კვირის ამბები

რას გვკარნახობს ორგანიზმი

05.07.2014 • 8529
რას გვკარნახობს ორგანიზმი

 

შოთა, რა სხვაობაა ჰიპოვიტამინოზსა და ავიტამინოზს შორის?

 

 

ჰიპოვიტამინოზი არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა, ხოლო ავიტამინოზი არის უფრო მძიმე მდგომარეობა, როცა ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული და ამის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება.

 

 

რამდენად ხშირია ეს დაავადება და რა ასაკის პაციენტებშია გავრცელებული?

 

 

ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული, შემდგომში კი უკვე პოსტმენოპაუზურ პერიოდში. თუმცა გაზაფხულზე თითქმის ყველას ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინების ნაკლებობა, რადგან ამ პერიოდში ჯერ არ არის შემოსული ახალი ხილ-ბოსტნეული.

 

 

რა იწვევს ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

პირველ რიგში, ეს ხდება მაშინ, როცა საკვებ პროდუქტში არ არის ვიტამინები იმ რაოდენობით, რამდენიც უნდა იყოს. შესაძლოა საკვები პროდუქტი იყოს არასწორად დამუშავებული და ამის გამო უჭირდეს კუჭ-ნაწლავს მისი ათვისება. ხშირად საკვები პროდუქტები არასასურველი სასუქებითა და ემულგატორებით არის გამდიდრებული, ასევე დარღვეულია მათი შენახვის პირობები (მაგალითად, ხორცი რამდენჯერმეა გაყინული და გამლღვალი). ესეც ამცირებს მასში ვიტამინების რაოდენობას. მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, მზეზე არის თუ არა პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში ნამყოფი.



გარდა ამისა, ვიტამინების ნაკლებობის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული პათოლოგიები, რის გამოც კუჭ-ნაწლავის ტრაქტი არ იწოვს ვიტამინების საჭირო რაოდენობას. ასეთ დროს უნდა გავითვალისწინოთ ორგანიზმში ფერმენტული და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა – თუ კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირება დარღვეულია, ეს დიზბაქტერიოზია.

 

 

რა სიმპტომები ახასიათებს ვიტამინების ნაკლებობას?

 

 

ჰიპოვიტამინოზის დროს ძირითადად პაციენტები არიან მოდუნებული, ახასიათებთ ძილიანობა, აქვთ დაქვეითებული მეხსიერება, აღენიშნებათ საერთო სისუსტე. შეიძლება ატარებდნენ დაბალ ტემპერატურასაც (37 ან 37,1 გრადუსი).

 

 

როგორ ვლინდება რომელიმე ვიტამინის უკმარისობა ორგანიზმში?

 

 

ასეთი სიმპტომები დამოკიდებულია უშუალოდ იმ ვიტამინზე, რომლის ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი.


ბავშვთა ასაკიდან რომ დავიწყოთ, დასაწყისშივე რაქიტის გამოვლინება უკვე მანიშნებელია ბავშვის ორგანიზმში კალცისა და D ვიტამინის ნაკლებობაზე. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი ვასეირნოთ მზეზე, რადგან მზეზე ხდება D ვიტამინის სინთეზი კანში და ამის შედეგად ძლიერდება კალცის შეთვისება. კალცის ნაკლებობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ხშირი ოფლიანობაც.


ასევე, კალცის ნაკლებობის მანიშნებელი შეიძლება იყოს თეთრი რკალები ფრჩხილებზე, მაგრამ ეს 100%-იანი მაჩვენებელი არ არის, ისევე როგორც ადრეული გაჭაღარავება მამაკაცებში.


კანზე პიგმენტური ლაქები მიუთითებს B და A ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე. თუმცა ამ დროს აუცილებელია დიფერენცირება _ სხვა მიზეზით ხომ არ არის გამოწვეული პიგმენტური ლაქები. კანის სიმშრალე და ადვილად მტვრევადი თმები ორგანიზმში A და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. კანის შემადგენელ სტრუქტურას სჭირდება კაროტინი, რომელიც A ვიტამინის პირველი ბაზისური ნივთიერებაა. ბავშვთა ასაკში A და E ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში, ბავშვთა განვითარებასა და მათ სიმაღლეში ზრდასაც აფერხებს.


თუ პაციენტს აღენიშნება სისუსტე, ადინამია, მოთენთილობა, ახასიათებს ძილიანობა, უჭირს მეტყველება, ეს ზოგადად B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მიუთითებს. მათი შევსება ხორცეულით, ახალი ხილითა და ბოსტნეულითაა შესაძლებელი. არსებობს ამინომჟავები, რომლებიც მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ცხიმში არსებობენ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულსა და ხილთან ერთად აუცილებელია ხორცპროდუქტების ან რძის პროდუქტების მიღება მაინც. ხშირად მარხვის პერიოდში არ ხდება ამ ამინომჟავების მიღება, ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია პაციენტმა მიიღოს კალციუმი და გადავიდეს სხვა ცილოვან პროდუქტებზე, მაგალითად, პარკოსნებზე (ლობიო, ბარდა, წიწიბურა და ბურღულეულზე).


ხშირი სისხლდენა ღრძილებიდან, შესაძლოა, C და E ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ასევე, C ვიტამინის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ნაკლულობაა, როცა იმუნური სისტემა არის სუსტი და ადამიანი ადვილად ცივდება. ამ დროს C ვიტამინი უნდა შეივსოს ციტრუსებით.


ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები ხშირ შემთხვევაში იჩენს თავს, თუ ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობაა – აღნიშნული ვიტამინი ძვალში კალციუმის ჩალაგებას უწყობს ხელს.

 

 

როგორ ვიკვებოთ სწორად?

 

 

აუცილებელია სწორი, დაბალანსებული კვება. ადამიანი უნდა იკვებოს ხუთჯერადად დღეში. დილით, შუადღით და საღამოს ძირითადი კვება აუცილებელია, დილით თუნდაც რძის პროდუქტი ხილთან ერთად ან ფაფასთან. შუადღეს _ ხორცპროდუქტი, თევზი, სალათთან ან წვნიანთან ერთად. საღამოს კი _ რამე უფრო მსუბუქი, წიწიბურა მაწონთან ან იოგურტთან ერთად. შუალედებში, სადღაც 12-სა და 6-საათზე, დავახმაროთ ხილი ან ახალი ბოსტნეული.


დაცული უნდა იყოს პროდუქტის მომზადების წესებიც, საკვები არ უნდა იყოს ძალიან დამწვარი, ძალიან ცხიმიანი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საკვები შეინარჩუნებს ყველა იმ ელემენტს, რაც ხელს შეუწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას ორგანიზმში.


გაზაფხულის პერიოდში, თუ საკვები პროდუქტებით ვერ ხერხდება ვიტამინების შევსება, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ პოლივიტამინების კომპლექსის მიღებას. ვიტამინები შეიძლება მიიღოს ყველა ბავშვმა და ყველა იმ ადამიანმა, რომელსაც იმუნური სისტემა აქვს დაქვეითებული (გარდა ონკოპაციენტებისა). 

 

 

 

რამდენად საზიანოა დიეტები, რომლებიც რაციონიდან პურის ან რომელიმე სხვა პროდუქტის მთლიანად ამოღებას გულისხმობს?

 

 

პური ნამდვილად შეიძლება ამოვიღოთ მენიუდან, მაგრამ ის აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ასეთივე შემადგენლობის სხვა პროდუქტით, მაგალითად, კარტოფილით ან წიწიბურითა და ჰერკულესით. რაც შეეხება დიეტებს, რომლებიც რამდენიმე დღით მხოლოდ ერთი და იმავე პროდუქტის მიღებას ითვალისწინებს, მათი ხანგრძლივობა მაქსიმუმ სამ დღეს შეიძლება გაგრძელდეს, შემდეგ უკვე ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტი იწყება. ამიტომ ასეთი დიეტები თვეში რამდენჯერმე, მხოლოდ თითო დღით უნდა მოვიწყოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: