სიახლეები

რა გამოცდილება და ქონება აქვთ ბათუმის საკრებულოს ახალ წევრებს

02.07.2014 • 3147
რა გამოცდილება და ქონება აქვთ ბათუმის საკრებულოს ახალ წევრებს

 

 

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ირაკლი ჭეიშვილია. ის ამ დრომდე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს. წინასაარჩევნო პერიოდში მან შვებულებით ისარგებლა.

 

ირაკლი ჭეიშვილს არაოფიციალურად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მოიხსენიებენ. ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა მან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა არ დატოვოს და საკრებულოში რიგით წევრად დარჩეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

 

 

2004-2005 წელს ირაკლი ჭეიშვილმა ბათუმის მერიაში სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს მერის თანაშემწედ გადაიყვანეს. მალევე ის აჭარის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

 

 

„ამ სამსახურში 2009 წლამდე ვიმუშავე და შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე წავედი. შემდეგ ვიყავი ოპოზიციური გაერთიანება ალიანსი საქართველოსთვის წევრი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი მაჟორიტარობის კანდიდატი ბონი-გოროდოკის უბანში. პარალელურად ვეწეოდი პატარა ბიზნესს, განსაკუთრებულს არაფერს“, – ამბობს ირაკლი ჭეიშვილი, რომელიც ფლობს ბებიის დანატოვარ კერძო სახლს ბონი-გოროდოკის უბანში და ბინას ბათუმში, რომელიც მან კრედიტით შეიძინა: „ეს ბინა ჯერ კიდევ არ არის ჩემს სახელზე, რადგან დავალიანება მაქვს. ბებიის დანატოვარ სახლში კი მშობლები ცხოვრობენ.“  

 

ირაკლი ჭეიშვილს აქვს მანქანა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ირაკლი ჭეიშვილი „ქართული ოცნების“ ბონი-გოროდოკის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ლევან კინწურაშვილთან ერთად ფლობს შპს „ეიჩ ენდ ემს“ (50-50%). ეს კომპანია მათ 2010 წელს ერთად ჩამოაყალიბეს. ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ლევან კინწურაშვილი მისი მეგობარია: `ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, ამიტომ ეს საქმე ერთად დავიწყეთ, თუმცა ვერ ვამუშავეთ კომპანია, რადგან იმ დროს ბიზნესის კეთება რთული იყო.“

 

 

ლევან კინწურაშვილი
ლევან კინწურაშვილი

საკრებულოში შედის ბიზნესმენი ლევან კინწურაშვილიც. იგი  ბონი-ბარცხანა-გოროდოკის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება „ქართული ოცნებიდან“. ლევან კინწურაშვილი პროფესიით იურისტია და ბოლო პერიოდში სამშენებლო საქმიანობით იყო დაკავებული. 2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. 2000-2002 წლებში კი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ყოფილა.

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ლევან კინწურაშვილი ფლობს კიდევ ერთ კომპანიას შპს „ტიფლის დეველოპმენტ აჭარას“. ის ამ კომპანიის 50%-ის მფლობელია. ეს კომპანია თავდაპირველად დააარსეს სახელწოდებით „სახლი ბათუმში“, შემდეგ კი სახელი შეუცვალეს. ლევან კინწურაშვილის ინფორმაციით, კომპანიას მუშაობა დიდი ხანია შეჩერებული აქვს.

 

 

ლევან კინწურაშვილის სახელზე რეესტრში სხვა რაიმე სახის ქონება არ ირიცხება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

მეორე ნომერი ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, ისტორიკოსი ირაკლი ჩავლეიშვილია. საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მისი შრომითი ბიოგრაფია 1973 წელს ბათუმის ელექტრომექანიკურ ქარხანაში დაიწყო, ამ ქარხანაში ირაკლი ჩავლეიშვილს მუშად უმუშავია.

 

 

„რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი 2006 წლიდან დღემდე საკრებულოს ორი მოწვევის წევრი იყო. 2013 წლის იანვრიდან კი საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მან ქონებრივი დეკლარაცია ორჯერ შეავსო. 

 

 

2013 წლის აპრილის მდგომარეობით ირაკლი ჩავლეიშვილისა და მისი ოჯახის წევრების სახელზე არანაირი ქონება, ბინა, მიწის ნაკვეთი და სხვა რაიმე სახის უძრავი ქონება არ ფიქსირდება. ამ წელს დეკლარაციაში ირაკლი ჩავლეიშვილმა ქონების ჩამონათვალის ნაწილში მხოლოდ პირადი ავტომანქანა „ტოიოტა 003“ შეიტანა. დოკუმენტის მიხედვით, ამ დროისათვის ირაკლი ჩავლეიშვილის საკრედიტო ანგარიშზე 448 ლარი, ხოლო სახელფასო ანგარიშზე ნული ლარი ირიცხებოდა. დეკლარაციაში მონაცემებს არ შეიცავს გრაფები ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული იმ ქონების შესახებ, რომლის ღირებულებაც 4 ათას ლარს აღემატება.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის ვაჟი შპს „ელდეპოს“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი ერთი წლის შემოსავალი 7 500 ლარია. მეორე ვაჟი, ზაზა ჩავლეიშვილი კი, „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის მენეჯერია და მისი შემოსავალიც იგივეა.

 

 

2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი ჩავლეიშვილი გურიაში, სოფელ შემოქმედში სამ სხვადასხვა ადგილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, 144.66 კვ/მ საცხოვრებელ სახლს და ორ ბინას ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე 37,58 კვ/მ და 158, 66 კვ/მ ბინას ჟორდანიას ქუჩაზე. ბათუმში გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე 65.1 კვ/მ ბინას ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის რძალი ნინო ხელაია. ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ირაკლი ჩავლეიშვილის მეუღლე ნარგიზ ცერცვაძე ვანში.

 

 

ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, მის სახელზე რეგისტრირებული ორივე ბინა მშობლების დანატოვარია. „ადრე იმიტომ არ გავიფორმე, რომ ოპოზიციაში ვიყავი და ნაციონალებისგან ყველაფერს ველოდი“, – ამბობს ის.

 

 

2013 წელს ირაკლი ჩავლეიშვილის სახელფასო შემოსავალი 65 550 ლარი ყოფილა.

 

 

თამაზ თურმანიძე
თამაზ თურმანიძე

სიის მესამე ნომერი ბიზნესმენი თამაზ თურმანიძეა. ის „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის შპს „სოლო ჯგუფის“ 30%-ის მფლობელია. კომპანია რეკლამაზე, დიზაინსა და პროგრამირებაზე მუშაობს. გარდა ამისა, მას აქვს რამდენიმე დეველოპერული კომპანია. ბიზნესი აქვს უკრაინასა და ჩეხეთში. თამაზ თურმანიძე ბოლოს თბილისში ცხოვრობდა.

 

 

„მაქვს სარეკლამო კომპანია „აითიბი ჰოლთინგი“ უკრაინასა და ჩეხეთში. სხვა კომპანიები, რაც საქართველოში მქონდა, უკვე გავასხვისე. მაქვს მხოლოდ ერთი კომპანია – „ექსპერტჯგუფი“, რომელიც 2008 წლიდან აღარ მუშაობს. ორივე კომპანია თბილისში მუშაობს, ამიტომ საკრებულოში მუშაობაში მე ბიზნესი ხელს არ შემიშლის. კომპანიებს დირექტორები მართავენ.“

 

 

ზაურ ახვლედიანი
ზაურ ახვლედიანი

საკრებულოს წევრი გახდება რესპუბლიკელიზაურ ახვლედიანიც. ის „ქართული ოცნების“ სიაში 22-ე ნომრად ეწერა. პროფესიით იურისტია და სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი. 2008 წელს დაამთავრა მახინჯაურის საზღვაო სასწავლებელი, რის შემდეგაც სხვადასხვა გემზე დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე, საზღვაო მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურში მუშაობდა.

 

 

„მაშინ „რესპუბლიკელი“ ვერსად იმუშავებდა. ამიტომ გადავწყვიტე ზღვაზე წავსულიყავი, “_ ამბობს ზაურ ახვლედიანი „ბათუმელებთან“. 2013 წლიდან დღემდე ის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობს, პარალელურად „რესპუბლიკური პარტიის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

 

რეესტრის მონაცემებით ზაურ ახვლედიანი ფლობს 615 კვ/მ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთს მახინჯაურში და 4919 კვ/ მ სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთს ჰორტენზიის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლთან ერთად. რეესტრის მონაცემებით, ეს ნაკვეთი ზაურ ახვლედიანმა გასულ წელს საჩუქრად მიიღო. ის მახინჯაურში კიდევ ერთ – 3585კვ/მ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთს ფლობს.

