კვირის ამბები

იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

05.07.2014 • 3319
იურისტი, რომელიც მოგონებებს აგროვებს

 

ბავშვობა სოფელ ბაღდადში

გავიზარდე ულამაზეს სოფელ ბაღდადში, რომელიც ოზურგეთ- ში მდებარეობს. სულ უკვირდათ – ეს რომელი ბაღდადია? ჩემი ბავშვობა ასოცირდებოდა სკოლასთან, რადგან ოჯახის წევრების უმეტესობა მასწავლებელი იყო და იმავე სკოლაში ასწავლიდნენ, სადაც მე ვსწავლობდი, სწორედ ამის გამო ოჯახის წევრები უფრო მეტ მოთხოვნას მიყენებდნენ, მე უნდა ვყოფილიყავი ბეჯითი და გამორჩეული მოსწავლე, ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მამა პა ტარა ასაკში დამეღუპა, თუმცა მიუხედავად ამ დიდი ტრაგედიისა, დედა და ბებიები ცდილობდნენ, მე და ჩემი და უდარდელად გავეზარდეთ. განებირებული ვიყავი, ხშირად გადამეტებულადაც.

 

 

გზა საჯარო სტრუქტურიდან არასამთავრობო ორგანიზაციამდე

  

ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ბაზაზე შექმნილმა მოსწავლეთა ასოციაცია თემიდამ, რომლის დამთავრების შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი პროფესიის არჩევაში. საბოლოო არჩევანი უჭოჭმანოდ იურისპრუდენციაზე შევაჩერე. 15 წლისამ დავასრულე სკოლა, იმავე წელს ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სულ ვფიქრობდი, პატარა ვარ, ვერ შევძლებ, მაგრამ მგონია, რომ თავი გავართვი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში, მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი საქართველოს იუსტიციის სახლის უმაღლეს საბჭოში: სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში. 21 წლის ასაკში მიწევდა მოსამართლეთა საქმეებზე დისციპლინარულ საქმეების განხილვაში მონაწილეობა, თუმცა ეს გზა ძალიან დამეხმარა პროფესიულ ზრდაში, შემძინა პასუხისმგებლობა და გამიზარდა კვალიფიკაციაც. იუსტიციის საბჭოში ვიმუშავე ხუთი წელი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭიროა ცვლილებები, თუნდაც საკუთარი თავის გამოცდისთვის. როდესაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვაკანსიის შესახებ შევიტყვე, კონკურსში წარმატებით მონაწილების შემდეგ წამოვედი ბათუმში სამუშაოდ.

 

 

ბათუმი, ახალი ცხოვრების დასაწყისი

 

ჩემი ბათუმში წამოსვლა პროფესიულის გარდა სხვა მიზეზსაც უკავშირდება, თუმცა ამას ჩემთვის შევინახავ. ექვსი თვეა უკვე აქ ვარ და ერთხელაც არ გამჩენია სურვილი აქედან წასვლისა, წვიმაც შემიყვარდა, სამსახურის შემდეგ არ გამჩენია აზრი, რომ ვაიმე, რა უნდა ვქნა, აქ ხომ მეგობრები არ მყავს, თავად ქალაქი დავიმეგობრე, ხალხიც უფრო თბილია ბათუმში. ვერაფრით გავიღვიძებდი თბილისში დილის შვიდ საათზე კუს ტბაზე სასეირნოდ, აქ კი ვიღვიძებ, შვიდზე უკვე ბულვარში ვარ, ხან დავრბივარ, ხან ვცურავ, ხან ველოსიპედით ვსეირნობ.

 

 

ერთი ჩვეულებრივი დღე

  

დილით ზღვისპირას სეირნობის შემდეგ ვბრუნდები სახლში და ვიწყებ მზადებას, პირველ რიგში ვეპრანჭები საკუთარ თავს, მნიშვნელოვანია, რომ მე მომწონდეს საკუთარი თავი. სადაც არ უნდა მივდიოდე, ვცდილობ, რომ მოწესრიგებული ვიყო და სიტუაციის ადეკვატურად რომ გამოვიყურებოდე. შემდეგ, მივდივარ სამსახურში. ჩემთვის სამსახური არის ადგილი, სადაც ვცდილობ შევიქმნა მყუდრო გარემო. დილის აუცილებელი “რიტუალი” ყავის დალევაა. სამსახურში დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა კმაყოფილი და გახარებული ადამიანის სახე ამ დაღლილობას უმალვე მიქრობს. სხვადასხვა სფეროსთან მაქვს შეხება, საქმე ერთფეროვანი არასდროს არის. მაქვს ისეთი სამსახური, სადაც ძალიან ხშირად მეძლევა საშუალება ადამიანებს უანგაროდ დავეხმარო.

