სიახლეები

ბათუმში ჰაერის დამაბინძურებლების გამზომი ფილტრები დამონტაჟდა

06.07.2014 • 1863
ბათუმში ჰაერის დამაბინძურებლების გამზომი ფილტრები დამონტაჟდა

 

მონიტორინგი სულ ხუთ ქალაქში მიმდინარეობს. ყოველთვიურად განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის შემდეგი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები: მტვერი, გოგირდისა და აზოტის დიოქსიდები, ნახშირჟანგი და ტყვია. მარტში, აპრილსა და მაისში მიღებული შედეგებით ნახშირჟანგი და გოგირდის დიოქსიდი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს არ აღემატებოდა. მარტსა და მაისში მტვერი ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას 1.4-ით აღემატებოდა, აზოტის დიოქსიდი _ 1.1-ით. რაც შეეხება აპრილს, მტვრის მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია აღემატებოდა შესაბამის ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას და 1.8 შეადგენდა. ხოლო აზოტის დიოქსიდის მარტისა და მაისის მსგავსად 1.1 იყო.

 

 

ჰაერის ხარისხის მართვისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მხარდაჭერით, ახალ პროექტს ახორციელებს. ჰაერის დამაბინძურებლების (NO2, შO2, ბენზოლი და მიწისპირა ოზონი) კონცენტრაციის გამზომი ერთჯერადი ფილტრები საქართველოში ას წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი და ფოთი) დაამონტაჟდა. ბათუმში ფილტრები 5 წერტილში დაამონტაჟეს.

 

 

ეს არის ერთჯერადი გაზომვა. ერთი ფილტრი დამონტაჟდა ამ ხუთ წერტილში, ორი კვირის შემდეგ მოიხსნება ეს ფილტრები, გაიგზავნება ბრიტანეთში ანალიზისთვის და გვეცოდინება კონკრეტულ წერტილებში ამ ნივთიერებების დაბინძურების დონე. მონაცემების ანალიზის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწერება გეგმა, რამდენი გამზომი სადგური უნდა დაიდგას ბათუმში, თბილისსა და სხვა ქალაქებში, _ ამბობს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

 

 

მისივე თქმით, ეს პროექტი მისცემს სამინისტროს საშუალებას, განსაზღვრონ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა: ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გვექნება საბოლოო პროდუქტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტები გვეტყვიან, სად რა სადგური უნდა განთავსდეს, რა რაოდენობით, რა ნივთიერებებს უნდა დააკვირდეს ასეთი სადგურები. სადგურები უნდა განთავსდეს ეტაპობრივად, რადგან ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. 200 ათასი ევრო ჯდება თანამედროვე ავტომატური სადგური. 

გადაბეჭდვის წესი