„ჩვენ ერთ-ერთ მთავარ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმის განვითარებაზე, შესაბამისად სასტუმროების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. არის პრობლემები, რომელზეც სამომავლოდ აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ, არის რიგი საკითხები, რომელთა დარეგულირება შეუძლია მერიას“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.
ნონა მარკარიანმა, სასტუმრო „გალოგრეს“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე, „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ მერობის კანდიდატთან რამდენიმე საკითხზე აპირებს საუბარს: „ბევრი პრობლემა არსებობს, ეკოლოგიიდან დაწყებული, გადასახადებით დამთავრებული, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს გარკვეული შეღავათები სასტუმროებისათვის, ძალიან ბევრი გადასახადებია, შესაბამისად ამას ნაკლები შემოსავალი მოაქვს, ნაკლებად მომგებიანი ხდება სასტუმროს ბიზნესი , რომელიც არის ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი დარგი.“
სასტუმრო „დივანის“ გენერალურმა მენეჯერმა, ბულენთ აიქუთ სეზერმა კი მთავარ პრობლემად, რის მოგვარებაში ხელშეწყობაც ქალაქის მერიას შეუძლია, ქალაქის ინფრასტრუქტურა, გზებისა და ქუჩების მოწესრიგება დაასახელა. „ბათუმში აზერბაიჯანელებს ძალიან უყვართ შოფინგი, უნდა იყოს მეტი ადგილები ამისათვის, მეტი ბრენდი უნდა შემოვიდეს.“ – აღნიშნა მან.