სიახლეები

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მარიო ბიონდის გამოსვლით დასრულდა

28.07.2014 •
შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი მარიო ბიონდის გამოსვლით დასრულდა
Mario Biondi

Mario Biondi

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი ბათუმში, 24 ივლისს ამერიკულმა ჯაზ-ფანკ-დისკო ჯგუფმა Kool And The Gangმა გახსნა. ფესტივალის მეორე დღეს კი მაყურებლის წინაშე Liv Warfeld-ი და The NPG Hornz-ი უნდა გამოსულიყო, თუმცა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ლევან გიორგაძის თქმით, მომღერალი უკრაინის გავლით მოფრინავდა და იქ არსებული დაძაბული სიტუაციის გამო, მომღერლის უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვიტა ფრენა გადაედო. ამიტომ, 25 ივლისს,  Liv Warfeld-ისა და The NPG Hornz-ის ნაცვლად ფესტივალის პროგრამაში ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight ჩასვეს.

 

 

ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight

 

 

26 ივლისს, მაყურებლის წინაშე მუდამ ექსტრავაგანტული Boosty Collins & The Funk Unity Band წარსდგა. ჯგუფის ლიდერი და ამავდროულად ბასისტი Boosty Collins-ი სცენაზე მისთვის ჩვეული ბრჭყვიალა კოსტუმით გამოვიდა და პერფორმანსის ბოლომდე, კიდევ რამდენჯერმე მოასწრო ფერადი სამოსის გამოცვლა.

 

Boosty Collins

Boosty Collins

 

 

ფესტივალის ძირითადი ნაწილი ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდა, ნაწილი კი კლუბ Take Five-ში, სადაც 24-დან 26 ივლისის ჩათვლით ავსტრიული სოულ-ფანკ-ელექტრო ჯგუფი RAMON-ი, ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს  Parov Stelar-ი წამოადგინა Max The Sax-მა. 

 

გარდა ამისა ფესტივალის ფარგლებში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, სამი დღის განმავლობაში, 15 უფასო შოუ გამართა გერმანულმა ბენდმა Man In Brass-მა.

 

იმატა თუ არა მაყურებლის რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით და რამდენი ბილეთი გაიყიდა წლევანდელ ჯაზ-ფესტივალზე ჯერ უცნობია, ლევან გიორგაძის თქმით, ამაზე ზუსტი პასუხი ფესტივალის დასრულებიდან ერთ-ორ დღეში ეცოდინებათ, იქამდე კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად წვიმებისა, ჯაზ-ფესტივალს მაყურებელი არ დაჰკლებია.

 

 

TBC ბანკის მიერ დარიგებული ერთჯერადი საწვიმრები ძალიან პრაქტიკული გამოდგა, თუმცა ისინი მაყურებლის მხოლოდ 40%-ს თუ ერგო.

საწვიმარის გარეშე დარჩენილი მსმენელები ე.წ. “პულტის” ირგვლივ იკრიბებოდნენ, რომელიც ტენტით იყო გადახურული, თუმცა დიდ ხანს ვერც აქ შეაფარეს თავი, ტენტმა ძლიერ წვიმას ვერ გაუძლო და რამდენიმე ადგილას ჩამოსკდა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ კორტების ყველა შესასვლელს დაცვა აკონტროლებდა, ფესტივალზე მრავლად იყვნენ  უბილეთო სტუმრებიც, რომლებიც კორტების კედლებიდან ხტებოდნენ.

 

 

 

ღონისძიება აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, “კავკასუს ონლაინისა” და “საუნდსითის” მხარდაჭერით გაიმართა. ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი კი კომპანია „ისთერნ პრომოუშენია“. 

გადაბეჭდვის წესი