სიახლეები

კაკო, ციცი, ნინი და მათი მწვრთნელები დელფინარიუმიდან

27.07.2014 • 3021
კაკო, ციცი, ნინი და მათი მწვრთნელები დელფინარიუმიდან

 

ბათუმის დელფინარიუმში 16 დელფინი ცხოვრობს. ისინი მეგობრობენ, თუმცა იციან, რომ ოჯახის უფროსი „კაკოა“, იგივე „კაკო ყაჩაღი“. სახელი მწვრთნელებმა ხასიათის გამო შეარქვეს. ამბობენ, რომ ის ყველაზე გაბედულია. ცოტა ხნის წინ „კაკოს“ დელფინ „ციცისთან“ ქალიშვილი შეეძინა: „ოლიმპია“ დელფინარიუმის ყველაზე პატარა ბინადარია, თუმცა შოუს დროსაც არ შორდება დედას და ძალიან მოსწონს, როცა ტაშს უკრავენ.

 

 

„ოლიმპია რაც დაიბადა, მოსვენებული არ მინახავს, სამი ზრდასრული ადამიანის ენერგია აქვს. საერთოდ 16-ვე დელფინი ინდივიდუალურია, ხასიათითაც განსხვავდებიან და ვიზუალითაც. 70-ზე მეტ დელფინთან მქონია ურთიერთობა, ორი ერთნაირი არ მახსოვს, ადამიანებივით არიან. ბათუმის დელფინარიუმში სამი დელფინი და ორი სელაპი დაიბადა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის საუკეთესო პირობები. მნიშვნელოვანია საარსებო გარემო და ფსიქიკური მდგომარეობა, ისინი თავს კარგად უნდა გრძნობდნენ, რომ სექსუალური ცხოვრების სურვილი ჰქონდეთ. აქ დაბადებული დელფინები უფრო თავისუფლად არიან, ენდობიან ადამიანებს, მათთვის ეს პირობებია ბუნებრივი.

 

 

დელფინები ძალიან სოლიდარულები არიან, კონფლიქტის დროს ერთიანდებიან… ერთმანეთზე ზრუნავენ, „ციცის“ ეხმარებიან შვილის გაზრდაში. დღეს, მაგალითად, შოუს დროს, როცა დედა ნომერს ასრულებდა, „ზორომ“ შეითავსა ძიძობა, თუმცა იშვიათად, რომ მამრ დელფინს ანდოს მდედრმა შვილი“, – ამბობს თენგიზ წეროძე, დელფინარიუმის მენეჯერი.

 

 

დელფინარიუმში ექვსი სელაპი ცხოვრობს, ისინი უკვე გაწვრთნილები არიან, შოუსთვის მხოლოდ შესაბამისი გარემო სჭირდებათ: „დელფინების შოუ ისედაც დატვირთულია, სელაპების ჩართვა შოუში საჭირო არ არის. სელაპების შოუ დამოუკიდებლად შეიძლება ჩატარდეს, შესანიშნავი მსახიობები არიან, უკვე დაგეგმილია მათთვის აუზის გაკეთება“, – ამბობს თენგიზ წეროძე, თუმცა როდის გაკეთდება აუზი, ვერ აკონკრეტებს.

 

 

ანა ჩუნკოვამ დელფინარიუმში მწვრთნელად მუშაობა ოთხი წლის წინ დაიწყო, კონკურსის დრო ამოწურული იყო, თუმცა მისმა მონდომებამ დელფინარიუმის მენეჯერს აზრი შეაცვლევინა: „თვალებში ეხატა, რომ სიგიჟემდე უნდოდა აქ მოსვლა. სულ რამდენიმე შეკითხვა დავუსვი და ავიყვანე. მოლოდინი გაამართლა, გოგონებისთვის მძიმე სამუშაოა, გადაბმულად მუშაობენ, ზამთარ-ზაფხულ წყალში არიან, შოუს განმავლობაში სველი კოსტიუმი აცვიათ… აქ შეიძლება ისეთი პრობლემა დახვდეს, რომ 24-საათიან რეჟიმში მოუწიოს მუშაობა. მაგრამ მნიშვნელოვანია გოგონების მწვრთნელად ყოფნა, ანას გარდა გვყავს კიდევ ერთი გოგო, არამარტო შოუს სჭირდება გოგონები, დელფინებსაც _ გოგოები უკეთ გამოხატავენ სიყვარულს,  დელფინებს კი ეს სჭირდებათ, მათ უნდა დაინახონ, რომ უყვართ“, – ამბობს თენგიზ წეროძე.

 

 

ანამ მწვრთნელობა დელფინების შოუს ნახვის შემდეგ გადაწყვიტა. „18 წლის ვიყავი, როცა აქ მოვედი, არ ველოდი, რომ ამიყვანდნენ, თუმცა არ შემეძლო არ მეცადა, სხვა თუ არაფერი, დელფინების ნახვას შევძლებდი კიდევ ერთხელ“, _ ამბობს ანა.

 

 

იმისთვის, რომ მწვრთნელად ემუშავა, ანამ მიატოვა მუსიკა, ცეკვა და კალათბურთი. ამბობს, რომ ეს ამად ღირდა: „ცხრა წელი ვსწავლობდი მუსიკას, ფლეიტაზე ვუკრავ, არჩევანის გაკეთება მომიწია, მაგრამ ეს სამსახური ავირჩიე, აქ ბედნიერად ვგრძნობ თავს, უზომოდ მიყვარს ეს საქმე, სიხარულით მოვდივარ. როცა შვებულება მაქვს, ერთი სული მაქვს დავბრუნდე და ვნახო დელფინები, ძალიან მენატრებიან“.

 

 

დელფინარიუმში სამუშაო დღე დილის ათ საათზე იწყება. მწვრთნელები დელფინებს ამოწმებენ, შემდეგ საუზმეს უმზადებენ, ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ ისინი არიან: „ყველა თევზი უნდა გადავარჩიოთ სათითაოდ, რადგან დელფინებს აქვთ ძალიან დაბალი იმუნიტეტი, პატარა ჭრილობაც რომ ჰქონდეს თევზს, ის არ ვარგა მათთვის, სუფთა უნდა იყოს ყველაფერი. შემდეგ სელაპებზე ვზრუნავთ“.

 

 

ანა „ბელუჩისა“ და ბათუმში დაბადებულ „ნინისთან“ ერთად მუშაობს: „ბელუჩი მშვიდი, დინჯი გოგოა, ნინი სულ ცელქობს, უკვე ოთხი წლისაა, მაგრამ მაინც დედას დაყვება კუდში. ნინის ხასიათზე ვართ დამოკიდებული, ძირითადად ყველა ნომერზე მიჯერებს, უბრალოდ, ზოგჯერ ნომრის ხარისხს აფუჭებს. მე რომ ვბრაზდები, მერე კომპრომისზე თავადაც მოდის. თავისუფალ დროს ერთად ერთობიან, რა ნომრებსაც ვასწავლით, იმას თავისთვის იმეორებენ, ერთი და იგივე მოქმედება ბეზრდებათ, სულ სიახლეები სჭირდებათ“, – ამბობს ანა.

 

 

„თუ არის რამე გაუგებრობა დელფინსა და მწვრთნელს შორის, ეს ყოველთვის მწვრთნელის ბრალია, რადგან სათანადოდ ვერ უხსნის რა უნდა. ამ დროს დელფინებს საოცარი გამომეტყველება აქვთ – მაინც რა გინდა?! – ბრაზობენ, როცა რაღაცას ვერ იგებენ, იბუტებიან და ცოტა ხნით მარტოვდებიან, მერე თავად ბრუნდებიან მწვრთნელთან და დამშვიდებული სწავლობენ“, – ამბობს თენგიზ წეროძე, რომელიც ყველაზე გამოცდილი მწვრთნელია. ბათუმის ძველ დელფინარიუმში ის ბოლო დღემდე მუშაობდა, მერე კი დელფინებს გაყვა მალტაში. უკან 2007 წელს დაბრუნდა, ახლა დელფინარიუმში მენეჯერად მუშაობს, მწვრთნელებს ეფექტურ მუშაობას ასწავლის, თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, ვერც დასვენებას იყენებს, რადგან ის დელფინარიუმში ყოველთვის საჭიროა: „ბიოლოგი ვარ, მწვრთნელად შემთხვევით აღმოვჩნდი, 25 წლის ასაკში მაშინ რთული იყო მუშაობა, ჩაკეტილ სივრცეში ვცხოვრობდით, ახლა ლიტერატურაზე ხელი მიუწვდებათ, ინტერნეტში ყველაფრის ნახვა შეიძლებდა, ჩვენ კი თავად უნდა გვეზრუნა სიახლეების შემოტანაზე. მაყურებელიც სხვანაირია, ტაში რომ დაეკრათ, დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, ბოლოს უკრავდნენ მხოლოდ ტაშს, ახლა ბევრად ემოციური მაყურებელია, ტაშის დაკვრით ყოველ წუთს გამოხატავენ აღფრთოვანებას“, – ამბობს თენგიზ წეროძე.

 

 

დელფინარიუმში ყველა გვეუბნება, რომ დელფინები ადამიანებს სიყვარულს ასწავლიან. „იმდენ სიყვარულს გამოსცემენ, გადამდებია ყველასთვის. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან, თუნდაც ერთმანეთზე ზრუნვა, სულ ყურადღებით არიან ერთმანეთის მიმართ, პატარების მოვლაში იღებენ მონაწილეობას. „ნინიამ~ როცა შენიშნა, რომ მამრი დაინტერესდა დედამისით, იეჭვიანა, ახლა გვერდიდან არ შორდება“, – ამბობს ანა.

 

 

თენგიზ წეროძის აზრით, მათთან არიან დელფინები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ადამიანები: „ჩვენს დელფინებს რომ მივცეთ თავისუფლება, დარწმუნებული ვარ, ოთხი-ხუთი დელფინი არ წავა, არ მოშორდება სანაპირო ზოლს, რადგან ადამიანები უყვართ, აქ თავს ბედნიერად გრძნობენ. სრულიად თავისუფლები არც ადამიანები ვართ, მილიონი დელფინი იღუპება ზღვებში, აქ კი უსაფრთხოდ არიან, არაფერი ემუქრება, მშვიდად ცხოვრობენ, ერთობიან და სიახლეებს სწავლობენ. სხვათა შორის, ძალიან უყვართ ახალი `ტრიუკების~ სწავლა. ის ემოციები, რაც ერთი შოუს განმავლობაში 700 ადამიანს უჩნდება, ყველაფერს წონის, ცრემლებამდე მიდიან დადებითი მუხტისგან, იმდენი პოზიტივი მიაქვთ აქედან“.

 

 

გადაბეჭდვის წესი