სიახლეები

ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის” შეგროვებაში ბრალდებული წამებაზე საუბრობს

07.07.2014 • 1462
ქურდული სამყაროს წევრობასა და “ობშიაკის” შეგროვებაში ბრალდებული წამებაზე საუბრობს

 

 

 „ბატონო მოსამართლე, გთხოვთ მათქმევინოთ… კარცერში ვარ გამოკეტილი, იქ, სადაც სჯიან პატიმრებს. ჰაერი არ მყოფნის… ნათიამ, რომელიც ციხის ექიმია, მირჩია, რომ თქვენთვის მეთხოვა გირაოს შეფარდება… ცოცხლად მკლავენ… პასპორტს პოლიციას ჩავაბარებ, არ მივიმალები, მე უკურნებელი სენით ვარ ავად, ჰკითხეთ ციხის ექიმებს, თუ საჭიროა ვთხოვ ექიმებს და წერილს გამოვაგზავნინებ თქვენთან“, – უთხრა 30 წლის განსასჯელმა მოსამართლეს. 

 

მისმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ კი, პატიმრის საქმეში არსებულ ჯანმრთელობის ცნობაზე გააკეთა აქცენტი და მოსამართლეს სთხოვა აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეცვალოს. სანაცვლოდ ადვოკატმა მოსამართლეს შესთავაზა ბრალდებულის სახლის იპოთეკით დატვირთვა და ბიუჯეტის სასარგებლოდ 30 ათასი ლარის გადახდა, პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ გამოცხადება და პასპორტის პოლიციისთვის ჩაბარება:

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მარჯვენა ფილტვის დაავადება, ტუბერკულოზის B+ ფორმა აქვს, ეს დაავადება არ იკურნება. საპყრობილეში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დახურული ტიპის დაწესებულებაში მისი ყოფნა საშიშია, როგორც მისი სიცოცხლისთვის, ასევე გარშემომყოფებისთვის, მას სჭირდება მკურნალობა… ახლაც მას აირწინაღი უნდა ეკეთოს, რადგან მეც საშიშ მდგომარეობაში ვარ… დაავადება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის“…
პატიმრობის გირაოთი შეცვლას პროკურორი შოთა ხორავა არ დაეთანხმა.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატისა და ბრალდებულის შუამდგომლობის შემდეგ თქვა, რომ ის ცუდად ერკვევა „სამედიცონო ტერმინოლოგიაში“: „თუ ასეთი რთულია ეს დაავადება, ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი დაცვის მხრიდან, რომ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იყოს საქმეში. ჩემთან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი სამედიცინო ცნობაა. ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულს შესაძლოა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს სასამართლომ, მას გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან ვერ გავათავისუფლებ“…

 

მოსამართლემ წინასასამართლო სხდომაზე დააკმაყოფილა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის ყველა შუამდგომლობა და საქმეს დაურთო მათი მტკიცებულებები. ოთხ ტომად შეკრულ საქმეში ინახება ვიდეომასალა, რომელიც გამოძიების მიერაა მოპოვებული. ვიდეომასალის გასაჯაროების უფლება ადვოკატებს არ აქვთ. დავით ჯაფარიძის ვარაუდით, ვიდეომასალის გასაიდუმლოება იმიტომ გადაწყვიტა პროკურორმა, რომ ის გაყალბებულია, შესაბამისად, მასალის ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

 

სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ ვიდეოში ხმები სავარაუდოდ გაყალბებულია, მაგრამ იმის გამო, რომ მასალები გასაიდუმლოებულია, დაცვის მხარე ექსპერტიზას ვერ ატარებს.
30 წლის განსასჯელის საქმეს, რომელიც მოსამართლეს საპყრობილეში გაუსაძლის პირობებზე ესაუბრა, ომბუდსმენის აპარატი სწავლობს. ისინი რამდენიმე დღეში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილობით მიმართავენ, მანამდე კი სხვა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. მაგალითად, ნამდვილად იმყოფება თუ არა პატიმარი კარცერში, ამ კითხვაზე `ბათუმელებს~ ვერ პასუხობენ. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენს წერილობით თავად პატიმარმა მიმართა.
ადვოკატის დავით ჯაფარიძის ინფორმაციით, ციხეში გაუსაძლისი პირობებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმარმა შესაძლოა საჩივარი ევროსასამართლოში გააგზავნოს.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პატიმარი კარცერშია მოთავსებული: “ის იმყოფება ისეთივე საკანში, როგორშიც სხვები და კარცერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”.
ხუთივე დაკავებულს კანონიერი ქურდობის წევრობის გარდა ბრალი თანხის გამოძალვაშიც ედება (ოთხი ბრალდებული ბათუმის #3 საპყრობილეში იმყოფება). მოსამართლემ პატიმრებს უთხრა, რომ სახელმწიფო მათ ედავება ქურდულ გარჩევებში მონაწილეობას და ე.წ. „ობშიაკების შევსებას ძალადობრივი გზით“. სასამართლო დარბაზში პატიმრებს ბადრაგთან ერთად ნიღბიანი სპეცრაზმელები იცავდნენ.
ერთ-ერთი განსასჯელი 28 წლისაა, ის და კიდევ ოთხი მასთან ერთად დაკავებული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.
კიდევ ერთმა განსასჯელმა თამარ ბეჟანიშვილს ჰკითხა, `რომელმა მოსამართლემ გასცა ნებართვა მათი ფარული მიყურადების“. მოსამართლემ პატიმარი შეაჩერა და უთხრა, რომ ამ სხდომაზე მსგავს საკითხს არ განიხილავენ.

 

განსასჯელებს ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ. მეორე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი (სსკ 181-მუხლის მეორე ნაწილი _ გამოძალვა) ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი