სპორტი

ავტომრბოლელი N27

05.07.2014 • 3079
ავტომრბოლელი N27

ნუკრი ჯანგველაძე

ნუკრი ჯანგველაძე 15 წელია ავტომრბოლელია. ამ ხნის მანძილზე მას მხოლოდ რამდენიმე წაგება აქვს, ერთხელ საბურავი გაუსკდა ავტომობილს, მეორეჯერ ძრავი გადახურდა. სხვა შემთხვევაში საპრიზო ადგილები აქვს მოპოვებული. შეჯიბრებებზე ის საბჭოთა “ვაზ-2107”-ით გამოდის. “ამ მანქანით როცა თამაშობ, მთავარი ოსტატობაა, მძღოლის ტექნიკაზეა დამოკიდებული შედეგი და ნაკლებად ავტომობილის მონაცემებზე”, – ამბობს 38 წლის სპორტსმენი.

დასაწყისი

მესამე წელია ნუკრი ჯანგველაძე აჭარის საავტომობილო ფედერაციის მოწვევით აჭარის სახელით ასპარეზობს. სანამ პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდებოდა მინიმოპედი ჰქონდა:

“8 წლის ვიყავი მინიმოპედი რომ ვიყიდე. მერე მოზრდილ მოტოციკლეტზე “Иж Юпитер 5”-ზე გადავედი. მოგვიანებით მოტოციკლეტი “ჩეზეტი” შევიძინე. გავხდი “მოტომრბოლელი”და საქართველოს ჩემპიონობაც მოვიპოვე მოტოსპორტში. ვასპარეზობდი სკეიტბორდითაც. მანქანის არაფერი ვიცოდი”.

2001 წელს “ჩეზეტით” ხუთსართულიანი კორპუსის სახურავიდან ხუთსართულიანი კორპუსის სახურავზე გადახტა. კორპუსების დაშორება 30 მეტრი იყო. ვიღაცას პოლიციაში დაურეკია კაცი თავს იკლავსო. ასევე, მოტოციკლეტით ვარდები მიუტანა შეყვარებულს მეცხრე სართულზე.

მისი პირველი მანქანა “ვაზ-2101” იყო. პირველი შეჯიბრი კი – 1999 წელს. სპორტსმენი რომ გამოვსულიყავი, არ მიფიქრიაო ამბობს:

“დავიწყე მანქანის გაკეთება, დავშალე და ავაწყე. ყველა ავტომოყვარულს თავისი იდეა და დიზაინი აქვს ავტომობილის მოწყობის. მე თვითონ დავამატე რაღაც დეტალები. “ნაკლეიკები” დავაკარი, დისკები გამოვუცვალე და უფრო გავაფართოვე, სხვა საბურავები დავამაგრე, ცოტა არ იყოს მესიამოვნა ეს პროცესი. თანდათან შევისწავლე ავტომობილი და უფრო დამაინტერესა. მივმართე ავტოსპორტის ფედერაციას. ფედერაციის პრეზიდენტს გავაცანი ჩემი თავი – მოყვარული ვარ და ჯერ იმ დონეზე ტარება მანქანისა არ ვიცი, როგორც მრბოლელს სჭირდება-მეთქი. თქვენისთანა ხალხს ვეძებთო-მითხრა და მიმიღეს. მასწავლეს ტარება. ამიხსნეს ექსტრემალური მართვის ნიუანსები. იმის მერე ვაკვირდებოდი მრბოლელებს და მე თვითონ ვსწავლობდი. როგორ შემოუვლიდა ბარიერებს, როგორ შევიდოდა მოსახვევში. ბოლოს ისე შემიყვარდა ეს სპორტი, რომ საქართველოში რბოლა არ გამომიტოვებია, მონაწილეობა რომ არ მიმეღო”.

ნუგზარ ჯანგველაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია პროფესიონალებს შორის. შეჯიბრებებზე მისი ნომერია 27. ციფრს სიმბოლური დატვირთვა არ გააჩნია, ის ნომერი ავიღე, რომელიც თავისუფალი იყოო, – ამბობს მრბოლელი.

რატომ “ვაზ-2107”

დღემდე რამდენიმე მანქანა ჰქონდა, რომლითაც შეჯიბრებებზე გამოდიოდა, მათ შორის HONDACR-X, HONDA CIVIK, HONDA NATION, BMW (E30) “ხულიგანკას” რომ ეძახიან.

“რბოლაში წინ ვიყავი ამ მანქანებით, მაგრამ მათი მომზადება ძვირი ჯდება, ნაწილები ძვირია და ამის გამო დავუბრუნდი ისევ საბჭოთა მარკის მანქანას. თუმცა მთელი აზრი იმაშია, რომ ამ მოდელის მანქანით იმ დონეზე ასრულებ, როგორც ვთქვათ “HONDA”-თი ან “BMW”-თი მოასპარეზე. „ვაზ-2107“-ს არა აქვს ჰიდრავლიკა, რომელიც მძღოლს მოსახვევებში წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება. ჰიდრავლიკურ ავტომობილზე კი მძღოლი ნაკლებად დაძაბულია, მარტივია მუხრუჭის გამოყენებაც”.

იმისთვის, რომ “ვაზ-2107” BMW-ს გაეჯიბროს, განსაკუთრებული შესაძლებლობები არ აქვს დამატებული. თუმცა გაუმჯობესებული აქვს ძრავიც და სავალი ნაწილიც.

“თავიდან ჰქონდა 75 ცხენის ძალის ძრავი და ავიყვანე 140 ცხენის ძალამდე. ავტომობილი დამჩატებულია. “კლაპნები”, რომელიც არასაჭირო ჰაერს გამოდევნის ტურბინიდან, რვა მილიმეტრით გავადიდე, გავზარდე წვის კამერაც, ყველა დეტალი გაუმჯობესებულია ოთხმაგად, მანქანა საკუთარი ხელით, საკუთარი ფინანსებით გავაკეთე”.

„ლადა კლუბი“

“ვაზ”-ი ავტომობილების წარმოების ერთ-ერთი ცნობილი რუსული ფირმაა (ВАЗ – Волжский Автомобильный Завод -ვოლგის საავტომობილო ქარხანა), რომელმაც 1967 წელს ქალაქ ტოლიატიში, იმავე სტავროპოლში დაიწყო “ლადას”, “ნივისა” და “ჟიგულის” წარმოება.

საქართველოში საბჭოთა მარკით სხვა ავტომრბოლელებიც დაინტერესდნენ. “ავიყოლიე საბჭოთა მარკის მოყვარული ხალხი და ჩამოვაყალიბეთ “ლადა კლუბი”, – ამბობს ნუკრი ჯანგველაძე.

კლუბის წევრებმა მეთაურად ნუკრი ჯანგველაძე აირჩიეს. კლუბი სამი თვეა არსებობს და მასში 14 ავტომრბოლელია გაწევრიანებული. ისინი შეჯიბრებებზე ერთ გუნდად დადიან, ამარცხებენ და კონკურენციას უწევენ თანამედროვე ავტომობილებს.

“ბიჭებს “ჟიგულები” ჰყავთ. ვერ წვდებიან ფინანსურად, რომ უცხოური მანქანებით იასპარეზონ”, “ჟიგული” კი ეკონომიურიაო”, –  ამბობს “ლადას კლუბის” ხელმძღვანელი.

 

სპონსორი

მრბოლელები შეჯიბრების წინა დღეებში ავტომობილს პროფილაქტიკას უტარებენ. ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ “ლადა კლუბის” თითო მრბოლელს თითო შეჯიბრებაზე 500 ლარი სჭირდება. ავტოსპორტში სხვადასხვა სახის შეჯიბრება კი თვეში სამჯერ ტარდება.

“ტოიო პროქსესის” ისეთი ზომის საბურავები მიყენია, რომელიც აქ არ იშოვება და იაპონიიდან ჩამომაქვს. მხოლოდ ზაფხულის საბურავებით ვსარგებლობ, რადგან ერთი საბურავი 330 ლარი ღირს, საბურავები ორ რბოლას ყოფნის. ახლა გაცვეთილი საბურავები მიყენია და მანქანა ცურავს, მაინც ვიმარჯვებ შეჯიბრებაზე, მაგრამ ვაგებ ჩემ თავთან. ახალი საბურავების შემთხვევაში ნაკლებ დროს მოვანდომებდი იმ მანძილს, რასაც გაცვეთილი საბურავებით ვფარავ.
დღემდე ვეძებთ სპონსორებს. ბევრ ბიზნესმენს, პარლამენტარს თუ ფირმას მივმართე სპონსორობის გაწევის თხონით, მაგრამ ვერ ვიპოვე. არადა, მე შემიძლია დავუმტკიცო ყველას, რომ მთელი ცხოვრება წაგება არ მქონია და არც ახლა მექნება, ოღონდ მცირე ბიძგი მჭირდება და ფინანსური დახმარება.

მიწვევა მქონდა რუსეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან. საპრიზო თანხა 50 ათასი ევრო იყო. ვერ ვიპოვე ხუთი ათასი ლარი, რომ წავსულიყავი. ისევ მიწვევენ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ ისევ ვერ მივდივარ.

ისიც არ შემიძლია, რომ რბოლას თავი დავანებო. დიდი ხარჯი მაქვს, მიჭირს, შეჯიბრებების დროს ავტომობილში ვითევ ღამეს, მაგრამ სისხლში მაქვს გამჯდარი ავტორბოლის სიყვარული.

მადლიერი ვარ, რომ ზეთის სპონსორი მაინც გამომიჩნდა კომპანია “ზეთ-მუსკულის დანართის” მფლობელები ლევან ბასილაია და გიორგი ქებურია.

მეტი ექსტრემი

ნუკრი ჯანგველაძე ამბობს, რომ ხიფათის თვალსაზრისით ყველაზე რთული რალი და წრიული რბოლაა. მას 15 წლის განმავლობაში ავარია არ შემთხვევია.

“წარმოიდგინეთ, რომ ჩოხატაურიდან ბახმაროში სწრაფი სვლით ახვიდე, სადაც გადასავარდნებია. ზედმეტი მოცურება, მცირე შეცდომა და სადმე ხევში გადავარდები. წრიულ შეჯიბრში აჩქარება დიდია, რომ მოგიცურდეს მანქანა, რთულია მისი დამორჩილება. რალიც იგივეა, აჩქარება დიდია და მკვეთრი მოსახვევებიცაა.
ავტორბოლა რა არის იცით, შეიძლება ძალიან ძლიერი მრბოლელი იყო, რბოლაზე არ მოგივიდეს მექანიკური შეცდომა, მაგრამ ქალაქში დაიბნე. უნდა იყო მობილიზებული, ტვინი უნდა მუშაობდეს ასი პროცენტით. უნდა აკონტროლო წამზომი, დრო, შესახვევის მოახლოება, შესვლის კუთხე. რბოლის მერე ენერგიისგან დაცლილი და დაღლილი ხარ”.

პირადი ფაილი

ნუკრი ჯანგველაძე
დაბადების ადგილი და თარიღი: 1976 18 მარტი, თბილისი.
სიმაღლე: 188 სმ.
წონა: 70 კგ.
პროფესია: მსახიობი, მოცეკვავე, მომღერალი, ავტომრბოლელი
მოქმედი საქმიანობა: ავტორბოლა
შემოსავლის წყარო: ხელოსნობა
ოჯახი: ჰყავს მეუღლე და შვილები – რვა წლის თათია და 16 წლის ნათია.

“ვაზ-2107: ავტომობილით დავდივარ ქალაქშიც, სამუშაოზეც და რბოლაზეცო, ამბობს მრბოლელი #27.

გადაბეჭდვის წესი