აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ წინა წლის მაჩვენებელს, წელს ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელი 42,2%-ით აღემატება. რამდენად ზუსტია ეს ინფორმაცია, ამის გადამოწმება რთულია, რადგან ამ ინფორმაციას სამინისტრი დეტალურად არ განმარტავენ.
უპირობოდ გაყიდულ ობიექტებს შორისაა ბათუმში თამარის დასახლებაში 2147 კვ/მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგმა” 205 000 ლარად უპირობო აუქციონზე 2014 წლის პირველ მარტს შეიძინა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს “ლ ენდ კ ჰოლდინგი” გოჩა დეკანოსიძემ 2008 წელს თურქეთის მოქალაქესთან ჰასმეტ ბედიი კურუმთან ერთად დააფუძნა. პარტნიორები 50-50% წილს ინაწილებდნენ. კომპანიის დირექტორად კი თურქეთის მოქალაქე იაშარ მუსტაფა გუვენი ფიქსირდება.
2012 წელს საჯარო რეესტრში დაფიქსირებული ცვლილების თანახმად, კომპანიის 100% წილი შპს `ეიჩ-პი-არ ინთერნეიშენალ თრეიდ~-ზე დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის რეგისტრაციის ადგილი ამერიკის შეეთებული შტატებია (ნიუ იორკ ავენიუ, ქლეიმონტ, დელავერი 19703, ნიუ კასტლის რაიონი 21.11.2006). ამ კომპანიის რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილება 2014 წლის 20 მაისსაც შევიდა. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100% წილის მფლობელი ამჯერად ოფშორში დარეგისტრირებული “უცხოური საწარმო ტუსპა ბ.ვ ნიდერლანდები” გახდა.
დოკუმენტებში კომპანიის რეგისტრაციის ადგილია “სტრავინქსილაან 411, 1077”. 2014 წლის მაისიდან კომპანიის დირექტორად თურქეთის მოქალაქე შერაფეთთინ ქირფიქლი ფიქსირდება. ამ კომპანიას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის კომპანიად მოიხსენიებდნენ. გადამოწმებით დგინდება, რომ კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობდა და ძირითადად ფართობების გაქირავებაზე იყო ორიენტირებული.
სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით 530 000 ლარად გაასხვისა 2 820 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე (#20.) შემსყიდველი არის შპს “ხახუტა”. კომპანიის 100% წილის მფლობელი ნოდარ შერვაშიძეა, დირექტორად კი ლევან შერვაშიძე ფიქსირდება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 1998 წელს დააფუძნეს. კომპანიის 100% წილის მფლობელი ლევან შერვაშიძე იყო. დირექტორად კი ნოდარ შერვაშიძე ფიქსირდებოდა.
სამინისტრომ უპირობო აუქციონით 71 500 ლარად გაასხვისა შპს “ალფას” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100% წილი, შემძენი კერძო პირი მიხეილ გელაძეა. 1979 წელს დაბადებული მიხეილ გელაძე სოფელ ღურტაშია რეგისტრირებული.
სამინისტრომ 85 575 ლარად გაყიდა 71,6 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (#74, 75, 76, 78, 80) მყიდველი კერძო პირი გოჩა ბერიძეა. 1977 წელს დაბადებული გოჩა ბერიძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, #9-ია რეგისტრირებული.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიანი აუქციონით 610 000 ლარად გაასხვისა ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში, პოლიტიკური ინსტიტუტის მიმდებარედ 1767 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. მყიდველი შპს “მეგა პალსია”.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია 2014 წლის 29 იანვარს ლევან ხიმშიაშვილმა და ჯუმბერ ზოიძემ დაარეგისტრირეს. პარტნიორები კომპანიის 50-50%- პროცენტიანი წილის მფლობელები არიან. 2014 წლის თებერვალში კი, კომპანიის დაარსებიდან ერთ თვეში, მათ სამინისტროს პირობიან აუქციონზე ნახევარ მილიონზე მეტად ღირებული პირობადებული ქონება შეისყიდეს. ამ კომპანიის დირექტორად ედვარდ ხიმშიაშვილი ფიქსირდება.
255 000 ლარად პირობიანი აუქციონით გაასხვისეს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, #64-ში 175,8 კვ/მ შენობა-ნაგებობაც. შემძენი კერძო პირი მარინე თურმანიძეა.
ციფრების მიხედვით, რომელიც სამინისტრომ “ბათუმელებს” მოაწოდა, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ინვესტიციების დიდი ნაწილი ტურიზმისა და მშენებლობის დარგზე მოდის. “22, 97 მილიონი აშშ დოლარი ტურიზმის, ხოლო 22, 97 აშშ დოლარი მშენებლობის დარგში”, _ ნათქვამია სამინისტროს მიერ “ბათუმელებისთვის” გადმოგზავნილ ინფორმაციაში.
დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 2014 წელს გასხვისებულ და საიჯაროდ გაცემულ ობიექტებს ეხება, 2014 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამინისტრომ უპირობო აუქციონის წესით რვა ობიექტი გაასხვისა, რის შედეგადაც აჭარის ბიუჯეტში სულ 939 040 ლარი შევიდა. პირობიანი აუქციონის წესით გაყიდული ქონებიდან შემოსულმა თანხამ კი 865 000 ლარი შეადგინა. საიჯარო წესით გაცემული ქონებიდან რეგიონმა წელს 269 610 ლარი უნდა მიიღოს. ამ ყველაფრის ჯამი ლარებში სამ მილიონამდეა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის ინვესტიციები ასე ნაწილდება: 22, 98% – ტურიზმი, 22, 97 პროცენტი – მშენებლობა, 0,5 პროცენტი – მრეწველობა, 3,7 პროცენტი -ენერგეტიკა, 2,7 პროცენტი – სხვა დარგები.
სამინისტრომ ჩაშლილი ციფრებით ინფორმაცია `ბათუმელებს~ მხოლოდ აუქციონისა და იჯარის წესით გასხვისებული ქონების შესახებ მოაწოდა. საიდან დგინდება სხვა ინვესტიციების ოდენობა, ამაზე დეტალური ინფორმაცია სამინისტროს არ აქვს.
სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე ბახტაძის განმარტებით, ინვესტიციების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს სამინისტრო მუნიციპალური და კერძო კომპანიებიდან მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე ითვლის.
“ამას ემატება ინფორმაცია მსხვილი ობიეტებიდან, რომლებზეც ინფორმაცია გვაქვს ჩვენს ბაზაში და საინვესტიციო პირობები უნდა შეესრულებინათ ეტაპობრივად. ეს არის ძირითადად კაპიტალური ხარჯები, რომლებიც სექტორების შიგნით ხორციელდება.”
რაც შეეხება მონაცემებს, რომელიც სამინისტრომ პროცენტულად გადაანაწილა, ეკატერინე ბახტაძე განმარტავს: “ამ შემთხვევაში ტურიზმში იგულისხმება მშენებლობა. ეს არის მშენებარე ტურისტული ობიექტები ან ის ობიექტები, სადაც ხმდება რაღაცის განახლება და კაპიტალურ ხაჯებთან გვაქვს საქმე. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად ჰილტონი. ვთქვათ, იქ დამთავრდა კონკრეტული სამუშაო, რომელსაც კერძო კომპანია ახორციელებდა. მშენებლობის ქვეთავში კი ძირითადად აღრიცხულია ბინათმშენებლობები”.
სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ კვარტალში ახალი მსხვილი ინვესტორი არ შემოსულა.