Batumelebi | დეპუტატი მის მიერ მოქალაქის დაჭრას უარყოფს დეპუტატი მის მიერ მოქალაქის დაჭრას უარყოფს – Batumelebi
RU | GE  

დეპუტატი მის მიერ მოქალაქის დაჭრას უარყოფს

 

მოქალაქე მამუკა მახარაძე, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ის აჭარის უმაღლესის საბჭოს დეპუტატის ძმა „ხანჯლით დაჭრა“, დღეს ამბობს, რომ ქედის საავადმყოფოს ექიმი ფრიდონ სირაბიძე არ აძლევს მისი საავადმყოფოში მიყვანის დროს გადაღებულ რენტგენის ფირს, რომელზეც ჭრილობის ზომა უნდა იყოს აღბეჭდილი. მამუკა მახარაძე ქედაში ცხოვრობს.


 

„საავადმყოფოში ვიყავი და ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ მითხრა, რომ მეტი აღარ მივიდე მასთან. უარი მითხრა ჭრილობის გადახვევაზე, უარი მითხრა ფირის მოცემაზე. მე მჭირდება გავიგო, აქვს თუ არა ექიმს უფლება პაციენტს საკუთარი რენტგენის ფირი არ მისცეს?!“

 

ექიმმა ფრიდონ სირაბიძე „აბსოლუტურ ტყუილს“ უწოდებს მამუკა მახარაძის განცხადებას. „რენტგენის ფირი იმიტომ ვერ მივეცით, რომ არ ბეჭდავს კომპიუტერი. რაც გვქონდა მივეცით – დასკვნა. რენტგენის ფირი შენახულია კომპიუტერში, ის რომ ამოვბეჭდოთ გვჭირდება პრინტერი, რაც გაფუჭებულია. სურათი დევს კომპიუტერში და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. ფირის ციფრულად გადაცემა შეიძლება – დისკზე ჩავწერთ.  მე ავუხსენი, რომ მივცემდით დასკვნას, რომელიც დაწერა ექიმმა, მაგრამ ფირი ამჟამად ვერ ამოიღება, სპეციალისტები გვჭირდება, რომ ტექნიკა დაალაგონ. ისე, კომპიუტერში ფირის ნახვა ნებისმიერს შეუძლია“, – ამბობს ფრიდონ სირაბიძე.

 

რაც შეეხება ჭრილობის შეხვევას, ექიმი ამბობს, რომ მან გუშინ პაციენტი მიიღო და შეუხვია კიდეც ჭრილობა ისე, რომ „ერთი კაპიკი არ გადაახდევინა, თუმცა ჰქონდა გადასახდელი“.

 

რა ზომის ჭრილობა ჰქონდა მიყენებული მამუკა მახარაძეს? – ამის დაზუსტება ექიმმა ფრიდონ სირაბიძემ იმის მიუხედავად არ მოისურვა, რომ მამუკა მახარაძე მათ დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებს: „არ გეტყვით მაგას და მეტი ამ საკითხზე არ დამირეკოთ“, – თქვა მან.


თავად მამუკა მახარაძე კი ამბობს, რომ, როგორც მას უთხრეს, „5-7 სანტიმეტრის ჭრილობა უნდა ჰქონდეს ზურგის არეში. თუმცა, პოლიციისთვის გადაცემულ ცნობაში სხვა ციფრები ჩაწერეს“.  

 

მამუკა მახარაძის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტი გუშინ შს სამინისტრომ არ დაადასტურა.  სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

მამუკა მახარაძე ამბობს, რომ ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის,  ირაკლი ბარამიძის ძმამ, ბაქარ ბარამიძემ სამი დღის წინ დაჭრა „ხანჯლით“. ბაქარ ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში იყო და ახალი მოწვევის ქედის საკრებულოს დეპუტატი გახდა.

 

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თავად ბაქარ ბარამიძესაც. ის ამბობს, რომ არც ხანჯალი ჰქონია ხელში და არც დაუჭრია თანასოფლელი: „პოლიციამ დამკითხა. მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ, თვითონ ნასვამი იყო, ღრიალებდა და მე მივედი. იქ რამდენიმე ადამიანი იყო და თვითონ დაგვიწყო ყველას ჩხუბი და თვითონ წაიქცა. ფეხი რომ წამოიკრა, მაგიდაც წაიქცა და თვითონაც. ჭიქა გატყდა და იმაზე გაიკაწრა უმნიშვნელოდ და ახლა გვაბრალის იმას, რაც არ ყოფილა“.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"