კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

06.07.2014 • 6649
პატრული, რომელზეც „ლეგენდები დადის“

ნინო, პროფესია როგორ აირჩიეთ?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, სტუდენტობის პერიოდში ვფიქრობდი, რომ ვიმუშავებდი ამ პროფესიით, მაგრამ 2004 წელს შეიქმნა საპატრულო პოლიცია, რომლითაც მოვიხიბლე, მომინდა ამ საქმით თავადაც დავკავებულიყავი. საჭე ისედაც ძალიან მიყვარდა, საპატრულოში რომ დამეწყო მუშაობა, შევძლებდი მანქანაც მემართა და ის საქმე მეკეთებინა, რომელიც ძალიან მომწონდა. რა თქმა უნდა, მაშინ არ მესმოდა სრულად რა იყო პოლიცია. ჩემმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, ისე გავედი გამოცდებზე, 200 ადამიანი აბარებდა გამოცდას ჩემთან ერთად, მათ შორის ცამეტი გოგო, მათგან მხოლოდ მე მოვახერხე ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება და კიდევ შვიდმა ბიჭმა.

როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენი ოჯახის წევრებს თქვენს არჩევანთან დაკავშირებით?

ვერ დაიჯერეს, რომ ფიზიკური ნორმატივები ჩავაბარე. მამაჩემს ჯერ გაუხარდა, რომ ამ ბარიერების გადალახვა შევძელი, თუმცა მერე, როცა სამსახურში გავედი და 24 საათი სახლში არ მოვდიოდი, ნერვიულობდა, სიგარეტის მოწევა დაიწყო, მთელი ღამე არ იძინებდა და აივანზე მელოდებოდა. ერთი-ორი წელია რაც გოგონები გვყავს ეკიპაჟში, მანამდე მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი.

რამდენი წელია მუშაობთ საპატრულო პოლიციაში?

უკვე რვა წელია. 21 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩარჩოებში არასოდეს ვყოფილვარ, იქ კი სიმკაცრე დამხვდა. საპატრულო პოლიციაში მივეჩვიე დისციპლინას და წესრიგს.

ჩემი სამსახური ძალიან შემიყვარდა, ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. აქ რომ გაჩერდე, სერიოზული მოტივი უნდა გაგაჩნდეს, უნდა გიყვარდეს ეს საქმე.

როგორი სამუშაო დღის შემდეგ ხართ კმაყოფილი საკუთარი თავით?

საპატრულო პოლიცია ყველას ჰგონია სადამსჯელო ორგანო, ეს ასე არ არის. მხოლოდ ჯარიმებს არ ვწერთ, დღეში ვიღებთ ძალიან ბევრ გამოძახებას, ბევრს ვეხმარებით. მე როცა ვასრულებ ჩემთვის დაკისრებულ მოვალეობას კარგად, ჩემი ხელმძღვანელობა მე მიხდის მადლობას, სწორედ ეს არის კმაყოფილების მიზეზი.

რა სირთულეები ახლავს თან თქვენს საქმიანობას – რამდენად რთულია იყო საპატრულო პოლიციის ქალი თანამშრომელი?

ჩვეულებრივი ქალი პოლიციაში ვერ იმუშავებს, აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, სხვა შემთხვევაში ვერ შეძლებს, გამორიცხულია. კაც პატრულს ჩვენ ძალით ვერ გავუტოლდებით, ამიტომაც სხვა უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს, ისეთი, რომ ეს ფიზიკური უპირატესობა გადაწონო. ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც მოვხვედრილვართ, მე და ჩემი მეწყვილე ჯერ ვცდილობთ საუბრით განვმუხტოთ სიტუაცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია…

როცა გადიხარ შემთხვევის ადგილას, მეწყვილე არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ შენ ქალი ხარ და სათანადო დახმარებას ვერ გაუწევ მას, ამის მიზეზს არ უნდა აძლევდე.

სამუშაო პროცესში თუ გიწევთ მუშაობა ისეთ თემებზე, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით სენსიტიურია?

