მთიანი აჭარა

რის გაკეთებას გეგმავს შუახევის გამგებელი

05.07.2014 • 2339
რის გაკეთებას გეგმავს შუახევის გამგებელი

 

 

ტარიელ ებრალიძე
ტარიელ ებრალიძე

ბატონო ტარიელ, კმაყოფილი ხართ არჩევნებში თქვენი შედეგით?

თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მოსახლეობის 73-პროცენტმა დამიჭირა მხარი, რაც საქართველოს მასშტაბით ძალიან კარგი შედეგია. მე ველოდებოდი ამ მხარდაჭერას, რადგან ჩემი გამგებლობის ცხრათვიან პერიოდში ბევრი რამ გავაკეთე, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერა მივიღე, მხარდაჭერამ კი ორმაგი პასუხისმგებლობა დამაკისრა მათ წინაშე. შევეცდები ჩემს თითოეულ ამომრჩეველს, თანამოქალაქეს, მოლოდინი არ გავუცრუო.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რის მოგვარებაც შეძელით, რაც გამარჯვებაში დაგეხმარათ?

დავიწყე ხიჭაურიდან ჭვანის მიმართულებით 5-კილომეტრნახევრიანი გზის მოასფალტება, რაზეც ამ ხეობის მცხოვრებლები ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული ოცნებობდნენ. დაბაში წყლის პრობლემის მოგვარება დავიწყე, დღეს დაბას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ჩვენი პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში ექნება.

რის გაკეთებას გეგმავთ თქვენი გამგებლობის პერიოდში?

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს ერთი და იგივე პრობლემები აწუხებს, რაც გზას, წყალსა და ელექტრომომარაგებას უკავშირდება. ამასთან ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების საკითხია. შუახევში “შუახევჰესი” შენდება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, მშენებელ კომპანიასთან მოლაპარაკებას ყოველდღიურად ვაწარმოებთ, რომ დამატებით სამუშაო ადგილის გამონახვისას ადგილობრივი დასაქმდეს. გვინდა გავხსნათ ხილის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ადგილზე მოყვანილი ნედლეული გაიყიდება, ამით მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება და დასაქმდება კიდეც.

ჩვენი ხელისუფლების ხედვა არის 2-3 წლის განმავლობაში თითოეულ თემის ცენტრამდე გზა მოასფალტდეს, ასევე შიდასასოფლო და მთებთან დამაკავშირებელი გზები მოწესრიგება.

გვინდა შევცვალოთ ელექტროგაყვანილობა სადენებითა და გადამცემი ხაზებით. ელექტროგაყვანილობა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა, ამ წლის ზამთარში არსებულმა პრობლემამ გვიჩვენა, რომ ეს აუცილებელია.
ვყიდულობთ სახანძრო მანქანას, თითოეული თემის ამბულატორიას გადაეცემა ავტომობილები.

ვაშენებთ ხუთ დაწყებით სკოლას და დაგეგმილი გვაქვს სამი ბაგა-ბაღის აშენება.
სოფელ ფურტიოში აშენდება რაგბის მოედანი, გვინდა ტურისტული ინფრასტრუქტურა განვავითაროთ, ამ დროისთვის გავხსენით ტურისტული სააგენტო, სადაც სამი ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს მოემსახურებიან.

რაც შეეხება დასაქმებას, მუნიციპალიტეტის გამგეობა ვერ იქნება დასაქმების ადგილი, ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსებს, სადაც ახალგაზრდა, კომპეტენტურ კადრებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ. ჩემი მიზანია ნიჭიერი კადრების მოზიდვა და ეს მხოლოდ კონკურსის წესით მოხდება.

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ – გაქვთ ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი?

დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ხელისუფლება, კოალიცია, ჩვენი პრეზიდენტი, პრემიერი და მთავრობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილზე დასაქმებას, მინისაწარმოების გახსნას. ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ცრუ დაპირებას არ იძლევა, ჩვენი სიტყვები ასრულებადია, საზოგადოება ამას მალე ნახავს.

თქვენი აზრით, რა პერსპექტივა გააჩნია მუნიციპალიტეტს და რა მიმართულებით უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ჩვენ აგრარული ქვეყანა ვართ და აქცენტი სოფლის მეურნეობაზე უნდა ავიღოთ, საუბარია თამბაქოს კულტურის აღორძინებაზე. ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო უნდა გაიხსნას. კაკლისა და მოცვის კულტურა დავნერგეთ. სოფლის მეურნეობის განვითარება მცხოვრებლებს ადგილზე დააკავებს.

აქცენტი გააკეთეთ მიგრაციაზე, რამდენად შესაძლებელია მოსახლეობის გადინების შეჩერება?

 

მაღალმთიანი აჭარა, მათ შორის შუახევის მუნიციპალიტეტი, გეოლოგიურად აქტიური ზონაა, ხშირია მეწყრული პროცესები, არის ქვათა ცვენის რამდენიმე შემთხვევა, რაც მიგრაციას უწყობს ხელს.

უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები, გავაშენოთ მრავალწლოვანი მცენარეები და ხე-ტყის უკანონო ჭრას წერტილი დავუსვათ. დაბაში საცხოვრებელი ფართობის მიცემა არ არის საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. თუ აღორძინდება სოფლის მეურნეობა, რაც თავის სარჩენს გაუჩენს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვფიქრობ, წასვლაზე არავინ იფიქრებს.

გეგმავთ თუ არა საკადრო ცვლილებებს?

 

კადრებს აუცილებლად გადავახალისებთ, შანსი უნდა მივცეთ ნიჭიერ ახალგაზრდებს. გამგეობაში აუცილებლად `ახალ სისხლს გადავასხამთ~, მოვლენ ახალი, ინტელექტუალური კადრები. ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს სამუშაო ადგილის მემკვიდრეობით გადაცემა, არის შემთხვევები, როცა მშობელი მუშაობს, მის ადგილს კი შემდეგ შვილი იკავებს. ჩემი მიზანია კონკურსის გზით შევარჩიო კადრები.

რამდენად არსებობს კონკურსი ობიექტურად ჩატარების შესაძლებლობა?

ვინც მიცნობს, ჩემს ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება. არც ერთ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კომპეტენტური საახლობლო მყავს, ჩემი ნათესავი არ დამინიშნავს, შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ.

ადგილობრივ თვითმმართველობებში წამყვან თანამდებობებს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკავებენ, რამდენად გამჭვირვალე იქნება მოსახლეობისთვის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და გაითვალისწინებთ თუ არა მათ ინტერესებს ბიუჯეტის დაგეგმარებისას?

საკრებულოში უმრავლესობას “ნაციონალური მოძრაობა” წარმოადგენდა, თუმცა ამის გამო ჩვენ დისკომფორტი არ შეგვქმნია, ვცდილობდით მაქსიმალურად ერთად გაგვეხორციელებინა პროექტები. მაგრამ როცა საკრებულოში უმრავლესობით მოვალთ, მეტ ღონისძიებას დავგეგმავთ და ყველა დაწყებულ საქმეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ბოლომდე მივიყვანთ.

ის, რაც კეთდება სოფელში, ერთი ადამიანისთვის არ კეთდება და არც ადამიანთან გარიგებით, როგორც ადრე წესად იყო, ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ტენდერებით კეთდება და მთელ სოფელს მოიცავს.

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

მაქვს 80 კვადრატამდე ფართობის ბინა ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, რომელიც 2005 წელს შევიძინე და ავტომობილი “სუზუკი”.

მყავს მეუღლე და ორი შვილი. უფროსი, ონისე მე-11 კლასშია და ბათუმის `დინამოში~ თამაშობს, უმცროსი _ მარიამი 6 წლისაა, დარეგისტრირდა ბათუმის N1 სკოლაში და წელს მიუჯდება მერხს, მეუღლე დიასახლისია.

როცა გამგებლად დავინიშნე, შევავსე ქონებრივი დეკლარაცია, ახლა მომივიდა ინფორმაცია, რომ ახალად უნდა შევავსო. ჩემი მუშაობის ცხრათვიან პერიოდში ქონება 0,1%-ითაც კი არ შეცვლილა. საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი გამგებელი ვარ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: