დღეს 28 ივლისს, ბათუმის მერიაში ქალაქის სატრანსპორტო განვითარების ახალი გეგმის შუალედური განხილვა გაიმართა. პროექტზე საერთაშორისო ორგანიზაცია „სონდერს გრუპმა“ იმუშავა, რომელსაც, როგორც მერიაში აცხადებენ, განვითარებულ ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება აქვს. ახალი გეგმის მიხედვით, ბათუმის ავტოტრანსპორტი თვითდაფინანსებაზე დაახლოებით ცხრა წელიწადში უნდა გადავიდეს.
„ბათუმს აქამდე არ გააჩნდა სატრანსპორტო განვითარების გრძელვადიანი გეგმა, ამიტომ ამ გეგმის შემუშავებაზე გამოცხადდა ტენდერი, 20 ათასი ლარის ფარგლებში და შეირჩა „სონდერ გრუპი“ – აცხადებს ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე ტიტე აროშიძე.
მისივე ინფორმაციით, სტრატეგიული გეგმა გულისხმობს როგორც ახალი ხაზების შემუშავებას ავტობუსების დამატებისთვის, მიკროავტობუსებისთვის კი სხვა ხაზების გამოძებნას, ასევე ექსპრეს ხაზების დამატებას და ა.შ. ჯერ-ჯერობით საუბარია მხოლოდ ორ ექსპრეს ხაზზე, რომელიც მხოლოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე იმოძრავებს და შესაბამისად, მისი ღირებულება უფრო ძვირი იქნება. შეიძლება შიდა მგზავრობის ტარიფიც გაძვირდეს, თუმცა უმნიშვნელოდ“.
ახალი გეგმის მიხედვით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მომგებიანი ორგანიზაცია უნდა გახდეს და არ უნდა დასჭირდეს ბიუჯეტიდან სუბსიდირება.
სტრატეგიული გეგმის საბოლოო ვერსია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოქტომრის ბოლომდე უნდა წარმოადგინოს, შემდეგ კი ბათუმის საკრებულოს წარუდგინოს დასამტკიცებლად.