კვირის ამბები

ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ რვა ბავშვზე

05.07.2014 • 1697
ვინ და როგორ იზრუნებს მშობლების გარეშე დარჩენილ  რვა ბავშვზე

 

“სასწრაფოდ მინდობის აღზრდის პროგრამა” ოჯახებში ბავშვების სამ თვემდე ვადით დარჩენას ითვალისწინებს. ამის შემდგომ შესაბამისმა სამსახურმა უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ იცხოვრებენ ბავშვები. აჭარაში “შესაბამისი სამსახური” არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე ბავშვების მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე პასუხობს: “ერთი მითხარით, ეგ რატომ უნდა გითხრათ თქვენ? ამ ბავშვების ირგვლივ ინფორმაცია კონფიდენციალურია. არ არის ეს საგაზეთო თემა, ჩვენ განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ბავშვების მომავალს ეკუთვნის და რაც უკეთესია მათთვის”.

 

ქარცივაძის თქმით, ბავშვების საკითხი სამი თვის გასვლის შემდეგ გადაწყდება. “ბავშვები ალბათ გადავლენ რეგულარულ მინდობით აღზრდაში,” – ამბობს ის.

 

არის თუ არა შესაძლებელი ბავშვებმა ერთ ოჯახად იცხოვრონ? – საკითხის გასარკვევად “ბათუმელები” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა. როგორც სააგენტოს მეურვეობა/მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან დემეტრაშვილი განმარტავს, ბავშვების ერთ ოჯახში განთავსებას საკანონმდებლო ცვლილება სჭირდება:

 

“სოფელ ოჩხამურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად მშობლების მზრუნველობამოკლებული რვა ბავშვი განთავსდა ორ მიმღებ ოჯახში, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ; ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობის. ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მათი ერთ მიმღებ ოჯახში განთავსება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიმღებ ოჯახში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7-ს. ამის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი ერთ ოჯახში განთავსება. ამ ეტაპზე მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც სამომავლოდ ბავშვების გაერთიანების შესაძლებლობას მოგვცემს”.

 

ბავშვების დახმარების სურვილი აქვს კიევის ყოფილი მერის – ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობას”. ტრაგედიამდე ფონდი ამ ოჯახს ერთი წლის მანძილზე ფულადი სახსრებით ეხმარებოდა.

 

“ჩვენი სურვილია, რომ ამ ბავშვებს გავუკეთოთ თანამედროვე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც ბავშვები იცხოვრებენ ერთად და ექნებათ საუკეთესო საცხოვრებელი და განვითარების პირობები. სახლი, ფაქტობრივად, უკვე მზად გვაქვს. გვინდა მოვახერხოთ ისე, რომ ყველა ბავშვი ჩაირიცხოს ერთ სახლში და ეს ბავშვები გაიზარდონ ერთად. არის იურიდიული ნიუანსები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოაგვაროს. თუმცა პირველ ეტაპზე მათ უნდა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ ბავშვებთან დაკავშირებით, დარჩნენ ბავშვები ასე ერთმანეთისგან განცალკევებულად, თუ მიიღონ ჩვენი შეთავაზება ბავშვების ერთ ჭერქვეშ გაზრდასთან დაკავშირებით,” – ამბობს გიორგი ქვრივიშვილი, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობას” პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ფონდმა 19 ივნისს გააგზავნა წერილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სახელზე, სადაც სამინისტროს ბავშვების უმოკლეს ვადაში საოჯახო ტიპის სახლში განთავსების ინიციატივით მიმართავენ.

 

გიორგი ქვრივიშვილი: “მზად ვართ ბავშვები ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში გადმოვიყვანოთ, სადაც მათზე კვალიფიციური აღმზრდელები იზრუნებენ, ექნებათ უმაღლესი დონის განათლების მიღების საშუალება და საუკეთესო საცხოვრებელი პირობები. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. თუკი იქნება ნება, შეგვიძლია დაახლოებით ათი დღის ვადაში ბავშვები გადავიყვანოთ თბილისში, კომფორტულ საცხოვრებელში. სახლი არის ფანტასტიკური, კარგი ეზოთი, ძალიან კარგ ადგილას. ბავშვებს შეეძლებათ დაიწყონ ერთად ახალი ცხოვრება.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში გადავლენ, მათ არ დასჭირდებათ მეურვე. საოჯახო ტიპის სახლებში არიან ლიცენზირებული აღმზრდელები, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ბავშვებზე. ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვაქვს მეუნარგიას ქუჩაზე არსებულ ჩვენს საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ერთი წლის განმავლობაში უდიდესი შედეგი მივიღეთ 10 აღსაზრდელთან. მათ ძალიან დიდი პროგრესი განიცადეს და ეს მზარდი პროცესია”.

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს ინფორმაცია საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობის” საქმიანობაზე. ქეთევან დემეტრაშვილი: “მცირე საოჯახო ტიპის სახლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-18 წლამდე ასაკის ბავშვები, ამდენად ასეთი ტიპის სახლში ამ ბავშვების ერთად განთავსება შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების მინდობით აღზრდის ფორმაში განთავსებას და, შესაბამისად, ველოდებით საკანონმდებლო ცვლილებას”.

 

გადაბეჭდვის წესი