სპორტი

გოგონები საპლაჟო ფრენბურთის ნაკრებიდან

26.07.2014 • 3779
გოგონები საპლაჟო ფრენბურთის ნაკრებიდან

„სულ ვხედავდი გოგოებს საპლაჟო ფრენბურთში. მეც დამაინტერესა. ლამაზი სპორტია, სხეულს ავითარებს. სიმაღლეში მინდოდა გაზრდა. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, რატომაც დავიწყე ფრენბურთის თამაში“, – ამბობს 17 წლის ნატა ცინცაბაძე, რომელიც 13 წლიდან თამაშობს ფრენბურთს.

ხათუნა გიორგაძის შეფასებით, რეგიონში, ზოგადად, სპორტით დაინტერესება შეიმჩნევა, ფრენბურთში კი მაღალი კონტინგენტია.

„ახალგაზრდა თაობას, გოგონებს, ბიჭებს უნდათ სპორტი. ისეთი ტენდენცია მოდის, რომ ხვდებიან სპორტი არის აუცილებელი ატრიბუტი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება ამ საქმეში დიდ როლს მშობლებიც ასრულებდნენ. გარდა ამისა, ფრენბურთი საინტერესო გუნდური შეჯიბრებაა. აქ სწავლობ მეგობრობას, ერთმანეთის გატანას.  ჩვენ ყველას ვიღებთ. სანაკრებო გუნდის გარდა გვყავს მოყვარულები. თუკი გუნდი ახალი ჩამოსაყალიბებელია, ამ შემთხვევაში ბავშვი 30 ლარს იხდის. სხვა შემთხვევაში უფასოა. საერთო ჯამში დაახლოებით 100 ბავშვი გვყავს. ზოგს გამოსდის თამაში, ზოგს – ნაკლებად. მაგრამ ჩვენ ვუქმნით პირობებს. სასპორტო სკოლაში შიდა ჩემპიონატებს ვატარებთ მოყვარულებს შორისაც“.

აჭარაში გოგონების ნაკრებ, როგორც კლასიკურ ფრენბურთში, ასევე საპლაჟო ფრენბურთშიცაა. ეროვნულ ნაკრებში კი ბათუმიდან ოთხი ფრენბურთელი გოგოა. „საქართველოში თბილისის შემდეგ ბათუმშია ფრენბურთი ყველაზე მეტად განვითარებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მათ ვუტოლდებით“, – აღნიშნა ხათუნა გიორგაძემ.

ნატა ცინცაბაძეს რამდენჯერმე აღებული აქვს საუკეთესო მოთამაშის ტიტული. 2012 წელს კი თავის მეწყვილე ნანუკა წოწონავასთან ერთად საპლაჟო ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ასევე მეორე ადგილი აქვს ახალგაზრდების ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატზე კლასიკურ ფრენბურთში.

„საქართველოს ნაკრებში ვინც არიან, ისინი ფრენბურთს დიდ დროს უთმობენ, მე ვაპირებ კარიერა სხვა კუთხითაც ავირჩიო. პარალელურად წელს ამერიკაში ვთამაშობდი და ჩემს საფრენბურთო თამაშის განვითარებას ამანაც შეუწყო ხელი. იქ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტი. სპორტი არის პირველი და შემდეგ სხვა დანარჩენი. საზოგადოებაც იქ უფრო მეტადაა სპორტით დაინტერესებული. აქ ხალხი არ მოდის და თამაშს არ უყურებს, იქ მთელი ქალაქი მოვა მხარდასაჭერად“.  – ამბობს ნატა ცინცაბაძე.

ნატა ცინცაბაძე სკოლის მოსწავლეა. სამომავლოდ საერთაშორისო ურთიერთობების სწავლას პრაღაში აპირებს. ამბობს, რომ ფრენბურთის თამაშს იქაც გააგრძელებს.

მეგი ქარჩავაც 17 წლისაა. ის ფრენბურთში სკოლის მეშვეობით მოხვდა. ნატასგან განსხვავებით ის მხოლოდ ორი წელია თამაშობს, ქვიშის ფრენბურთი კი, პირველად წელს ითამაშა.

„მეორე სკოლაში გამართულ სასკოლო შეჯიბრებაზე შემამჩნიეს და მოეწონათ ჩემი თამაში. მასწავლებელმა მითხრა, ფრენბურთში მომესინჯა ძალები. ქვიშაზე თამაში შედარებით რთულია, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გიწევს ხანდახან ბურთის გადაგდება, ხელის შემშლელია მზეც. ძალიან მომწონს ეს სპორტი, მაგრამ არ ვიცი მომავალში გავაგრძელებ თუ არა ფრენბურთის თამაშს. თუმცა სპორტი ჩემთვის მნიშვნელოვანია და მასზე თავის დანებებას არ ვაპირებ“.

მეგი ქარჩავა მძლეოსნობაშიც დადიოდა და რამდენიმე წლის წინ მოყვარულებს შორის სირბილში გამართულ შეჯიბრებაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

აჭარის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა გიორგაძე ამბობს, რომ აჭარას ფრენბურთის საკუთარი ბაზა არ გააჩნია. საპლაჟო მოედანი კი, რომელიც ბულვარში მდებარეობს, სამოყვარულო მოედანია და თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ამავდროულად ხათუნა ფიქრობს, რომ ბათუმი საპლაჟო ფეხბურთის მთავარ ბაზად უნდა იქცეს საქართველოში.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმი არის ზღვა, კარგი ადგილი გვიჭირავს საქართველოს ფრენბურთის სამყაროში, საპლაჟო ფრენბურთის ბაზა უნდა იყოს ბათუში. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმელი წყვილია. მესამე ადგილის მფლობელიც ბათუმელი წყვილია. პატარა ასაკშიც გვყავს საქართველოს პრიზიორები. უნდა აღვნიშნო, რომ მხარში გვიდგანან ბათუმის მერია, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი, სასპორტო სკოლა, რომელიც უსასყიდლოდ გვაძლევს დარბაზით სარგებლობის უფლებას. შეგვპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში ფრენბურთისთვის შესაფერისი ბაზა გაკეთდება.“

როგორც ხათუნა გიორგაძე გვეუბნება, ოქტომბერში ბათუმში საპლაჟო ფრენბურთში აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების ჩატარებაა დაგეგმილი, რომლის ლიცენზია საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ მოიპოვა. აღნიშნულ ჩემპიონატზე აღმოსავლეთ ევროპიდან 16 საუკეთესო წყვილი ჩამოვა. ამ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების გუნდები, მათ შორის საქართველოდანაც.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის დავით ბაბილოძის ინფორმაციით, ბულვარში ცენტრალური საპლაჟო მოედნის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, სადაც გაიმართება ევროპის ჩემპიონატი.

გადაბეჭდვის წესი