განსაკუთრებით მგრძნობელობა მაქვს ოჯახურ კონფლიქტებზე, როცა ქალია მსხვერპლის როლში. საპატრულო ეკიპაჟში ასეთ დროს უფრო მნიშვნელოვანია ქალის ყოფნა, ბევრი ინტიმური თემაა, რასაც კაც პატრულს არ უხსნიან, ქალებს კი მეტი ნდობით გვიყურებენ, თან არც ერიდებათ ჩვენი და გვიხსნიან, კაცების ერიდებათ.

ყველაზე ექსტრემალური რა სიტუაცია გქონიათ?

ოჯახურ კონფლიქტზე გვქონდა გამოძახება, ქმარი სცემდა ცოლს. ადგილზე მისულებს დაგვხვდა პატარა ტანის ბიჭი, რომ შევხედეთ, ვიფიქრეთ, რომ დამატებითი ჯგუფის გამოძახება არ დაგვჭირდებოდა, ამიტომაც მშვიდად მივუახლოვდით. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო მსოფლიო ჩემპიონი კრივში, ოცი წუთის განმავლობაში საკმაოდ რთული სიტუაცია იყო ეზოში, თან მე ცხვირის ოპერაცია ახალი გაკეთებული მქონდა, რამდენიმე დღის გასული ვიყავი სამსახურში, სანამ დამხმარე ჯგუფი მოვიდა, მე უნდა მივშველებოდი მეწყვილეს: ცალი ხელით ამ ბიჭის დაჭერას ვცდილობდი, ცალ ხელს კი ცხვირზე ვიფარებდი, რომ ხელი არ მომხვედროდა. საბოლოოდ, ეს ადამიანი მაინც დავაკავეთ.

როგორი მეწყვილე ხართ?

მე და ჩემმა მეწყვილემ ვიცით რა არის ერთმანეთის სუსტი მხარე, სწორედ ამიტომ, როცა საჭიროა, ჩვენ ვავსებთ ერთმანეთის სისუსტეებს, ვიცით, რომელ მომენტში რომლის მოქმედებაა საჭირო. როცა საპატრულოში პირველად მივედი, მაშინ ჩემს მეწყვილეზე ვიყავი დამოკიდებული, ახლა უკვე ის არის ჩემზე დამოკიდებული, ჩემ გარეშე არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს გამოცდილების შედეგია.

როგორ ფიქრობთ, მკაცრი პატრული ხართ?

ჩემზე ამბობენ, რომ მკაცრი პატრული ვარ. მე მკაცრი ვარ იმათ მიმართ, ვინც თავხედობს, შეურაცხყოფას გაყენებს, ვინც არ აღიარებს თავის დანაშაულს და საპირისპიროს გიმტკიცებს. დაჯარიმებას რაც შეეხება, განსაკუთრებით მკაცრი ვარ მაშინ, როცა მძღოლი ნასვამია და მართვის მოწმობა არ გააჩნია. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, აქ ყველა ყველას იცნობს, იმ წუთასვე ხდება გადარეკვები, ჩემი პლუსი ის არის, რომ ჩემი სახელით ვერავინ სარგებლობს, არავის ვასხვავებ, რა დააშავა იმ მოქალაქემ, ვისაც პატრული ბიძაშვილი არ ჰყავს ან თანამდებობის პირი ნათესავი?!

მაღალი თანამდებობის პირები თუ დაგიჯარიმებიათ მოძრაობის წესების დარღვევის გამო?

ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია. დამიჯარიმებია გარემოს დაცვის მინისტრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქალაქის მერი, ჩვენი უწყების თანამდებობის პირებიც. თანამდებობაზე ყოფნის დროს გავაჩერე ბაჩო ახალაიას მანქანა, დაჯარიმება არ მაცალეს, ავტომატებით ჩაგვსვეს მანქანაში.

თქვენი ახლობლები თუ დაგიჯარიმებიათ?

მე ყველა მყავს გაფრთხილებული, რომ ჩემი სახელი არ ახსენონ, ჩემმა ახლობელმა უფრო უნდა მცეს პატივი. იყო შემთხვევა, როცა გზა მქონდა გადაკეტილი და არ ვუშვებდი მძღოლებს რაღაც მიმართულებით, ვინც არ მემორჩილებოდა, ყველას ვაჯარიმებდი. ამ დროს ჩემმა მეგობარმა დამინახა, დამიქნია ხელი და წავიდა აკრძალული მიმართულებით. რა თქმა უნდა, დავაჯარიმე. ეს მისთვის კარგი მაგალითი იყო, უხერხულ მდგომარეობაში მე ის აღარ ჩამაყენებს, თუმცა მისი ჯარიმა მე გადავიხადე. მამაჩემის ორი ძმაკაცი დავაჯარიმე, მერე მამაჩემს დაურეკეს და უთხრეს, შენი შვილი ორასი ლარით გავიცანითო, თან ეამაყება ასეთი რომ ვარ, მაგრამ თან მეუბნება – ცოტა შეღავათები გაუწიეო.

თუ შეხვედრიხართ თქვენ მიერ დაჯარიმებულებს ფორმის გარეშე, არასამუშაო საათებში და როგორი იყო მათი რეაქცია?

ხშირად მცნობენ იმის მიუხედავად, რომ ყველა იმუქრება „ფორმის გარეშე“ შემხვდებიო. როცა ვხვდები, ცდილობენ ჩემი კეთილგანწყობა დაიმსახურონ, პატივისცემით მექცევიან, მიმეგობრდებიან, თუმცა ვიცი, რომ მათი მიზანი ჩემთან მეგობრობა არ არის. ერთხელ ტაქსით მივდიოდი, როცა, ჩვენ წინ მდგარი პატრული გოგოს გაკრიტიკება დაიწყო ტაქსის მძღოლმა. ამბობდა: „ოხ, შენ რა ხარ, რა ხარ! დამაჯარიმა სულ ტყუილად კაცო, ამასთანა არაფერი არ ჭრისო.” ცოტა დავეჭვდი, ვკითხე, საიდან იცით, რომ ისაა-მეთქი: “ისაა, დუმბაძეა, აბა, მეტი ვინ ჰყავთ მასეთიო.” გასუსული ვიჯექი, ხმა არ ამომიღია (იცინის). მანქანასთან მისვლისას ჩემს სახელსა და გვარს აღარ ვამბობ, თუმცა მძღოლები მაინც მცნობენ, დამინახავენ თუ არა, აღმოხდებათ: „შენ ხარ დუმბაძე? შენზე ლეგენდები დადის”.

სამსახურს გარეთ როგორ ცხოვრობთ?

ახლა ვუყურებ ფეხბურთს, დიდი გულშემატკივარი ვარ, ჩემი საყვარელი ნაკრები ბრაზილიაა. საკმაოდ აზარტული ვარ, იყო პერიოდი, როცა ერთ მატჩს არ ვტოვებდი. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა დაამარცხა ბრაზილია, მაშინ იყო პირველი და ბოლო შემთხვევა, როცა მე ვიტირე. ყველამ იცის, რომ ნინო არაფერზე ტირის, გაოგნებულები იყვნენ.

თქვენთვის განტვირთვის საშუალება რა არის?

ფიტნესი, რის გარეშეც არ შემიძლია. კვირაში სამჯერ დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში, სახლშიც ვვარჯიშობ დღეში ორი საათი, უკვე შევიძინე ყველანაირი ტექნიკა. კონკრეტული მიზანი არ მაქვს, ინსტრუქტორს სურდა მისფიტნესის კონკურსზე გავსულიყავი, მაგრამ არ წავედი, უბრალოდ, მომწონს ფორმაში ყოფნა. მინდა ფიტნესინსტრუქტორის კურსები გავიარო და მომავალში ამ საქმიანობითაც დავკავდე.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ძალიან მინდა ამერიკაში ავიმაღლო კვალიფიკაცია, ენაში უკვე ვმეცადინეობ. იმედია, მოვახერხებ.

საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ?

ხშირად უთქვამთ, პატრული რომ არ იყო, სხვანაირად მოვიქცეოდითო. მე, პირადად, ანტონიო ბანდერასიც რომ გავაჩერო, ჩემთვის ის იმ წუთას მხოლოდ კანონდამრღვევია.

მთავარი ფოტო: ნინო დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: