემდე უკმაყოფილებას არ გამოხატავდა მის მუშაობაზე და ამბობდა, რომ მოსწონდა მთავრობის მუშაობა. თუკი მთავარი ბრძოლა კადრების შენარჩუნებაზე და პოლიტიკური გავლენების გადანაწილებაზე მიდის, რამდენად სწორი სტრატეგია აირჩია ამ ჯგუფმა? 

 

 

ერთი ან ორი ადამიანის გათავისუფლებას უნდობლობაზე საუბარი არ უნდა გამოეწვია, უკეთესი იქნებოდა ის გაერკვიათ, რატომ გაათავისუფლა ის კადრები, რადგან თუ სუსტი რგოლები არსებობდა, უნდა გაერკვიათ, რაში გამოვლინდა ეს სისუსტე. საზოგადოებაში გაჟღერდა და ვფიქრობ დამაჯერებელი არგუმენტია, რომ დაპირისპირებულ ჯგუფს სურს პოლიტიკური წონის წარმოჩენა. თუმცა რამდენად შეძლებენ ამას, სხვა საკითხია. ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ისინი წაგებულ მდგომარეობაში არიან, რადგან თუ მთავრობის გადასაყენებლად ვერ დააგროვებენ ხმების ორ მესამედს, მათი პოლიტიკური წონა თავიანთი პოლიტიკური პარტნიორების თვალში დაიკლებს და მეორე, შესაძლებელია არჩილ ხაბაძემ სამართლებრივი ბერკეტი გამოიყენოს, პრევენციაზე ითამაშოს და ორი მინისტრის გათავისუფლებით მთავრობის გადადგომის საკითხი შეაფერხოს, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ის, რომ უმაღლესი საბჭოს ამ კონკრეტულ ჯგუფს კარგად არ ჰქონდა პროცესები და შედეგები გათვლილი და ესეც მათ პოლიტიკურ წონაზე აისახება. 

 

 

როგორ ფიქრობთ, ვინ დარჩება ამ დაპირისპირებით მოგებული?

 

 

ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი უდევს და შესაძლებელია ეს გახდეს   შემდგომი პოლიტიკური გარიგებების საფუძველი, ეს შეიძლება იყოს როგორც საკადრო, ასევე სხვა რამ. თუმცა, ვინ გააკეთა სწორი გათვლა, არჩილ ხაბაძემ თუ უმაღლესი საბჭოს იმ ჯგუფმა, რომელმაც პროვოცირება მოახდინა ამ თემის, ამას დრო გვიჩვენებს. ამ დაპირისპირებიდან გამარჯვებული გამოვა მხოლოდ ერთი, რადგან აქ ზავზე ან ფრეზე საუბარი არ არის, ერთ-ერთის პოლიტიკური წონა აუცილებლად დაიკლებს. საზოგადოების თვალში ორივე მხარის მიმართ ნდობა შემცირდება.

გადაბეჭდვის წესი