ნეტგაზეთი • RU

ბეშუმში საკურორტო სეზონი იხსნება

 

შაბათს, 5 ივლისს ბეშუმში საკურორტო  სეზონი იხსნება.  როგორც ადმინისტრაცია აცხადებს კურორტზე სეზონის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით კი  ბეშუმში მყოფები ამბულატორიული და სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით უწყვეტად ისარგებლებენ. 

 

სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით სამედიცინო სამსახურების ორგანიზაციული საკითხების გაცნობის მიზნით  ბეშუმში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ჩავიდა. მასთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი მინდია კახიძე და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგების სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ცეცხლაძეც იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში სამინისტროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა  ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მოინახულეს. ისინი ბეშუმში 10 ივნისიდან მორიგეობენ. შეხვდნენ კურორტზე მყოფ მოიალაღეებს და მოისმინეს მათი მოთხოვნები.

 

„მოიალაღეების მთავარ მოთხოვნას კურორტზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების დროული მიწოდება წარმოადგენს, რაც უკვე გადაწყვეტილია,“ – წერია პრესრელიზში.

 

 წელს ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები საკურორტო სეზონის დასრულებამდე, 15 სექტემბრამდე დარჩებიან. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"