კვირის ამბები

რატომ ჭირს აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება

27.07.2014 • 1473
რატომ ჭირს აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტა, რომ 2014 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 220 საქმე, რაც განხილულ საქმეთა 32.88 %-ია. `ნათელია, რომ აჭარაში, განსხვავებით საქართველოს სხვა რეგიონებისგან, მნიშვნელოვნად შემცირდა საპროცესო შეთანხმებათა რიცხვი, მიზეზი უცნობია, რადგან სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმოებაში“, – განმარტავს სასამართლოს თავმჯდომარე.

 

 

იმას, რომ აჭარაში პროკურატურა გაცილებით მკაცრია, ვიდრე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში და თბილისში, აჭარაში დასაქმებული ადვოკატების უმრავლესობა უკვე რამდენიმე თვეა პრობლემად მიიჩნევს. მათი აზრით, ერთი და იმავე მუხლით ბრალდებულებს პროკურატურა თუ, მაგალითად, ქუთაისში, 5000 ლარად უფორმებს საპროცესო გარიგებას, ბათუმში ჯარიმის თანხა გაცილებით მეტია. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ამის არაერთი ფაქტი აქვთ.

 

 

„იმერეთის რეგიონის პროკურორსა და ქუთაისის საოლქო პროკურორს აქვს მიღების დღეები მოქალაქეებთან, ისმენენ მათ პრეტენზიებს. იქ გაცილებით მარტივად კეთდება საპროცესო შეთანხმება.  აჭარის პროკურორი და მისი მოადგილე არ ხვდებიან მოქალაქეებს. მათი ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ თუკი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგზავნი საჩივარს, მოდის აჭარის პროკურატურაში, რომელიც დაადებს რეზოლუციას და გაუგზავნის საქმის მწარმოებელ პროკურორს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები – აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და მისი მოადგილე არიან ტურისტები, რომლებსაც სახელმწიფო ბათუმში ცხოვრებისთვის უხდის ბინის ქირას, ემსახურება მანქანა, აქვთ კომფორტი, თუმცა ისინი არ იღებენ სასამართლო საქმის განხილვაში მონაწილეობას, არ ახორციელებენ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ზედამხედველობას, არ არიან საქმის მწარმოებელი პროკურორები, არ განიხილავენ მოქალაქეთა საჩივრებს. მე, როგორც ადვოკატს, შემიტანია საჩივრები აჭარის პროკურატურაში, მაგრამ იქედან არ მიმიღია დასაბუთებული პასუხი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ირაკლი შავაძე, რომელიც ირწმუნება, რომ არჩილ კბილაშვილის პროკურორობის შემდეგ აჭარაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჭირს.

 

 

იურისტი ედიშერ მახარაძე ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება არის სწრაფი მართლმსაჯულების ხერხი და ამიტომ მისი ძირითადი მიზანი თანხვედრაშია ქვეყნის სისხლისსამართლებრივ პოლიტიკასთან: `კანონის წინაშე პატივისცემის გაღვივება პირდაპირ კავშირშია კანონის ჰუმანურობასთან. კანონით გათვალისწინებულზე უფრო დაბალი სასჯელი, ბუნებრივად, განაპირობებს მმართველი გუნდისადმი მეტ სიმპათიას.

 

სასამართლოზე ადეიშვილის გავლენის მოხსნისთანავე მოსამართლეთა კორპუსმა დაადასტურა, რომ არც ჰუმანიზმთან და არც კომპეტენტურობასთან მიმართებაში მათ პრობლემა არ აქვთ და ისინი აკმაყოფილებენ ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს. განსხვავებით სამართალდამცავი ორგანოებისაგან, სადაც საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა. ქვეყანაში სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას კვლავ ატარებენ სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პირები, რომელთა ინტერესია მმართველი გუნდისადმი უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ლოგიკურია, რომ საქართველოს მთავარი და აჭარის პროკურატურის ხელმძღვანელებს არ აქვთ მმართველი გუნდისადმი მოსახლეობის სიმპათიის გაღვივების მიზანი –  ისინი საბოტირებენ სახელმწიფო ინტერესებს. ფაქტია, რომ პარლამენტში ქართული ოცნების ინიცირებით სისხლის სამართლის კანონმა განიცადა მნიშვნელოვანი და არსებითად პოზიტიური ცვლილებები –  გაუქმდა სასჯელის შეკრებითობა, მიიღეს კანონი ამნისტიის შესახებ და სხვა, მაგრამ პოზიტიურ ცვლილებებს ვერ და არ ეთანხმებიან სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პროკურატურაში ჩამოყალიბებული კადრები. ისინი ვერ ათვიცნობიერებენ სასჯელის ჰუმანიზმის მიზნებს.

 

 საპროცესო შეთანხმება ერთდროულად ემსახურება სამ მნიშვნელოვან სახელმწიფო მიზანს: 1) სწრაფ მართლმსაჯულებას; 2) დანაშაულის გახსნას და გახსნის ხელშეწყობას; 3) სახელმწიფო რესურსების ნაკლებ დანახარჯს. ის, ვინც თავს იკავებს ქვეყანაში ამ მიზნების მიღწევისაგან, პრემიერის დაუყოვნებლივ რეაქციას მოითხოვს. პროკურატურა ერთობლიობაში უუნარო ორგანოა, რომელიც ხელოვნურად აჭიანურებს საპროცესო შეთანხმების შესახებ როგორც პოზიტიური, ასევე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას, რაც დამატებით ხარჯებს საჭიროებს. როცა საპროცესო შეთანხმებაზე თავს იკავებს უწყება, ესე იგი, იგი თავს იკავებს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელებაზე“.

 

ადვოკატი ბიძინა ბერიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ისეთი ფაქტიც ჰქონია, როცა საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთქვამს მისი დაცვის ქვეშ მყოფს და უკეთესი შედეგით სასამართლოში დასრულებულა საქმე: „დაცვის მხარეს ინტერესი ეკარგება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე (ან თანხაა ბევრი, ან სასჯელი). იძულებული ხარ იმ პირობებს დათანხმდე, რასაც პროკურატურა გთავაზობს. ხშირ შემთხვევაში კი, მიუღებელია ეს პირობები, რადგან მკაცრია. პრაქტიკიდან გამომდინარე სასამართლოდან უფრო შეღავათს ელოდები. სხვა რეგიონებში პროკურატურის პოლიტიკა რატომ არის უფრო ლმობიერი, მიზეზი არ ვიცი“. 

 

 

იამზე ზანდარაძე იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსია აჭარაში. მის უწყებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი ბიურო აქვს. კოლეგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იამზეც ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ აჭარაში ჭირს: „საპროცესო შეთანხმების გაჭიანურება არ ვიცი საქმის ზედამხედველი პროკურორის ბრალია, თუ მიდგომაა ასეთი. ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეებზე (მაგალითად, ცემა) ვფიქრობ, არ არის საჭირო თბილისთან შეთანხმება. ზედამხედველი პროკურორი უთანხმდება ზემდგომს, ეს ჭიანურდება ისე, რომ აზრსაც კარგავს საპროცესო შეთანხმება, მერე კი ისეთი პირობა მოდის, რომ არ გიღირს დათანხმება. ჯობია სასამართლო გადაწყვეტილებას დაელოდო“.

 

 

ადვოკატის ინფორმაციით, თუ სხვა რეგიონში, მაგალითად, ერთ რომელიმე მუხლზე 5 ათას ლარად აფორმებენ საპროცესოს, იმავე მუხლზე აჭარაში ეს შეუძლებელია. „აქ სხვა სტანდარტია, როცა ვადარებთ სხვა რეგიონში დადებულ საპროცესოებს, აჭარაში უფრო მკაცრი, ნულოვანი ტოლერანტობაა“.  

 

 

მთავარი პროკურატურის, პრესსამსახურის თანამშრომლის განმარტებით, მთავარმა პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმება გაამკაცრა, მაგალითად, ნარკოდანაშაულში ბრალდებულებთან. სხვა დამატებით  კითხვებზე განმარტებებს უწყებაში არ აკეთებენ.

 

 

საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებულსა და პროკურორს შორის შეთანხმება   ბრალზე ან სასჯელზე, რომლის საფუძველზეც სასამართლო გამოიტანს განაჩენს საქმის არსებითი განხილვის გარეშე. საპროცესო შეთანხმება ბრალდებულსა და პროკურორს შესაძლებლობას აძლევს, თავიდან აიცილონ საქმის განხილვის ხანგრძლივი პროცედურა და შეთანხმდნენ ბრალდებულისთვის წაყენებულ ბრალზე ან სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმება შეიძლება დაიდოს როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: