ექსკურსია ბათუმში ორსართულიანი ავტობუსით

 

 

ტური ჩაწერილია სამ ენაზე: ინგლისური, თურქული და რუსული. უახლოეს მომავალში ტურები ქართულ და უკრაინულ ენებზეც დაემატება. საექსკურსიო ტური ბათუმის მთელ ტერიოტორიაზე მოეწყობა.

ავტობუსი სასტუმრო რედისონის ტერიტორიიდან გავა  ყოველ ერთ საათში, ბილეთის ფასი 20 ლარია, ბავშვებისთვის 15 ლარი.

  

Open Batumi უკრაინული Open Kiev-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან არის ორსართულიანი ავტობუს–კაბრიოლეტის ოპერატორი ქალაქ კიევში.

 

 

 

 

„ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი ბათუმში პოლიციელის ცემაზე

 

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ინციდენტი  ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე 26 ივნისს მოხდა. პოლიციის ცემასა და შეურაცხყოფაში ბრალდებულები, რაულ თავართქილაძის ინფორმაციით, სავარაუდოდ, სპორტსმენები არიან. რაულ თავართქილაძე ასევე ირწმუნება, რომ ბრალდებულები მინისტრ ჭიკაიძის ახლობლები არიან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტთნ დაკავშირებით გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს, ინციდენტის დროს პოლიციის თანამშრომელი სამსხურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, სხვა კითხვებს კი ამ დროისთვის შს სამინისტროში არ პასუხობენ. 

 

ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის” შეგროვებაში ბრალდებული წამებაზე საუბრობს

 

 

 „ბატონო მოსამართლე, გთხოვთ მათქმევინოთ… კარცერში ვარ გამოკეტილი, იქ, სადაც სჯიან პატიმრებს. ჰაერი არ მყოფნის… ნათიამ, რომელიც ციხის ექიმია, მირჩია, რომ თქვენთვის მეთხოვა გირაოს შეფარდება… ცოცხლად მკლავენ… პასპორტს პოლიციას ჩავაბარებ, არ მივიმალები, მე უკურნებელი სენით ვარ ავად, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, თუ საჭიროა ვთხოვ ექიმებს და წერილს გამოვაგზავნინებ თქვენთან“, – უთხრა 30 წლის განსასჯელმა მოსამართლეს. 

 

მისმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ კი, პატიმრის საქმეში არსებულ ჯანმრთელობის ცნობაზე გააკეთა აქცენტი და მოსამართლეს სთხოვა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეცვალოს. სანაცვლოდ ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა ბრალდებულის სახლის იპოთეკით დატვირთვა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდა, პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ გამოცხადება და პასპორტის პოლიციისთვის ჩაბარება:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მარჯვენა ფილტვის დაავადება, ტუბერკულოზის B+ ფორმა აქვს, ეს დაავადება არ იკურნება. საპყრობილეში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დახურული ტიპის დაწესებულებაში მისი ყოფნა საშიშია, როგორც მისი სიცოცხლისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის, მას სჭირდება მკურნალობა… ახლაც მას აირწინაღი უნდა ეკეთოს, რადგან მეც საშიშ მდგომარეობაში ვარ… დაავადება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის“…
პატიმრობის გირაოთი შეცვლას პროკურორი შოთა ხორავა არ დაეთანხმა.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატისა და ბრალდებულის შუამდგომლობის შემდეგ თქვა, რომ ის ცუდად ერკვევა „სამედიცონო ტერმინოლოგიაში“: „თუ ასეთი რთულია ეს დაავადება, ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი დაცვის მხრიდან, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იყოს საქმეში. ჩემთან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სამედიცინო ცნობაა. ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულს შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს სასამართლომ, მას გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან ვერ გავათავისუფლებ“…

 

მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის ყველა შუამდგომლობა და საქმეს დაურთო მათი მტკიცებულებები. ოთხ ტომად შეკრულ საქმეში ინახება ვიდეომასალა, რომელიც გამოძიების მიერაა მოპოვებული. ვიდეომასალის გასაჯაროების უფლება ადვოკატებს არ აქვთ. დავით ჯაფარიძის ვარაუდით, ვიდეომასალის გასაიდუმლოება იმიტომ გადაწყვიტა პროკურორმა, რომ ის გაყალბებულია, შესაბამისად, მასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ ვიდეოში ხმები სავარაუდოდ გაყალბებულია, მაგრამ იმის გამო, რომ მასალები გასაიდუმლოებულია, დაცვის მხარე ექსპერტიზას ვერ ატარებს.
30 წლის განსასჯელის საქმეს, რომელიც მოსამართლეს საპყრობილეში გაუსაძლის პირობებზე ესაუბრა, ომბუდსმენის აპარატი სწავლობს. ისინი რამდენიმე დღეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით მიმართავენ, მანამდე კი სხვა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. მაგალითად, ნამდვილად იმყოფება თუ არა პატიმარი კარცერში, ამ კითხვაზე `ბათუმელებს~ ვერ პასუხობენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენს წერილობით თავად პატიმარმა მიმართა.
ადვოკატის დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, ციხეში გაუსაძლისი პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმარმა შესაძლოა საჩივარი ევროსასამართლოში გააგზავნოს.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმარი კარცერშია მოთავსებული: “ის იმყოფება ისეთივე საკანში, როგორშიც სხვები და კარცერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.
ხუთივე დაკავებულს კანონიერი ქურდობის წევრობის გარდა ბრალი თანხის გამოძალვაშიც ედება (ოთხი ბრალდებული ბათუმის #3 საპყრობილეში იმყოფება). მოსამართლემ პატიმრებს უთხრა, რომ სახელმწიფო მათ ედავება ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას და ე.წ. „ობშიაკების შევსებას ძალადობრივი გზით“. სასამართლო დარბაზში პატიმრებს ბადრაგთან ერთად ნიღბიანი სპეცრაზმელები იცავდნენ.
ერთ-ერთი განსასჯელი 28 წლისაა, ის და კიდევ ოთხი მასთან ერთად დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
კიდევ ერთმა განსასჯელმა თამარ ბეჟანიშვილს ჰკითხა, `რომელმა მოსამართლემ გასცა ნებართვა მათი ფარული მიყურადების“. მოსამართლემ პატიმარი შეაჩერა და უთხრა, რომ ამ სხდომაზე მსგავს საკითხს არ განიხილავენ.

 

განსასჯელებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. მეორე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი (სსკ 181-მუხლის მეორე ნაწილი _ გამოძალვა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

როგორ შეიძლება შეუწყოს ხელი მერიამ სასტუმროების მუშაობას

 

„ჩვენ ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმის განვითარებაზე, შესაბამისად სასტუმროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. არის პრობლემები, რომელზეც სამომავლოდ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, არის რიგი საკითხები, რომელთა დარეგულირება შეუძლია მერიას“ – განაცხადა გიორგი  ერმაკოვმა.

 

ნონა მარკარიანმა, სასტუმრო „გალოგრეს“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატთან რამდენიმე საკითხზე აპირებს საუბარს: „ბევრი პრობლემა არსებობს, ეკოლოგიიდან დაწყებული, გადასახადებით დამთავრებული, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შეღავათები სასტუმროებისათვის, ძალიან ბევრი გადასახადებია, შესაბამისად ამას ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ნაკლებად მომგებიანი ხდება სასტუმროს ბიზნესი , რომელიც არის ტურიზმის  ერთ-ერთი წამყვანი დარგი.“

 

სასტუმრო „დივანის“ გენერალურმა მენეჯერმა, ბულენთ აიქუთ სეზერმა კი მთავარ პრობლემად, რის მოგვარებაში ხელშეწყობაც ქალაქის მერიას შეუძლია, ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება დაასახელა. „ბათუმში აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ შოფინგი, უნდა იყოს მეტი ადგილები ამისათვის, მეტი ბრენდი უნდა შემოვიდეს.“ – აღნიშნა მან. 

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მშობიარე გარდაიცვალა

 

ფაქტზე კომეტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან გორგილაძემ. მისი თქმით, როგორც რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, ნაყოფი მშობიარობამდე ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი: „მშობიარე გუშინ საღამოს შემოვიდა საავადმყოფოში, მას დამძიმებული ანამნეზი ჰქონდა. როგორც ექიმები ვარაუდობენ, ნაყოფი შემოსვლამდე ორი დღით ადრე იყო გარდაცვლილი. მშობიარობის  შემდეგ კი  გართულდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა.“

 

ლევან გორგილაძის თქმით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

„თუ გამოიკვეთა ექიმის უყურადღებობა ან რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა მას დაეკისრება პასუხისმგებლობა. საქმეში ჩაერევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულრების სააგენტო, კონმპეტენტურ დასკვნას გააკეთებს სააგენტო“ – განაცხადა ლევან გორგილაძემ. 

ბათუმში ჰაერის დამაბინძურებლების გამზომი ფილტრები დამონტაჟდა

 

მონიტორინგი სულ ხუთ ქალაქში მიმდინარეობს. ყოველთვიურად განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი და ტყვია. მარტში, აპრილსა და მაისში მიღებული შედეგებით ნახშირჟანგი და გოგირდის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს არ აღემატებოდა. მარტსა და მაისში მტვერი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1.4-ით აღემატებოდა, აზოტის დიოქსიდი _ 1.1-ით. რაც შეეხება აპრილს, მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას და 1.8 შეადგენდა. ხოლო აზოტის დიოქსიდის მარტისა და მაისის მსგავსად 1.1 იყო.

 

 

ჰაერის ხარისხის მართვისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით, ახალ პროექტს ახორციელებს. ჰაერის დამაბინძურებლების (NO2, შO2, ბენზოლი და მიწისპირა ოზონი) კონცენტრაციის გამზომი ერთჯერადი ფილტრები საქართველოში ას წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი და ფოთი) დაამონტაჟდა. ბათუმში ფილტრები 5 წერტილში დაამონტაჟეს.

 

 

ეს არის ერთჯერადი გაზომვა. ერთი ფილტრი დამონტაჟდა ამ ხუთ წერტილში, ორი კვირის შემდეგ მოიხსნება ეს ფილტრები, გაიგზავნება ბრიტანეთში ანალიზისთვის და გვეცოდინება კონკრეტულ წერტილებში ამ ნივთიერებების დაბინძურების დონე. მონაცემების ანალიზის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწერება გეგმა, რამდენი გამზომი სადგური უნდა დაიდგას ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში, _ ამბობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

 

 

მისივე თქმით, ეს პროექტი მისცემს სამინისტროს საშუალებას, განსაზღვრონ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა: ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გვექნება საბოლოო პროდუქტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები გვეტყვიან, სად რა სადგური უნდა განთავსდეს, რა რაოდენობით, რა ნივთიერებებს უნდა დააკვირდეს ასეთი სადგურები. სადგურები უნდა განთავსდეს ეტაპობრივად, რადგან ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. 200 ათასი ევრო ჯდება თანამედროვე ავტომატური სადგური. 

პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

ნინო, პროფესია როგორ აირჩიეთ?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში ვფიქრობდი, რომ ვიმუშავებდი ამ პროფესიით, მაგრამ 2004 წელს შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომლითაც მოვიხიბლე, მომინდა ამ საქმით თავადაც დავკავებულიყავი. საჭე ისედაც ძალიან მიყვარდა, საპატრულოში რომ დამეწყო მუშაობა, შევძლებდი მანქანაც მემართა და ის საქმე მეკეთებინა, რომელიც ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, მაშინ არ მესმოდა სრულად რა იყო პოლიცია. ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ისე გავედი გამოცდებზე, 200 ადამიანი აბარებდა გამოცდას ჩემთან ერთად, მათ შორის ცამეტი გოგო, მათგან მხოლოდ მე მოვახერხე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება და კიდევ შვიდმა ბიჭმა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენი ოჯახის წევრებს თქვენს არჩევანთან დაკავშირებით?

ვერ დაიჯერეს, რომ ფიზიკური ნორმატივები ჩავაბარე. მამაჩემს ჯერ გაუხარდა, რომ ამ ბარიერების გადალახვა შევძელი, თუმცა მერე, როცა სამსახურში გავედი და 24 საათი სახლში არ მოვდიოდი, ნერვიულობდა, სიგარეტის მოწევა დაიწყო, მთელი ღამე არ იძინებდა და აივანზე მელოდებოდა. ერთი-ორი წელია რაც გოგონები გვყავს ეკიპაჟში, მანამდე მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი.

რამდენი წელია მუშაობთ საპატრულო პოლიციაში?

უკვე რვა წელია. 21 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩარჩოებში არასოდეს ვყოფილვარ, იქ კი სიმკაცრე დამხვდა. საპატრულო პოლიციაში მივეჩვიე დისციპლინას და წესრიგს.

ჩემი სამსახური ძალიან შემიყვარდა, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. აქ რომ გაჩერდე, სერიოზული მოტივი უნდა გაგაჩნდეს, უნდა გიყვარდეს ეს საქმე.

როგორი სამუშაო დღის შემდეგ ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით?

საპატრულო პოლიცია ყველას ჰგონია სადამსჯელო ორგანო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ჯარიმებს არ ვწერთ, დღეში ვიღებთ ძალიან ბევრ გამოძახებას, ბევრს ვეხმარებით. მე როცა ვასრულებ ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას კარგად, ჩემი ხელმძღვანელობა მე მიხდის მადლობას, სწორედ ეს არის კმაყოფილების მიზეზი.

რა სირთულეები ახლავს თან თქვენს საქმიანობას – რამდენად რთულია იყო საპატრულო პოლიციის ქალი თანამშრომელი?

ჩვეულებრივი ქალი პოლიციაში ვერ იმუშავებს, აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს, გამორიცხულია. კაც პატრულს ჩვენ ძალით ვერ გავუტოლდებით, ამიტომაც სხვა უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს, ისეთი, რომ ეს ფიზიკური უპირატესობა გადაწონო. ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც მოვხვედრილვართ, მე და ჩემი მეწყვილე ჯერ ვცდილობთ საუბრით განვმუხტოთ სიტუაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია…

როცა გადიხარ შემთხვევის ადგილას, მეწყვილე არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ შენ ქალი ხარ და სათანადო დახმარებას ვერ გაუწევ მას, ამის მიზეზს არ უნდა აძლევდე.

სამუშაო პროცესში თუ გიწევთ მუშაობა ისეთ თემებზე, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურია?

განსაკუთრებით მგრძნობელობა მაქვს ოჯახურ კონფლიქტებზე, როცა ქალია მსხვერპლის როლში. საპატრულო ეკიპაჟში ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანია ქალის ყოფნა, ბევრი ინტიმური თემაა, რასაც კაც პატრულს არ უხსნიან, ქალებს კი მეტი ნდობით გვიყურებენ, თან არც ერიდებათ ჩვენი და გვიხსნიან, კაცების ერიდებათ.

ყველაზე ექსტრემალური რა სიტუაცია გქონიათ?

ოჯახურ კონფლიქტზე გვქონდა გამოძახება, ქმარი სცემდა ცოლს. ადგილზე მისულებს დაგვხვდა პატარა ტანის ბიჭი, რომ შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ დამატებითი ჯგუფის გამოძახება არ დაგვჭირდებოდა, ამიტომაც მშვიდად მივუახლოვდით. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ოცი წუთის განმავლობაში საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ეზოში, თან მე ცხვირის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, რამდენიმე დღის გასული ვიყავი სამსახურში, სანამ დამხმარე ჯგუფი მოვიდა, მე უნდა მივშველებოდი მეწყვილეს: ცალი ხელით ამ ბიჭის დაჭერას ვცდილობდი, ცალ ხელს კი ცხვირზე ვიფარებდი, რომ ხელი არ მომხვედროდა. საბოლოოდ, ეს ადამიანი მაინც დავაკავეთ.

როგორი მეწყვილე ხართ?

მე და ჩემმა მეწყვილემ ვიცით რა არის ერთმანეთის სუსტი მხარე, სწორედ ამიტომ, როცა საჭიროა, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთის სისუსტეებს, ვიცით, რომელ მომენტში რომლის მოქმედებაა საჭირო. როცა საპატრულოში პირველად მივედი, მაშინ ჩემს მეწყვილეზე ვიყავი დამოკიდებული, ახლა უკვე ის არის ჩემზე დამოკიდებული, ჩემ გარეშე არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამოცდილების შედეგია.

როგორ ფიქრობთ, მკაცრი პატრული ხართ?

ჩემზე ამბობენ, რომ მკაცრი პატრული ვარ. მე მკაცრი ვარ იმათ მიმართ, ვინც თავხედობს, შეურაცხყოფას გაყენებს, ვინც არ აღიარებს თავის დანაშაულს და საპირისპიროს გიმტკიცებს. დაჯარიმებას რაც შეეხება, განსაკუთრებით მკაცრი ვარ მაშინ, როცა მძღოლი ნასვამია და მართვის მოწმობა არ გააჩნია. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, აქ ყველა ყველას იცნობს, იმ წუთასვე ხდება გადარეკვები, ჩემი პლუსი ის არის, რომ ჩემი სახელით ვერავინ სარგებლობს, არავის ვასხვავებ, რა დააშავა იმ მოქალაქემ, ვისაც პატრული ბიძაშვილი არ ჰყავს ან თანამდებობის პირი ნათესავი?!

მაღალი თანამდებობის პირები თუ დაგიჯარიმებიათ მოძრაობის წესების დარღვევის გამო?

ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია. დამიჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი, ჩვენი უწყების თანამდებობის პირებიც. თანამდებობაზე ყოფნის დროს გავაჩერე ბაჩო ახალაიას მანქანა, დაჯარიმება არ მაცალეს, ავტომატებით ჩაგვსვეს მანქანაში.

თქვენი ახლობლები თუ დაგიჯარიმებიათ?

მე ყველა მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემი სახელი არ ახსენონ, ჩემმა ახლობელმა უფრო უნდა მცეს პატივი. იყო შემთხვევა, როცა გზა მქონდა გადაკეტილი და არ ვუშვებდი მძღოლებს რაღაც მიმართულებით, ვინც არ მემორჩილებოდა, ყველას ვაჯარიმებდი. ამ დროს ჩემმა მეგობარმა დამინახა, დამიქნია ხელი და წავიდა აკრძალული მიმართულებით. რა თქმა უნდა, დავაჯარიმე. ეს მისთვის კარგი მაგალითი იყო, უხერხულ მდგომარეობაში მე ის აღარ ჩამაყენებს, თუმცა მისი ჯარიმა მე გადავიხადე. მამაჩემის ორი ძმაკაცი დავაჯარიმე, მერე მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს, შენი შვილი ორასი ლარით გავიცანითო, თან ეამაყება ასეთი რომ ვარ, მაგრამ თან მეუბნება – ცოტა შეღავათები გაუწიეო.

თუ შეხვედრიხართ თქვენ მიერ დაჯარიმებულებს ფორმის გარეშე, არასამუშაო საათებში და როგორი იყო მათი რეაქცია?

ხშირად მცნობენ იმის მიუხედავად, რომ ყველა იმუქრება „ფორმის გარეშე“ შემხვდებიო. როცა ვხვდები, ცდილობენ ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახურონ, პატივისცემით მექცევიან, მიმეგობრდებიან, თუმცა ვიცი, რომ მათი მიზანი ჩემთან მეგობრობა არ არის. ერთხელ ტაქსით მივდიოდი, როცა, ჩვენ წინ მდგარი პატრული გოგოს გაკრიტიკება დაიწყო ტაქსის მძღოლმა. ამბობდა: „ოხ, შენ რა ხარ, რა ხარ! დამაჯარიმა სულ ტყუილად კაცო, ამასთანა არაფერი არ ჭრისო.” ცოტა დავეჭვდი, ვკითხე, საიდან იცით, რომ ისაა-მეთქი: “ისაა, დუმბაძეა, აბა, მეტი ვინ ჰყავთ მასეთიო.” გასუსული ვიჯექი, ხმა არ ამომიღია (იცინის). მანქანასთან მისვლისას ჩემს სახელსა და გვარს აღარ ვამბობ, თუმცა მძღოლები მაინც მცნობენ, დამინახავენ თუ არა, აღმოხდებათ: „შენ ხარ დუმბაძე? შენზე ლეგენდები დადის”.

სამსახურს გარეთ როგორ ცხოვრობთ?

ახლა ვუყურებ ფეხბურთს, დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემი საყვარელი ნაკრები ბრაზილიაა. საკმაოდ აზარტული ვარ, იყო პერიოდი, როცა ერთ მატჩს არ ვტოვებდი. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა დაამარცხა ბრაზილია, მაშინ იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა მე ვიტირე. ყველამ იცის, რომ ნინო არაფერზე ტირის, გაოგნებულები იყვნენ.

თქვენთვის განტვირთვის საშუალება რა არის?

ფიტნესი, რის გარეშეც არ შემიძლია. კვირაში სამჯერ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, სახლშიც ვვარჯიშობ დღეში ორი საათი, უკვე შევიძინე ყველანაირი ტექნიკა. კონკრეტული მიზანი არ მაქვს, ინსტრუქტორს სურდა მისფიტნესის კონკურსზე გავსულიყავი, მაგრამ არ წავედი, უბრალოდ, მომწონს ფორმაში ყოფნა. მინდა ფიტნესინსტრუქტორის კურსები გავიარო და მომავალში ამ საქმიანობითაც დავკავდე.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძალიან მინდა ამერიკაში ავიმაღლო კვალიფიკაცია, ენაში უკვე ვმეცადინეობ. იმედია, მოვახერხებ.

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ?

ხშირად უთქვამთ, პატრული რომ არ იყო, სხვანაირად მოვიქცეოდითო. მე, პირადად, ანტონიო ბანდერასიც რომ გავაჩერო, ჩემთვის ის იმ წუთას მხოლოდ კანონდამრღვევია.

მთავარი ფოტო: ნინო დუმბაძე

ინვესტიციები აჭარაში – არც ერთი ახალი მსხვილი ინვესტორი

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წინა წლის მაჩვენებელს, წელს ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 42,2%-ით აღემატება. რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ამის გადამოწმება რთულია, რადგან ამ ინფორმაციას სამინისტრი დეტალურად არ განმარტავენ.

  

უპირობოდ გაყიდულ ობიექტებს შორისაა ბათუმში თამარის დასახლებაში 2147 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგმა” 205 000 ლარად უპირობო აუქციონზე 2014 წლის პირველ მარტს შეიძინა.


საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგი” გოჩა დეკანოსიძემ 2008 წელს თურქეთის მოქალაქესთან ჰასმეტ ბედიი კურუმთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები 50-50% წილს ინაწილებდნენ. კომპანიის დირექტორად კი თურქეთის მოქალაქე იაშარ მუსტაფა გუვენი ფიქსირდება.

 

 

2012 წელს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ცვლილების თანახმად, კომპანიის 100% წილი შპს `ეიჩ-პი-არ ინთერნეიშენალ თრეიდ~-ზე დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის რეგისტრაციის ადგილი ამერიკის შეეთებული შტატებია (ნიუ იორკ ავენიუ, ქლეიმონტ, დელავერი 19703, ნიუ კასტლის რაიონი 21.11.2006). ამ კომპანიის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება 2014 წლის 20 მაისსაც შევიდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100% წილის მფლობელი ამჯერად ოფშორში დარეგისტრირებული “უცხოური საწარმო ტუსპა ბ.ვ ნიდერლანდები” გახდა.



დოკუმენტებში კომპანიის რეგისტრაციის ადგილია “სტრავინქსილაან 411, 1077”. 2014 წლის მაისიდან კომპანიის დირექტორად თურქეთის მოქალაქე შერაფეთთინ ქირფიქლი ფიქსირდება. ამ კომპანიას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის კომპანიად მოიხსენიებდნენ. გადამოწმებით დგინდება, რომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობდა და ძირითადად ფართობების გაქირავებაზე იყო ორიენტირებული.



სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით 530 000 ლარად გაასხვისა 2 820 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე (#20.) შემსყიდველი არის შპს “ხახუტა”. კომპანიის 100% წილის მფლობელი ნოდარ შერვაშიძეა, დირექტორად კი ლევან შერვაშიძე ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 1998 წელს დააფუძნეს. კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან შერვაშიძე იყო. დირექტორად კი ნოდარ შერვაშიძე ფიქსირდებოდა.



სამინისტრომ უპირობო აუქციონით 71 500 ლარად გაასხვისა შპს “ალფას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100% წილი, შემძენი კერძო პირი მიხეილ გელაძეა. 1979 წელს დაბადებული მიხეილ გელაძე სოფელ ღურტაშია რეგისტრირებული.



სამინისტრომ 85 575 ლარად გაყიდა 71,6 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (#74, 75, 76, 78, 80) მყიდველი კერძო პირი გოჩა ბერიძეა. 1977 წელს დაბადებული გოჩა ბერიძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ია რეგისტრირებული.



ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონით 610 000 ლარად გაასხვისა ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში, პოლიტიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მყიდველი შპს “მეგა პალსია”.



საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 2014 წლის 29 იანვარს ლევან ხიმშიაშვილმა და ჯუმბერ ზოიძემ დაარეგისტრირეს. პარტნიორები კომპანიის 50-50%- პროცენტიანი წილის მფლობელები არიან. 2014 წლის თებერვალში კი, კომპანიის დაარსებიდან ერთ თვეში, მათ სამინისტროს პირობიან აუქციონზე ნახევარ მილიონზე მეტად ღირებული პირობადებული ქონება შეისყიდეს. ამ კომპანიის დირექტორად ედვარდ ხიმშიაშვილი ფიქსირდება.



255 000 ლარად პირობიანი აუქციონით გაასხვისეს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, #64-ში 175,8 კვ/მ შენობა-ნაგებობაც. შემძენი კერძო პირი მარინე თურმანიძეა.



ციფრების მიხედვით, რომელიც სამინისტრომ “ბათუმელებს” მოაწოდა, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინვესტიციების დიდი ნაწილი ტურიზმისა და მშენებლობის დარგზე მოდის. “22, 97 მილიონი აშშ დოლარი ტურიზმის, ხოლო 22, 97 აშშ დოლარი მშენებლობის დარგში”, _ ნათქვამია სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” გადმოგზავნილ ინფორმაციაში.



დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2014 წელს გასხვისებულ და საიჯაროდ გაცემულ ობიექტებს ეხება, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით რვა ობიექტი გაასხვისა, რის შედეგადაც აჭარის ბიუჯეტში სულ 939 040 ლარი შევიდა. პირობიანი აუქციონის წესით გაყიდული ქონებიდან შემოსულმა თანხამ კი 865 000 ლარი შეადგინა. საიჯარო წესით გაცემული ქონებიდან რეგიონმა წელს 269 610 ლარი უნდა მიიღოს. ამ ყველაფრის ჯამი ლარებში სამ მილიონამდეა.



სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ინვესტიციები ასე ნაწილდება: 22, 98% – ტურიზმი, 22, 97 პროცენტი – მშენებლობა, 0,5 პროცენტი – მრეწველობა, 3,7 პროცენტი -ენერგეტიკა, 2,7 პროცენტი – სხვა დარგები.



სამინისტრომ ჩაშლილი ციფრებით ინფორმაცია `ბათუმელებს~ მხოლოდ აუქციონისა და იჯარის წესით გასხვისებული ქონების შესახებ მოაწოდა. საიდან დგინდება სხვა ინვესტიციების ოდენობა, ამაზე დეტალური ინფორმაცია სამინისტროს არ აქვს.



სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ბახტაძის განმარტებით, ინვესტიციების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სამინისტრო მუნიციპალური და კერძო კომპანიებიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ითვლის.


“ამას ემატება ინფორმაცია მსხვილი ობიეტებიდან, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს ჩვენს ბაზაში და საინვესტიციო პირობები უნდა შეესრულებინათ ეტაპობრივად. ეს არის ძირითადად კაპიტალური ხარჯები, რომლებიც სექტორების შიგნით ხორციელდება.”



რაც შეეხება მონაცემებს, რომელიც სამინისტრომ პროცენტულად გადაანაწილა, ეკატერინე ბახტაძე განმარტავს: “ამ შემთხვევაში ტურიზმში იგულისხმება მშენებლობა. ეს არის მშენებარე ტურისტული ობიექტები ან ის ობიექტები, სადაც ხმდება რაღაცის განახლება და კაპიტალურ ხაჯებთან გვაქვს საქმე. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ჰილტონი. ვთქვათ, იქ დამთავრდა კონკრეტული სამუშაო, რომელსაც კერძო კომპანია ახორციელებდა. მშენებლობის ქვეთავში კი ძირითადად აღრიცხულია ბინათმშენებლობები”.



სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ახალი მსხვილი ინვესტორი არ შემოსულა. 

ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ რვა ბავშვზე

 

“სასწრაფოდ მინდობის აღზრდის პროგრამა” ოჯახებში ბავშვების სამ თვემდე ვადით დარჩენას ითვალისწინებს. ამის შემდგომ შესაბამისმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ იცხოვრებენ ბავშვები. აჭარაში “შესაბამისი სამსახური” არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე ბავშვების მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: “ერთი მითხარით, ეგ რატომ უნდა გითხრათ თქვენ? ამ ბავშვების ირგვლივ ინფორმაცია კონფიდენციალურია. არ არის ეს საგაზეთო თემა, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ბავშვების მომავალს ეკუთვნის და რაც უკეთესია მათთვის”.

 

ქარცივაძის თქმით, ბავშვების საკითხი სამი თვის გასვლის შემდეგ გადაწყდება. “ბავშვები ალბათ გადავლენ რეგულარულ მინდობით აღზრდაში,” – ამბობს ის.

 

არის თუ არა შესაძლებელი ბავშვებმა ერთ ოჯახად იცხოვრონ? – საკითხის გასარკვევად “ბათუმელები” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან დემეტრაშვილი განმარტავს, ბავშვების ერთ ოჯახში განთავსებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება:

 

“სოფელ ოჩხამურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მშობლების მზრუნველობამოკლებული რვა ბავშვი განთავსდა ორ მიმღებ ოჯახში, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ; ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობის. ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მათი ერთ მიმღებ ოჯახში განთავსება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიმღებ ოჯახში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი ერთ ოჯახში განთავსება. ამ ეტაპზე მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც სამომავლოდ ბავშვების გაერთიანების შესაძლებლობას მოგვცემს”.

 

ბავშვების დახმარების სურვილი აქვს კიევის ყოფილი მერის – ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობას”. ტრაგედიამდე ფონდი ამ ოჯახს ერთი წლის მანძილზე ფულადი სახსრებით ეხმარებოდა.

 

“ჩვენი სურვილია, რომ ამ ბავშვებს გავუკეთოთ თანამედროვე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც ბავშვები იცხოვრებენ ერთად და ექნებათ საუკეთესო საცხოვრებელი და განვითარების პირობები. სახლი, ფაქტობრივად, უკვე მზად გვაქვს. გვინდა მოვახერხოთ ისე, რომ ყველა ბავშვი ჩაირიცხოს ერთ სახლში და ეს ბავშვები გაიზარდონ ერთად. არის იურიდიული ნიუანსები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. თუმცა პირველ ეტაპზე მათ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, დარჩნენ ბავშვები ასე ერთმანეთისგან განცალკევებულად, თუ მიიღონ ჩვენი შეთავაზება ბავშვების ერთ ჭერქვეშ გაზრდასთან დაკავშირებით,” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობას” პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ფონდმა 19 ივნისს გააგზავნა წერილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, სადაც სამინისტროს ბავშვების უმოკლეს ვადაში საოჯახო ტიპის სახლში განთავსების ინიციატივით მიმართავენ.

 

გიორგი ქვრივიშვილი: “მზად ვართ ბავშვები ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში გადმოვიყვანოთ, სადაც მათზე კვალიფიციური აღმზრდელები იზრუნებენ, ექნებათ უმაღლესი დონის განათლების მიღების საშუალება და საუკეთესო საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. თუკი იქნება ნება, შეგვიძლია დაახლოებით ათი დღის ვადაში ბავშვები გადავიყვანოთ თბილისში, კომფორტულ საცხოვრებელში. სახლი არის ფანტასტიკური, კარგი ეზოთი, ძალიან კარგ ადგილას. ბავშვებს შეეძლებათ დაიწყონ ერთად ახალი ცხოვრება.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში გადავლენ, მათ არ დასჭირდებათ მეურვე. საოჯახო ტიპის სახლებში არიან ლიცენზირებული აღმზრდელები, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ბავშვებზე. ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვაქვს მეუნარგიას ქუჩაზე არსებულ ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ერთი წლის განმავლობაში უდიდესი შედეგი მივიღეთ 10 აღსაზრდელთან. მათ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს და ეს მზარდი პროცესია”.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობის” საქმიანობაზე. ქეთევან დემეტრაშვილი: “მცირე საოჯახო ტიპის სახლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-18 წლამდე ასაკის ბავშვები, ამდენად ასეთი ტიპის სახლში ამ ბავშვების ერთად განთავსება შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების მინდობით აღზრდის ფორმაში განთავსებას და, შესაბამისად, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებას”.

 

ბათუმის მერობის კანდიდატი: არჩევნები მიდის პოლიტიკური რეპრესიების ფონზე

 


“ეს არის აშკარად პოლიტიკური დევნა, რომელიც თვეებია მინდინარეობს. რაც შეეხება გუშინდელ ინცინდენტს, ამ ხალხმა პრაქტიკულად ჩამოიხსნა ნიღაბი, საქართველოს მთავრობა მყავს მხედველობაში. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ დარჩათ, ეს არის პოლიციური ძალა, მუშტი-კრივი. ეს ხალხი არ იძიებს არა მარტო იმას, რასაც არჩევნების წინ დაპირდნენ საზოგადოებას, არ იძიებენ ბოლო დროს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევებსაც, იგივე ტეტემაძის ცემის ფაქტს, რომელიც ბათუმში მოხდა.

ნუგზარ წიკლაურის საქმეში, რამდენდაც მე ვიცი, ადამიანი ასახელებს მანქანის მარკას, ფერს, ნომერს და არ მოხერხდა იმ ხალხის მოძებნა, ვინც ტენიდა საქართველოს პარლამენტის წევრს მანქანაში~ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

მისი თქმით, ბოლო თვეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ სიტუაცია ქვეყანაში დემოკრატიასთან დაკავშირებით გაუარესდება და მოსალოდნელია რეპრესიები, `მეტს არაფერს ალბათ ჩვენი მთავრობა ვერაფერს ვერ შემოგვთავაზებს, არჩევნების მეორე ტურის ახლოს გადმოტანა, ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ მათი კანდიდატები გავიდნენ უპრობლემოდ.” – ამბობს ის. 

 

კითხვაზე, მისი აზრით, ეს როგორ აისახება მოსახლეობის არჩევანზე მოახლოებულ არჩევნებზე, `ქართული ოცნების~ თუ “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ, გიორგი დიასამიძე პასუხობს:

 

`საზოგადოებრივი აზრი გაიყოფა ჩემი აზრით,  ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის შეცდომა და ხმას მისცემს ოპოზიციას, ვიღაც ჩათვლის, რომ ეს არის ~სამართლიანობის აღდეგანა” და ხმას მისცემს მთავრობას, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მთელი საზოგადოებისათვის გასაგებია – არჩევნები მიდის არადემოკრატიულად და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე.~

 

 

 

კონფერენცია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ

 

კონფერენცია შეეხება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელშეუხებლობას, რაც მოიცავს ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის და სხვა სახის კომუნიკაციის ხელშეუხებლობას და დაცულობას; პირადი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებით წესების დადგენას და ა.შ.

 

 

კონფერენციას ესწრებიან საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრები, შავი ზღვის რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

 

კონფერენცია მუშაობას ხვალ, 6 ივლისს დაასრულებს.

იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

 

ბავშვობა სოფელ ბაღდადში

გავიზარდე ულამაზეს სოფელ ბაღდადში, რომელიც ოზურგეთ- ში მდებარეობს. სულ უკვირდათ – ეს რომელი ბაღდადია? ჩემი ბავშვობა ასოცირდებოდა სკოლასთან, რადგან ოჯახის წევრების უმეტესობა მასწავლებელი იყო და იმავე სკოლაში ასწავლიდნენ, სადაც მე ვსწავლობდი, სწორედ ამის გამო ოჯახის წევრები უფრო მეტ მოთხოვნას მიყენებდნენ, მე უნდა ვყოფილიყავი ბეჯითი და გამორჩეული მოსწავლე, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მამა პა ტარა ასაკში დამეღუპა, თუმცა მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, დედა და ბებიები ცდილობდნენ, მე და ჩემი და უდარდელად გავეზარდეთ. განებირებული ვიყავი, ხშირად გადამეტებულადაც.

 

 

გზა საჯარო სტრუქტურიდან არასამთავრობო ორგანიზაციამდე

  

ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბაზაზე შექმნილმა მოსწავლეთა ასოციაცია თემიდამ, რომლის დამთავრების შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი პროფესიის არჩევაში. საბოლოო არჩევანი უჭოჭმანოდ იურისპრუდენციაზე შევაჩერე. 15 წლისამ დავასრულე სკოლა, იმავე წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სულ ვფიქრობდი, პატარა ვარ, ვერ შევძლებ, მაგრამ მგონია, რომ თავი გავართვი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში, მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი საქართველოს იუსტიციის სახლის უმაღლეს საბჭოში: სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში. 21 წლის ასაკში მიწევდა მოსამართლეთა საქმეებზე დისციპლინარულ საქმეების განხილვაში მონაწილეობა, თუმცა ეს გზა ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, შემძინა პასუხისმგებლობა და გამიზარდა კვალიფიკაციაც. იუსტიციის საბჭოში ვიმუშავე ხუთი წელი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა ცვლილებები, თუნდაც საკუთარი თავის გამოცდისთვის. როდესაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვაკანსიის შესახებ შევიტყვე, კონკურსში წარმატებით მონაწილების შემდეგ წამოვედი ბათუმში სამუშაოდ.

 

 

ბათუმი, ახალი ცხოვრების დასაწყისი

 

ჩემი ბათუმში წამოსვლა პროფესიულის გარდა სხვა მიზეზსაც უკავშირდება, თუმცა ამას ჩემთვის შევინახავ. ექვსი თვეა უკვე აქ ვარ და ერთხელაც არ გამჩენია სურვილი აქედან წასვლისა, წვიმაც შემიყვარდა, სამსახურის შემდეგ არ გამჩენია აზრი, რომ ვაიმე, რა უნდა ვქნა, აქ ხომ მეგობრები არ მყავს, თავად ქალაქი დავიმეგობრე, ხალხიც უფრო თბილია ბათუმში. ვერაფრით გავიღვიძებდი თბილისში დილის შვიდ საათზე კუს ტბაზე სასეირნოდ, აქ კი ვიღვიძებ, შვიდზე უკვე ბულვარში ვარ, ხან დავრბივარ, ხან ვცურავ, ხან ველოსიპედით ვსეირნობ.

 

 

ერთი ჩვეულებრივი დღე

  

დილით ზღვისპირას სეირნობის შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვიწყებ მზადებას, პირველ რიგში ვეპრანჭები საკუთარ თავს, მნიშვნელოვანია, რომ მე მომწონდეს საკუთარი თავი. სადაც არ უნდა მივდიოდე, ვცდილობ, რომ მოწესრიგებული ვიყო და სიტუაციის ადეკვატურად რომ გამოვიყურებოდე. შემდეგ, მივდივარ სამსახურში. ჩემთვის სამსახური არის ადგილი, სადაც ვცდილობ შევიქმნა მყუდრო გარემო. დილის აუცილებელი “რიტუალი” ყავის დალევაა. სამსახურში დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა კმაყოფილი და გახარებული ადამიანის სახე ამ დაღლილობას უმალვე მიქრობს. სხვადასხვა სფეროსთან მაქვს შეხება, საქმე ერთფეროვანი არასდროს არის. მაქვს ისეთი სამსახური, სადაც ძალიან ხშირად მეძლევა საშუალება ადამიანებს უანგაროდ დავეხმარო.

 

 

ჰობი

  

ბავშვობიდან ვცეკვავ, ცეკვა ძალიან მიყვარს, როგორც ტრადიციული ქართული ცეკვები, ასევე ლათინური. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, სახლში დაბრუნებისას ერთი საათი მაინც ვცეკვავ. ჩემი ოცნებაა, ბათუმში არსებობდეს ცეკვის სტუდია- სალონი, ადგილი, სადაც დღის ბოლოს შეგიძლია დაისვენო და განიტვირთო. ცეკვა ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითიც, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა როგორც ყველა ქალს, შოპინგი მეც მაჯადოებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე კომფორტული ჩემთვის ჯინსი და შავი ფერის სამოსია.