 

 

ჰობი

  

ბავშვობიდან ვცეკვავ, ცეკვა ძალიან მიყვარს, როგორც ტრადიციული ქართული ცეკვები, ასევე ლათინური. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო, სახლში დაბრუნებისას ერთი საათი მაინც ვცეკვავ. ჩემი ოცნებაა, ბათუმში არსებობდეს ცეკვის სტუდია- სალონი, ადგილი, სადაც დღის ბოლოს შეგიძლია დაისვენო და განიტვირთო. ცეკვა ჩემთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან მიყვარს ცხენით ჯირითიც, თუმცა ამას ხშირად ვერ ვახერხებ. რა თქმა უნდა როგორც ყველა ქალს, შოპინგი მეც მაჯადოებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველაზე კომფორტული ჩემთვის ჯინსი და შავი ფერის სამოსია.

 

მაქვს ძალიან საინტერესო, გოგოსთვის ცოტა უცნაურიც კი გატაცება, – ენოლოგია. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ღვინის კლუბში წამიყვანა და იქაურ გარემოში, სიტყვაკაზმული განმარტებებით, რიტუალურად გამასინჯა ღვინო, ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, ვერ წარმომედგინა, ღვინოს ამდენი ემოციის მოტანა თუ შეეძლო. მას შემდეგ ხშირად ვაგემოვნებ სხვადასხვა სახის ღვინოებს და უკვე ოთხი წელია დავდივარ “ახალი ღვინის ფესტივალზე”.

 

 

მოგონებების შემგროვებელი

 

მიყვარს ნივთების შეგროვება, როცა წავიკითხე ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი”, გამიჩნდა განცდა, რომ იდეა მომპარეს. 500-მდე ღვინის ბოთლი მაქვს შეგროვებული, ამ ბოთლებში შემდეგ წერილებს ვათავსებ. ჩემ მიერ შეგროვებულ ნივთებს, რაღაც ისტორიები უკავშირდება. როცა სადმე მივდივარ, ან უბრალოდ მეგობრებს ვხვდები, ამ დღის მოსაგონებლად რამეს ვინახავ, მერე ამ ნივთებს ვასაწყობებ. ხან ჩეკი მომაქვს, ხან – სალფეთქი. ალბათ როცა ასაკში შევალ, მეც მოვაწყობ მუზეუმს ზღვისპირა სახლში. ძალიან მსიამოვნებს მოგონებებთან შეხვედრა, ამაში ეს ნივთები მეხმარებიან, არასდროსაა ეს მტკივნეული, მაშინაც კი, როცა ვინმესთან ურთიერთობა მთავრდება, მაშინ ხომ ვიყავი ბედნიერი? ხოდა, ეს არის მთავარი.

  

ფოსტით მიღებული წერილები ჩემთვის არის ბედნიერება, ყველას ვთხოვ, რომ ქაღალდზე დაწერილი წერილები გამომიგზავნონ, სწავლის პერიოდში ბებიები სულ მიგზავნიდნენ წერილებს, დღემდე ვინახავ ყველა წერილს. არ ვსარგებლობ სოციალური ქსელით, ამ სახით ურთიერთობები ჩემთვის მიუღებელია, ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ შემთხვევით გავჩნდი ამ ეპოქაში, არ მხიბლავს ტექნოლოგიური სიახლეები.

 

 

ოცნება შუშის სახლზე და მომავალი გეგმები

 

სამი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, 100-მდე სტუდენტი მყავდა ლექციაზე, ეს არის ჩემი კარიერის ყველაზე ღირებული პერიოდი. მინდა, ისევ დავუბრუნდე უნივერსიტეტს.

 

ვოცნებობ ზღვის პირას პატარა, შემინულ სახლზე, სადაც მუდამ იქნება ბავშვების ჟრიამული, თბილი და მყუდრო ოჯახურ გარემო. თუმცა ჯერ დაოჯახებული არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ოჯახი ყოველთვის არის სტიმულის მომცემი. ალბათ პროფესუილი საქმიანობის გზის პარალელურად ოჯახის ყოლა ადვილი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია. გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახთან ერთად განმარტოება ჩემს წარმოდგენაში ყველაზე თბილ ემოციებს იწვევს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: