სიახლეები

ბედის ვარსკვლავის ბრალია

05.07.2014
ბედის ვარსკვლავის ბრალია

„ბედის ვარსკვლავის ბრალია”  დაუვიწყარი და ძალიან მართალი წიგნია კიბოთი დაავადებული მოზარდების შესახებ. კი, აქ სიყვარულიც ბევრია და ტრაგიკული დასასრულიც, მაგრამ ვინ თქვა, რომ ასეთ ამბებს არა აქვთ არსებობის უფლება? ან ვინ თქვა, რომ უკურნებელი სენით გატანჯული პატი ჰოლმანი აუცილებლად უნდა შეგვეცოდოს, ჰეზელ გრეისი და აუგუსტუს უოტერსი კი არა?

ჰეზელ გრეისი 16 წლის გოგოა, რომელსაც კარგა ხანია კიბო აქვს და ამ დაავადებასთან, რაღაცნაირად, მეგობრულადაც კი თანაცხოვრობს. ცდილობს, ყველაფერს იუმორით მიუდგეს, ზედმეტი ტრაგედია არაფრისგან შექმნას. არც იმისგან, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება მოკვდეს. არც იმისგან, რომ მშობლები ლამის ეხოცება დარდით. ჟანგბადის ბალონს, რომელზეც მუდმივადაა მიერთებული, მოფერებით ფილიპს ეძახის და ცდილობს, ზოგჯერ გულიანად, ნამდვილად გაიღიმოს.

კიბოს შესახებ ასეთი გულახდილი წიგნი ბევრი ნამდვილად არაა დაწერილი. ყველაზე კარგი, რაც ამ წიგნს აქვს, ის არის, რომ დაავადება არ არის რომანტიზირებული. დაავადებული ბავშვები აქ არ არიან სიცოცხლისთვის თავგანწირვით მებრძოლი გმირები. ისინი არიან ბავშვები, რომლებიც აუტანელი ტკივილებისგან ზოგჯერ ძალიან ბოროტდებიან. ბავშვები, რომლებიც ხშირად ჭამის შემდეგ არწყევენ, ზოგჯერ კი საკუთარ შარდში სძინავთ. ბავშვები, რომლებიც კიბოსთან ბრძოლაში კიდურებს კარგავენ, ზოგჯერ კი – ადამიანობასაც. ან როგორ შეიძლება, ადამიანობა არ დაკარგო წინასწარ წაგებულ ომში.

ჰეზელი და ავგუსტუსი, ორი მთავარი გმირი, ერთმანეთს “თანაგრძნობის წრეზე” ხვდება. მათ მალე გააერთიანებს ერთი წიგნი, რომელიც კიბოიანი ბავშვის შესახებაა და რომლის ავტორიც ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჟანრის კანონების თანახმად, ჰეზელსა და გასს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ ეს სიყვარული სულ არ არის მთავარი, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი თემაა. მთავარი ამ წიგნში ტანჯვა და ძალიან მწარე ღიმილებია. ჰეზელი ისე სასაცილოდ ჰყვება ყველაფერს! ტკივილზეც კი ისე გულიანად იცინის! მაგრამ არ ეცინება დაბეჩავებულ მშობლებზე, არც ფეხმოჭრილ და რეციდივდადგენილ გასზე.

ფინალს არ მოგიყვებით, მოყოლით ყველაფერ აზრს დაკარგავს. ძალიან, ძალიან საინტერესო და ცოტათი მოულოდნელი ფინალია -თითქოს მეტს ელოდი და ცოტა რამ მოხდა. მაგრამ ეს ერთადერთი სწორი ფინალია, რომელიც ამ სადად დაწერილ წიგნს მოუხდებოდა.

ჰეზელისნაირად რომ ვთქვათ, ჩვენ მოგვწონს, ჯონ გრინ, ძალიან მოგვწონს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: