ნეტგაზეთი • RU

„დღესაც მეშინია იმ დღეების გახსენების“

 

„ეს ამბავი 1951 წელს მოხდა. მეოთხე კლასში ვიყავი, გაკვეთილზე ვიჯექი, როცა პოლიციელები თავზე დამადგნენ და წამომიყვანეს. ჩემს და-ძმებსაც ასე მოექცნენ. სახლში მოსულს კიდევ შვიდი სალდათი დაგვხვდა, უნდა წაგიყვანოთო – გვითხრეს. საშინელ მდგომარეობაში ჩავარდით, ბათუმშიც კი არ ვიყავით ჩამოსული, რომ გავიგეთ გადასახლებას გვიპირებდნენ, ერთი წივილ-კივილი ატყდა სახლში. ჩემი 28 წლის ძმა დაოჯახებული იყო და ცალკე ცხოვრობდა. როცა ჩვენი ამბავი გაიგო, თავს იკლავდა, მეც წამიყვანეთო, მაგრამ დატოვეს. ჩვენ ის უკანასკნელად იმ დღეს ვნახეთ, რადგან დარდისაგან ერთ წელიწადში გარდაიცვალა“.

 

 

შუშანა ტარიელაძე – რეპრესირებული

 

ეს შუშანა შარაშიძისა და მისი ოჯახის ისტორიაა. ახლა ის მეუღლის, ტარიელაძის გვარს ატარებს. თითქმის ყველა ისტორია იწყება ცრემლით და ასევე მთავრდება. წარსულის გახსენებაზე მასაც ცრემლი ადგება თვალზე. „მე რომ ნაწვალები ვარ, ენით ვერ აღწერ. რომ გამახსენდება, ასე მოვიტირებ ხოლმე“ – გვეუბნება ის. არ იცის რატომ გამოარჩიეს მთელ სოფელში მხოლოდ მისი ოჯახი. „მშობლები არც „მავნებლები“ (ასე ეძახდნენ მაშინ საბჭოთა კავშირის მტრებს) მყოლია და არც სხვა ბოროტება ჩაუდენიათ. ერთი ჩვეულებრივი გლეხის ოჯახი გვქონდა, შუახევში, სოფელ ვანში ვცხოვრობდით. მიწაზე ვშრომობდით და ვცხოვრობდით წყნარად“ – გვიამბობს შუშანა.

მშვიდი ცხოვრება რეპრესიებმა დაასრულა. დაიწყო მტანჯველი გზა. „სატვირთო მანქანებით ბათუმში წაგვიყვანეს, შემდეგ კი ეშელონებში გადაგვიყვანეს… რა შეიძლება მოხდეს, რომ ეგ დღეები დამავიწყდეს. დიდი და პატარა გაყინულ, ბინძურ ვაგონებში შეგვყარეს. 14 საშინელი დღე გავატარეთ შიმშილსა და სიცივეში. ყინულის ლოლუები ეკიდა ვაგონებს. ბავშვები ვიწრო ფიცრებზე ვიწექით და სულ ძირში ვცვიოდით“.

ვაგონს მოჰყვა მიწის ქოხები. ყაზახეთის მკაცრი კლიმატი ახალ სატანჯველად იქცა. „სიცხისგან ავად გავხვდი, სახე დამისკდა და სისხლი მდიოდა. წყალი ბინძური იყო, დასალევად უვარგისი, ალბათ ორგანიზმიც გამომიშრა. მეზობლები მშობლებს ეუბნებოდნენ, საზამთრო რომ მოვა, აჭამეთ და კარგად გახდებაო. ერთი წელი მიწაზე გვეძინა ხუთ ბავშვს, მშობლებს რა დააძინებდათ, შიშისგან გული უსკდებოდათ ქვეწარმავლებს ან რამე სხვა მცოცავებს არ დავეკბინეთ. ბოლოს მამაჩემმა თქვა, ასე შვილები დამეხოცებაო და საბჭოს თავმჯდომარესთან მივიდა და ფიცრები გამოართვა. იმით სამი საწოლი დადგა და ცოტა შეღავათი მოგვეცა. რომ წამოვედით, მეზობლებს დავუტოვეთ, გაგიჟებულები იყვნენ, ეს რა ვნახეთ, რა გვეღირსაო“.

შუშანა ტარიელაძე მძიმე ფიზიკურ შრომასაც ტკივილით იგონებს: „მიწა ისეთი ცხელი იყო, ოხშივარი ასდიოდა, წყლით ვრწყავდით, ცოტა რომ გაგრილებულიყო, ამას მე ვაკეთებდი, კილომეტრიდან ვზიდავდი და მიწაზე ვასხამდი, მერე ვხვეტავდი. ათ წუთში ისევ მოსარწყავი იყო. ჩემი და-ძმები ლამის დაიხოცნენ პლანტაციებში მუშაობით, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მშიერი მოვკვდებოდით. ისედაც არაფერი იყო, ცარიელ სიმინდს თუ შეჭამდი“.

შიმშილსა და სიდუხჭირეს ყველა გადასახლებული ოჯახი განიცდიდა: „უჭირდათ მეზობლებსაც, ზოგი დარდისგან მოკვდა, ზოგიც – ავადმყოფობისგან. ექვსი ადამიანი დავმარხეთ. ერთი ახალგაზრდა ქალი იყო, 30 წლის. ქმარი ჯარში ჰყავდა, შვილი კი სოფელში დატოვა და დარდისგან მოკვდა. ბავშვი რომ გაიზარდა, მოიკითხა დედის საფლავი“.

„უდანაშაულო ვართ, დაგვაბრუნეთ სამშობლოში“ – ამ შინაარსის წერილი სტალინის სახელზე, კრემლში ორი წლის შემდეგ გაიგზავნა. „წერილი ვინც მოიტანა, ის კაცები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, კავკასიაში მიდიანო. ეს რომ გავიგე, წერილი გულში ჩავიხუტე, ლამის გავგიჟდი სიხარულით. მალე სტალინი გარდაიცვალა და ისევ დავდარდიანდით, გვეგონა აღარ დაგვაბრუნებდნენ, მაგრამ შემდეგ სხვებიც გამოუშვეს.

სოფელში სახლი დანგრევას გადაურჩა, რადგან ჩემი საბრალო ძმის ცოლ-შვილი ცხოვრობდა. რა უნდა გვექნა, ისევ გავაგრძელეთ ცხოვრება, გავზარდეთ ობოლი ძმისშვილებიც, მაგრამ იმ დღეების გახსენების დღესაც მეშინია“.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, რუბრიკა: სტალინური რეპრესიები