კვირის ამბები

თაკო მექვაბიძე ზაფხულის მოდასა და კარიერაზე

05.09.2014 • 3898
თაკო მექვაბიძე ზაფხულის მოდასა და კარიერაზე

 

 

თაკო მექვაბიძე შვილთან ერთად
თაკო მექვაბიძე შვილთან ერთად

 თაკო, როგორია წელს საზაფხულო მოდა, რა არის აქტუალური?

 

 წელსაც აქტუალური პასტელური ფერები, 3D ქსოვილები. სილუეტი 60-იანი წლებიდანაა აღებული. კლასიკურისა და სპორტულის კარგი შეხამებაა, “ქეჟუალ” (ყოველდღიურ) კაბასთან შეგვიძლია ჩავიცვათ ბოტასები, ამ ორი სტილის შეხამება ძალიან საინტერესოა. მოდაშია ჩაღილული კაბები, როგორც მოკლე, ასევე კოჭამდე, ტოპმაისურები, მაღალწელიანი შორტები, ჭილოფის ქუდები.

 

 როგორი სამოსი უხდება ბათუმს ზაფხულში?

 

 პირველ რიგში ჰაეროვანი, გამჭვირვალე, მაგრამ არა ვულგარული სამოსი. უხდება პასტელის ფერები, ბათუმი თვითონ გვავსებს თავისი მრავალფეროვნებით, მას აღარ სჭირდება რაიმე ზედმეტი, ამიტომაც არ უხდება მკვეთრი ფერები.

 

რაც შეეხება ფეხსაცმელს და ჩანთას?

 

 ჩემი ფეხსაცმელები წელს არის ოდნავი პლატფორმა გაერთიანებულ ძირზე, თასმებით. ესპადრელები ტანგეტკაზე არის ტენდენციური წელს მთელს მსოფლიოში. უკვე დავუბრუნდით წვრილ ქუსლსა და ფეხსაცმლის წვრილ ცხვირს, ბათუმშიც აქტუალურია უკვე ეს ფეხსაცმელი, თავიდან მეც ძალიან მეხამუშა, მაგრამ მერე შეეჩვია თვალი. ჩანთები კი არის მომრგვალებული ფორმის და ჭრელი.

 


 აქსესუარები ისევ აქტუალურია?

 

 რა თქმა უნდა, წელს უფრო მეტადაც, სამი წელია ვმუშაობ თავსაფრებზე, წელს ისეთი ამბავია ჩემს `აბადოკებზე~, რომ დამზადებას ვერ ვასწრებ, ადრე ყვავილებით ვაკეთებდი, მაგრამ ეს ისე გააპლაგიატეს, აღარ მიღირს, ახლა მხოლოდ თვლებით ვაკეთებ, წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა, ყველას ხელით ვაკეთებ, ჩემი ნივთებით განსაკუთრებულად უცხოელები ინტერესდებიან, სადა კოსტიუმს ძალიან ავსებს.

 

 რომელი ქალაქია საქართველოში თქვენი შეფასებით ყველაზე მოდური?

 

 ყველასთვის ცნობილია, რომ მთელს საქართველოში სიახლე შედიოდა აფხაზეთიდან და ბათუმიდან, ამის მიზეზი იყო ზღვა, უამრავი უცხოელი ჩამოდიოდა, მათ კი კულტურული ცვლილებებიც შემოჰქონდათ. დაახლოებით რვა წლის წინ თბილისში შორტი მიუღებელი იყო, ბათუმში ყოველთვის თამამად იცვამდნენ, თბილისში კი ახლა დაიწყეს მისი ჩაცმა. დღეს მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ თბილისში ბევრი გემოვნებით იცვამს, თუმცა ქალაქის მოცულობის გამო ისე აშკარად არ ჩანს, როგორც აქ. ბათუმი პატარა ქალაქია, გადაადგილებას არ სჭირდება ბევრი დრო, აქ უფრო ბევრს ნახავთ გამოპრანჭულს, ვიდრე თბილისში, ამიტომაც მე უფრო ბათუმი მგონია მოდური ქალაქი.

 


 რაზე მუშაობთ ახლა?

 

 ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ჩემი კარიერა უფრო წინ წავწიო, კომერციული თვალსაზრისით ვარ დაკავებული, ტურისტულ სეზონზე ბევრი უცხოელი ჩამოდის, ჩემი ხაზის მიმართ მათ განსაკუთრებული მოთხოვნა აქვთ, ახლა ბანკეტების პერიოდია, უამრავი შეკვეთა მქონდა. გუშინ ჩემი კოლექცია გადაიღეს ლოს-ანჟელესიდან ჩამოსულმა რეჟისორებმა, რომლებიც ბათუმზე იღებენ პრომოს, მათ აქვთ გადაღებული “ფერარის” და სხვა მრავალი ძვირადღირებული კომპანიის კლიპი, ვფიქრობ, ხარისხიანი პრომო გამოვა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მოხვდა ამ პრომოში, პრეტაპორტე, სულ ოთხი კოსტიუმი, საცურაო კოსტიუმი, მოკლე სარაფანი თავისი შლაპით და ორიც საღამოს კოქტეილის კაბა. დიდი ხანია ვმუშაობ ყვავილებით, ბოლო პერიოდში კი ძალიან აქტუალური გახდა. ხელოვნურ ყვავილებს მე თვითონ ვაკეთებ, მერე კი თემატურად ხელით გადამაქვს სამოსზე, ამ კოლექციაშიც ნამუშევრები ყვავილებით იყო. ჩემს სამოსზე ყოველთვის ვტოვებ ხელწერას, როცა რაიმეს ვქმნი, ვფიქრობ აუცილებელია, მას ეტყობოდეს დიზაინერის ხელი.

 


 ბოლოს სად გქონდათ ჩვენება?

 

 საკუთარი ჩვენება ჯერ არ მქონია, იმიტომ, რომ ჯერ ეს არ მინდა, ვაპირებ რაიმე გრანდიოზული გავაკეთო, ჯერ კი მაგის თავი არ მაქვს. ჩემი კოლექციები გამაქვს თბილისის `ფეშენ ვიქზე~, შოურუმებზე, ბოლო ჩვენება მქონდა ბათუმის სეზონის გახსნაზე, ტურიზმის დეპარტამენტმა მიმიწვია, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარვადგინე, რომელიც კუბური მუსიკის ფონზე ვაჩვენეთ. ეს იყო უბრალოდ ჩემი თანამონაწილეობა, ვიდრე ჩვენება.

 

 მუშაობთ ქალისა და ბავშვების ხაზზე, ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

 

 არა, კვლავ ვაგრძელებ ამ ხაზზე მუშაობას. ჩემი ქალი კვლავ რჩება ჰაეროვანი, ღია და ნათელი, უფრო ზღვის ქალია და ამ ქალაქის, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო ყოველთვის იყო ბათუმი. მიყვარს გამოსასვლელ კაბებზე მუშაობა, აქ უფრო ჩანს დიზაინერის შტრიხი.
პატარებთან მუშაობა მომწონს, მყავს მუდმივი კლიენტებიც, რაიმე გამოსვლა თუ აქვთ ან დაბადების დღე, მშობლებს ეუბნებიან, თაკოსთან წამიყვანეთო. თან ყოველთვის იციან, როგორ უნდა ჩაიცვან, პრეტენზიულები არიან, თვითონ გახატინებენ, მათ ყველა პრეტენზიას ვუსრულებ.

 

ბათუმში სამუშაოდ გადმოსვლას ხომ არ ნანობთ?

 

ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, აქ გავიზარდე, მაგრამ თბილისში დიდი ხანი მომიწია დარჩენა, იქ დავფუძნდი, მიცნობდნენ, გამიჭირდა წამოსვლა, გადმოვედი მეუღლის სამსახურის გამო. მაშინ ვფიქრობდი, რომ ორ-სამ წელში უკან დავბრუნდებოდით, მაგრამ იმდენად კარგად ამეწყო აქ საქმე, რომ აღარ წავალ, აქ მაქვს ჩემი სამყარო, რომ მივდივარ სადმე, აქაურობა მენატრება, ჩემს ქალაქში მაქვს ჩემი საქმე, თან, ვფიქრობ, წარმატებული. 

 

 

 ორი შვილის დედა ხართ, როგორ ახერხებთ პარალელურად ასეთ აქტიურ მუშაობას?

 

 რომ არა ჩემი ოჯახის მხარდაჭერა, ვერაფერს მოვახერხებდი, ყველა ხელს მიწყობს, იციან რაოდენ ძვირფასია ჩემი საქმე, თუ ოჯახი არ არის შენი მხარდამჭერი, ვფიქრობ, ვერ იქნები წარმატებული. ჩემი მეუღლე მხარში მედგა ყოველთვის, რჩევებსაც მაძლევს, თავიდან ვბრაზდები, მაგრამ მერე მაინც ვითვალისწინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მისი აზრი.

 

 რას ურჩევდით მომავალ დიზაინერებს?

 

ვურჩევ, ბევრი იმუშავონ, ეს პერიოდი კარგად გამოიყენონ, რადგან ამ პერიოდში ბევრი რაღაცის შესრუტვა ადვილად შეუძლიათ. თუ უყვართ ეს პროფესია, იშრომონ წარმატებისთვის. ჩემთვის კარგი იქნება, ბევრი დიზაინერი თუ იმუშავებს ბათუმში, კონკურენტული გარემო გამომაცოცხლებს, უფრო მიზანდასახულს გამხდის. ყველას თავისი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა გააჩნია, როგორ პროდუქტს შექმნი და როგორ შესთავაზებ ამას მომხმარებელს.

 

თაკო მექვაბიძე
თაკო მექვაბიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: