ლია ჯაფარიძე ბარცხანის დასახლებაში მაღლივი კორპუსის მერვე სართულზე ცხოვრობს. მისი ბინის აივანი ბარაკული ტიპის დასახლების გადასაღებად ფოტოობიექტივისთვის ყველაზე მოსახერხებელი ადგილია.
“ამათ ეშველოთ ოღონდ და გადაიღეთ”, – ამბობს მასპინძელი. მცირე ზომისა და სხვადასხვა ფორმის სახლების სახურავებზე დალაგებულ ქვებზე მანიშნებს და მიყვება: “როცა ქარია, მათი სახურავებიდან ქვები ცვივა. ალაგებენ, რომ ქარმა სახლის სახურავი ვერ წაიღოს. 50 წელზე მეტია, რაც ამ ბინაში ვცხოვრობ და აივნიდან ვუყურებ მათ. მოდით, მზე რომ გამოანათებს და ნახავთ ყველას ლეიბი და საბანი გარეთ აქვს გამოფენილი, ცდილობენ ასე უშველონ ჯანმრთელობას. ბევრმა ტუბერკულოზი გადაიტანა. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტა, კომუნისტებს მათთვისაც მოესწროთ ბინის აშენება. მათ შორის ყველა მუშაობდა და ბინას ელოდებოდა. ჩვენ რომ ეს ბინა მივიღეთ, შემდეგ ისინი იდგნენ რიგში. ნავთობის ხალხი ვართ, ტერმინალში ვმუშაობდით”.
ნინო დოლიძე დედასთან ერთად ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. წლების წინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე პირადად ესტუმრა სახლში და დაჰპირდა… იმედი მიეცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და კიდევ ბევრჯერ დაჰპირდნენ. ამიტომ ახალ დაპირებას ისეთი სიხარულით ვეღარ ხვდება: “არ მინდა ისევ თავი მოვიტყუოო”.
თამარის დასახლებაში ბარაკულ დასახლებად უბინაოდ დარჩენილმა ოჯახებმა ყოფილი სამხედრო ყაზარმა აქციეს. არიან ოჯახებიც, რომლებმაც “ახალი ბინის ვერ, მაგრამ მიშენებისა და რემონტისთვის საჭირო” თანხის შეგროვება შეძლეს: “შედეგი მაინც ვერ მივიღეთ, რადგან სახლს მეორე მხარეს ფანჯრები ვერ გავუკეთეთ, რადგან უკანა მხარეს სხვისი ოთახებია”, – ამბობს ლამარა მხეიძე. ლამარას თქმით, დაბალი სახლი და ოთახებში ფანჯრების არ არსებობა ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის.
ამ დროისთვის თამარის დასახლებაში ბარაკულ სახლებში სამოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
მთავრობის ახალი პროგრამა
“არასათანადო-არსატანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო პროგრამა” საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისს (დადგენილება # 393) დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში “ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობების მქონე შენობების ლიკვიდაციის ხელშეწყობა” და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება იგეგმება.
დადგენილების მიხედვით, აჭარის მთავრობა დაინტერესებულ დეველოპერებს საფინანსო ორგანიზაციასთან თავდებად დაუდგება. პროგრამაში ჩართული საფინანსო კომპანია კი, პროექტის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულებას იღებს.
დაინტერესებული დეველოპერული კომპანიები ბათუმში მცხოვრები არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისგან გამოისყიდიან ქონებას. ისინი თავად აწარმოებენ მოლაპარაკებას საფინანსო კომპანიასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე, შემდეგ კი პროგრამის შესაბამისად გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის მთავრობასთან. მთავრობა მათ თავდებობას სთავაზობს.
მთავრობის პირობებით, დეველოპერმა, რომელსაც “ბარაკების ლიკვიდაციის” პროექტში ჩართვის სურვილი ექნება, არანაკლებ 500 კვ/მეტრი უნდა აითვისოს. ერთი პროექტის ღირებულება მაქსიმუმ სამი მილიონი უნდა იყოს. პროექტის თავდებობისთვის მთავრობამ 20 მილიონი დოლარი გამოყო. უკვე დადგენილი კრიტერიუმებით ერთი პროექტის მშენებლობის დასრულების ვადა მაქსიმუმ სამი წელი იქნება.
პროგრამის პრეზენტაცია აჭარის მთავრობამ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად მოაწყო. ამავე პრეზენტაციაზე პროგრამაში საქართველოს ბანკი ჩაერთო.
პრეზენტაციას დეველოპერებიც ესწრებოდნენ. მათ კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. სხვა საკითხებთან ერთად ითქვა იმასთან დაკავშირებითაც, რომ დეველოპერების უმეტესობა შესაძლოა ქალაქის ცენტრალური ნაწილით დაინტერესდეს, სადაც ცოტა ბარაკია, ვიდრე ქალაქის გარეუბნებში. გარდა ამისა, საცხოვრებელი კორპუსი ცენტრალურ ნაწილში კომერციულადაც უფრო მომგებიანია. ეს კი დეველოპერებს, როგორც ათვისებისა და ოჯახების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე კომერციულად არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.
ამ საკითხზე გასულ კვირაში ბათუმის საკრებულოშიც იმსჯელეს. საკრებულომ მთავრობის თხოვნით იმ დეველოპერებისთვის, რომლებიც “არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის” სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვებიან, სპეციალური ზონალური მოსაკრებელი გააუქმა.
ეს მოსაკრებელი (K2) ცოტა ხნის წინ ძველი ბათუმის მშენებლობისგან განტვირთვისა და გარეუბნებში დეველოპერების სტიმულირების მოტივით დააწესეს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, იონა წითელაძის განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ბარაკული დასახლებების ათვისებასა და გარეუბნებში არსებული იმავე დასახლებების ათვისებაზე მთავრობას განსხვავებული სტანდარტები დაწესებული არ აქვს. “ამ მხვრივ მთავრობა გარეუბნებზე დეველოპერის სტიმულირებას ვერ მოახდენდა”.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციამ პროგრამა დაიწუნა. “რამდენადაც მახსოვს ზონალური მოსაკრებელი ძველ ბათუმში დავაწესეთ იმის გამო, რომ გარეუბნებით დეველოპერები დაგვეინტერესებინა. ახლა პირდაპირ ცენტრზე წამოვლენ, რადგან გადასახადს ვაუქმებთ. მითუმეტეს, როცა ცენტრში ბინა უფრო ძვირად იყიდება”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ.
მოსაზრებას ბათუმის არქიტექტორი გიორგი რამიშვილი არ ეთანხმება: “ეს პოლიტიკურ თემად აქციეს. ბათუმში დაწესებული რეგულაციები არ დაირღვევა, ზონალური მოსაკრებლებისგან მხოლოდ ის დეველოპერები გავათავისუფლეთ, რომლებიც ბარაკულ დასახლებას აითვისებენ. k1-k2 შენობის მხოლოდ სიმაღლეში გაზრდას არ ითვალისწინებს, ეს პირდაპირ კავშირშია შენობის მოცულობასთან”.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის იონა წითელაძის ინფორმაციით, პროექტით დეველოპერები უკვე დაინტერესდნენ.
პროგრამა “ბათუმი ბარაკების გარეშე” ყოფილმა მთავრობამ 2008 წელს წამოიწყო, ბათუმის მერიამ ბარაკებში მცხოვრებ ოჯახებთან გააფორმა მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც აშენდა საცხოვრებელი კორპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ამ კორპუსში ბარაკებში მცხოვრებლებიდან მხოლოდ 52 ოჯახს მისცეს ბინა, სხვები კი დანაპირების შესრულებას დღემდე ელიან.