 

ზაურ ახვლედიანი ფლობს 7 000 ლარად ღირებულ მანქანასაც, რომელიც მეუღლის, მაკა ლომაძის სახელზეა რეგისტრირებული.

 

თენგიზ აფხაზავა
თენგიზ აფხაზავა

ქართული ოცნებისსიის მეხუთე ნომერი თენგიზ აფხაზავაა. არჩევნებამდე ის აჭარის ტელევიზიაზე გადაცემა „ეკონომიკურ სტრატეგიას“ უძღვებოდა.

 

 

თენგიზ აფხაზავა 2013 წლამდე „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ექსპერტად მუშაობდა – სატრანსპორტო და ლოგისტიკის საკითხებს კურირებდა. იმავე საკითხებში ის 2012 წელს გაეროს განვითარების ფონდის კონსულტანტადაც მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორია. ასევე 2012 წლიდან დღემდე არის „ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის“ თავმჯდომარე, შპს „გ-ფუნდამენტისა“ და შპს „შთ LOGIშთIჩშ“-ის გენერალური დირექტორი. მისივე ინფორმაციით, ის ფლობს ბინას ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე და კიდევ ერთ ბინას თბილისში – ხუდადოვის ქუჩაზე.

 

 

თემურ ყურაშვილი
თემურ ყურაშვილი

მომავალი საკრებულოს კიდევ ერთი წევრი უმრავლესობიდან თემურ ყურაშვილია. ის 2006-2010 წლების საკრებულოს წევრი იყო. პროფესიით ეკონომისტია.  თემურ ყურაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. 2012 წლის დეკემბერიდან დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოში, ფრაქცია “აჭარის”– მოწვეულ სპეციალისტად, აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს. 1991–1996 წლებში კი ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი იყო.

 

 1980 წელს თემურ ყურაშვილი #5 ტრეტის ეკონომისტად, შემდეგ მრავალდარგობრივი კოოპერატივის ბუღალტრად მუშაობდა. 1996 წელს  ის განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის „პლურალიზმის“ პროგრამის კოორდინატორი, 2000-2001 წლებში კი შპს „აჭარტრანსის“ ინჟინერი იყო.  

 

 

თემურ ყურაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე რეესტრში უძრავი ქონება არ იძებნება. „ბინა მაქვს სამოთახიანი, ისიც პრივატიზებულია, ამიტომ არ მაქვს რეესტრში დარეგისტრირებული. არც ის მგონია, სამი წლის შემდეგ რამე მქონდეს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

 

ნატალია ზოიძე
ნატალია ზოიძე

საკრებულოში ქართული ოცნებისკვოტით შედის ნატალია საზოიძე, მერიის მფლობელობაში არსებული შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ დირექტორი. ნატალია ზოიძე რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია, პარალელურად მას აქვს იურისტ-ეკონომისტის მაგისტრის ხარისხი.  აქვს ასევე დოქტორის ხარისხი.

 

 

რეესტრის მონაცემებით ნატალია ზოიძე ფლობს 146,2 კვ/მ ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლს ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩაზე დასთან, ქეთევან ზოიძესთან ერთად. სხვა ქონება მის სახელზე არ იძებნება.

 

 

საკრებულოში ქართულ ოცნებისკვოტით შედის დიმა დარჩია. იგი პროფესიით ეკონომისტია. 2008 წელს უმაღლეს საბჭოში დავით ბაციკაძის წარმომადგენლად მუშაობდა. 2011-2012 წლებში ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ბათუმისათვის“ მთავარი სპეციალისტი იყო. 2013 წლიდან დღემდე აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილეა.

 

დიმა დარჩია ფლობს ბაბუის დანატოვარ სახლს ლუკა ასათიანს ქუჩაზე. სხვა ქონება ამ დროისათვის მის სახელზე არ ირიცხება.

 

გაგრძელება იხილეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ, 7 ივლისის ნომერში. 

გადაბეჭდვის წესი