დღეს, ბათუმში მუნიციპალური პროგრამის – “სტუდენტური დასაქმების” პირველი ეტაპი დაიწყო. პროგრამაში უმაღლესი სასწავლებლების სამასამდე სტუდენტი მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმდებიან.
პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება, მისი პირველი ეტაპი დღეს, 4 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს დასრულდება, ხოლო მეორე ეტაპი – 4 აგვისტოდან 29 აგვისტომდე გაგრძელდება.
თითოეული ეტაპის ბოლოს, პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 375 ლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ.
,,სტუდენტური დასაქმების“ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება უტოლდება ან აღემატება 81 ქულას, სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 ათასს, ობლებს, მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს (ოთხი ან მეტი), იძულებით გადაადგილებულის სტატუსის მქონე სტუდენტებს.
პროგრამის განხორციელებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 124 ათასი ლარია გამოყოფილი.
პროგრამას ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ახორციელებს.