 

მაქვს ძალიან საინტერესო, გოგოსთვის ცოტა უცნაურიც კი გატაცება, – ენოლოგია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ღვინის კლუბში წამიყვანა და იქაურ გარემოში, სიტყვაკაზმული განმარტებებით, რიტუალურად გამასინჯა ღვინო, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, ვერ წარმომედგინა, ღვინოს ამდენი ემოციის მოტანა თუ შეეძლო. მას შემდეგ ხშირად ვაგემოვნებ სხვადასხვა სახის ღვინოებს და უკვე ოთხი წელია დავდივარ “ახალი ღვინის ფესტივალზე”.

 

 

მოგონებების შემგროვებელი

 

მიყვარს ნივთების შეგროვება, როცა წავიკითხე ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”, გამიჩნდა განცდა, რომ იდეა მომპარეს. 500-მდე ღვინის ბოთლი მაქვს შეგროვებული, ამ ბოთლებში შემდეგ წერილებს ვათავსებ. ჩემ მიერ შეგროვებულ ნივთებს, რაღაც ისტორიები უკავშირდება. როცა სადმე მივდივარ, ან უბრალოდ მეგობრებს ვხვდები, ამ დღის მოსაგონებლად რამეს ვინახავ, მერე ამ ნივთებს ვასაწყობებ. ხან ჩეკი მომაქვს, ხან – სალფეთქი. ალბათ როცა ასაკში შევალ, მეც მოვაწყობ მუზეუმს ზღვისპირა სახლში. ძალიან მსიამოვნებს მოგონებებთან შეხვედრა, ამაში ეს ნივთები მეხმარებიან, არასდროსაა ეს მტკივნეული, მაშინაც კი, როცა ვინმესთან ურთიერთობა მთავრდება, მაშინ ხომ ვიყავი ბედნიერი? ხოდა, ეს არის მთავარი.

  

ფოსტით მიღებული წერილები ჩემთვის არის ბედნიერება, ყველას ვთხოვ, რომ ქაღალდზე დაწერილი წერილები გამომიგზავნონ, სწავლის პერიოდში ბებიები სულ მიგზავნიდნენ წერილებს, დღემდე ვინახავ ყველა წერილს. არ ვსარგებლობ სოციალური ქსელით, ამ სახით ურთიერთობები ჩემთვის მიუღებელია, ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ შემთხვევით გავჩნდი ამ ეპოქაში, არ მხიბლავს ტექნოლოგიური სიახლეები.

 

 

ოცნება შუშის სახლზე და მომავალი გეგმები

 

სამი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, 100-მდე სტუდენტი მყავდა ლექციაზე, ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე ღირებული პერიოდი. მინდა, ისევ დავუბრუნდე უნივერსიტეტს.

 

ვოცნებობ ზღვის პირას პატარა, შემინულ სახლზე, სადაც მუდამ იქნება ბავშვების ჟრიამული, თბილი და მყუდრო ოჯახურ გარემო. თუმცა ჯერ დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ოჯახი ყოველთვის არის სტიმულის მომცემი. ალბათ პროფესუილი საქმიანობის გზის პარალელურად ოჯახის ყოლა ადვილი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია. გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახთან ერთად განმარტოება ჩემს წარმოდგენაში ყველაზე თბილ ემოციებს იწვევს.

 

ფეიერვერკი ღამის 11 საათის შემდეგ – ჯარიმა 500 ლარი

 

ბატონო სულიკო, როგორც ვიცით, ეს საკითხი საკრებულოს იურიდიულმა სამსახურმა დაამუშავა. ვინ უნდა განახორციელოს ფეიერვერკის გამოყენებაზე მონიტორინგი და როგორ?

 

 

დებულებაში გაწერილია, თუ ვის აქვს დაჯარიმების უფლება _ გარემოს დაცვის დეპარტამენტს აქვს მონიტორინგის ვალდებულება და თუ როგორ განახორციელებს ამას, ეს მისი სამუშაოა. დებულებაში ეს საკითხი გაწერილი არ არის. თუ გაისვრიან ფეიერვერკს ქორწილში, დაჯარიმდება ქორწილის ორგანიზატორი, თუ საცხოვრებელი სახლებიდან გაისვრიან, მოხდება მოკვლევა. უნდა დაადგინონ დეტალები, თუ ვინ გამოიყენა და ა.შ. გადაწყვეტილებაში იმის შესახებ წერია, თუ რომელ საათებშია აკრძალული და რა არის გამონაკლისი შემთხვევა.

 

 

რა ითვლება გამონაკლისად?

 

საახალწლო დღეები და განსაკუთრებული შემთხვევები, მაგალითად, კონცერტები მერიის წინასწარი წერილობითი თანხმობით.

 

 

ქორწილის შემთხვევაში დასჭირდებათ წინასწარი თანხმობა?

 

 

ქორწილი არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, ასეთ რამეებზე არ ხდება ნებართვის გაცემა. განსაკუთრებულია ის, რაც საზოგადოებრივია და მნიშვნელოვანი. ვთქვათ, ჩამოდის მაღალი რანგის სტუმარი უცხოეთიდან და ა.შ. კერძო პირებს მხოლოდ საღამოს თერთმეტ საათამდე აქვთ ფეიერვერკის გამოყენების უფლება, შემდეგ უკვე ამოქმედდება ჯარიმები.

 

 

რამდენია ჯარიმა პირველ შემთხვევაზე და განმეორების შემთხვევაში რამდენი იქნება?

 

 

500 ლარია პირველ ფაქტზე, განმეორების შემთხვევაში კი _ 1000 ლარი.

 

 

გადაწყვეტილება უკვე ძალაშია თუ მოსახლეობას აქვს დრო, ინფორმაციის მისაღებად?

 

 

რეგულაცია უკვე ამოქმედებულია, პირველი ივლისიდან უკვე ძალაშია. არცოდნა პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

 

 

დოკუმენტში წერია, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს, კანონდარღვევის შემთხვევაში, უნდა გაუწიოს ტექნიკური დახმარება. რა იგულისხმება ამაში?

 

 

 

ტექნიკურ დახმარებაში იგულისხმება ის, რომ თუ ფაქტს დააფიქსირებს მერიის ზედამხედველობის სამსახური, ამ ინფორმაციას გადასცემს გარემოს ზედამხედველობის სამსახურს. დანარჩენ დეტალებზე თვითონ სამსახურმა უნდა იმსჯელოს.

 

 

რითი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება გამოწვეული?

 

 

ბევრი უკმაყოფილება იყო მოსახლეობის მხრიდან, რომ ღამის საათებში აფეთქებდნენ და ხმაური არ აძლევდა ადამიანებს ძილის საშუალებას.

 

 

გარემოს ზედამხედველობის სამსახური ჯერ არ არის ამ გადაწყვეტილების შესახებ ბოლომდე ინფორმირებული, როდის გადაეგზავნებათ მათ დოკუმენტი?

 

 

გადაწყვეტილება მიღებული და ხელმოწერილია, მალე გადაეგზავნებათ. 

უსაფრთხო დედობა– ჯანმრთელი ახალშობილი – კონფერენცია ბათუმში



კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე დაესწრო. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები.

წელს საერთაშორისო კონფერენცია მე–14 იმართება და იგი 6 ივლისს დასრულდება.

რას გვკარნახობს ორგანიზმი

 

შოთა, რა სხვაობაა ჰიპოვიტამინოზსა და ავიტამინოზს შორის?

 

 

ჰიპოვიტამინოზი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა, ხოლო ავიტამინოზი არის უფრო მძიმე მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული და ამის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება.

 

 

რამდენად ხშირია ეს დაავადება და რა ასაკის პაციენტებშია გავრცელებული?

 

 

ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული, შემდგომში კი უკვე პოსტმენოპაუზურ პერიოდში. თუმცა გაზაფხულზე თითქმის ყველას ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინების ნაკლებობა, რადგან ამ პერიოდში ჯერ არ არის შემოსული ახალი ხილ-ბოსტნეული.

 

 

რა იწვევს ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

პირველ რიგში, ეს ხდება მაშინ, როცა საკვებ პროდუქტში არ არის ვიტამინები იმ რაოდენობით, რამდენიც უნდა იყოს. შესაძლოა საკვები პროდუქტი იყოს არასწორად დამუშავებული და ამის გამო უჭირდეს კუჭ-ნაწლავს მისი ათვისება. ხშირად საკვები პროდუქტები არასასურველი სასუქებითა და ემულგატორებით არის გამდიდრებული, ასევე დარღვეულია მათი შენახვის პირობები (მაგალითად, ხორცი რამდენჯერმეა გაყინული და გამლღვალი). ესეც ამცირებს მასში ვიტამინების რაოდენობას. მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მზეზე არის თუ არა პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში ნამყოფი.



გარდა ამისა, ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული პათოლოგიები, რის გამოც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ იწოვს ვიტამინების საჭირო რაოდენობას. ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმში ფერმენტული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა – თუ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება დარღვეულია, ეს დიზბაქტერიოზია.

 

 

რა სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

ჰიპოვიტამინოზის დროს ძირითადად პაციენტები არიან მოდუნებული, ახასიათებთ ძილიანობა, აქვთ დაქვეითებული მეხსიერება, აღენიშნებათ საერთო სისუსტე. შეიძლება ატარებდნენ დაბალ ტემპერატურასაც (37 ან 37,1 გრადუსი).

 

 

როგორ ვლინდება რომელიმე ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში?

 

 

ასეთი სიმპტომები დამოკიდებულია უშუალოდ იმ ვიტამინზე, რომლის ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი.


ბავშვთა ასაკიდან რომ დავიწყოთ, დასაწყისშივე რაქიტის გამოვლინება უკვე მანიშნებელია ბავშვის ორგანიზმში კალცისა და D ვიტამინის ნაკლებობაზე. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი ვასეირნოთ მზეზე, რადგან მზეზე ხდება D ვიტამინის სინთეზი კანში და ამის შედეგად ძლიერდება კალცის შეთვისება. კალცის ნაკლებობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ხშირი ოფლიანობაც.


ასევე, კალცის ნაკლებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს თეთრი რკალები ფრჩხილებზე, მაგრამ ეს 100%-იანი მაჩვენებელი არ არის, ისევე როგორც ადრეული გაჭაღარავება მამაკაცებში.


კანზე პიგმენტური ლაქები მიუთითებს B და A ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე. თუმცა ამ დროს აუცილებელია დიფერენცირება _ სხვა მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული პიგმენტური ლაქები. კანის სიმშრალე და ადვილად მტვრევადი თმები ორგანიზმში A და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. კანის შემადგენელ სტრუქტურას სჭირდება კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პირველი ბაზისური ნივთიერებაა. ბავშვთა ასაკში A და E ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, ბავშვთა განვითარებასა და მათ სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს.


თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე, ადინამია, მოთენთილობა, ახასიათებს ძილიანობა, უჭირს მეტყველება, ეს ზოგადად B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს. მათი შევსება ხორცეულით, ახალი ხილითა და ბოსტნეულითაა შესაძლებელი. არსებობს ამინომჟავები, რომლებიც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ცხიმში არსებობენ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულსა და ხილთან ერთად აუცილებელია ხორცპროდუქტების ან რძის პროდუქტების მიღება მაინც. ხშირად მარხვის პერიოდში არ ხდება ამ ამინომჟავების მიღება, ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია პაციენტმა მიიღოს კალციუმი და გადავიდეს სხვა ცილოვან პროდუქტებზე, მაგალითად, პარკოსნებზე (ლობიო, ბარდა, წიწიბურა და ბურღულეულზე).


ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან, შესაძლოა, C და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ასევე, C ვიტამინის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ნაკლულობაა, როცა იმუნური სისტემა არის სუსტი და ადამიანი ადვილად ცივდება. ამ დროს C ვიტამინი უნდა შეივსოს ციტრუსებით.


ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები ხშირ შემთხვევაში იჩენს თავს, თუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობაა – აღნიშნული ვიტამინი ძვალში კალციუმის ჩალაგებას უწყობს ხელს.

 

 

როგორ ვიკვებოთ სწორად?

 

 

აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება. ადამიანი უნდა იკვებოს ხუთჯერადად დღეში. დილით, შუადღით და საღამოს ძირითადი კვება აუცილებელია, დილით თუნდაც რძის პროდუქტი ხილთან ერთად ან ფაფასთან. შუადღეს _ ხორცპროდუქტი, თევზი, სალათთან ან წვნიანთან ერთად. საღამოს კი _ რამე უფრო მსუბუქი, წიწიბურა მაწონთან ან იოგურტთან ერთად. შუალედებში, სადღაც 12-სა და 6-საათზე, დავახმაროთ ხილი ან ახალი ბოსტნეული.


დაცული უნდა იყოს პროდუქტის მომზადების წესებიც, საკვები არ უნდა იყოს ძალიან დამწვარი, ძალიან ცხიმიანი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საკვები შეინარჩუნებს ყველა იმ ელემენტს, რაც ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ორგანიზმში.


გაზაფხულის პერიოდში, თუ საკვები პროდუქტებით ვერ ხერხდება ვიტამინების შევსება, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ პოლივიტამინების კომპლექსის მიღებას. ვიტამინები შეიძლება მიიღოს ყველა ბავშვმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული (გარდა ონკოპაციენტებისა). 

 

 

 

რამდენად საზიანოა დიეტები, რომლებიც რაციონიდან პურის ან რომელიმე სხვა პროდუქტის მთლიანად ამოღებას გულისხმობს?

 

 

პური ნამდვილად შეიძლება ამოვიღოთ მენიუდან, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ასეთივე შემადგენლობის სხვა პროდუქტით, მაგალითად, კარტოფილით ან წიწიბურითა და ჰერკულესით. რაც შეეხება დიეტებს, რომლებიც რამდენიმე დღით მხოლოდ ერთი და იმავე პროდუქტის მიღებას ითვალისწინებს, მათი ხანგრძლივობა მაქსიმუმ სამ დღეს შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ უკვე ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი იწყება. ამიტომ ასეთი დიეტები თვეში რამდენჯერმე, მხოლოდ თითო დღით უნდა მოვიწყოთ.

ბათუმში ჩოხოსნები და თავად-აზნაურთა საკრებულო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვას გააპროტესტებენ

 

“აქციის ორგანიზატორი საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშო, თავად-აზნაურთა საკრებულო, მხატვართა კავშირი და 14 საზოგადოებრივი გაერთიანებაა” – ამბობს აქციის ორგანიზატორი, თენგიზ თავდგირიძე, საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის ხელმძღვანელი.    

 

მისი თქმით, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე დადგენილი მორატორიუმის გააუქმების შესახებ.

 

“საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვთ ამ ანტიეროვნული გადაწყვეტილების შეჩერებას, ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი თანამდებობიდან უნდა გადადგეს – პაპუაშვილზეა საუბარი და შემდგომ აქციის მონაწილეები იქ რას მოითხოვენ, ეს გამოჩნდება. ამავე დროს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკომიგრანტებზე, კაშხლების მშენებლობაზე, კირნათის თემაზე…” – ამბობს თენგიზ თავდგირიძე.

 

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა აქციის ორგანიზატორებს ამ თემაზე შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან, თენგიზ თავდგირიძე პასუხობს, რომ არა, რადგან მეუფე დიმიტრი ამჟამად გერმანიაში იმყოფება პატრიარქთან ერთად, “მაგრამ ჩვენ მისი უწმინდესობის ქადაგებას გამოვეხმაურეთ, ერისკაცები უნდა გამოვიდნენ და ერის საქმე უნდა აკეთონ.” – ამბობს ის.

 

 

რის გაკეთებას გეგმავს შუახევის გამგებელი

 

 

ტარიელ ებრალიძე
ტარიელ ებრალიძე

ბატონო ტარიელ, კმაყოფილი ხართ არჩევნებში თქვენი შედეგით?

თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მოსახლეობის 73-პროცენტმა დამიჭირა მხარი, რაც საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი შედეგია. მე ველოდებოდი ამ მხარდაჭერას, რადგან ჩემი გამგებლობის ცხრათვიან პერიოდში ბევრი რამ გავაკეთე, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერა მივიღე, მხარდაჭერამ კი ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა მათ წინაშე. შევეცდები ჩემს თითოეულ ამომრჩეველს, თანამოქალაქეს, მოლოდინი არ გავუცრუო.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის მოგვარებაც შეძელით, რაც გამარჯვებაში დაგეხმარათ?

დავიწყე ხიჭაურიდან ჭვანის მიმართულებით 5-კილომეტრნახევრიანი გზის მოასფალტება, რაზეც ამ ხეობის მცხოვრებლები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული ოცნებობდნენ. დაბაში წყლის პრობლემის მოგვარება დავიწყე, დღეს დაბას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ექნება.

რის გაკეთებას გეგმავთ თქვენი გამგებლობის პერიოდში?

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს ერთი და იგივე პრობლემები აწუხებს, რაც გზას, წყალსა და ელექტრომომარაგებას უკავშირდება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების საკითხია. შუახევში “შუახევჰესი” შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკებას ყოველდღიურად ვაწარმოებთ, რომ დამატებით სამუშაო ადგილის გამონახვისას ადგილობრივი დასაქმდეს. გვინდა გავხსნათ ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ადგილზე მოყვანილი ნედლეული გაიყიდება, ამით მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება და დასაქმდება კიდეც.

ჩვენი ხელისუფლების ხედვა არის 2-3 წლის განმავლობაში თითოეულ თემის ცენტრამდე გზა მოასფალტდეს, ასევე შიდასასოფლო და მთებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგება.

გვინდა შევცვალოთ ელექტროგაყვანილობა სადენებითა და გადამცემი ხაზებით. ელექტროგაყვანილობა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, ამ წლის ზამთარში არსებულმა პრობლემამ გვიჩვენა, რომ ეს აუცილებელია.
ვყიდულობთ სახანძრო მანქანას, თითოეული თემის ამბულატორიას გადაეცემა ავტომობილები.

ვაშენებთ ხუთ დაწყებით სკოლას და დაგეგმილი გვაქვს სამი ბაგა-ბაღის აშენება.
სოფელ ფურტიოში აშენდება რაგბის მოედანი, გვინდა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, ამ დროისთვის გავხსენით ტურისტული სააგენტო, სადაც სამი ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მოემსახურებიან.

რაც შეეხება დასაქმებას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვერ იქნება დასაქმების ადგილი, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს, სადაც ახალგაზრდა, კომპეტენტურ კადრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ. ჩემი მიზანია ნიჭიერი კადრების მოზიდვა და ეს მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ – გაქვთ ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი?

დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, კოალიცია, ჩვენი პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას, მინისაწარმოების გახსნას. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ცრუ დაპირებას არ იძლევა, ჩვენი სიტყვები ასრულებადია, საზოგადოება ამას მალე ნახავს.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და აქცენტი სოფლის მეურნეობაზე უნდა ავიღოთ, საუბარია თამბაქოს კულტურის აღორძინებაზე. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო უნდა გაიხსნას. კაკლისა და მოცვის კულტურა დავნერგეთ. სოფლის მეურნეობის განვითარება მცხოვრებლებს ადგილზე დააკავებს.

აქცენტი გააკეთეთ მიგრაციაზე, რამდენად შესაძლებელია მოსახლეობის გადინების შეჩერება?

 

მაღალმთიანი აჭარა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტი, გეოლოგიურად აქტიური ზონაა, ხშირია მეწყრული პროცესები, არის ქვათა ცვენის რამდენიმე შემთხვევა, რაც მიგრაციას უწყობს ხელს.

უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები, გავაშენოთ მრავალწლოვანი მცენარეები და ხე-ტყის უკანონო ჭრას წერტილი დავუსვათ. დაბაში საცხოვრებელი ფართობის მიცემა არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუ აღორძინდება სოფლის მეურნეობა, რაც თავის სარჩენს გაუჩენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვფიქრობ, წასვლაზე არავინ იფიქრებს.

გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?

 

კადრებს აუცილებლად გადავახალისებთ, შანსი უნდა მივცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. გამგეობაში აუცილებლად `ახალ სისხლს გადავასხამთ~, მოვლენ ახალი, ინტელექტუალური კადრები. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს სამუშაო ადგილის მემკვიდრეობით გადაცემა, არის შემთხვევები, როცა მშობელი მუშაობს, მის ადგილს კი შემდეგ შვილი იკავებს. ჩემი მიზანია კონკურსის გზით შევარჩიო კადრები.

რამდენად არსებობს კონკურსი ობიექტურად ჩატარების შესაძლებლობა?

ვინც მიცნობს, ჩემს ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. არც ერთ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომპეტენტური საახლობლო მყავს, ჩემი ნათესავი არ დამინიშნავს, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვან თანამდებობებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკავებენ, რამდენად გამჭვირვალე იქნება მოსახლეობისთვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და გაითვალისწინებთ თუ არა მათ ინტერესებს ბიუჯეტის დაგეგმარებისას?

საკრებულოში უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა, თუმცა ამის გამო ჩვენ დისკომფორტი არ შეგვქმნია, ვცდილობდით მაქსიმალურად ერთად გაგვეხორციელებინა პროექტები. მაგრამ როცა საკრებულოში უმრავლესობით მოვალთ, მეტ ღონისძიებას დავგეგმავთ და ყველა დაწყებულ საქმეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ბოლომდე მივიყვანთ.

ის, რაც კეთდება სოფელში, ერთი ადამიანისთვის არ კეთდება და არც ადამიანთან გარიგებით, როგორც ადრე წესად იყო, ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ტენდერებით კეთდება და მთელ სოფელს მოიცავს.

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

მაქვს 80 კვადრატამდე ფართობის ბინა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, რომელიც 2005 წელს შევიძინე და ავტომობილი “სუზუკი”.

მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი, ონისე მე-11 კლასშია და ბათუმის `დინამოში~ თამაშობს, უმცროსი _ მარიამი 6 წლისაა, დარეგისტრირდა ბათუმის N1 სკოლაში და წელს მიუჯდება მერხს, მეუღლე დიასახლისია.

როცა გამგებლად დავინიშნე, შევავსე ქონებრივი დეკლარაცია, ახლა მომივიდა ინფორმაცია, რომ ახალად უნდა შევავსო. ჩემი მუშაობის ცხრათვიან პერიოდში ქონება 0,1%-ითაც კი არ შეცვლილა. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი გამგებელი ვარ.

 

ბედის ვარსკვლავის ბრალია

„ბედის ვარსკვლავის ბრალია”  დაუვიწყარი და ძალიან მართალი წიგნია კიბოთი დაავადებული მოზარდების შესახებ. კი, აქ სიყვარულიც ბევრია და ტრაგიკული დასასრულიც, მაგრამ ვინ თქვა, რომ ასეთ ამბებს არა აქვთ არსებობის უფლება? ან ვინ თქვა, რომ უკურნებელი სენით გატანჯული პატი ჰოლმანი აუცილებლად უნდა შეგვეცოდოს, ჰეზელ გრეისი და აუგუსტუს უოტერსი კი არა?

ჰეზელ გრეისი 16 წლის გოგოა, რომელსაც კარგა ხანია კიბო აქვს და ამ დაავადებასთან, რაღაცნაირად, მეგობრულადაც კი თანაცხოვრობს. ცდილობს, ყველაფერს იუმორით მიუდგეს, ზედმეტი ტრაგედია არაფრისგან შექმნას. არც იმისგან, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს. არც იმისგან, რომ მშობლები ლამის ეხოცება დარდით. ჟანგბადის ბალონს, რომელზეც მუდმივადაა მიერთებული, მოფერებით ფილიპს ეძახის და ცდილობს, ზოგჯერ გულიანად, ნამდვილად გაიღიმოს.

კიბოს შესახებ ასეთი გულახდილი წიგნი ბევრი ნამდვილად არაა დაწერილი. ყველაზე კარგი, რაც ამ წიგნს აქვს, ის არის, რომ დაავადება არ არის რომანტიზირებული. დაავადებული ბავშვები აქ არ არიან სიცოცხლისთვის თავგანწირვით მებრძოლი გმირები. ისინი არიან ბავშვები, რომლებიც აუტანელი ტკივილებისგან ზოგჯერ ძალიან ბოროტდებიან. ბავშვები, რომლებიც ხშირად ჭამის შემდეგ არწყევენ, ზოგჯერ კი საკუთარ შარდში სძინავთ. ბავშვები, რომლებიც კიბოსთან ბრძოლაში კიდურებს კარგავენ, ზოგჯერ კი – ადამიანობასაც. ან როგორ შეიძლება, ადამიანობა არ დაკარგო წინასწარ წაგებულ ომში.

ჰეზელი და ავგუსტუსი, ორი მთავარი გმირი, ერთმანეთს “თანაგრძნობის წრეზე” ხვდება. მათ მალე გააერთიანებს ერთი წიგნი, რომელიც კიბოიანი ბავშვის შესახებაა და რომლის ავტორიც ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჟანრის კანონების თანახმად, ჰეზელსა და გასს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს სიყვარული სულ არ არის მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თემაა. მთავარი ამ წიგნში ტანჯვა და ძალიან მწარე ღიმილებია. ჰეზელი ისე სასაცილოდ ჰყვება ყველაფერს! ტკივილზეც კი ისე გულიანად იცინის! მაგრამ არ ეცინება დაბეჩავებულ მშობლებზე, არც ფეხმოჭრილ და რეციდივდადგენილ გასზე.

ფინალს არ მოგიყვებით, მოყოლით ყველაფერ აზრს დაკარგავს. ძალიან, ძალიან საინტერესო და ცოტათი მოულოდნელი ფინალია -თითქოს მეტს ელოდი და ცოტა რამ მოხდა. მაგრამ ეს ერთადერთი სწორი ფინალია, რომელიც ამ სადად დაწერილ წიგნს მოუხდებოდა.

ჰეზელისნაირად რომ ვთქვათ, ჩვენ მოგვწონს, ჯონ გრინ, ძალიან მოგვწონს.

ავტომრბოლელი N27

ნუკრი ჯანგველაძე

ნუკრი ჯანგველაძე 15 წელია ავტომრბოლელია. ამ ხნის მანძილზე მას მხოლოდ რამდენიმე წაგება აქვს, ერთხელ საბურავი გაუსკდა ავტომობილს, მეორეჯერ ძრავი გადახურდა. სხვა შემთხვევაში საპრიზო ადგილები აქვს მოპოვებული. შეჯიბრებებზე ის საბჭოთა “ვაზ-2107”-ით გამოდის. “ამ მანქანით როცა თამაშობ, მთავარი ოსტატობაა, მძღოლის ტექნიკაზეა დამოკიდებული შედეგი და ნაკლებად ავტომობილის მონაცემებზე”, – ამბობს 38 წლის სპორტსმენი.

დასაწყისი

მესამე წელია ნუკრი ჯანგველაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის მოწვევით აჭარის სახელით ასპარეზობს. სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა მინიმოპედი ჰქონდა:

“8 წლის ვიყავი მინიმოპედი რომ ვიყიდე. მერე მოზრდილ მოტოციკლეტზე “Иж Юпитер 5”-ზე გადავედი. მოგვიანებით მოტოციკლეტი “ჩეზეტი” შევიძინე. გავხდი “მოტომრბოლელი”და საქართველოს ჩემპიონობაც მოვიპოვე მოტოსპორტში. ვასპარეზობდი სკეიტბორდითაც. მანქანის არაფერი ვიცოდი”.

2001 წელს “ჩეზეტით” ხუთსართულიანი კორპუსის სახურავიდან ხუთსართულიანი კორპუსის სახურავზე გადახტა. კორპუსების დაშორება 30 მეტრი იყო. ვიღაცას პოლიციაში დაურეკია კაცი თავს იკლავსო. ასევე, მოტოციკლეტით ვარდები მიუტანა შეყვარებულს მეცხრე სართულზე.

მისი პირველი მანქანა “ვაზ-2101” იყო. პირველი შეჯიბრი კი – 1999 წელს. სპორტსმენი რომ გამოვსულიყავი, არ მიფიქრიაო ამბობს:

“დავიწყე მანქანის გაკეთება, დავშალე და ავაწყე. ყველა ავტომოყვარულს თავისი იდეა და დიზაინი აქვს ავტომობილის მოწყობის. მე თვითონ დავამატე რაღაც დეტალები. “ნაკლეიკები” დავაკარი, დისკები გამოვუცვალე და უფრო გავაფართოვე, სხვა საბურავები დავამაგრე, ცოტა არ იყოს მესიამოვნა ეს პროცესი. თანდათან შევისწავლე ავტომობილი და უფრო დამაინტერესა. მივმართე ავტოსპორტის ფედერაციას. ფედერაციის პრეზიდენტს გავაცანი ჩემი თავი – მოყვარული ვარ და ჯერ იმ დონეზე ტარება მანქანისა არ ვიცი, როგორც მრბოლელს სჭირდება-მეთქი. თქვენისთანა ხალხს ვეძებთო-მითხრა და მიმიღეს. მასწავლეს ტარება. ამიხსნეს ექსტრემალური მართვის ნიუანსები. იმის მერე ვაკვირდებოდი მრბოლელებს და მე თვითონ ვსწავლობდი. როგორ შემოუვლიდა ბარიერებს, როგორ შევიდოდა მოსახვევში. ბოლოს ისე შემიყვარდა ეს სპორტი, რომ საქართველოში რბოლა არ გამომიტოვებია, მონაწილეობა რომ არ მიმეღო”.

ნუგზარ ჯანგველაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია პროფესიონალებს შორის. შეჯიბრებებზე მისი ნომერია 27. ციფრს სიმბოლური დატვირთვა არ გააჩნია, ის ნომერი ავიღე, რომელიც თავისუფალი იყოო, – ამბობს მრბოლელი.

რატომ “ვაზ-2107”

დღემდე რამდენიმე მანქანა ჰქონდა, რომლითაც შეჯიბრებებზე გამოდიოდა, მათ შორის HONDACR-X, HONDA CIVIK, HONDA NATION, BMW (E30) “ხულიგანკას” რომ ეძახიან.

“რბოლაში წინ ვიყავი ამ მანქანებით, მაგრამ მათი მომზადება ძვირი ჯდება, ნაწილები ძვირია და ამის გამო დავუბრუნდი ისევ საბჭოთა მარკის მანქანას. თუმცა მთელი აზრი იმაშია, რომ ამ მოდელის მანქანით იმ დონეზე ასრულებ, როგორც ვთქვათ “HONDA”-თი ან “BMW”-თი მოასპარეზე. „ვაზ-2107“-ს არა აქვს ჰიდრავლიკა, რომელიც მძღოლს მოსახვევებში წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ჰიდრავლიკურ ავტომობილზე კი მძღოლი ნაკლებად დაძაბულია, მარტივია მუხრუჭის გამოყენებაც”.

იმისთვის, რომ “ვაზ-2107” BMW-ს გაეჯიბროს, განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვს დამატებული. თუმცა გაუმჯობესებული აქვს ძრავიც და სავალი ნაწილიც.

“თავიდან ჰქონდა 75 ცხენის ძალის ძრავი და ავიყვანე 140 ცხენის ძალამდე. ავტომობილი დამჩატებულია. “კლაპნები”, რომელიც არასაჭირო ჰაერს გამოდევნის ტურბინიდან, რვა მილიმეტრით გავადიდე, გავზარდე წვის კამერაც, ყველა დეტალი გაუმჯობესებულია ოთხმაგად, მანქანა საკუთარი ხელით, საკუთარი ფინანსებით გავაკეთე”.

„ლადა კლუბი“

“ვაზ”-ი ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი ცნობილი რუსული ფირმაა (ВАЗ – Волжский Автомобильный Завод -ვოლგის საავტომობილო ქარხანა), რომელმაც 1967 წელს ქალაქ ტოლიატიში, იმავე სტავროპოლში დაიწყო “ლადას”, “ნივისა” და “ჟიგულის” წარმოება.

საქართველოში საბჭოთა მარკით სხვა ავტომრბოლელებიც დაინტერესდნენ. “ავიყოლიე საბჭოთა მარკის მოყვარული ხალხი და ჩამოვაყალიბეთ “ლადა კლუბი”, – ამბობს ნუკრი ჯანგველაძე.

კლუბის წევრებმა მეთაურად ნუკრი ჯანგველაძე აირჩიეს. კლუბი სამი თვეა არსებობს და მასში 14 ავტომრბოლელია გაწევრიანებული. ისინი შეჯიბრებებზე ერთ გუნდად დადიან, ამარცხებენ და კონკურენციას უწევენ თანამედროვე ავტომობილებს.

“ბიჭებს “ჟიგულები” ჰყავთ. ვერ წვდებიან ფინანსურად, რომ უცხოური მანქანებით იასპარეზონ”, “ჟიგული” კი ეკონომიურიაო”, –  ამბობს “ლადას კლუბის” ხელმძღვანელი.

 

სპონსორი

მრბოლელები შეჯიბრების წინა დღეებში ავტომობილს პროფილაქტიკას უტარებენ. ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ “ლადა კლუბის” თითო მრბოლელს თითო შეჯიბრებაზე 500 ლარი სჭირდება. ავტოსპორტში სხვადასხვა სახის შეჯიბრება კი თვეში სამჯერ ტარდება.

“ტოიო პროქსესის” ისეთი ზომის საბურავები მიყენია, რომელიც აქ არ იშოვება და იაპონიიდან ჩამომაქვს. მხოლოდ ზაფხულის საბურავებით ვსარგებლობ, რადგან ერთი საბურავი 330 ლარი ღირს, საბურავები ორ რბოლას ყოფნის. ახლა გაცვეთილი საბურავები მიყენია და მანქანა ცურავს, მაინც ვიმარჯვებ შეჯიბრებაზე, მაგრამ ვაგებ ჩემ თავთან. ახალი საბურავების შემთხვევაში ნაკლებ დროს მოვანდომებდი იმ მანძილს, რასაც გაცვეთილი საბურავებით ვფარავ.
დღემდე ვეძებთ სპონსორებს. ბევრ ბიზნესმენს, პარლამენტარს თუ ფირმას მივმართე სპონსორობის გაწევის თხონით, მაგრამ ვერ ვიპოვე. არადა, მე შემიძლია დავუმტკიცო ყველას, რომ მთელი ცხოვრება წაგება არ მქონია და არც ახლა მექნება, ოღონდ მცირე ბიძგი მჭირდება და ფინანსური დახმარება.

მიწვევა მქონდა რუსეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. საპრიზო თანხა 50 ათასი ევრო იყო. ვერ ვიპოვე ხუთი ათასი ლარი, რომ წავსულიყავი. ისევ მიწვევენ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ ისევ ვერ მივდივარ.

ისიც არ შემიძლია, რომ რბოლას თავი დავანებო. დიდი ხარჯი მაქვს, მიჭირს, შეჯიბრებების დროს ავტომობილში ვითევ ღამეს, მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი ავტორბოლის სიყვარული.

მადლიერი ვარ, რომ ზეთის სპონსორი მაინც გამომიჩნდა კომპანია “ზეთ-მუსკულის დანართის” მფლობელები ლევან ბასილაია და გიორგი ქებურია.

მეტი ექსტრემი

ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ ხიფათის თვალსაზრისით ყველაზე რთული რალი და წრიული რბოლაა. მას 15 წლის განმავლობაში ავარია არ შემთხვევია.

“წარმოიდგინეთ, რომ ჩოხატაურიდან ბახმაროში სწრაფი სვლით ახვიდე, სადაც გადასავარდნებია. ზედმეტი მოცურება, მცირე შეცდომა და სადმე ხევში გადავარდები. წრიულ შეჯიბრში აჩქარება დიდია, რომ მოგიცურდეს მანქანა, რთულია მისი დამორჩილება. რალიც იგივეა, აჩქარება დიდია და მკვეთრი მოსახვევებიცაა.
ავტორბოლა რა არის იცით, შეიძლება ძალიან ძლიერი მრბოლელი იყო, რბოლაზე არ მოგივიდეს მექანიკური შეცდომა, მაგრამ ქალაქში დაიბნე. უნდა იყო მობილიზებული, ტვინი უნდა მუშაობდეს ასი პროცენტით. უნდა აკონტროლო წამზომი, დრო, შესახვევის მოახლოება, შესვლის კუთხე. რბოლის მერე ენერგიისგან დაცლილი და დაღლილი ხარ”.

პირადი ფაილი

ნუკრი ჯანგველაძე
დაბადების ადგილი და თარიღი: 1976 18 მარტი, თბილისი.
სიმაღლე: 188 სმ.
წონა: 70 კგ.
პროფესია: მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, ავტომრბოლელი
მოქმედი საქმიანობა: ავტორბოლა
შემოსავლის წყარო: ხელოსნობა
ოჯახი: ჰყავს მეუღლე და შვილები – რვა წლის თათია და 16 წლის ნათია.

“ვაზ-2107: ავტომობილით დავდივარ ქალაქშიც, სამუშაოზეც და რბოლაზეცო, ამბობს მრბოლელი #27.

ახალი პროგრამა ბარაკებში მცხოვრებთათვის



ლია ჯაფარიძე ბარცხანის დასახლებაში მაღლივი კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობს. მისი ბინის აივანი ბარაკული ტიპის დასახლების გადასაღებად ფოტოობიექტივისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია.

“ამათ ეშველოთ ოღონდ და გადაიღეთ”, – ამბობს მასპინძელი. მცირე ზომისა და სხვადასხვა ფორმის სახლების სახურავებზე დალაგებულ ქვებზე მანიშნებს და მიყვება: “როცა ქარია, მათი სახურავებიდან ქვები ცვივა. ალაგებენ, რომ ქარმა სახლის სახურავი ვერ წაიღოს. 50 წელზე მეტია, რაც ამ ბინაში ვცხოვრობ და აივნიდან ვუყურებ მათ. მოდით, მზე რომ გამოანათებს და ნახავთ ყველას ლეიბი და საბანი გარეთ აქვს გამოფენილი, ცდილობენ ასე უშველონ ჯანმრთელობას. ბევრმა ტუბერკულოზი გადაიტანა. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტა, კომუნისტებს მათთვისაც მოესწროთ ბინის აშენება. მათ შორის ყველა მუშაობდა და ბინას ელოდებოდა. ჩვენ რომ ეს ბინა მივიღეთ, შემდეგ ისინი იდგნენ რიგში. ნავთობის ხალხი ვართ, ტერმინალში ვმუშაობდით”.

ნინო დოლიძე დედასთან ერთად ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. წლების წინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად ესტუმრა სახლში და დაჰპირდა… იმედი მიეცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და კიდევ ბევრჯერ დაჰპირდნენ. ამიტომ ახალ დაპირებას ისეთი სიხარულით ვეღარ ხვდება:  “არ მინდა ისევ თავი მოვიტყუოო”.

თამარის დასახლებაში ბარაკულ დასახლებად უბინაოდ დარჩენილმა ოჯახებმა ყოფილი სამხედრო ყაზარმა აქციეს. არიან ოჯახებიც, რომლებმაც “ახალი ბინის ვერ, მაგრამ მიშენებისა და რემონტისთვის საჭირო” თანხის შეგროვება შეძლეს: “შედეგი მაინც ვერ მივიღეთ, რადგან სახლს მეორე მხარეს ფანჯრები ვერ გავუკეთეთ, რადგან უკანა მხარეს სხვისი ოთახებია”, – ამბობს ლამარა მხეიძე. ლამარას თქმით, დაბალი სახლი და ოთახებში ფანჯრების არ არსებობა ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის.

ამ დროისთვის თამარის დასახლებაში ბარაკულ სახლებში სამოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.

 

მთავრობის ახალი პროგრამა

“არასათანადო-არსატანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა” საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს (დადგენილება # 393) დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში “ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა” და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იგეგმება.

დადგენილების მიხედვით, აჭარის მთავრობა დაინტერესებულ დეველოპერებს საფინანსო ორგანიზაციასთან თავდებად დაუდგება. პროგრამაში ჩართული საფინანსო კომპანია კი, პროექტის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულებას იღებს.

დაინტერესებული დეველოპერული კომპანიები ბათუმში მცხოვრები არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისგან გამოისყიდიან ქონებას. ისინი თავად აწარმოებენ მოლაპარაკებას საფინანსო კომპანიასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე, შემდეგ კი პროგრამის შესაბამისად გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის მთავრობასთან. მთავრობა მათ თავდებობას სთავაზობს.

მთავრობის პირობებით, დეველოპერმა, რომელსაც “ბარაკების ლიკვიდაციის” პროექტში ჩართვის სურვილი ექნება, არანაკლებ 500 კვ/მეტრი უნდა აითვისოს. ერთი პროექტის ღირებულება მაქსიმუმ სამი მილიონი უნდა იყოს. პროექტის თავდებობისთვის მთავრობამ 20 მილიონი დოლარი გამოყო. უკვე დადგენილი კრიტერიუმებით ერთი პროექტის მშენებლობის დასრულების ვადა მაქსიმუმ სამი წელი იქნება.

პროგრამის პრეზენტაცია აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად მოაწყო. ამავე პრეზენტაციაზე პროგრამაში საქართველოს ბანკი ჩაერთო.

პრეზენტაციას დეველოპერებიც ესწრებოდნენ. მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. სხვა საკითხებთან ერთად ითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დეველოპერების უმეტესობა შესაძლოა ქალაქის ცენტრალური ნაწილით დაინტერესდეს, სადაც ცოტა ბარაკია, ვიდრე ქალაქის გარეუბნებში. გარდა ამისა, საცხოვრებელი კორპუსი ცენტრალურ ნაწილში კომერციულადაც უფრო მომგებიანია. ეს კი დეველოპერებს, როგორც ათვისებისა და ოჯახების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე კომერციულად არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.

ამ საკითხზე გასულ კვირაში ბათუმის საკრებულოშიც იმსჯელეს. საკრებულომ მთავრობის თხოვნით იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც “არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის” სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან, სპეციალური ზონალური მოსაკრებელი გააუქმა.
ეს მოსაკრებელი (K2) ცოტა ხნის წინ ძველი ბათუმის მშენებლობისგან განტვირთვისა და გარეუბნებში დეველოპერების სტიმულირების მოტივით დააწესეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, იონა წითელაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბარაკული დასახლებების ათვისებასა და გარეუბნებში არსებული იმავე დასახლებების ათვისებაზე მთავრობას განსხვავებული სტანდარტები დაწესებული არ აქვს. “ამ მხვრივ მთავრობა გარეუბნებზე დეველოპერის სტიმულირებას ვერ მოახდენდა”.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ პროგრამა დაიწუნა. “რამდენადაც მახსოვს ზონალური მოსაკრებელი ძველ ბათუმში დავაწესეთ იმის გამო, რომ გარეუბნებით დეველოპერები დაგვეინტერესებინა. ახლა პირდაპირ ცენტრზე წამოვლენ, რადგან გადასახადს ვაუქმებთ. მითუმეტეს, როცა ცენტრში ბინა უფრო ძვირად იყიდება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.

მოსაზრებას ბათუმის არქიტექტორი გიორგი რამიშვილი არ ეთანხმება: “ეს პოლიტიკურ თემად აქციეს. ბათუმში დაწესებული რეგულაციები არ დაირღვევა, ზონალური მოსაკრებლებისგან მხოლოდ ის დეველოპერები გავათავისუფლეთ, რომლებიც ბარაკულ დასახლებას აითვისებენ. k1-k2 შენობის მხოლოდ სიმაღლეში გაზრდას არ ითვალისწინებს, ეს პირდაპირ კავშირშია შენობის მოცულობასთან”.

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაციით, პროექტით დეველოპერები უკვე დაინტერესდნენ.
პროგრამა “ბათუმი ბარაკების გარეშე” ყოფილმა მთავრობამ 2008 წელს წამოიწყო, ბათუმის მერიამ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან გააფორმა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც აშენდა საცხოვრებელი კორპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ამ კორპუსში ბარაკებში მცხოვრებლებიდან მხოლოდ 52 ოჯახს მისცეს ბინა, სხვები კი დანაპირების შესრულებას დღემდე ელიან.

6 მაისის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

მერიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოებს შპს “გზამშენპროექტი” განახორციელებს.

ხელშეკრულების თანახმად კომპანიას ევალება მიწისქვეშა კომუნიკაციების, გზების, ქუჩების, პარკების, სკვერების, მოედნებისა და სხვა კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება.

ამ სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 48 850 ათას ლარია გამოყოფილი.

ყველა ეს სამუშაო, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

 

 

ბათუმში ნეონატოლოგთა კონფერენცია გაიმართება

 

 კონფერენციას დაეწრებიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგებლები.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები. კონფერენცია კვირას, 6 ივლისს დასრულდება.

ბათუმის მერიამ სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო

 

 

პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, მისი პირველი ეტაპი დღეს, 4 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი – 4 აგვისტოდან 29 აგვისტომდე გაგრძელდება.

 

თითოეული ეტაპის ბოლოს, პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 375 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ.

 

,,სტუდენტური დასაქმების“ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება უტოლდება ან აღემატება 81 ქულას, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს,  ობლებს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს (ოთხი ან მეტი), იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე სტუდენტებს. 

 

პროგრამის განხორციელებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 124 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

პროგრამას ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ახორციელებს.

100 წლის ზექიე დავითაძეს აჭარის მთავრობის საჩუქარი 1 000 ლარი გადაეცა

 

 

ზექიე დავითაძეს 100 წელი 3 ივლისს შეუსრულდა. უხუცეს ქალბატონს საიუბილეო თარიღი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წევრებმა მიულოცეს. ზექიე დავითაძეს 2 შვილი, 8 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი ჰყავს. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს.

 

2014 წლამდე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარი გადაეცემოდათ, წელს თანხის ოდენობა გაიზარდა და იგი 1 000 ლარს შეადგენს. აჭარაში დღეისათვის 100 წელს გადაცილებული 60 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრები 114 წლის სოფიო მიქელაძეა.

ბათუმში სასტუმროს მფლობელები პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს



შსს-ს ინფორმაციით დაკავებულები არიან: 1990 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უმითიაშარ ქ, 1985 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გოგა ა. 1973 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯოშქუნ უ, 1977 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მოჰამმადჰოსეინი ლ, 1956 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე კარინა გ, 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფერდი დ. დააკავეს, ხოლო 1972 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ლევან ზ. და 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მირიან მ. პასუხისგებაში მიეცნენ.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს სასტუმროების ნომრებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

 

 

ბათუმში ხარაჩოებიდან მუშა გადმოვარდა

 

 

ხარაჩო საიდანაც მუშა გადმოვარდა

თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით მეორე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 50-მდე წლის მუშა სასწრაფო დახმარების მანქანამ ბათუმის რესპუბლიკურ  საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს კომპანია “AKME GEORGIA” აშენებს.  

 

ცხოვრება ციხის შემდეგ

 არის თუ არა საკმარისი მსჯავრდებულისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება და რატომ არ ხდება მათი საქმეების გადახედვა?

 

სიუჟეტში თქვენ მოისმინეთ კონკრეტულ ისტორიებს, გაეცნობით საჯარო უწყებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს.

 

საჯარო ლექციის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ

 

საჯარო ლექციები საგანმანათლებლო კლასში კვლევის მეთოდებსა და  მონაცემთა საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაზე გაიმართა.   

 

რა არის კვლევა საგანმანათლებლო კლასში, ემპირიული და ნორმატიული მიდგომები, კვლევის როლი პროფესიულ პრაქტიკაში, კვლევის რაოდენობრივი, თვისობრივი და შერეული მეთოდური მიდგომების განსაზღვრება, კვლევების გამოყენება საგანმანათლებლო პრობლემებთან მიმართებაში და შეფასებითი კვლევა – საჯარო ლექციაზე მომხსენებელმა ყურადღება ამ  საკითხებზე გაამახვილეს.

 

 ანა გილ-გარსიას საჯარო ლექციების ციკლი 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში. 

 

თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის ფასი იცვლება

 

“სს ”საქართველოს რკინიგზის” 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე, დადგინდა სამგზავრო ბილეთის ტარიფები; კერძოდ პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი – 23 ლარით.

 

2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10 თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს.

 

ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში.

 

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს რკინიგზამ 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის გამნამვლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში უცვლელად მოქმედებდა.

 

აღნიშნული ფასდაკლება ეხება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე, სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება”. 

 

ტარიფები გასულ წელსაც ამავე პერიოდში შეიცვალა. 

 

 

დეპუტატი მის მიერ მოქალაქის დაჭრას უარყოფს

 

„საავადმყოფოში ვიყავი და ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ მითხრა, რომ მეტი აღარ მივიდე მასთან. უარი მითხრა ჭრილობის გადახვევაზე, უარი მითხრა ფირის მოცემაზე. მე მჭირდება გავიგო, აქვს თუ არა ექიმს უფლება პაციენტს საკუთარი რენტგენის ფირი არ მისცეს?!“

 

ექიმმა ფრიდონ სირაბიძე „აბსოლუტურ ტყუილს“ უწოდებს მამუკა მახარაძის განცხადებას. „რენტგენის ფირი იმიტომ ვერ მივეცით, რომ არ ბეჭდავს კომპიუტერი. რაც გვქონდა მივეცით – დასკვნა. რენტგენის ფირი შენახულია კომპიუტერში, ის რომ ამოვბეჭდოთ გვჭირდება პრინტერი, რაც გაფუჭებულია. სურათი დევს კომპიუტერში და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. ფირის ციფრულად გადაცემა შეიძლება – დისკზე ჩავწერთ.  მე ავუხსენი, რომ მივცემდით დასკვნას, რომელიც დაწერა ექიმმა, მაგრამ ფირი ამჟამად ვერ ამოიღება, სპეციალისტები გვჭირდება, რომ ტექნიკა დაალაგონ. ისე, კომპიუტერში ფირის ნახვა ნებისმიერს შეუძლია“, – ამბობს ფრიდონ სირაბიძე.

 

რაც შეეხება ჭრილობის შეხვევას, ექიმი ამბობს, რომ მან გუშინ პაციენტი მიიღო და შეუხვია კიდეც ჭრილობა ისე, რომ „ერთი კაპიკი არ გადაახდევინა, თუმცა ჰქონდა გადასახდელი“.

 

რა ზომის ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მამუკა მახარაძეს? – ამის დაზუსტება ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ იმის მიუხედავად არ მოისურვა, რომ მამუკა მახარაძე მათ დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებს: „არ გეტყვით მაგას და მეტი ამ საკითხზე არ დამირეკოთ“, – თქვა მან.


თავად მამუკა მახარაძე კი ამბობს, რომ, როგორც მას უთხრეს, „5-7 სანტიმეტრის ჭრილობა უნდა ჰქონდეს ზურგის არეში. თუმცა, პოლიციისთვის გადაცემულ ცნობაში სხვა ციფრები ჩაწერეს“.  

 

მამუკა მახარაძის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი გუშინ შს სამინისტრომ არ დაადასტურა.  სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

მამუკა მახარაძე ამბობს, რომ ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის,  ირაკლი ბარამიძის ძმამ, ბაქარ ბარამიძემ სამი დღის წინ დაჭრა „ხანჯლით“. ბაქარ ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იყო და ახალი მოწვევის ქედის საკრებულოს დეპუტატი გახდა.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თავად ბაქარ ბარამიძესაც. ის ამბობს, რომ არც ხანჯალი ჰქონია ხელში და არც დაუჭრია თანასოფლელი: „პოლიციამ დამკითხა. მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, თვითონ ნასვამი იყო, ღრიალებდა და მე მივედი. იქ რამდენიმე ადამიანი იყო და თვითონ დაგვიწყო ყველას ჩხუბი და თვითონ წაიქცა. ფეხი რომ წამოიკრა, მაგიდაც წაიქცა და თვითონაც. ჭიქა გატყდა და იმაზე გაიკაწრა უმნიშვნელოდ და ახლა გვაბრალის იმას, რაც არ ყოფილა“.

 

ბეშუმში საკურორტო სეზონი იხსნება

 

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით  ბეშუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ჩავიდა. მასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგების სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ცეცხლაძეც იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა  ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მოინახულეს. ისინი ბეშუმში 10 ივნისიდან მორიგეობენ. შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მოისმინეს მათი მოთხოვნები.

 

„მოიალაღეების მთავარ მოთხოვნას კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული მიწოდება წარმოადგენს, რაც უკვე გადაწყვეტილია,“ – წერია პრესრელიზში.

 

 წელს ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან. 

რა გამოცდილება და ქონება აქვთ ბათუმის საკრებულოს ახალ წევრებს

 

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ირაკლი ჭეიშვილია. ის ამ დრომდე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. წინასაარჩევნო პერიოდში მან შვებულებით ისარგებლა.

 

ირაკლი ჭეიშვილს არაოფიციალურად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა მან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა არ დატოვოს და საკრებულოში რიგით წევრად დარჩეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

 

2004-2005 წელს ირაკლი ჭეიშვილმა ბათუმის მერიაში სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს მერის თანაშემწედ გადაიყვანეს. მალევე ის აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

 

 

„ამ სამსახურში 2009 წლამდე ვიმუშავე და შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედი. შემდეგ ვიყავი ოპოზიციური გაერთიანება ალიანსი საქართველოსთვის წევრი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ბონი-გოროდოკის უბანში. პარალელურად ვეწეოდი პატარა ბიზნესს, განსაკუთრებულს არაფერს“, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ფლობს ბებიის დანატოვარ კერძო სახლს ბონი-გოროდოკის უბანში და ბინას ბათუმში, რომელიც მან კრედიტით შეიძინა: „ეს ბინა ჯერ კიდევ არ არის ჩემს სახელზე, რადგან დავალიანება მაქვს. ბებიის დანატოვარ სახლში კი მშობლები ცხოვრობენ.“  

 

ირაკლი ჭეიშვილს აქვს მანქანა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ ბონი-გოროდოკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან კინწურაშვილთან ერთად ფლობს შპს „ეიჩ ენდ ემს“ (50-50%). ეს კომპანია მათ 2010 წელს ერთად ჩამოაყალიბეს. ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ლევან კინწურაშვილი მისი მეგობარია: `ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ამიტომ ეს საქმე ერთად დავიწყეთ, თუმცა ვერ ვამუშავეთ კომპანია, რადგან იმ დროს ბიზნესის კეთება რთული იყო.“

 

 

ლევან კინწურაშვილი
ლევან კინწურაშვილი

საკრებულოში შედის ბიზნესმენი ლევან კინწურაშვილიც. იგი  ბონი-ბარცხანა-გოროდოკის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება „ქართული ოცნებიდან“. ლევან კინწურაშვილი პროფესიით იურისტია და ბოლო პერიოდში სამშენებლო საქმიანობით იყო დაკავებული. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2000-2002 წლებში კი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ყოფილა.

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ლევან კინწურაშვილი ფლობს კიდევ ერთ კომპანიას შპს „ტიფლის დეველოპმენტ აჭარას“. ის ამ კომპანიის 50%-ის მფლობელია. ეს კომპანია თავდაპირველად დააარსეს სახელწოდებით „სახლი ბათუმში“, შემდეგ კი სახელი შეუცვალეს. ლევან კინწურაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მუშაობა დიდი ხანია შეჩერებული აქვს.

 

 

ლევან კინწურაშვილის სახელზე რეესტრში სხვა რაიმე სახის ქონება არ ირიცხება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

მეორე ნომერი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, ისტორიკოსი ირაკლი ჩავლეიშვილია. საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი შრომითი ბიოგრაფია 1973 წელს ბათუმის ელექტრომექანიკურ ქარხანაში დაიწყო, ამ ქარხანაში ირაკლი ჩავლეიშვილს მუშად უმუშავია.

 

 

„რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი 2006 წლიდან დღემდე საკრებულოს ორი მოწვევის წევრი იყო. 2013 წლის იანვრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო. 

 

 

2013 წლის აპრილის მდგომარეობით ირაკლი ჩავლეიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არანაირი ქონება, ბინა, მიწის ნაკვეთი და სხვა რაიმე სახის უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ამ წელს დეკლარაციაში ირაკლი ჩავლეიშვილმა ქონების ჩამონათვალის ნაწილში მხოლოდ პირადი ავტომანქანა „ტოიოტა 003“ შეიტანა. დოკუმენტის მიხედვით, ამ დროისათვის ირაკლი ჩავლეიშვილის საკრედიტო ანგარიშზე 448 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე ნული ლარი ირიცხებოდა. დეკლარაციაში მონაცემებს არ შეიცავს გრაფები ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული იმ ქონების შესახებ, რომლის ღირებულებაც 4 ათას ლარს აღემატება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის ვაჟი შპს „ელდეპოს“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი ერთი წლის შემოსავალი 7 500 ლარია. მეორე ვაჟი, ზაზა ჩავლეიშვილი კი, „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი შემოსავალიც იგივეა.

 

 

2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ჩავლეიშვილი გურიაში, სოფელ შემოქმედში სამ სხვადასხვა ადგილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, 144.66 კვ/მ საცხოვრებელ სახლს და ორ ბინას ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე 37,58 კვ/მ და 158, 66 კვ/მ ბინას ჟორდანიას ქუჩაზე. ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე 65.1 კვ/მ ბინას ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის რძალი ნინო ხელაია. ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის მეუღლე ნარგიზ ცერცვაძე ვანში.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, მის სახელზე რეგისტრირებული ორივე ბინა მშობლების დანატოვარია. „ადრე იმიტომ არ გავიფორმე, რომ ოპოზიციაში ვიყავი და ნაციონალებისგან ყველაფერს ველოდი“, – ამბობს ის.

 

 

2013 წელს ირაკლი ჩავლეიშვილის სახელფასო შემოსავალი 65 550 ლარი ყოფილა.

 

 

თამაზ თურმანიძე
თამაზ თურმანიძე

სიის მესამე ნომერი ბიზნესმენი თამაზ თურმანიძეა. ის „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „სოლო ჯგუფის“ 30%-ის მფლობელია. კომპანია რეკლამაზე, დიზაინსა და პროგრამირებაზე მუშაობს. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია. ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში. თამაზ თურმანიძე ბოლოს თბილისში ცხოვრობდა.

 

 

„მაქვს სარეკლამო კომპანია „აითიბი ჰოლთინგი“ უკრაინასა და ჩეხეთში. სხვა კომპანიები, რაც საქართველოში მქონდა, უკვე გავასხვისე. მაქვს მხოლოდ ერთი კომპანია – „ექსპერტჯგუფი“, რომელიც 2008 წლიდან აღარ მუშაობს. ორივე კომპანია თბილისში მუშაობს, ამიტომ საკრებულოში მუშაობაში მე ბიზნესი ხელს არ შემიშლის. კომპანიებს დირექტორები მართავენ.“

 

 

ზაურ ახვლედიანი
ზაურ ახვლედიანი

საკრებულოს წევრი გახდება რესპუბლიკელიზაურ ახვლედიანიც. ის „ქართული ოცნების“ სიაში 22-ე ნომრად ეწერა. პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი. 2008 წელს დაამთავრა მახინჯაურის საზღვაო სასწავლებელი, რის შემდეგაც სხვადასხვა გემზე დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე, საზღვაო მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა.

 

 

„მაშინ „რესპუბლიკელი“ ვერსად იმუშავებდა. ამიტომ გადავწყვიტე ზღვაზე წავსულიყავი, “_ ამბობს ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. 2013 წლიდან დღემდე ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობს, პარალელურად „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

 

რეესტრის მონაცემებით ზაურ ახვლედიანი ფლობს 615 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს მახინჯაურში და 4919 კვ/ მ სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთს ჰორტენზიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ერთად. რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი ზაურ ახვლედიანმა გასულ წელს საჩუქრად მიიღო. ის მახინჯაურში კიდევ ერთ – 3585კვ/მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს ფლობს.

 

ზაურ ახვლედიანი ფლობს 7 000 ლარად ღირებულ მანქანასაც, რომელიც მეუღლის, მაკა ლომაძის სახელზეა რეგისტრირებული.

 

თენგიზ აფხაზავა
თენგიზ აფხაზავა

ქართული ოცნებისსიის მეხუთე ნომერი თენგიზ აფხაზავაა. არჩევნებამდე ის აჭარის ტელევიზიაზე გადაცემა „ეკონომიკურ სტრატეგიას“ უძღვებოდა.

 

 

თენგიზ აფხაზავა 2013 წლამდე „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ექსპერტად მუშაობდა – სატრანსპორტო და ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა. იმავე საკითხებში ის 2012 წელს გაეროს განვითარების ფონდის კონსულტანტადაც მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია. ასევე 2012 წლიდან დღემდე არის „ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის“ თავმჯდომარე, შპს „გ-ფუნდამენტისა“ და შპს „შთ LOGIშთIჩშ“-ის გენერალური დირექტორი. მისივე ინფორმაციით, ის ფლობს ბინას ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე და კიდევ ერთ ბინას თბილისში – ხუდადოვის ქუჩაზე.

 

 

თემურ ყურაშვილი
თემურ ყურაშვილი

მომავალი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი უმრავლესობიდან თემურ ყურაშვილია. ის 2006-2010 წლების საკრებულოს წევრი იყო. პროფესიით ეკონომისტია.  თემურ ყურაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2012 წლის დეკემბერიდან დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოში, ფრაქცია “აჭარის”– მოწვეულ სპეციალისტად, აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. 1991–1996 წლებში კი ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.

 

 1980 წელს თემურ ყურაშვილი #5 ტრეტის ეკონომისტად, შემდეგ მრავალდარგობრივი კოოპერატივის ბუღალტრად მუშაობდა. 1996 წელს  ის განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის „პლურალიზმის“ პროგრამის კოორდინატორი, 2000-2001 წლებში კი შპს „აჭარტრანსის“ ინჟინერი იყო.  

 

 

თემურ ყურაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე რეესტრში უძრავი ქონება არ იძებნება. „ბინა მაქვს სამოთახიანი, ისიც პრივატიზებულია, ამიტომ არ მაქვს რეესტრში დარეგისტრირებული. არც ის მგონია, სამი წლის შემდეგ რამე მქონდეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

 

ნატალია ზოიძე
ნატალია ზოიძე

საკრებულოში ქართული ოცნებისკვოტით შედის ნატალია საზოიძე, მერიის მფლობელობაში არსებული შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი. ნატალია ზოიძე რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, პარალელურად მას აქვს იურისტ-ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.  აქვს ასევე დოქტორის ხარისხი.

 

 

რეესტრის მონაცემებით ნატალია ზოიძე ფლობს 146,2 კვ/მ ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩაზე დასთან, ქეთევან ზოიძესთან ერთად. სხვა ქონება მის სახელზე არ იძებნება.

 

 

საკრებულოში ქართულ ოცნებისკვოტით შედის დიმა დარჩია. იგი პროფესიით ეკონომისტია. 2008 წელს უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძის წარმომადგენლად მუშაობდა. 2011-2012 წლებში ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმისათვის“ მთავარი სპეციალისტი იყო. 2013 წლიდან დღემდე აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეა.

 

დიმა დარჩია ფლობს ბაბუის დანატოვარ სახლს ლუკა ასათიანს ქუჩაზე. სხვა ქონება ამ დროისათვის მის სახელზე არ ირიცხება.

 

გაგრძელება იხილეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ, 7 ივლისის ნომერში. 

ბათუმის მერობის კანდიდატი: ტესტირების შემდეგ საკუთარ პარტიულ აქტივს დაასაქმებენ

 

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ ცვლილებებს, რომლებიც მზადდება  საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. კანონი საჯარო სამსახურის შესახებ  ითვალისწინებს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ საჯარო მოხელეებისათვის ატესტაციის ჩატარებას, თუმცა ეს, ჩვენი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს წინასაარჩევნოდ ან არჩევნების შემდგომ.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გია დიასამიძემ.

 

მისი თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში ეს არ იქნება გამოყენებული „საკუთარი პარტიული აქტივის“ დასასაქმებლად:

 

„დღეს ბათუმის მერიას და თვითმმართველობას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, ამ ადამიანების უმრავლესობა არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და ვფიქრობ, ასეთი გუნდის დაშლა, იმ მოტივით, რომ საკუთარი პოლტაქტივი დაასაქმო, არის ძალიან დიდი დანაშაული ქალაქის წინაშე. რაც შეეხება ზოგადად ატესტაციას, უნდა ჩატარდეს, მაგრამ ისე არა, როგორც ბოლო ოცი თვეა ტარდება ქვეყანაში,“  – განაცხადა გია დიასამიძემ.

 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თემურ კახიძის თქმით, ამ დროისათვის მერიაში ტესტრება არ იგეგმება. მისივე თქმით, მერია თანამშომლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე აკეთებს აქცენტს.  რაც შეეხება რეორგანიზაციას, რომელსაც თვითმმართველობის ახალი კოდექსი ითვალისწინებს, რეორგანიზაცია არჩევნების საბოლოო შეგედების გამოცხადების შემდეგ უნდა დაიწყოს.  

 

მისივე თქმით, თანამშრომელთა ტესტირება მერიაში ბოლოს 2004 წელს ჩატარდა. 

 

 ბათუმის მერიაში – 470, საკრებულოში კი 38 საჯარო მოხელე მუშაობს. 

 

 

„დეპუტატის ძმამ დამჭრა“

 

ქედის საავადმყოფოში ადასტურებენ მამუკა მახარაძი მიყვანის ფაქტს, თუმცა ჭრილობის ხარისხზე განმარტებას არ აკეთებენ.

 

„ბათუმელებმა“ მოახერხა დაკავშირებდა მამუკა მახარაძეს, რომელმაც ინციდენტის დეტალები მოყვა: „ხელს ვერ ვამოძრავებ მხარში. ჭრილობა ზურგზე მაქვს, 3 ნაკერია გაკეთებული. მეუბნებიან ჭრილობა 5-7 სანტიმეტრიაო, მაგრამ ეს დასკვნაში არ გადაცემულა. პოლიციაში არ გადაცემულა. რატომ არ ვიცი. არც ის ვიცი, ვინ გადაეწყვიტა, რომ არ გადაეცათ. მე დღეს მივდივარ თბილისში, ექიმს უნდა ვეჩვენო, ხელს ავამოძრავებ თუ ვერა და დანარჩენს მერე შევხედავ, ჩემ საქმეში“.

 

მამუკა მახარაძე ამბობს, რომ მასზე თავდამსხმელს „ნახევარმეტრიანი ხანჯალი ეკავა ხელში, მოჩუქურთმებული“: – რა იყო მიზეზი? – ჩვენ შორის კონფლიქტი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ვარიანტს მოყვა, საწყისი მაგი იყო, მაგრამ ამ მომენტში ჩვენ ამ თემაზე არ ვლაპარაკობდით. მე ვლაპარაკობდი ჩემ პირად საქმეზე და ის ჩამერია და მოულოდნელად დამარტყა ხანჯალი. მაგიდასთან ვიჯექი და ლუდს ვსვამდი“.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც პრესცენტრში ამბობენ, ამ ეტაპზე არ შეუძლიათ იმის თქმა, მამუკა მახარაძე იარაღით არის თუ არა დაჭრილი. მათი თქმით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

საქმეს ქედის პოლიცია იძიებს.

 

 

Exit mobile version